"აღარაფერი დარჩა ტალახში ამოუსვრელი - ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერი მოსულა!"
"აღარაფერი დარჩა ტალახში ამოუსვრელი - ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერი მოსულა!"
"პარტიული ლიდერების თაოსნობით და მათივე მრევლის შესრულებით ჩვენ ვიხილეთ სურათი, როდესაც ე­გზალტირებული მასა ყვირილით, უშვერი გინებით, ბრახუნითა და მსხვრევით მიიწევდა სასტუმროს შესასვლელისკენ. იმისი წარმოდგენაც კი ჭირს, რა მოხდებოდა, ამ აღგზნებულ, აგრესიის უმაღლეს მწვერვალზე მყოფ ხალხს პოლიციის კორდონი რომ გაერღია და "ვინოტელში" შეჭრილიყო. როდესაც დაუფარავ ველურობასთან გვაქვს საქმე, მნიშვნელობა აღარა აქვს პროტესტის მიზეზს და შინაარსს, ასეთ დროს სხვა დრამატურგია იწყებს მუშაობას..."

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრა.

-04-04/kote.jpg" border="0" />

- ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობთ.­ როდის იხილავს მას საზოგადოება?
- ეს იქნება ათსერიიანი დოკუმენტური­ ფილმი "ერი და პრესა". სერიალს საფუ­ძვლად უდევს თამაზ ჯოლოგუას ძალიან საინტერესო და რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მეცნიერულად სანდო მონოგრაფია - "ქართული პრესის ისტორია". საქმე ის არის, რომ პრესის გაჩენამდე საქართველო ცალკეულ სამეფოდ
და სამთავროებად დაშლილი ქვეყანა იყო და ხალხის ფიქრი­ და საზრუნავი­ მტრის მოგერიებისა და ყოველდღიურ სარჩოზე ზრუნვის კალაპოტში მიედინებოდა. ქართულმა პრესამ ძალიან მოკლე ისტორიულ მონაკვეთში რადიკალურად შეცვალა ქართველების კულტურული მოთხოვნები, თვითშეფასება და წარმოდგენა­ გარე სამყაროზე, დასავლური სამყაროსაგან მრავალსაუკუნოვან იზოლაციაში ნამყოფი, კულტურულად დაქვეითებული, კუთხურობის სენით დაავადებული, ეროვნული ნებისა და თვითშეგნების გამთლიანება და აღორძინება მოახერხა.

გამომცემლობების, სტამბებისა და რედაქციების გაბოლილ ოთახებში­ დაიბადა თანამედროვე ქართული­ სალიტერატურო ენა, თითქმის დაკა­რ­გული ეროვნული ერთობის განცდა­ და კრიტიკული აზრი, გაჩნდა ევრო­პეიზმის შეუქცევადი მოთხოვნილება.

ფილმი მოგვითხრობს ქართული პრესის­ ფუძემდებლებზე, ერთმანეთისგან აბსოლუ­ტურად განსხვავებულ ადამიანებზე, სოლო­მონ დოდაშვილით დაწყებული, ილია ჭავ­ჭავაძით დამთავრებული. ამ ადამიანებს ბეჭდური სიტყვის ფანატიკური ერთგულება­, დრამატული ცხოვრება, მატერიალური სიდუხჭირე და ტრაგიკული აღსასრული­ აერთიანებთ. ყველა მათგანის ბედს თითქოს რაღაც ერთი და იგივე საბედისწერო კანონ­ზომიერება წარმართავს.

ფილმი მოგვითხრობს იმ დამანგრეველ ზეგავლენაზეც, რომელიც შეუძ­ლია იქონიოს ბეჭდურმა პერიო­დიკამ, განსაკუთრებით, პარტი­ულმა პრესამ კონკრეტული პირის, საზოგადოებისა და ქვეყნის ბედ-იღბალზე.

რეჟისორმა ანდრო ჭიაურელმა კომპიუტერულ გრაფიკოს პაატა კახაძესთან ერთად, ვფიქრობ, ძალზე საინტერესო ვიზუალი შექმნა. მაყურებელი ფილმს მალე იხილავს.

- რამდენად ღირსეულად მიჰყვება იმ თაობის გაკვალულ გზას თანამედროვე მედია?
- თავისუფალი მედიის ფუძემდებლურ­ პრინციპებსა და მაღალ იდეალებს XIX საუკუნეშივე დაუპირისპირდა ახალგამოჩეკილი პარტიული პრესა. "დამონებული­ გაზეთი რეალურ სამსახურს უწევს და იცავს­ იმ პარტიას, რომელსაც ემსახურება. პარტია­ კი, რაც უნდა დიდი იყოს იგი, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ პატარა ეკლესიაა, აღჭურვილი საკუთარი ფეტიშებით, მკაცრი დოგმებით და თაყვანისმცემელთა წრით...

აქ მრისხანე გუგუნით და ღრიალით თავს ესხმიან განდგომილებს, ანათემას გადასცემენ მათ, აუდიტორიის გულის მოსაგებად ისტორიასა და მოვლენებს ამახინჯებენ", - ეს არის ციტატა 1875 წელს პარიზში გამოქვეყნებული ნიკო ნიკოლაძის ნაშრომიდან "ფრანგული პრესის დეკადანსი". ნიკოლაძე­ თითქოს დღევანდელ ქართულ სინამდვილეს, პარტიულ ცხოვრებას და მედიაში შექმნილ ვითარებას აღწერს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ჯერ პარტიული,­ კერძოდ, სოციალ-დემოკრატიული პრესის ფურცლებზე­ მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავარდა წიწამურში ბერბიჭაშვილის ტყვია. მგონი, ნათელია, რომ დღევანდელი პარტიულ-პროპაგანდისტული ტელევიზიები, ინტერნეტპლატფორმები, ბეჭდური გამოცემები და ა.შ., არათუ ხელს არ უწყობენ ეროვნულ კონსოლიდაციას, შეთანხმებას მთავარ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საკითხებზე, არამედ კიდევ უფრო აღვივებენ პოლიტიკოსებად წოდებულ პირთა ჯგუფების ყოვლად უშინაარსო, იდეალებს მოკლებულ დაუნდობელ ბრძოლას ძალაუფლებისათვის.

საჯარო სივრცე მთლიანად დაპყრობილი აქვს დაუნდობელ პოლიტიკურ შუღლსა და სიძულვილს, ტირაჟირებულ სიცრუეს, ნორმად ქცეულ უშვერ ლანძღვა-გინებასა და უმეცრებას. თავისუფლებისა და პროგრესის სახელით მიმდინარეობს შეტევა ქცევისა და ადამიანური თანაცხოვრების ელემენტარულ ნორმებზე, ტრადიციულ საკაცობრიო და ეროვნულ ფასეულობებზე. აღარაფერი დარჩა შეუგინებელი და ტალახში ამოუსვრელი - ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერი მოსულა!

ეს მოზეიმე, უტიფარი და ნორმად ქცეული უზრდელობა, უზნეობა და ბოროტი სიჩლუნგე ანადგურებს მორალს, ეროვნული ერთიანობის განცდას, იწვევს სოციალურ შიზოფრენიას და კულტურის პაგანიზაციას. სამწუხაროა, რომ ამაში აქტიურად მონაწილეობს ქართველ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი.

- არაერთი მცდელობისა და ჩარევის მიუხედავად, მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
- ის, რომ ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობას არ შეუძლია ეროვნული ინტერესები პირადულსა და ვიწროპარტიულზე წინ დააყენოს, დიდი ხანია ეროვნულ უბედურებად გადაიქცა და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც თვალსაჩინო გახდა. ასეთი მენტალიტეტის მქონე პრიმიტივებს რა უნდათ ევროპაში, ან იქ მათ ვინ ელის?!

უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენს ქვეყანაში მომხდარმა კატაკლიზმებმა, დაუნდობელმა პარტიულმა ბრძოლებმა, სახელმწიფო გადატრიალებებმა, უგონო რევოლუციონერობამ და შეურიგებლობამ შედეგად მოიტანა ომები, დაკარგული ტერიტორიები, მოსახლეობის ტოტალური გაღატაკება, შეუჩერებელი ემიგრაცია და დემოგრაფიული პრობლემა. ამისი პირდაპირი შედეგი ის არის, რომ იუნესკოს კლასიფიკაციით ქართული ენა გაქრობის საფრთხის მქონე ენათა რიცხვშია; ჩვენ თვალწინ ეტაპობრივად გაუარესდა განათლების დონე და ხარისხი, მოისპო საქვეყნოდ აღიარებული ქართული სამეცნიერო სკოლები და კულტურის კერები, გაიფანტა წამყვანი სამეცნიერო კადრები და პოტენციალი... ამ დროს რითი არიან დაკავებული ჩვენი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები?

ქვეყნის მთავარ პრობლემად მელიას გირაოს საკითხი გადაიქცა. პოლიტპატიმრები იყვნენ ნელსონ მანდელა,­ მერაბ კოსტავა, ბებიაჩემი, ტერეზა თევდორეს ასული სახოკია, რომელმაც კონკრეტული ბრალდების გარეშე ათი წელი გაატარა გულაგში, და სხვა. მათთვის გირაოს გადახდა და ამნისტია არავის შეუთავაზებია.

არა ვარ ხელისუფლების ბრმა აპოლოგეტი, მაგრამ ცხადია, დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებაში ისინი ბევრად ადეკვატურად იქცევიან, ვიდრე ოპონენტები. გირაოსა და ამნისტიის გარდა, სწორედ ოპოზიციისთვის (და არა ქვეყნისთვის)­ პრინციპულ მეორე საკითხზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, გაუგებარია, რატომ არის კატეგორიულად მიუღებელი ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაიგივება პლებისციტთან, ხოლო შესაბამისი შედეგის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა? რით არ არის ეს კომპრომისი?

სინამდვილეში, სააკაშვილს არ აწყობს შეთანხმება, არც ოპოზიციურ ფლანგზე მისგან დამოუკიდებელი მოთამაშეების არსებობა. მისი პრინციპია - ან ყველაფერი, ან არაფერი, უფრო სწორად, სრული და განუყოფელი ძალაუფლება, ეს კი მხოლოდ რევოლუციით ან სახელმწიფო გადატრიალებით მიიღწევა.

ამ ჩაშლილმა მოლაპარაკებამ ნათლად დაგვანახა, რომ ქართული პოლიტიკური კლასის ცნობიერების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და კულტურის დონე არ შეესაბამება ევროპული ქვეყნების სტანდარტს. ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, რუსული და პანთურქისტული ინტერესების გააქტიურება, პანდემიის გამო გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი და თავად კორონავირუსის მესამე ტალღა - ეს საქართველოსთვის სახიფათო გამოწვევებია. ჩვენი პარტნიორები ამას ხედავენ, ღელავენ და მოგვიწოდებენ მოვრჩეთ ამ გაუგებარ ძიძგილაობას და საქმეს მივხედოთ. ჩვენ კი აზროვნების უნართან ერთად თვითგადარჩენის ინსტინქტიც მოგვჩლუნგებია, ვერ ვხედავთ ამ გამოწვევებს და საკუთარი პოლიტიკური ეგოიზმის ტყვეობაში ვრჩებით.

- ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტის გამო ატეხილ ხმაურზე რას ფიქრობთ?
- წლების წინ ამ კაცმა განაცხადა, რომ აფხაზეთი არ არის და არც არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი. გამოდის, არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ უკვე სამი თუ ოთხი წელია ჩამოდის საქართველოში დაბადების დღის გადასახდელად. აქამდე მისთვის ხელი არავის შეუშლია. საკითხავია, აქამდე სად იყვნენ პროტესტანტები?..

ქართველ მასპინძლებს ამ კაცისთვის უნდა ეთქვათ, რომ მისი ჩამოსვლა დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების, განსაკუთრებით კი გამწვავებული­ პოლიტიკური კრიზისის გამო დიდი ალბათობით აღშფოთებასა და პროტესტს გამოიწვევდა. სასტუმროების მფლობელებს­ კი უნდა გაეფრთხილებინათ სტუმრები, რომ კოვიდშეზღუდვები მათზეც ვრცელდება. არ ვიცი, პოზნერმა ეს დაუფიქრებლად გააკეთა თუ შეგნებულ პროვოკაციაზე წამოვიდა, მაგრამ კომპეტენტური სამსახურები იმისთვის არსებობენ, რომ შესაძლო პროვოკაციის პრევენცია მოახდინონ. მით უმეტეს, გავრილოვის მაგალითი წინ ედოთ და იცოდნენ, რომ ჩასაფრებული ოპოზიცია ამას აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებდა.

ცხადია, პროტესტს ჰქონდა საფუძველი - პოზნერს, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაეგო, რომ აშკარად გამოხატული ანტიქართული პოზიცია და გამონათქვამები მას არასასურველი­ სტუმრის სტატუსს ანიჭებს და ჯობს, დროულად დატოვოს ქვეყანა.

გამაოგნებელი იყო პროტესტის ირაციონალური ფორმა. პარტიული ლიდერების თაოსნობით და მათივე მრევლის შესრულებით ჩვენ ვიხილეთ სურათი, როდესაც ე­გზალტირებული მასა ყვირილით, უშვერი გინებით, ბრახუნითა და მსხვრევით მიიწევდა სასტუმროს შესასვლელისკენ. იმისი წარმოდგენაც კი ჭირს, რა მოხდებოდა, ამ აღგზნებულ, აგრესიის უმაღლეს მწვერვალზე მყოფ ხალხს პოლიციის კორდონი რომ გაერღია და "ვინოტელში""შეჭრილიყო. როდესაც დაუფარავ ველურობასთან გვაქვს საქმე, აღარავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს პროტესტის მიზეზს და მის შინაარსს, ასეთ დროს სხვა დრამატურგია იწყებს მუშაობას: თუ შეცვივდნენ, რას უზამენ? სცემენ თუ არა? მოკლავენ თუ არა?... ღრმად მწამს, რომ სამშობლოს ღირსებას ვერ დაიცავ უღირსი ფორმით.

თუ ვინმე ოკუპანტია, ეს არ ნიშნავს, რომ შენ კუმაონის კაციჭამიად გადაიქცე, ვინაიდან სწორიც რომ იყო, მართალი არ იქნები... არ იქნები მართალი შენი კულტურის, ადათისა და ეროვნული იდენტურობის წინაშე.

ილია ჭავჭავაძემ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთებული "ივერიის" პირველ ნომერს სარედაქციო წერილი წარუმძღვარა.­ იქ ასეთი სიტყვებიცაა: "უზრდელობა, უმართებულობა, შეურაცხყოფა ადამიანისა უწვრთნელობის, გონება-გაუხსნელობის, უჯიშობის უტყუარი ნიშანია... ეს იმას კი არა ნიშნავს,­ რომ ავის მოქმედი არ ვამხილოთ, არ გავკიცხოთ. განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახავად,­ ადამიანის გაულანძღავად,­ თავლაფ-დაუსხმელად? გაბოროტება კარს უხშობს იმ ზნეობით ძალას, რომელსაც ნამუსს ეძახიან... ყოველგვარ უბედურებას, უძლურებას ადამიანისას სათავედ ამ გრძნობის - ნამუსის - დაცემა აქვს". არ იქნება ზედმეტი, ეს სიტყვები ქართველებმა ზოგჯერ მაინც გავიხსენოთ.

- გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ საზოგადოება ახალი ძალის მოლოდინშია.
- თუ ის კულტურულ, მორალურ და საქართველოს პერსპექტივით შეწუხებულ ხალხს დაიყენებს გვერდით, დიდია ალბათობა, ასე ნანატრი მესამე ძალა ვიხილოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები