"აქ ძალიან ტრაფარეტულია ცხოვრება, ჩვენთან კი თბილია ყველაფერი. აქ რაც უნდა მოხდეს, ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნები, როგორიც საქართველოში"
"აქ ძალიან ტრაფარეტულია ცხოვრება, ჩვენთან კი თბილია ყველაფერი. აქ რაც უნდა მოხდეს, ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნები, როგორიც საქართველოში"
"რინგზე შეშინებული ვერ გახვალ, ეს უკვე წაგებას ნიშნავს"

ბექა კაპანაძემ დალასში საბრძოლო სამბოს ტურნირი მოიგო და აშშ-ის ჩემპიონი გახდა. იგი გუნდ MPR MMA-ს ღირსებას იცავს და UFC-ში გამოსვლას გეგმავს. უკვე სამი წელია, მშობლებთან ერთად ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს. ამბობს, რომ ტურნირებზე ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვა.

- სამი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. შარშან ზაფხულში ვაპირებდი, მაგრამ კორონავირუსის გამო თავი შევიკავე. მშობლებიც ჩემთან ცხოვრობენ. მხოლოდ ჩემი დაა საქართველოში.

- ვიდრე ამ წარმატებას მიაღწევდით, რა
გზა გაიარეთ?
- ჩემი პირველი ნაბიჯები სპორტში ძიუდოს უკავშირდება. 14 წლიდან დავიწყე ვარჯიში და 2013 წლამდე აქტიურად ვჭიდაობდი. მერე შერეული ორთაბრძოლებით დავინტერესდი. ბავშვობიდან მაინტერესებ
და კრივიც, ვფიქრობდი, რომ სპორტის ამ სახეობას გავყვებოდი, მაგრამ თვალზე პრობლემა შემექმნა და ვარჯიში ამიკრძალეს. მერე ჩემს კლასში გადმოვიდა ერთი მოჭიდავე ბიჭი. დავმეგობრდით და ერთხელ თავისთან წამიყვანა დარბაზში. რაკი კრივი და შერეული საბრძოლო ხელოვნება მაინტერესებდა, რამდენჯერმე ვცადე ძალის მოსინჯვა. 18 წლის ახალგაზრდებში საქართველოს ძიუდოს ნაკრებში ვიყავი, რამდენიმე A კლასის ტურნირში ვიჭიდავე საბერძნეთში და პირველ წელს - პრიზიორი, მეორე წელს კი ჩემპიონი გავხდი. მწვრთნელმა მირჩია, ჯერ ჭიდაობას მიხედე და როცა კარიერას დაასრულებ, მერე დაიწყე უნივერსალურ ბრძოლაში ვარჯიშიო. 2013 წელს უკვე სტუდენტი ვიყავი და სწავლაზე გადავერთე. ამ პერიოდში დარბაზში გავიცანი გელა გაბური, კრივის მწვრთნელი. ერთი თვის დაწყებული გვქონდა ვარჯიში, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დამირეკა, უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი ტარდება უნივერსალურ ბრძოლებში, გუნდს ვერ ვკრავთ, იჭიდავებ კიდეც და იჩხუბებ კიდეცო. ტურნირი ორ კვირაში ტარდებოდა და პროფესიულ დონეზე მომზადებას ვერ ვასწრებდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ჩემპიონატი ოდესაში ჩატარდა.

უნივერსალური ბრძოლების ფედერაცია მაშინ ახალი ჩამოყალიბებული იყო და იმ წელს პირველი გუნდი ვიყავით, ვინც ამ დონის ტურნირზე გამოვიდა. ჭიდაობაში მესამე ადგილი დავიკავეთ. ორთაბრძოლებში პროფესიონალებში გამოვდიოდი. ორი შეხვედრა მოვიგე და ფინალში გავედი, მაგრამ, დაღესტნელ მეტოქესთან დავმარცხდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ნაბიჯები იყო, მაინც უკმაყოფილო ვიყავი შედეგით, ჩემპიონობა მინდოდა. მომდევნო წელს იყო მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში. დავიწყეთ მომზადება, ეს იყო 2014 წელს. 14 ქვეყანა მონაწილებდა და მე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.

ამერიკაში პირველად 2016 წელს ჩამოვედი. მეგონა, დამხვდებოდნენ, როგორც წარმატებულ სპორტსმენს, მაგრამ აქ ისე არ ხდება, როგორც საქართველოში, ყველა რომ გცნობს. ამერიკაში ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონი მოყვარულებთან ვვარჯიშობდი. მაშინ დარჩენაზე არ მიფიქრია, თან უნივერსიტეტი არ მქონდა დამთავრებული.

2017 წელს დავბრუნდი ამერიკაში. როგორც ემიგრანტების უმეტესობამ, მეც მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. დილის 4 საათზე გავდიოდი, საღამოს 7 საათზე ვბრუნდებოდი სახლში და მერე ვვარჯიშობდი, ოღონდ არა - პროფესიონალურად, უბრალოდ ფორმას ვინარჩუნებდი. მერე, სამსახური შევიცვალე, მეტი თავისუფალი დრო მრჩებოდა და ვარჯიშიც დავიწყე.

- დალასში საბრძოლო სამბოს ტურნირში გაიმარჯვეთ და აშშ-ის ჩემპიონი გახდით.
- სამბოს ფედერაციის აქაურმა პრეზიდენტმა ჩემპიონატამდე ორი თვით ადრე დამირეკა და მითხრა, თუ შეძლებ მომზადებას, იბრძოლეო. ძალიან ცოტა დრო მქონდა სავარჯიშოდ, მაგრამ მაინც გავიმარჯვე. ახლა მჭირდება ერთი სადებიუტო ტურნირი MMA-ში. ვვარჯიშობ საუკეთესო კლუბში, სადაც უეფსის მებრძოლები და მსოფლიოს ჩემპიონები დადიან. უეფსიში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ორგანიზაციაში მოხვედრა ჩემი სამომავლო მიზანია.

- არ გეშინიათ როცა იცით, რომ მოწინააღმდეგე თქვენზე ძლიერია?
- ასეთ დროს უფრო ვფრთხილობ, რათა მეტოქეს არ მივცე საშუალება, ისე წარმართოს ბრძოლა, როგორც სურს. რინგზე შეშინებული ვერ გახვალ, ეს უკვე წაგებას ნიშნავს.

- დედას თუ მოსწონს თქვენი საქმიანობა?
- უხარია, როცა ბრძოლას ვიგებ, მაგრამ ვიდრე სახლში დავბრუნდები, ძალიან ნერვიულობს. მამა უფრო მგულშემატკივრობს, თუმცა არც ის აღფრთოვანებულა ჩემი გადაწყვეტილებით.

აქ დილიდან საღამომდე მუშაობ და ადამიანებთან ნაკლებად ურთიერთობ. მე ირლანდიელი მეგობრები მყავს, ერთმანეთის გარეშე სუფრას არ ვშლით. აქ ძალიან ტრაფარეტულია ცხოვრება, ჩვენთან კი თბილია ყველაფერი. აქ რაც უნდა მოხდეს, ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნები, როგორიც საქართველოში. ამერიკაში იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ათეული წლობით დავფუძნდე, იმიტომ ვარ, რომ ოჯახსა და ქვეყანას გამოვადგე და მალე დავბრუნდე საქართველოში, რადგან, უპირველესად, ჩვენი ქვეყანა გვაქვს მისახედი და ამას ჩვენ გარდა ვერავინ შეძლებს.

ნინო ჯავახიშვილი
ნანაცერცვაძე
22 აპრილი 2021 21:17
წარმატებებს გისურვებ ბექა
საბა
22 აპრილი 2021 19:38
ნათლია ვამაყობ შენით.
ბელა
22 აპრილი 2021 07:52
ბექას წარმათებებს ვუსურვებ, გორის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ერთ-ერთი ზრდილი და მოწესრიგებული სტუდენტი იყო❤

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები