"სამწუხაროდ, არც ჩვენთან და არც არსად არ ტარდება სინჯები მგრძნობელობაზე" - რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდგომ - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, არც ჩვენთან და არც არსად არ ტარდება სინჯები მგრძნობელობაზე" - რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდგომ

"დაორსულება სასურველია ვაქცინაციიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ"

აპრილში საქართველოში "კოვიდის" მესამე ტალღას ელიან, პარალელურად კი მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება. "კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა რომ იმატა, არ ნიშნავს მესამე ტალღის დაწყებას, ხვალ შეიძლება ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდეს. ახლა ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლებელია დაიწყოს მესამე ტალღა", - ამბობს სამედიცინო მიმომხილველი, პროფესორი, საერთაშორისო ექსპერტი და გენეტიკოსი ალექსანდრე პაპიტაშვილი, რომელთანაც ინტერვიუ ორსულების ვაქცინაციის შესახებ დავიწყეთ.

- ორსულების ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის დასაშვებია ვაქცინაცია?

- ერთი თვის წინ თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც მე ვრცლად ვისაუბრე მსოფლიოში ჩატარებულ კვლევებზე ვაქცინაციის შესახებ, მის აბსოლუტურ და შეფარდებით უკუჩვენებებზე. რაც შეეხება ორსულებსა და მეძუძურ დედებს, საქართველოში ვითარება, სამწუხაროდ, არ არის მარტივი, ვინაიდან ზოგიერთ ექიმს, განსაკუთრებით კი სამედიცინო განათლების მქონე მაღალი თანამდებობის პირებს საინფორმაციო წყაროებში რატომღაც მუდმივად შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა, როდესაც აცხადებენ, რომ ამ კონტინგენტისთვის შეიძლება კოვიდვაქცინაცია.

სინამდვილეში, ორსულები და მეძუძური დედები იმყოფებიან იმ ჯგუფში, ვისთვისაც კოვიდვაქცინაცია აბსოლუტურად უკუნაჩვენებია. რატომ? პასუხად შეიძლება მოვიყვანოთ ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების ინფორმაცია. ისინი გვატყობინებენ, რომ ორსულებსა და მეძუძურ დედებზე არ ჩატარებულა კლინიკური გამოცდა, რის გარეშეც კატეგორიულად აკრძალულია ვაქცინის გამოყენება. გარდა ამისა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვაქცინის თავისებურებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მისი აქტიური კომპონენტების შეღწევა ნაყოფის სისხლში, ვინაიდან არ არის დამტკიცებული ან უარყოფილი მის მიერ პლაცენტარული ზღურბლის გადალახვა და როგორ იმოქმედებს ვაქცინა ნაყოფზე. რას გამოიწვევს ის ახლა ან 10 წლის შემდეგ, არავინ არ იცის.

- რამდენად მიზანშეწონილია ვაქცინირებულისთვის დაორსულება? - სპეციალისტთა აზრით, დაორსულება სასურველია ვაქცინაციიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ. რაც შეეხება შორეულ შედეგებს, კორონავირუსი სულ ერთ წელიწადზე მეტია, რაც მანიფესტირებულია და ინფორმაცია, რასაკვირველია, საკმარისი არ არის.

- საინტერესოა, შეუძლია თუ არა ვაქცინაციას მემკვიდრეობითი დაავადებების პროვოცირება? - გენოთეკის სამედიცინო გენეტიკური ცენტრის დირექტორი ვალერი ილინსკი აღწერს, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ვაქცინამ ორგანიზმზე, თუ ვაქცინა სწორად არ გამოიყენება: "ვაქცინაციას არ შეუძლია მემკვიდრეობითი დაავადებების პროვოცირება, რადგან ასეთ დაავადებებს გარე ფაქტორები არ იწვევს. თუ ადამიანს აქვს რაიმე სახის გენეტიკური ხარვეზი, რასაც დაავადება მოჰყვება, მაშინ ეს დაავადება მაინც განვითარდება. ვაქცინაციამ, წარმოებულმა უკუჩვენებების საწინააღმდეგოდ, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მას შეუძლია გააუარესოს გენეტიკური დაავადების მიმდინარეობა. თითოეული ვაქცინა იწვევს იმუნურ რეაქციას და თუ ადამიანს ადრეულ ეტაპზე აქვს რაიმე სახის აუტოიმუნური დაავადება, მაშინ ვაქცინით გააქტიურებული იმუნიტეტი გამოიწვევს დაავადების გაუარესებას. ზოგიერთმა პაციენტმა არ იცოდა მისი ასეთი დაავადების არსებობის შესახებ და გაიგო მხოლოდ ვაქცინაციის შედეგად განვითარებული გართულებების შემდეგ".

- როგორ უნდა მოვემზადოთ აცრისთვის? - მინიმუმ ერთი თვე უნდა იყოს გასული სხვა დაავადებების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ვაქცინაციის მომენტიდან, ხოლო კორონავირუსით დაავადების მომენტიდან - მინიმუმ ექვსი თვე, სხვა მწვავე რესპირატორული დაავადების მომენტიდან კი მინიმუმ ერთი თვე. აცრამდე 3 დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის, ასევე ძლიერმოქმედი მედიკამენტების (ნარკოტიკების ჩათვლით) მიღება. ასევე, სასურველია იმ დიეტის დაცვა, რომელიც რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების დროს.

- იმუნიზაციამდე წინასწარ რა კვლევებია აუცილებლად ჩასატარებელი, რათა გართულება ავიცილოთ თავიდან? - ეს მკურნალი ექიმის პრეროგატივაა. პაციენტი ვაქცინაციამდე უნდა იყოს კარგად გამოკვლეული, ექიმმა უნდა იცოდეს ვაქცინაციის ყველა აბსოლუტური და შეფარდებითი უკუჩვენება, სამწუხაროდ, არც ჩვენთან და არც არსად არ ტარდება სინჯები მგრძნობელობაზე.

სინჯების ჩატარება მოხსნიდა პაციენტებში მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარებას (მათ შორის ანაფილაქსიური შოკის) ან მინიმუმამდე შეამცირებდა.

- ონკოპაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ, რეკომენდებულია ვაქცინაცია? - შესაძლებელია თუ არა რემისიაში მყოფ კიბოთი დაავადებულთა ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ, სადავოა, ვინაიდან ამ საკითხზე მასშტაბური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. ამასთან, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ არ არსებობს ვაქცინაციის მკაცრი უკუჩვენებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, ხანგრძლივი სტაბილიზაციისა და რემისიის დროს კიბოთი დაავადებული პაციენტები აიტანენ ვაქცინაციას. დღეს პრაქტიკულად არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები. ვაქცინაციის დაწყებამდე ასეთმა პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ონკოლოგთან.

- რომელი დაავადების შემთხვევაში აქვს იმუნიზაციას უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები? - კოვიდვაქცინა სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის, თირკმლების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ქრონიკული დაავადებების, ენდოკრინული დაავადებების, ეპილეფსიისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს.

ნებისმიერი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. უკუჩვენებების ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ აუტოიმუნური (მაგ. გაფანტული სკლეროზი, იმუნოსუპრესია და სხვ.) და ონკოლოგიური დაავადებები დაემატა.

სიმსივნის დროს ვაქცინის გავლენა ორგანიზმზე ამჟამად დადგენილი არ არის, მაგრამ ვინაიდან კიბოთი დაავადებულთა იმუნური სისტემა დასუსტებულია, ვაქცინის ორგანიზმში შეჭრამ შეიძლება არასასურველი პროცესები გამოიწვიოს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აბსოლუტური უკუჩვენებებია: 18 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია, ვაქცინის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება,მწვავე ინფექციური დაავადებები. ვაქცინა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გადაუტანიათ კოვიდდაავადება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში მითითებული პაციენტის სისხლში საჭირო წინასწარი კვლევის ჩატარება IgG და IgM იმუნოგლობულინების არსებობის შესახებ. ეს ერთადერთი გზაა იმის გასარკვევად, იყო თუ არის ადამიანი დაავადებული.

- ცნობილია, რომ ალერგიულებისთვის აცრა რეკომენდებული არ არის. ვინც არ იცის, რომ ალერგიულია და ვისთანაც მხოლოდ ამის გარკვევით შემოიფარგლება ექიმი, უპრიანი ხომ არაა, მოქალაქემ აცრამდე ალერგოლოგს მიმართოს? - რა თქმა უნდა, თუ ადამიანს ჰქონია ნებისმიერი ტიპის მძიმე ალერგიული რეაქცია, მისთვის ვაქცინაცია აკრძალულია. თუ ასეთი შემთხვევები არ ახსოვს, მას უნდა ჩაუტარდეს ვაქცინის მიმართ სენსიბილიზაციის არარსებობის სინჯი.

- ვინც არ იცის, რომ გადატანილი აქვს "კოვიდი", აცრა უკუჩვენებას ხომ არ გამოიწვევს? ასეთ შემთხვევაში წინასწარი სინჯები და ანტისხეულებზე ანალიზი აუცილებელია? - სპეციალისტების აზრით, მათთვის, ვინც არ იცის, გადაიტანა თუ არა "კოვიდი", აუცილებელია "კოვიდის" ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში, ხოლო თუ კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, უნდა ჩაიტაროს პსრ-ტესტირება კონტაქტიდან არანაკლებ 4 დღისა და არა უმეტეს 12 დღისა.

- თუ არის ცნობილი, რამდენ ხანს გასტანს ორგანიზმში ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები? - არის სანდო გამოკვლევები, რომლებიც მეტყველებს, რომ ორგანიზმში ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები შეიძლება აღმოვაჩინოთ ვაქცინაციიდან 6-8 თვის შემდეგ, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია.

- როგორ უნდა მოიქცეს ვაქცინირებული პირი, რა ევალება მას? - ვერიდოთ ნებისმიერ სტრესს, ძლიერ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას, ტემპერატურულ პიკებს და დავიცვათ დიეტა ვიტამინოთერაპიით. ვაქცინის პირველი დოზის შეყვანის შემდეგ და ასევე მე-2 დოზის გაკეთებიდან პირველი 21 დღის განმავლობაში სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

- ერთი მოსაზრებით, "ასტრაზენეკა" 55 წლის, ხოლო "ფაიზერი" 65 წლის ზემოთ პაციენტებისთვის არის რეკომენდებული. თქვენ რას იტყვით ამ ვაქცინებზე და რომლის უპირატესობას აღიარებს ჯანმო? - დღეისათვის ცნობილია, რომ "ფაიზერის" ეფექტურობა დაახლოებით 93%-ს შეადგენს, ხოლო "ასტრაზენეკასი" - დაახლოებით 70%-ს. შესაძლო გართულებების გამო "ასტრაზენეკას" გამოყენება 20-მდე ქვეყანამ დროებით შეაჩერა, შემდეგ ზოგიერთმა ისევ განაახლა ვაქცინირება, მაგრამ 30 მარტს, მაგალითად, საფრანგეთმა ისევ შეაჩერა.