"გურამს რომ დავუნახივარ, უფიქრია: მე მწერალი გამოვალ, ამას კი წიგნის კითხვა უყვარსო და ასე დამადგა თვალი"
"გურამს რომ დავუნახივარ, უფიქრია: მე მწერალი გამოვალ, ამას კი წიგნის კითხვა უყვარსო და ასე დამადგა თვალი"
"გურამის ოცნება იყო, გამხდარიყო მწერალი, ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა, მე ვერ შემისრულდა, სამწუხაროდ..."

უცნაური ბუნება ჰქონდა გურამ დოჩანაშვილს, აშკარად - მარტის: მალ-მალე ეცვლებოდა გუნება-განწყობილება... ხან ბრაზობდა, ხან იმორცხვებდა; თან გაგირბოდა და თან უყვარდი; მაინც ვერ გელეოდა... უბრალოდ, ძალიან დიდი იყო... უფრო ზუსტად - ძალიან დიდი არის და იქნება მუდამ!

უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, რაც მასთან ხშირი ურთიერთობა დავიწყე, კლასიკური გაგებით, ინტერვიუ პირისპირ არასდროს ჩამიწერია. ერთადერთი, რამდენიმე
სატელეფონო საუბარი გვქონდა და ისიც - მხოლოდ დაბადების დღის მისალოცი, თუმცა სიტყვა "ინტერვიუ" არც მაშინ მიხსენებია. უკანასკნელად შარშან მივულოცე დაბადების დღე - პანდემიის გამო ვერ ვეწვეოდი და ამიტომ - შორიდან. და მაინც, უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ თავს, ამ ხნის განმავლობაში მადლიერი ვარ უფლის,
მასთან ხშირად სტუმრობის, მასთან ერთად მოგზაურობისა და ურთიერთობის ბევრი შანსი რომ მომცა. ამ ურთიერთობამ არათუ მე გამაცნო და დამაახლოვა მის სამყაროსთან, არამედ - კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან მასთან და მის მეუღლესთან - ქალბატონ ნათელა სეფიაშვილთან გატარებული წუთების, დღეების, წლების ნაყოფია გზადაგზა, საუბარში შეგროვებული თითოეული სიტყვა, რომელიც შემდეგ ვაქციე სტატიებად და, შესაბამისად - მისი ცხოვრების ერთგვარ მატიანედ. ამ აკინძული ამბების წყალობით მივხვდი, რამდენ სიყვარულს ატარებდა მისი და, ერთი შეხედვით, მკაცრი, ხისტი ბუნების ქალბატონის - ნათელა სეფიაშვილის სიყვარული, ქალბატონის, რომელიც ბატონი გურამის წიგნების კორექტორი და რედაქტორიც იყო და მცირედ - მისი დაუმორჩილებელი ბუნებისაც.

მახსოვს, 2014 წელს რომ დავურეკე საიუბილეო - 75-ე დაბადების დღის მისალოცად, ბატონი გურამის მობილურზე ქალბატონმა ნათელამ მიპასუხა. ხალისიანი იყო, - კიდევ ერთი იუბილე გვაქვს - თანაცხოვრების 50 წლისთავი. ბევრი ურეკავს გურამს და ულოცავსო, მერე კი სიცილით დააყოლა, - რა დრო გავიდა... მე კი ჩემი თავი 17 წლის მგონია, არადა, ახლახან ვიწექი რეანიმაციაში. თურმე, წნევაც უნდა გავიზომო, წამალიც უნდა დავლიო და 17 წლის კი არა, უკუღმა 17-ის - 71-ის ვარო... თუმცა, ალბათ, მთავარია, სულიერად როგორ გრძნობ თავს, ჰოდა, ამიტომ მაინც დავრბივარ კონცერტებსა და გამოფენებზე. ეგ კი არა, კომპიუტერის კურსებზეც კი ჩავეწერე, მაგრამ დღეს გაკვეთილს ვაცდენ და გურამს ვდარაჯობ - ჩაძინებულია და რომ გაიღვიძებს, მეშინია, სასმელი არ დალიოსო. უცებ ბატონმა გურამმა დაუძახა და ქალბატონმა ნათელამ ჯერ მას უპასუხა, შემდეგ ჩემთან დაიჩივლა:
- რამდენი ხანია, არ დაულევია. მარხულობს. თან უშველებელ ნაწარმოებს ასრულებს. გუშინ სადღაც წაიყვანეს და ნასვამი დაბრუნდა, ბოთლით ხელში. მთხოვა, დილით გაღვიძებული დამხვდი, რომ არ გადავაბაო. მაგრამ ცოტა ხნით ჩამთვლიმა და მაშინ დაულევია... ამიტომაა, ერთი წუთითაც არ ვშორდები.

57 წელიწადი - ერთად

57 წელიწადი ერთად ყოფნისთვის საკმაოდ დიდი პერიოდია. მივხვდი, იოლი არ იქნებოდა ბატონ გურამთან - ასეთ შემოქმედთან თანაცხოვრება და ქალბატონი ნათელას ერთი წინადადებაც კი საკმარისი აღმოჩნდა ამის დასტურად, - გურამის ოცნება იყო, გამხდარიყო მწერალი, ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა, მე ვერ შემისრულდა, სამწუხაროდო... - ალბათ, სხვაგვარი არც გამოდის უდიდესი შემოქმედის მეუღლეობა!

- "სპილო დიდია ძაღლზე,/ მელა - მარდი და ფლიდი./ შენ ხარ პატარა თაგვი,/- მე კი კატა დიდი და/ ბოლოს დაგიჭერ მაინც..." - ეს სახუმარო სტრიქონები გურამმა ჩვენი ურთიერთობის გარიჟრაჟზე დაწერა, 5 წლის განმავლობაში მართლაც დაჭერობანა გვქონდა... ერთხელ ზემელზე, გადამყიდველთან ნაყიდი ჰემინგუეის ტომებით უნივერსიტეტში გახარებული შევდიოდი. გურამს რომ დავუნახივარ, უფიქრია: მე მწერალი გამოვალ, ამას კი წიგნის კითხვა უყვარსო და ასე დამადგა თვალი. ნეტავ, "პუდრი" და "პომადა" ჩამედო, მაშინ ხომ ავცდებოდი ამ მშვენიერს? ამხანაგმა მაჩუქა მისი მოთხრობების წიგნი და დააყოლა: წერს და შენი აზრი აინტერესებს. ამის შემდეგ ან გააგრძელებს წერას, ან არაო. გავიფიქრე, რა უფლება მაქვს, ვინმეს განაჩენი გამოვუტანო-მეთქი? მაგრამ მაინც წავიკითხე. წავიკითხე და მომეწონა. პირველ კურსზე უცხო ენების ფაკულტეტზე გერმანულ ენას ვსწავლობდი და შილერის საღამოზე ჟანა დ'არკს ვთამაშობდი. ამიტომ პირველი კორპუსის ბაღში ხშირად შევრბოდი და გამოვრბოდი, ესენი კი: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, ჯონდო მეტრეველი, გურამი - ნაციხრების "შაიკა", ისხდნენ და მირევდნენ.

სპექტაკლიდან ჩემი ერთი რეპლიკა რომ წამოიძახა ვოვამ, გურამმა თავში ჩაათხლიშა ხელი. კი გამიკვირდა, რატომ აეწვა კუჭი-მეთქი? პირველ კურსზე ვიყავი, როცა გამიცნო. ჩვენი პირველი შვილი - ქეთო და გურამის პირველი წიგნი ერთად გაჩნდა - 1966 წელს. ჩვენი ვაჟის, ირაკლის დაბადება კი მის მწერალთა კავშირის წევრობას დაემთხვა - 1968 წელს. გაინტერესებთ, როგორი იყო მასთან თანაცხოვრება? - ძალიან რთული. ბუგრიმოვას (ცირკის მსახიობი, მტაცებელი ცხოველების მომთვინიერებელი - ი.ხ.) როლში ვარ - გაცნობის დღიდან ჩვენი მთავარი შეხების წერტილი და ბრძოლის ველი ბოთლი იყო, სხვა პრობლემა არასდროს შეგვქმნია. სანამ ნაგვის ბუნკერი გვქონდა, სასმელს პირდაპირ ვუშვებდი, ახლა ეზოში უნდა ჩავიტანო. ბოლოს, შტოფი რომ მოიტანეს, ავაყირავე და მეშვიდე სართულიდან პირველ სართულამდე ღვინის მდინარე ჩადიოდა. ამ ბრძოლაში ტომები დაიწერა. განა სმის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ წვეთიც რომ დაალევინონ, ვეღარ ჩერდება. სამწუხაროდ, გარემოცვას არ ესმის, რომ ეს არის აკვნის ბავშვი, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. რამდენჯერ თქვა პატრიარქმა, მარხული ადამიანის ტვინი ახალშობილი ბავშვის ტვინივითააო...

საოცარი დუეტი ჰქონდათ, ძალიან საყვარელი. რამდენჯერმე ზუგდიდში მოგვიხდა ერთად ყოფნა და რამდენჯერ შინ ვწვევივარ, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, განცდები და დიალოგები კი არ იცვლებოდა - ქალბატონი ნათელა შენიშვნას აძლევდა, ბატონი გურამი - ბრაზობდა, ფიცხდებოდა და იბუტებოდა.

არადა, უერთმანეთოდაც ვერ ძლებდნენ. მათი "პაექრობის" დასტურად ზუგდიდური დღეებიც კი კმარა, მისი დაბადების დღის აღსანიშნავი დღეები, რომელიც ზუგდიდელმა ხელოვნებათმცოდნე ხატია ჯანაშიამ მოუწყო. ყოველი დღე გრძელი და დაუსრულებელი იყო; ყოველ შეხვედრაზე აწვდიდნენ გადაშლილ წიგნებს ავტოგრაფებისთვის და ისიც წერდა და წერდა. მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ აღნიშნა, ყველა გაჩუმებულია, ბატონ გურამს წერაში ხელი არ შევუშალოთო და მხოლოდ ქალბატონი ნათელა ლაპარაკობსო. ნათქვამი ბატონ გურამს არ გამოჰპარვია და, - ნათელას ქორწინებისას ხელი რომ მოვუწერე, მას მერე მაქვს ასე გავარჯიშებულიო, - ამგვარად, სიცილით განმარტა ხელმოწერაში დაოსტატების მიზეზი. ქალბატონმა ნათელამ კი მშვიდად დაამატა, - ჯვარი დიდ სამებაში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დაგვწერა მამა ელისემ და მერაბი და იოანე არიან მეჯვარეებიო.

სამი დღის განმავლობაში ვიყავით ერთად და გამუდმებით ერთი და იგივე მეორდებოდა: ბატონი გურამი დაიხურავდა თავის განუყრელ კეპს, ქალბატონი ნათელა მოახდევინებდა. მესამე დღეს აღმოხდა: რა დავაშავე ასეთი, ცოლი სხვასაც ჰყოლია, მაგრამ ასეთიო? ჩავეკითხე: ასეთი მზრუნველი, ხომ, ბატონო გურამ-მეთქი? - ჰო, ასეთი მზრუნველი. თუმცა მაგას უფრო "შემაფერხებელი" შეეფერება. ადრე მქონდა ხუჭუჭი თმა, მაგრამ ამის ხელში არის, რომ გავმელოტდი. თანაც ქუდს მიმალავს. ხომ დაინახე, გუშინ სცენაზე გასვლისას ჯიბიდან როგორ ამომაცალაო? ქალბატონმა ნათელამ ღიმილით დააყოლა: - მინდა, რომ სახეზე შეხედოთ ადამიანს. აბა, მაგ ქუდში მხოლოდ ცხვირი უჩანს. წითელქუდას ბებიას ჰგავს, მგელი რომ არის ბებიის როლში... 50 წელიწადია, თმას მე ვჭრი. ჰოდა, როგორ ვჭრი, იცი? როცა ცოტათი "ნაყლაპია". აბა, ფხიზელი არ მიგიკარებს მაკრატლით. ტელეფონის ყურმილს ვაწვდი ხოლმე და ლაპარაკს იწყებს, ამ დროს მე ვჭრი. ერთხელ ვახო რურუას ელაპარაკებოდა, ის-ის იყო, უნდა დაესრულებინა, რომ ხმამაღლა დავიძახე: ვახო, ცოტა ხანს კიდევ გაუგრძელე, ჯერ ერთი მხარე არ დამიმთავრებია-მეთქი. მერე ეშხში შედის, ლაპარაკობს და მეორე მხარეს გადმოაქვს ყურმილი. ბოლოს ჩაიხედავს ხოლმე სარკეში და გაკორტნილ თავს რომ დაინახავს, რა მიქენიო, ბრაზობს. თმის შეჭრა არ უყვარს, ჩაცმა არ უყვარს, არც ფეხსაცმლის ზონარებს იკრავს, ისე დადის. მაღაზიაში ხომ ვერ შეიყვან, რომ მოაზომო! ძაფით ვზომავ ხოლმე და შარვალს ან ფეხსაცმელს ისე ვყიდულობ. თან ისე უნდა დავდო, რომ არ იფიქროს, ახალი მოტანილია. იმ დღეს ჩავაცვი ჯემპრი და ვერ მიხვდა, ახალი ნაყიდი რომ იყო. ძველებში შევურიე, ეკლესიაში მიდიოდა, ვერ გაიაზრა, ახალი რომ იყო, აიღო და ჩაიცვა. რომ მეთქვა, აი, გურამ, ჯემპრი გიყიდე-მეთქი, ფანჯრიდან ისროდაო.

ერთი დილა სამარადჟამოდ დაუვიწყარია ჩემთვის - ბატონ გურამსა და ქალბატონ ნათელას ზურაბ ცინცქილაძესა და მის მეუღლე - თამარ დათუაშვილთან ერთად თბილისში ვაცილებდით. ბატონმა გურამმა გადმომილაპარაკა: იცი, ნათელამ ანაკლიაში გასეირნება მოინდომაო? ანაკლია მეც მაინტერესებს, მაგრამ იქ თუ წავალ, გარბენით კი არ უნდა ვიყო, გაჩერების დრო უნდა მქონდეს, დასვენებისო, - და გზა განაგრძო. ქალბატონი ნათელას ანაკლიაში წასვლაზე რომ ხუმრობდა, აბა, რას წარმოიდგენდა ბატონი გურამი, ანაკლიაში "გატაცებას" რომ ვუპირებდით. ზღვის სანაპიროსკენ რომ შევუხვიეთ, არაფრით გადმოდიოდა მანქანიდან. იქვე მდგომ პოლიციელებს ვუთხარით, მანქანაში გურამ დოჩანაშვილი ზის, იუბილარია და თქვენი მილოცვა გაუხარდება-თქო. მაშინვე მივიდნენ და მიულოცეს. გაიხარა ბატონმა გურამმა, თან იუხერხულა და მანქანიდან გადმოვიდა. მზე აჭერდა და თავისი კეპი ითხოვა. ქალბატონი ნათელა კვლავ გაჯიუტდა. ვურჩიე, მწველი მზეა და ცუდად არ გახდეს, მიეცით-მეთქი. კეპი მაინც არ დათმო და თვითონ რომ პანამა ეხურა, ის მიაწოდა. ბატონმა გურამმაც სასწრაფოდ ჩამოიფარა სახეზე, მაგრამ... როგორც კი სანაპიროსკენ გავუყევით და მიხვდა, სად იმყოფებოდა, ფეხები დაგვიბაკუნა, - ა, პლაჟზე გინდათ, ჩამიყვანოთ? ნურას უკაცრავადო! - უკმაყოფილო იერით მოტრიალდა და შეძლებისდაგვარად სწრაფად გაემართა მანქანისკენ.

დიდი შემოქმედის მეუღლეობა

ქალბატონი ნათელამ მითხრა, გურამი ახალი ნაწარმოების წერას რომ იწყებს, ჰგონია, ცხოვრებაში პირველად წერს. ისე ღელავს, ისე თრთის, როგორც პატარა ბავშვი, დამწყები მწერალი რომ ნერვიულობს, რას ეტყვიან, როგორ შეაფასებენო. ახლა ამბობს, ჩქარა უნდა დავამთავრო ეს, რადგან თავში უკვე ახალი მოთხრობა მაქვსო. ადრე, ბავშვები რომ ვიყავით, როცა დავოჯახდით, გერმანული საბეჭდი მანქანა ვიყიდეთ და შრიფტი ქართულზე გადაუკეთეს. მერე ის მოეშალა და ჯემალ ხარაზანიშვილმა ეგეთივე მისცა. რომ ბეჭდავს, ისე ურახუნებს, მთელი აგრესია იქ გადააქვს. გინდა წყალი მოვუშვა ან ფანჯარა გავაღო, რეაქცია არ აქვს. მე ვარ მკითხველი და ეგ არის მწერალი. რამდენი ცუდი რამ დაუწერიათ მაგაზე, მაგრამ არაფერს ვაკითხებ. ერთი-ორჯერ რაღაც ჩააწვეთეს, ვიღაცამ დაწერა, გურამი შეხვედრებს თვითონვე იწყობსო და მას შემდეგ შეხვედრებზე აღარ დადიოდა. აბა, რაც მასზე დაუბეჭდავთ, ის რომ იცოდეს, ჭკუიდან გადავა. მე ვარ "ბეტონნაია სტენა". მუხაწყაროში ვიყავით, 2008 წლის აგვისტოს ომი რომ დაიწყო. გურამი რომანს წერდა. ატყდა პანიკა. ხალხი გარბი-გამორბოდა და აღელვება რომ შევატყვე, მოვატყუე: რა ომი, რის ომი, ვერ ხედავ, გადაღებაა-მეთქი? მე რადიოს ჩუმად ვუსმენდი, ეს კი მუშაობდა და აზრზე არ იყო, ირგვლივ რა ხდებოდა. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე ნასვამი გავიდა და ნინო რამიშვილმა და მიშიკო მინდაძემ ვიღაცის სახლში შეიყვანეს, - მიტინგზე მთვრალი რომ გნახონ, ჩვენთვისვე იქნება ცუდიო, - დაარწმუნეს, ჩაი დაალევინეს და მანქანით გამოისტუმრეს. მალევე დაწყებულა დარბევა. ეს ისეთი აფექტების კაცია, თუ აფეთქდა, მტრისას! იქ რომ მთვრალი დარჩენილიყო, შეიძლება რევოლუცია მოეწყო - მთელ რუსთაველს ააყირავებდა. ყოველთვის ვიყავი და ვარ "ავჩარკის როლში": ვინც მოდის, ყველას ვჩხრეკ, სასმელი არ შემოიტანონო.

ჟურნალისტებს რომ გაურბის, სულ ვეუბნები, წიგნს რომ გამოსცემ, მკითხველს შეკითხვები უჩნდება და შენთან შეხვედრა უნდა. რა უფლება გაქვს, ყველას უარს რომ ეუბნები-მეთქი? მაგრამ როცა წერს, მტრისას! მთლიანად არის როლში შესული. შაჰ-აბასზე აპირებდა რაღაცის დაწერას და გავგიჟდი: შენს შაჰ-აბასობას ვეღარ ავიტან, გეყოფა - საკმარისია, რამდენი როლიც შევასრულე-მეთქი - ვის როლში არ ვყოფილვარო! მისი უკანასკნელი და ყველაზე მასშტაბური ნაწარმოების ტრილოგიად ქცევამდე, თურმე, ერთი პატარა ნაწარმოების დაწერას ფიქრობდა, - მერე შეტოპა, შეტოპა და უკვე 5 წელიწადია, წერს. ვეუბნები, ბოლოს და ბოლოს დასვი ან წერტილი, ან მრავალწერტილი და დაამთავრე-მეთქი, - მითხრა მისმა მეუღლემ.
7 წლის განმავლობაში რომ წერდა, იმ ტრილოგიის ორი წიგნი გამოიცა კიდეც, საოცარი ამბავი კი არის, რომ მესამე დაასრულა, შვებით ამოისუნთქა და... ლოგინად ჩავარდა. მესამე წიგნით დასრულდა მისი ამქვეყნიური სიცოცხლეც!

(სპეციალურად საიტისთვის)

სალ
06 აპრილი 2021 10:20
რა კაი სტატიაა მადლობა ირმა
ანა
05 აპრილი 2021 19:54
მე ძალიან ბა მიყვარს გურამ დოჩანაშვილი ის დიდი პიროვნება იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები