"როგორც ჩანს, გვცდიან ონელებს, დავანებებთ თუ არა ჩვენი ისტორიული შენობის დანგრევას" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, გვცდიან ონელებს, დავანებებთ თუ არა ჩვენი ისტორიული შენობის დანგრევას"

"ვერავინ გვცემს პასუხს კითხვაზე, რატომ უნდა დაანგრიო შენობა, რომელსაც ბზარიც არ გააჩნია, 8-ბალიან მიწისძვრას ისე გაუძლო, რომ არც კი ჩამოფცქვნილა! ეს ნაგებობა გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ააშენეს. მას შემდეგ აქ არაერთი ჩემპიონი გაიზარდა. ონელი პატარები ახლაც აქ დადიან სავარჯიშოდ, ერთ დღეს კი ვიღაც მოვიდა და გვითხრა, აბა, ონელებო, გვერდზე გაიწიეთ, ეს შენობა უნდა დაგინგრიოთო"

ნახევრად დაცლილი ონის ცენტრში ისტორიული შენობის, ონის საჭიდაო კომპლექსის დანგრევა იგეგმება. ოვალური ფორმის ისტორიული ნაგებობა არა მხოლოდ სრულიად განსხვავებული არქიტექტურის გამო ითვლება უნიკალურად, არამედ იმიტომაც, რომ აქ არაერთი მსოფლიო ჩემპიონი გაიზრდა. რაც მთავარია, მისი კონსტრუქცია ისეთი მტკიცეა, ბზარები რაჭის დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც კი არ გასჩენია. შენობის დემონტაჟის დაჟინებულმა ცდამ ონელებს ეჭვი გაუჩინა და ეს ეჭვი განამტკიცა პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დეპუტატ გოჩა ენუქიძისა და მსოფლიოს ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის ერთობლივმა განცხადებამ, რომლითაც მათ ონის ისტორიული შენობის დანგრევის აუცილებლობა დაადასტურეს. პასუხად სოციალურ ქსელში გამოჩნდა ასეულობით ონელის, მათ შორის - ისრაელში მცხოვრები ონელი ებრაელების პროტესტი. მოგვიანებით ონელები რაიონის ხელისუფლებამ დააშოშმინა, შენობის დანგრევა ისევ გადაიდოო. მერე კი ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდიდანაც გაქრა. ონის მოსახლეობა საპროტესტო მოძრაობას იწყებს. მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ეკა მაისურაძე ამბობს, რომ მოსახლეობა ბოლომდე იბრძოლებს ყველა ონელისთვის მნიშვნელოვანი შენობის დასაცავად.

- ვერ წარმოვიდგენდით, რომ ონს, რომელიც ისედაც დაცლის პირას არის, დასანგრევად მიადგებოდნენ, თანაც ისეთ ნაგებობას, რომელიც მთელ ონს აცოცხლებს და ამაგრებს! ვერავინ გვცემს პასუხს კითხვაზე, რატომ უნდა დაანგრიო შენობა, რომელსაც ბზარიც არ გააჩნია, 8-ბალიან მიწისძვრას ისე გაუძლო, რომ არც კი ჩამოფცქვნილა! თანაც ლამაზი და უნიკალურია, ყოველ შემთხვევაში - ჩვენთვის. ეს ნაგებობა გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ააშენეს. მას შემდეგ აქ არაერთი ჩემპიონი გაიზარდა. ონელი პატარები ახლაც აქ დადიან სავარჯიშოდ, ერთ დღეს კი ვიღაც მოვიდა და გვითხრა, აბა, ონელებო, გვერდზე გაიწიეთ, ეს შენობა უნდა დაგინგრიოთ, თანაც ისე, რომ არც გეტყვით, რატომ ვანგრევთო. კიდევ კარგი, ონელები ისეთი მორჩილები არ აღმოვჩნდით, რომ ასე ადვილად გავწეულიყავით გვერდზე. მთელი ონი ფეხზე ვდგავართ და ამ შენობას არ დავთმობთ! ისედაც ცოტა ბავშვი გვყავს და მათ ინტერესებს მავანთა მადას ვერ შევწირავთ!

- დარწმუნებული ხართ, რომ შენობის დანგრევა კერძო პირს სურს? - ხომ ოფიციალურად არსებობს "გონივრული ეჭვის" ცნება და ჩვენც გონივრული ეჭვი გვაქვს. მით უმეტეს, რომ ამ შენობის დანგრევაზე, ოთხი წელია, ლაპარაკობენ. თავდაპირველად გვეუბნებოდნენ, ნაგებობა თანამედროვე სპორტულ ტექნოლოგიებს არ შეესაბამებაო და ვითომ ამიტომ ანგრევდნენ. თურმე ოთხი წელიწადია, მავანი იმაზე ზრუნავს, რომ ონს თანამედროვე სპორტული კომპლექსი აუშენოს! მერედა სად არის დასკვნა, რომ ჩვენი შენობაა დასანგრევი და უვარგისი, ანდა პირობა, რომ უკეთესს გვიშენებენ?! ერთი ამბავი რომ ავტეხეთ, ონში ხელისუფლების წარმომადგენლებს ოთხჯერ ათქმევინეს ტყუილი - დაიშალეთ, შენობა აღარ ინგრევაო, რამდენიმე დღის წინ კი პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ონის დეპუტატ გოჩა ენუქიძისა და ონელი მოჭიდავის, დავით გობეჯიშვილის ერთობლივი ინფორმაცია გამოქვეყნდა, ონის ისტორიული შენობა უნდა დაინგრესო! ზუსტად ასე ეწერათ - ისტორიულიო!.. წარმოგიდგენიათ? გასაგებია, რომ ენუქიძისთვის, რომელიც ჯერ "ნაციონალური მოძრაობიდან", შემდეგ "ქართული ოცნებიდან" მუდმივი დეპუტატია, ონის ისტორიული შენობა არაფერს ნიშნავს, მაგრამ დავით გობეჯიშვილს ხელი როგორ არ აუკანკალდა, როდესაც ამ განცხადებას თავის გვარს აწერდა?! მან ხომ იცის, რა გეგმა აქვს მავანს იმ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ონში ერთ-ერთი ულამაზესია და ხელსაყრელია სასტუმროს ასაშენებლად?! როგორც ჩანს, გვცდიან ონელებს, დავანებებთ თუ არა ჩვენი ისტორიული შენობის დანგრევას.

- იქნებ თვითონ შეხვედროდით დეპუტატ ენუქიძეს და გაგერკვიათ, რა ხდება? - დეპუტატ ენუქიძესთან შეხვედრა ასეთი ადვილი გგონაით? ჩვენს პროტესტს ონიდან წასული ებრაელებიც შემოუერთდნენ, რადგან ეს შენობა მათთვისაც უძვირფასესია, მათი შვილებიც აქ იზრდებოდნენ.

ერთი სიტყვით, კაცმა არ იცის, ხვალ რას მოიფიქრებენ, მაგრამ გპირდებით, ამ შენობას არავის დავანგრევინებთ! ყველას დავანახვებთ, ხალხს რა ძალა აქვს!

პ.ს. ვცადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დეპუტატ გოჩა ენუქიძეს ვერ დავუკავშირდით. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონ დავით გობეჯიშვილს, მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ იხმეს ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი სპორტსმენია, თუმცა არანაირ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. მანვე გვითხრა, რომ შენობის დანგრევა ონელების გარეშე ვერ გადაწყდება.