"მეუღლე ეხვეწებოდა, გურამ, დასვი წერტილი ან მრავალწერტილიო და დასვა კიდეც წერტილი..." - კვირის პალიტრა

"მეუღლე ეხვეწებოდა, გურამ, დასვი წერტილი ან მრავალწერტილიო და დასვა კიდეც წერტილი..."

"ტრილოგიის ორი წიგნი გამოსცა. მეუღლე, ქალბატონი ნათელა სეფიაშვილი ეხვეწებოდა, გურამ, დასვი წერტილი ან მრავალწერტილიო და დასვა კიდეც წერტილი..."

ჩვენი ყოველი შეხვედრისა და საუბრისას მუდამ კომიკურ ვითარებაში ვიყავი, რადგან ჩემი პატარა ჩამწერი ან მუჭში მქონდა მოქცეული, ან სვიტერის სახელოში შეჩურთული, როგორმე მას რომ არ შეენიშნა... არადა, იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ თავს ვიტყუებდი, ისევე როგორც თავად, რადგან... მის ღიმილიან, გამომცდელ მზერაშიც კი ვგრძნობდი, რომ არაფერი ეპარებოდა. ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ ხომ არ წამოუსვრია დღემდე ჩემთვის უსაყვარლესი ფრაზა, მომაშორეთ ეს მატა ჰარიო! წარმოგიდგენიათ? პირველი მსოფლიო ომის სახელგანთქმული ჯაშუში ქალის სახელი მიწოდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ "ამომიცნო". ცხადია, მისი ფარულად ჩაწერის უფლებას მხოლოდ იმიტომ ვაძლევდი თავს, რომ მის უერთგულეს მეუღლეს - ქალბატონ ნათელას წინასწარ ვუთანხმდებოდი... აბა, სხვაგვარად არც ინტერვიუს მომცემდა და მეც ვერაფრით დავიმახსოვრებდი ყველაფერს, რასაც დიდი მწერალი ჩვეულებრივი საუბრისას ჰყვებოდა; სხვაგვარად ვერც სტატიებად ვაქცევდი მისი სიცოცხლის 82-წლიან ამბავს, წლების განმავლობაში განცდილს, ნანახსა თუ ნააზრევს, რასაც მიამბობდა... და ვერც დღეს მექნებოდა მასთან ზღვა მოსაგონარი, უკვე მხოლოდ სატრაბახოდ და საამაყოდ რომ დამიტოვა!

დიდი მწერლის "სიკეთის გაკვეთილები" ბავშვებს

- ძალიან თავმდაბალი იყო და... ხათრიანი, ბავშვებსაც კი მოწიწებით ელაპარაკებოდა. მახსოვს, ზუგდიდში ხელოვნებათმცოდნე ხატია ჯანაშიას მიერ მოწყობილ მის 75-ე დაბადების დღეზე ერთ სკოლაში მიიწვიეს. დაგვიანებით მივედით და ძალიან ინერვიულა, ამდენი ხალხი გვხვდება და როგორ ვაცდევინებთ, გამოდის, ერთ საათს კი არ დავაგვიანე, რამდენი ადამიანიცაა, იმდენჯერ ერთ საათს დამაგვიანდა, ასეთი რამ არაფრით არ შეიძლებაო. იქვე ერთმა მოსწავლე გოგონამ გამიმხილა, ბატონი გურამის ფრაზებიდან ყველაზე მეტად მომწონს "დედამიწას სიყვარული ატრიალებსო". თითოეულ ჩვენგანშიც არის გურამ დოჩანაშვილი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით.

ძალიან მაინტერესებს, თვითონ რომელ პერსონაჟში ხედავს საკუთარ თავს, რასაკვირველია, მეც მიფიქრია ამაზე და თითქოს ალექსანდროსთან ვპოულობ მის მსგავსებასო. იმ შეხვედრიდან ერთი პატარა, ასე, 11-12 წლის ბიჭიც დამამახსოვრდა - შევნიშნე, მწერლის ზურგშექცევით იდგა, ხელში მობილური ეკავა და აქეთ-იქით ატრიალებდა. ძნელი მისახვედრი არ იყო: იმედი გადაეწურა, რომ მის გვერდით ფოტოს გადაიღებდა და ბატონ გურამთან ერთად კადრში მოხვედრა სელფით სცადა. გამოუვიდა კიდეც და ბედნიერი გაეცალა იქაურობას. მწერალი განსაკუთრებით დარდობდა: "ამ ძნელ დროში რას აჩვენებენ ბავშვებს, რას ასწავლიან? ტელევიზიით სადისტურ ფილმებს უჩვენებენ. ჩვენს დროში ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ მულტფილმებს და "ფიფქია და შვიდ ჯუჯას", "ბემბის" ვუყურებდით, ყველაფერს, რაც სიკეთეზე იყო, ახლა კი უჩვენებენ "ნევრასტენიკ" გადარეულ ბატებს და ა.შ. აჩვევენ ბავშვებს, რა ჩვეულებრივია მკვლელობა, ერთმანეთისთვის თავში ჩარტყმა, მშობლები კი ამბობენ, რა უჭირს, ბავშვი თავისთვის არის და უყურებსო.

თავისთვის კი არ არის, ის იწამლება, ვურჩევ ამ ბავშვებს ასეთ საშინელებას არ უყურონ. უწმინდესი ხშირად იმეორებს, ბიბლია ეს არის წიგნი, რომელიც შეიძლება ყოველ ასაკში იკითხოო. მან თქვა: 3 თუ 4 წლის ბავშვს ჰკითხეს, ღმერთი რა არისო? ღმერთი ისეთი დიდია, ყველაფერს იტევს და თან ისეთი პატარაა, ჩემს გულში ეტევაო. ამიტომ ამ ბავშვების გულში რომ ღმერთია, უფროსებმაც და თავად ბავშვებმაც ის ღმერთი უნდა გაახარონ. სისტემატურად რომ გამოდიან ადამიანები ტელევიზიით და ილანძღებიან, ჰგონიათ, რომ ამით მაღლდებიან. ეს დაღუპვაა: ის მტერი ისევ ისეთად რჩება და ესენი სხვისი ლანძღვით კიდევ უფრო ქვეითდებიან. ბავშვებს ვურჩევ, არასდროს დაიჯერონ მათი, ვისაც არაფერი მოსწონს".

"სამშობლოს განცდის გაკვეთილები" უფროსებს

- ტელევიზორს იშვიათად ან თითქმის არ უყურებდა... მისი მეუღლე, ქალბატონი ნათელა სეფიაშვილიც ყველანაირად ცდილობდა, ცუდი ამბებისთვის აერიდებინა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ახერხებდა, რომ მიმდინარე ამბები შეეტყო, ამიტომ სტუმრობისას თავის შეხედულებას აუცილებლად მიზიარებდა. ჩვენი შეხვედრებისას, ზოგადად, გვარისა და სახელის დაუსახელებლად, ხელოვან ადამიანებზეც ხშირად გამოუთქვამს აზრი: "მათზე ბევრი ფიქრობს, რახან ამ ხალხს არაფერი მოსწონს, ძალიან მაგრები არიანო. სხვისი კარგი ვისაც უხარია, ის არის გამართლებული და დიდი შემოქმედი, ხოლო ვინც ლაპარაკობს, ეს ვინ არის, ის ვინ არისო, ის ხელმოცარული და ხელიდან წასულია. მერე კიდევ, რომ ლაპარაკობენ, ან ამერიკა, ან რუსეთიო, რა უბედურებაა, რატომ, კაცო? იყავი, ვინც ხარ! თავის მიწაზე რომ არ მდგარიყო სერვანტესი, არ იქნებოდა ჩვენთვის ისეთი მშობლიური. ჩვენი გოდერძი ჩოხელი გუდამაყარში დაიბადა, პატარა სოფელში, მაგრამ მთელი სამყარო აქვს იმიტომ, რომ თავის მიწაზეა. თავისი მიწა ვისაც ეცოტავება, ის წასულია ხელიდან! სამშობლო რომ არ უყვარს ადამიანს, იმან რანაირად უნდა შეიყვაროს ამერიკა და რუსეთი? მით უმეტეს, შესაყვარებელი სამშობლო ნამდვილად გვაქვს. მე არავითარ შუაში ვარ, სხვები ამბობენ, რომ ჩვენსავით ვერავინ მღერის და ვერავინ ცეკვავს. და ჩვენ ხალხური პოეზია რომ გვაქვს, უთარგმნელი, ეგეთი - არ ვიცი... რუსთაველი გვყავს, ბარათაშვილი გვყავს, ვაჟა-ფშაველა გვყავს... მერე, სწორი ცხოვრება თავის კვალს აუცილებლად ტოვებს ადამიანის სახეზე. ვაჟა-ფშაველაზე არაფერს ვამბობ, რადგან ციმბირის წყლული დაემართა და იმან შეუჭამა სახე, მაგრამ, მაგალითად, ილია და აკაკი ხნიერები გაცილებით უკეთესი შესახედავები არიან, ვიდრე 20-25 წლის ასაკში. ზოგიერთი კი ახალგაზრდობაში რომ კარგია, გაბოროტების გზას რომ დაადგება, სიბერეში საშინელებას ემსგავსება.

საფრანგეთში კარგი წესი აქვთ: მწერალი, ხელოვანი რომ გარდაიცვლება, 10 წლის განმავლობაში ჩვეულებრივ სასაფლაოზე კრძალავენ, რადგან ზოგიერთი თავისი საქციელით, ქმედებით იხვეჭს პოპულარობას და მერე, 10-15 წლის შემდეგ, როგორც ემახსოვრებათ, იმის მიხედვით დაკრძალავენ ჩვენი მთაწმინდის მსგავს საპატიო ადგილას".

დიდი მწერალი და ადამიანი

ახალი ნაწარმოების წერას რომ იწყებდა, ეგონა, ცხოვრებაში პირველად წერდა და თურმე პატარა ბავშვივით ღელავდა, თრთოდა, როგორ შემაფასებენო. ერთხელ საუბარმა მოიტანა და მითხრა: "თქვენ რა გგონიათ, მხოლოდ მაქებენ?"

პირველად მოთხრობა რომ მიუტანია დასაბეჭდად, მავანს უთქვამს, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო. გაბრაზებულს მისი სახელის პირველი ასო ამოუკაწრავს კედელზე და ყოველდღე იმეორებდა, ეს როგორ მითხრაო... პირველი მოთხრობა ახალგაზრდა და საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ გურამ დოჩანაშვილს კლასიკოსმა მწერალმა თამაზ ჭილაძემ დაუბეჭდა "მნათობში" - სხვები უარით ისტუმრებდნენ და მხოლოდ იქვე მდგომი ბატონი თამაზი ენდო. ეს ამბავი თავად გურამ დოჩანაშვილმა მიამბო და როდესაც ბატონ თამაზს მოვუყევი, გაოცებით მკითხა, უი, ახსოვდაო? აღმოჩნდა, რომ დიდ მწერალს ესეც ახსოვდა და ბევრი სხვა რამეც... იცით, რა მიამბო? 1971 წელს, მისი მეოთხე თუ მეხუთე წიგნი რომ გამოვიდა და საჩუქრად დაარიგა, მაგრამ ბებიის მკვიდრი დეიდაშვილი, კატუტა ბებია რომ გამორჩა. იხსენებდა: "მაშინ იაფი იყო და იოლად ყიდულობდა ხალხი წიგნს, ამიტომ ჩემი პროზა 3 დღეში დახლებიდან გაქრა. ბებიამ დამტუქსა: - შე უსინდისო, ნათესაობა შენ არ იცი და არაფერი, კაკუტა რავა გამოგრჩაო? რაღა მექნა? ერთმა კეთილმა კაცმა მირჩია, აეროპორტისკენ სამი მაღაზიაა, მესამესთან არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს და იქ ქართული წიგნები დიდხანს ძლებსო. არიქა, ეგებ კაკუტასთვის იქ მაინც ვიყიდო წიგნი-მეთქი და ტაქსით წავედი. ძლივს მივაკვლიე მაღაზიას, შევედი და ახალგაზრდა გამყიდველთან ჩემი წიგნი მოვიკითხე, თუმცა ვინაობა არ გამიმხელია. მოკლედ მომიჭრა, იყო და გათავდაო! რომ წარმოვიდგინე ბებიაჩემი, მისი დეიდაშვილი კაკუტა და ისიც, რა მომელოდა, ძალიან მოვიწყინე. გამყიდველმა ეს შენიშნა, კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და მანუგეშა: რატომ მოიწყინეთ? მე ეგ წიგნი წავიკითხე და თავიდან ბოლომდე სისულელეაო", - გულიანი სიცილით დამისრულა თხრობა. ვიცოდი, ბევრი ცუდი დაუწერიათ მასზე, მაგრამ, საბედნიეროდ, ქალბატონი ნათელა არაფერს აკითხებდა. ერთმა ისიც თქვა, გურამი შეხვედრებს თვითონვე იწყობსო. ამას არაფრით იტყოდა ის, ვინც გურამ დოჩანაშვილს იცნობდა.

რახანია, ტრილოგიას წერდა. "ჩემს ასაკში უკვე ძალიან ძნელად წერენ და თუ წერენ, არცთუ ისე კარგად, მაგრამ ეს დიდი მოვალეობაა, ვალდებულებაა. მისი დაწერის იდეა უწმინდესმა და უნეტარესმა, ჩვენი ქვეყნის ნამდვილმა წინამძღოლმა ილია მეორემ რამდენიმე წლის წინ ჩამაგონა. მე მას ვეძახი გადასარჩენთა გადამრჩენელს", - მითხრა ერთხელ.

ტრილოგიის ორი წიგნი გამოსცა. ქალბატონი ნათელა ეხვეწებოდა, გურამ, დასვი წერტილი ან მრავალწერტილიო და დასვა კიდეც წერტილი - 2021 წლის 26 მარტს 82 წელი შეუსრულდა, მესამე წიგნიც დაასრულა და... კლინიკაში დააწვინეს. მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და 3 აპრილს საქართველოს მუდამ მკითხველის მადლიერი დიდი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაეცვალა! ნათელი არ მოჰკლებოდეს მის სულს!