"ვატყობდი, რომ მეუღლეს ჩემი პოდიუმზე გამოსვლა არ სიამოვნებდა, მაგრამ..."
"ვატყობდი, რომ მეუღლეს ჩემი პოდიუმზე გამოსვლა არ სიამოვნებდა, მაგრამ..."
"წონის პრობლემა არასდროს მქონია, დიეტაზეც არასდროს ვყოფილვარ. პირიქით, თავს არ ვიზღუდავ: დღეში იმდენჯერ შემიძლია ვჭამო, რამდენჯერაც მინდა. წონის პრობლემა მაშინაც არ მქონია, როცა პოდიუმზე ხშირად გამოვდიოდი. მიუხედავად გურმანობისა, საბედნიეროდ, ჩემი წონა 63-64 კილოგრამს ჯერ არ ასცილებია. რომ ვთქვა, წონის შესანარჩუნებლად დღედაღამ ვვარჯიშობ-მეთქი, მოგატყუებთ, ვარჯიშიც ბოლო ხანებში დავიწყე"

მომხიბლავი მოდელი ლალი ტოტიკაშვილი­ კარგა ხანს ამშვენებდა ქართულ პოდიუმს, თუმცა სამოდელო სფეროსთვის თავი არც მერე დაუნებებია. ამბობს, რომ ეს მისი საყვარელი საქმეა -
საქმე, რომელიც მოსწონს და კარგად გამოსდის... დღეს ის მრავალ საინტერესო თემაზე გვესაუბრება:

- ლალი, არსებობენ თუ არა ყოფილი მოდელები?
- ალბათ, ძალიან იშვიათად. ვისაც ეს საქმე უყვარს, მისი ერთგული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ სამოდელო კარიერას ჩამოვშორდი, მეც დღემდე მოდელად მომიხსენიებენ. ეს სფერო ძალიან მომწონს.
ვფიქრობ, მშობლებმა ყველა გოგონა სამოდელო სტუდიაში უნდა ატარონ: მოდელიც რომ არ გახდეს, იქ მოზარდი ბევრ რამეს სწავლობს - უპირველესად ლამაზად სიარულს, თავის წარმოჩენას და უფრო თავდაჯერებულიც ხდება. ზოგიერთი გოგონა მოდელობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობს, მე კი ამ პროფესიაზე არასდროს მიოცნებია და შემთხვევით მოვხვდი სამოდელო სააგენტოში, როცა 16 წლის ვიყავი. იქ ჩემი მეგობარი დადიოდა და მან მიმიყვანა. ასე აღმოვჩნდი პოდიუმზე, სადაც 17 წელი გავატარე.

- ეთანხმებით ოდრი ჰეპბერნის ცნობილ ფრაზას, რომ ქალის გარეგნობას უპირველესად მისი სულიერი სილამაზე განსაზღვრავს?
- რა თქმა უნდა, რადგან გარეგნული სილამაზე არაფერია, თუ სულიერიც არ ახლავს. მის სილამაზეს ეშხი ეკარგება.

- თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, თუნდაც ზედმეტი წონა. თქვენ როგორ ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს?
- წონის პრობლემა არც ერთ ასაკში არ მქონია, დიეტაზეც არასდროს ვყოფილვარ. პირიქით, თავს არ ვიზღუდავ: დღეში იმდენჯერ შემიძლია ვჭამო, რამდენჯერაც მინდა. წონის პრობლემა მაშინაც არ მქონია, როცა პოდიუმზე ხშირად გამოვდიოდი.

- მოგწონთ სამზარეულოში ტრიალი?
- ძალიან, განსაკუთრებით ახალი გემოები და ახალ-ახალი რეცეპტები მომწონს. თუკი სადმე გავსინჯავ და მომეწონება, აუცილებლად ვამზადებ. იაპონური სამზარეულოც მხიბლავს, იტალიურიც, ქართული - თავისთავად. განსაკუთრებით მიყვარს ზღვის პროდუქტები.

მიუხედავად გურმანობისა, საბედნიეროდ, ჩემი წონა 63-64 კილოგრამს ჯერ არ ასცილებია. რომ ვთქვა, წონის შესანარჩუნებლად დღედაღამ ვვარჯიშობ-მეთქი, მოგატყუებთ, ვარჯიშიც ბოლო ხანებში დავიწყე.

- ზოგიერთი მოდელი ოჯახის შექმნისთანავე თავს ანებებს კარიერას, რადგან მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა მათი ცოლი პოდიუმზე გამოდის. ეჭვიანობის სცენები თქვენს ოჯახშიც ყოფილა?
- არა, ნამდვილად არ ყოფილა, არც ასეთი არჩევნის წინაშე ვყოფილვარ, უბრალოდ, გათხოვების შემდეგ პოდიუმს მე თვითონ დავანებე თავი. ჩემი მეუღლე გიორგი ხუბუტიაა, ის პროფესიით იურისტია. ვატყობდი, რომ ჩემი პოდიუმზე გამოსვლა მაინცდამაინც არ სიამოვნებდა, მაგრამ კატეგორიულად არ მოუთხოვია, ამ საქმეს ჩამოშორდიო. ეს უფრო ჩემი სურვილი იყო. პოდიუმზე იმდენი წელი გავატარე, რომ წასვლა ვარჩიე. ყველაფერს თავისი დრო აქვს, როგორც ფეხბურთელი ვერ იქნება სტადიონზე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასეა სამოდელო საქმეც. მიუხედავად ამისა, ისევ ამ სფეროში ვრჩები: კარგა ხანს სამოდელო სააგენტოს ვხელმძღვანელობდი და დღემდე ჩემი პროფესიის ერთგული ვარ.

- როგორ ახერხებთ კარიერის და საოჯახო საქმის შეთავსებას?
- საბედნიეროდ, ვახერხებ. უკვე 15 წლის ბიჭი მყავს, საბა, და 11 წლის გოგონა, ნიტა.

- ლალი, პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრისა ხართ?
- ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა პლასტიკურმა ქირურგიამ უამრავი ქალის ცხოვრება შეცვალა - ისინი უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. ეს სავსებით მისაღები და ნორმალურია. მართალია, მე ასეთი ჩარევა არ დამჭირვებია, მაგრამ ვისაც სჭირდება, მივესალმები...

- თუმცა ბევრმა ამის შემდეგ ბუნებრივი სილამაზე დაკარგა.
- შეიძლება, მაგრამ მათ თუ ასე მოსწონთ? - ამ შემთხვევაში ადამიანის სურვილს და განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

- თქვენ როგორ უვლით თავს?
- თავის მოვლა და კოსმეტოლოგთან სიარული მეც ძალიან მომწონს. თავს შეძლებისდაგვარად ვუვლი. მიმაჩნია, რომ მინიმალური ჩარევა ქალს პირიქით, ალამაზებს, თუმცა, არაბუნებრივი ნაკვთები არ მომწონს.

- როგორ გადალახეთ შიში და სტრესი,­ რომელიც კორონავირუსის გამო დაგვატყდა თავს?
- რა თქმა უნდა, კარანტინი და ჩაკეტილობა კარგი არ არის, მაგრამ ეს უჩვეულო სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე: ძირითადად, ვკითხულობდი, ვუყურებდი ფილმებს. წიგნებს შორის ყველაზე მეტად "ოსტატი და მარგარიტა" მომწონს - ჩემი სამაგიდო წიგნია. ფილმის ჟანრსაც არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, მთავარია, მაღალი ხარისხის იყოს და დამაინტერესოს. ამ ერთ წელიწადში ყველა უსიამოვნების გადატანა სწორედ კარგი წიგნების და ფილმების დახმარებით მოვახერხე, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები