ფაიუმის პორტრეტების საიდუმლო
ფაიუმის პორტრეტების საიდუმლო
დღეს მსოფლიოს ყველა უდიდესი არქეოლოგიური მუზეუმი იწონებს თავს ფაიუმის პორტრეტებით. ისინი საფლავში ჩასატანებელი მიცვალებულთა ძველეგვიპტური ფერწერული პორტრეტებია, რომლებიც ახ.წ. I-III საუკუნეებში იქმნებოდა. ფაიუმის პორტრეტები საოცარი ოსტატობით გადმოგვცემს ადამიანის გარეგნობას და მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.

პირველი ორი პორტრეტი საჰარა-მემფისის ოაზისში იპოვეს 1615 წელს. თუმცა ჯერ კოლექციონერთა, მერე კი მეცნიერთა ყურადღება ნამუშევრებმა მას შემდეგ მიიქცია, რაც ისინი 1887 წელს ფაიუმის ოაზისში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით. "ფაიუმის პორტრეტიც" მაშინ ეწოდა. სულ დღეს ცნობილია ფაიუმის
900-მდე პორტრეტი.


ეგვიპტეში მიცვალებულის მუმიის ტრადიციული ნიღბის ამგვარი პორტრეტით ჩანაცვლება ბერძნულ-რომაელთა გავლენაა. ფაიუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ბერძნული გახდა, როცა ალექ­სანდრე მაკედონელმა ეგვიპტე დაიპყრო, შემდგომში კი მათ რომაელები დაემატნენ - კლეოპატრას გარდაცვალებისა და რომის მიერ ეგვიპტის ანექსიის შემდეგ. ფაიუმის პორტრეტები ერთდროულად ეგვიპტური და ანტიკური ხელოვნების
ტრადიციებიდან მოდის - ქვეყანაში, სადაც მანამდე ადამიანის ყველა პორტრეტი პროფილში სრულდებოდა, ანფასში ხატვა პირველად სწორედ ანტიკური მხატვრებისგან აითვისეს!


ფაიუმის პორტრეტები I-II საუკუნეებში იქმნებოდა ხის ფირფიტებზე ცვილის ფერწერის, ე.წ. ენკაუსტიკის ტექნიკით. ასეთი ნამუშევარი ფერების არაჩვეულებრივი სიხასხასითა და სიმდიდრით გამოირჩევა. ენკაუსტიკით შესრულებული ნახატი საუკუნეებს უძლებს. თავისი როლი ითამაშა ეგვიპტის მშრალმა კლიმატმაც, რამაც პორტრეტები თითქმის პირვანდელი სახით შემოგვინახა. III ს.-ში ენკაუსტიკა ტემპერამ ჩაანაცვლა, როცა საღებავი პიგმენტების შესარევად ხშირად იყენებდნენ ქათმის კვერცხის გულს. ბევრი პორტრეტი შესრულებულია ორივე, ენკაუსტიკისა და ტემპერის შერეული ტექნიკით. დასრულებულ პორტრეტს ამაგრებდნენ ტილოს ფენებზე, რომლებშიც მუმია იყო გახვეული. ეს ქმნიდა გამოღებული ფანჯრის ეფექტს, საიდანაც თითქოს მიცვალებულის სახის დანახვა შეიძლებოდა. ზოგჯერ პორტრეტები პირდაპირ ტილოზეც იხატებოდა. ხატვისას ფართოდ იყენებდნენ ოქროს. მდიდარი მიცვალებულისთვის ოქროთი მთელი ფონი იფარებოდა, თუმცა უფრო ხშირად ოქროთი რთავდნენ თავს, სამკაულებსა და სამოსს.

პორტრეტების უმრავლესობაზე ახალგაზრდები არიან გამოსახული. მეცნიერებმა შეადარეს მათი ასაკი მუმიის ასაკს გარდაცვალების მომენტში და ისინი იდენტური აღმოჩნდა. ჩანს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაშინ საკმაოდ დაბალი იყო. პორტრეტები ძირითადად ეკუთვნოდა სამხედრო მოსამსახურეთა, მოხელეთა და სასულიერო პირთა მაღალ სოციალურ ფენას. ყველას ვერ ექნებოდა გარდაცვლილის პორტრეტის შექმნის სახსრები, რადგან ამ პერიოდის მუმიების უმრავლესობა პორტრეტების გარეშე არის აღმოჩენილი.


ფაიუმის პორტრეტებმა დიდი გავლენა მოახდინა ადრექრისტიანულ ხატწერაზე, რომელთა უძველესი ნიმუშებიც ნაპოვნია ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში და V-VI საუკუნეებს განეკუთვნება. პორტრეტებსა და ადრეულ ხატებს აქვთ შესრულების საერთო-მხატვრული ტექნიკა: ენკაუსტიკა და ტემპერა. მეცნიერთა აზრით, ფაიუმის უძველესი მხატვრობის ტექნიკის ბევრი საიდუმლოს გასაღები ბიზანტიურ ხატწერაში იყო ჩადებული...

რამაზ გურგენიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები