სახედაკარგული უნიკალური ხიდები - კვირის პალიტრა

სახედაკარგული უნიკალური ხიდები

ხიდზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, უპირველესად კი იმის, რომ ყველა ხიდი მისტიკას უკავშირდება. ასეა საქართველოშიც. ჩვენ უძველესი, თაღოვანი ხიდები გვაქვს, რომელთა ისტორია IX საუკუნიდან იწყება, იმ დროიდან, როცა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე უძველესი ქართული ქალაქი არტანუჯი აშენდა და როგორც იტყვიან, ყველა გზა (თაღოვანი ხიდებითაც და უხიდებოდაც), ისე, როგორც ოდესღაც რომში, არტანუჯში მიდიოდა. მაგრამ ხიდებმა, რომლებზეც დღეს გიამბობთ, ჩვენი ყურადღება თავიანთი, უარესად რომ არ ვთქვათ, უცნაური ბედით მიიპყრო.

ბეღლეთის ხიდი

IX საუკუნის თაღოვანი ხიდით ხულოში, სოფელ ბეღლეთში აქლემებისა თუ ურმების სავაჭრო ქარავნები სწორედ არტანუჯისაკენ მიემართებოდნენ, რამდენიმე წლის წინ კი მავანმა იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა - თუკი ბეღლეთის ხიდზე აქლემები დადიოდნენ, სატვირთო მანქანებიც ივლიან, ჰოდა, მივალ და ზედ თაღზე ასფალტს გადავაგებო! თქმა და ქმნა ერთი იყო და დღეს ბეღლეთის ხიდზე სატვირთო მანქანები დაგრიალებენ. უფრო საოცარი კი ის არის, რომ 2020 წელს ამ ხიდს, ასფალტიანსა და სახეშეცვლილს, მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ალბათ, იმიტომ, რომ უკეთესი ბევრი არაფერი გაგვაჩნია.

შუახევის ხიდი

შუახევის ხაბელაშვილების უნიკალურ ხიდსაც თანამედროვეობის ქუდი დახურეს. ამ 25-მეტრიანი ხიდის ანალოგი საქართველოში არ მოიძებნება. ის XVIII საუკუნეშია აგებული და მთლიანად ძვირფასი ხისაა. ამ ხემ 300 წლის განმავლობაში ათასობით წყალდიდობას ისე გაუძლო, ფერის გარდა არაფერი შესცვლია. მისი თაღოვანი ბურჯების ასაგებად ხიდის მშენებელმა ბერიძემ ოსტატები ლაზეთიდან ჩამოიყვანა, სხვა ყველაფერი კი საკუთარი ხელით გათალა და გარანდა. მან ხიდის კოჭებად თელა გამოიყენა, მალებად - წაბლი, საყრდენ ბოძებად - მუხა, სახურავად კი - ურთხმელი. აი, სწორედ ეს ურთხმლის სახურავი შეცვალეს თუნუქის სახურავით ჩვენი ეპოქის "დიდმა რესტავრატორებმა"! კიდევ კარგი, ეს სახურავი ხალხმა დაიწუნა და იმდენი იბრძოლა, რომ ხიდს ძველი იერი დაუბრუნა.

ახალციხე-ახალქალაქის ხიდი

აი, ახალციხე-ახალქალაქის გზის პატარა მდინარეზე ხიდის აგებას კი დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია - 90-იან წლებში სახელმწიფოს უყურადღებობით გაბეზრებულმა ხალხმა აქ დაჟანგული ვაგონი მიიტანა და ხიდად გადო, დღეს კი ამ დაჟანგულ ხიდ-ვაგონს ზოგიერთი - არც მეტი, არც ნაკლები - ტურისტულ ღირსშესანიშაობად მოიხსენიებს. სინამდვილეში ის მხოლოდ პრობლემაა, რადგან არ არის გამორიცხული, ამ ვაგონის ქვეშ მიმავალი მდინარე ადიდდეს, "ხიდს" ძირი გამოუთხაროს, წაიღოს და წყალი დააგუბოს, მერე კი რა მოხდება, არავინ იცის. ამიტომაც ვაგონი, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი ხიდით უნდა შეიცვალოს, რაზეც მუნიციპალიტეტმა უნდა იფიქროს, თუ გორის მუნიციპალიტეტივით არ დაემართა, რომელიც უკვე 13 წელია "წვალობს" და სოფელ კოშკებში დამპალი ბოგირის ადგილზე ერთი პატარა ხიდის აგება ვერ მოახერხა. ოთხი ტენდერი უკვე ჩაიშალა და ახლა მეხუთეც განწირულია, მიზეზი კი უბრალოა - პატარა ხიდის ასაგებად "პატარა" ფული - სულ 14.000 ლარი გამოიყო, რასაც არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ ხელი არ მოჰკიდა - ჩიტი ბდღვნად არ ღირს, მაგ ფულიდან ჩვენ არაფერი დაგვრჩებაო. მუნიციპალიტეტმა ვერც ის გარისკა, პროექტი სოფლისთვის გადაეცა და ხიდი ხალხს აეგო - შესამოწმებლად რომ მოვიდნენ და არ მოეწონოთ, მერე რაღა ვქნათო! მოკლედ, სოფელ კოშკებს უხიდოდ ყოფნა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს მოუწევს. შვებად კი ის მოიფიქრეს, რომ აუშენებელ ხიდს "არაშენდა" დაარქვეს და მოთმინება მოიკრიბეს.

ანაკლიის ხიდი

კურიოზები, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ანაკლია-განმუხურის ხიდს უნდა შეხებოდა, რადგან ეს 540-მეტრიანი ნაგებობა მართლაც ძალიან ლამაზია. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ეს ხიდი 2010 წელს აჩქარებით ააგო, ანაკლიის ხიდს ევროპაში ყველაზე გრძელ და ლამაზ საფეხმავლო ხიდად მიიჩნევდა და მართლაც ასეა. თუმცა ეს ვერ გამორიცხავს უსიამოვნო შედეგს, რაც ალბათ, აჩქარებული მშენებლობით არის გამოწვეული - ხიდს, რომლის მშენებლობას 18 მილიონი ლარი დასჭირდა, უკვე რამდენიმე ძვირი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 2019 წელსაც მისი რეკონსტრუქციისთვის თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, ანაკლიის პორტისაგან განსხვავებით, ამ საქმეში ფული არავის ენანება, რადგან ხიდი მართლაც ულამაზესია.