"მეგონა, რომ თავადაც აწუხებდა ეს ამბავი და არ ამბობდა, არ ამჟღავნებდა" - რას ჰყვებიან ზურა დოიჯაშვილზე მისი მეუღლე და ქალიშვილი
"მეგონა, რომ თავადაც აწუხებდა ეს ამბავი და არ ამბობდა, არ ამჟღავნებდა" - რას ჰყვებიან ზურა დოიჯაშვილზე მისი მეუღლე და ქალიშვილი
"ერთი წამია ცხოვრება - ამ ფრაზას ზურა ხშირად იმეორებდა, როცა უკვე ავად იყო, და მეუბნებოდა: არ ღირს სანერვიულოდ არაფერიო"

მან დატოვა ზღვა სიყვარული და უამრავი სიკეთე. ის იყო ვაჟკაცობის, მამობის, მეგობრობის სიმბოლო. ნაღდი თბილისელი კაცი თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ალალსა და გულწრფელს, ადამიანი-მაგნიტი შეარქვეს. ხალხმა შეიყვარა გამორჩეული ხმის მქონე მომღერლის ჰიტები... სიმღერა "მელიქიშვილის გამზირი" 21 წლისამ იმღერა პირველად და მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ქეთი ვადაჭკორია და ნუცა დოიჯაშვილი მეუღლესა და მამაზე -
ზურა დოიჯაშვილზე
გვიყვებიან...

მაგარი მამა და ბაბუა

ნუცა:
- მამას გარეთ როგორც ახასიათებენ, ზუსტად ისეთი იყო სახლშიც. მისი სიმკაცრე არ მახსენდება. ჩვენთვის დედა იყო ყოველთვის მკაცრი და მამასთან საშველად მივდიოდით, თუ რამე ისეთი ხდებოდა. ბავშვობაში მამასთან ერთად დავდიოდით სასეირნოდ. უნდოდა, რომ კონცერტებსა თუ ნებისმიერ ღონისძიებაზე
მის გვერდით ვყოფილიყავით და ჩვენც ყველგან დავყვებოდით. იმდენად პოპულარული იყო, ვმალავდით ხოლმე, რომ ზურა ჩვენი მამაა: გვერიდებოდა, არ გვინდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით. ეს უფრო ბავშვობაში ხდებოდა. მამა ჩემთვის ყოველთვის ადამიანობის მაგალითი იყო. მინდა, ჩემი შვილიც ისე გავზარდო, როგორც ის მზრდიდა. დღემდე მახსოვს, მამა რა რჩევებსაც მაძლევდა. მისი დარიგება ახლაც ყურში ჩამესმის, ხშირად მიმეორებდა: ადამიანებში ყოველთვის კარგი ეძებე და ცუდს არ მიაქციო ყურადღებაო. არ უყვარდა, როცა დავუშვათ, ვინმეს ვაკრიტიკებდი. ამაზე გვიკამათია კიდეც და მეტყოდა ხოლმე: ნუცა, დაანებე თავი ასეთ საუბარსო... ისე ვცხოვრობ, როგორც მამა ცხოვრობდა - კარგ თვისებებს ვეძებ ყველა ადამიანში. ძალიან მაგარი მამა იყო და წარმოიდგინეთ, შვილიშვილებთან ბევრად უფრო მაგარი ბაბუა იყო. მათზე გიჟდებოდა, შვილიშვილები ფაქტობრივად, მის ხელში გაიზარდნენ. საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი იყო: დიდთან - დიდი, პატარასთან - პატარა.

ქეთი:
- შვილიშვილებთან (10 წლის ანდრია, 8 წლის ლიზიკო, 2 წლის ლუკა) გართობა მოსწონდა, თამაშობდა მათთან, გიტარაზე უკრავდა. ახმოვანებდა სხვადასხვა პერსონაჟს, ყურს ისე "დაიტრიალებდა", თითქოს ხმას გამოსცემდა. ეს ფოკუსი ძალიან მოსწონდათ ბავშვებს და გამეორებას ეხვეწებოდნენ. ყველაზე პატარა შვილიშვილი ლუკა ისრაელში დაიბადა. ზურამ ბავშვს სიმღერა დაუწერა და როცა უმღეროდა, პატარა ლუკა გაოცებული უყურებდა. მერე ბავშვი თვალებით ითხოვდა ხოლმე, რომ ბაბუას ემღერა. სანამ შეეძლო, ზურა უკრავდა და სულ ამბობდა, ამას სმენა ექნება და აუცილებლად იმღერებსო. უნდოდა, შვილიშვილებს მუსიკა ესწავლათ, გიტარაზე დაეკრათ, ემღერათ. ზურას სურვილი იყო, შვილებთან ერთად სიმღერა ჩაეწერა, მაგრამ ეს არ მოხდა... ძალიან კარგი მონაცემები აქვს ლიზას, ის მუსიკაზე დადის და ვნახოთ, თუ მოინდომებს სიმღერას.

ისრაელში...


ქეთი:
- საერთოდ, პრობლემებში არასოდეს გვიცხოვრია. ბოლოს ისრაელში რომ წავედით, მთელი ოჯახი ასე ვფიქრობდით, - ალბათ, 3-4 წელში ჭერი გვექნებოდა და საქართველოში დავბრუნდებოდით. ზურას ისრაელში ფიზიკურად მუშაობა არ უთაკილია, მით უმეტეს, იქაც ცნობილი იყო - ამ ქვეყანაში არაერთი კონცერტი ჩაუტარებია. საშინლად განვიცდიდი იმას, რომ ზურას ყოველთვის სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა და უცებ აღმოჩნდა აეროპორტში, სადაც ფიზიკურად უწევდა შრომა... დაანებე თავი-მეთქი, ვეუბნებოდი. მეგონა, რომ თავადაც აწუხებდა ეს ამბავი და არ ამბობდა, არ ამჟღავნებდა. სანამ ლაპარაკი შეეძლო, ყოველდღე მეუბნებოდა: ქეთუშ, ნუ გეშინია, ნუ ნერვიულობ, "მი პრარვიომსია" (ჩვენ გამოვძვრებითო). ნიკო გომელაურის ეს ლექსი ძალიან მოსწონდა, მსახიობი რუსულად კითხულობდა. ვიცოდი, რომ ზურას დაავადება განუკურნებელი იყო, მაგრამ რაღაცას ვეპოტინებოდი. ვფიქრობდი, იქნება და, ეტლში ჩაჯდეს... ეს იყო ჩემი ეგოიზმი თუ რა, არ ვიცი. მაინც, ბოლომდე ყველაფერს ვაკეთებდი.

ქეთი და ზურა

ქეთი:
- ერთმანეთი გავიცანით ბორჯომში 1978 წელს. მე სანატორიუმში ვისვენებდი. ერთ-ერთი სეირნობისას მომწყურდა და შემთხვევით, სადაც ღია იყო კარი, იმ ოჯახში ვითხოვე წყალი. გამომიტანა მისმა ძმამ (სახლი აქვთ ბორჯომში) და იქ გავიცანი ზურა. როგორც ამბობენ, ერთი ნახვით შევუყვარდი. ყოველ დილას, ექვს საათზე სანატორიუმის ეზოში, ჩემი ოთახის წინ სკამზე იჯდა და მიმღეროდა გიტარაზე იმ დროს ძალიან მოდურ სიმღერას - ბესო კალანდაძის "მე გაზაფხულივით მოგეპარე". ეს გრძელდებოდა მთელი 24 დღე, სანამ იქ ვიყავი. მაშინ მე-8 კლასში ვსწავლობდი, მას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. მერე თბილისშიც გაგრძელდა, ასე ვთქვათ, ჩვენი მეგობრობა. გრძნობაში ჯერ არ იყო გადასული, თუმცა ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ზურა ჯარში წავიდა, გერმანიაში მსახურობდა. ჩამოვიდა და ნელ-ნელა... ცოტა მოგვიანებით შევქმენით ოჯახი. ზურა როგორც მეუღლე, პირველივე წუთიდან ბოლო წუთებამდე იყო შეყვარებული და ასევე ვიყავი მეც. ის იყო ადამიანი, რომელთანაც არ მოიწყენდი. ზოგჯერ ვეხვეწებოდი: ზურა, ხომ არ შეიძლება, რომ სულ კარგ ხასიათზე იყო-მეთქი. რაც უნდა ყოფილიყო, არასოდეს შეიმჩნევდა, თუ განწყობაზე არ იყო და ყველაფერი იუმორში გადაჰქონდა. ერთი წამია ცხოვრება - ამ ფრაზას ზურა ხშირად იმეორებდა, როცა უკვე ავად იყო, და მეუბნებოდა: არ ღირს სანერვიულოდ არაფერიო.

სიურპრიზები, ტრადიციები

ნუცა:

- ერთ სიურპრიზს გავიხსენებ. მაშინ მამა მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. ძველით ახალ წელს უნდა ჩამოსულიყო და ამის შესახებ მარტო მე ვიცოდი. თვითმფრინავით წამოსვლა ვერ მოახერხა და იმისთვის, რომ დედასთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, მოსკოვიდან მანქანით იმგზავრა. ორი დღე გზაში იყო. წამდაუწუმ მირეკავდა და მეკითხებოდა, დედამ ხომ არ დაიძინაო?

ქეთი:
- ზურას უყვარდა სიურპრიზები - ასეთიც და ისეთიც (იღიმის)... ჩვენი სახლის კარი არ ჩაკეტილა, სუფრა იშლებოდა ყოველდღე. ზურას უყვარდა თავისი შვილების მეგობრებთან ერთად დროს ტარება. ასაკობრივი სხვაობა არაფერს ნიშნავდა. მის ხელში გაიზარდნენ და ყველას უზომოდ უყვარდა. ზურასთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სამეგობრო წრეში მოლხენა იყო. ესენი იყვნენ მისი მეგობრები, ჩემი, შვილების (სალომე, ნიკოლოზი, ნუცა) მეგობრები და ის მეზობლები, ვისთანაც მეგობრობდა. ზურა მათთვის ქმნიდა დღესასწაულებს. თუ 1-2 დღე ისე გავიდოდა, რომ ჩვენთან ვინმე არ მოვიდოდა, გაკვირვებით მეტყოდა ხოლმე: ვაა, ქეთი, დღეს რატომ არავინ არ მოდისო?

17 აგვისტოს, ზურას დაბადების დღეს, ტრადიციულად, ქობულეთში, ბოლო წლებში კი კვარიათში ვისვენებდით რამდენიმე ოჯახი ერთად. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა შვილები პატარები იყვნენ. ათამდე ოჯახი ერთ დიდ სახლს ვქირაობდით. ვიკრიბებოდით: ჩვენ, ნუგზარ კვაშალი, ზურა კობეშავიძე, მამუკა ონაშვილი, გელა ფილაური, ზაზა კვირკველია... მარიამობას ჩამოდიოდა ჩვენი უახლოესი მოძღვარი, მამა ფარნაოზი თავის ფოფოდიასთან ერთად და ასე, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდით ზურას დაბადების დღეს და მარიამობის დღესასწაულს.
თითქმის ყოველთვის ზურას გვერდით ვიყავი გასტროლების დროს, აქაც და საზღვარგარეთაც. მთელი საქართველო ერთად შემოვიარეთ. ვიქირავებდით ერთ ავტობუსს და მისი მეგობარი მომღერლები, ყველანი შვილებთან ერთად, ჩავდიოდით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. 2 დღე ბორჯომში ვჩერდებოდით, 2 დღე - სურამში, 2 დღე - ბაკურიანში და ა.შ. კონცერტები მთავრდებოდა ქობულეთში, ბათუმში ან კვარიათში. იმდენი საქველმოქმედო კონცერტი, რაც ზურამ ჩაატარა, არც ერთ მომღერალს არ გაუმართავს. მის კონცერტებს ითხოვდნენ პატიმრები, ჯარისკაცები, ქალთა კოლონია... მათთვის, წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც მართავდა კონცერტებს და ხშირად თავად იყო ორგანიზატორიც. თავისი ხარჯით რამდენჯერმე გაფრინდა თურქეთში, სადაც ბავშვებისთვის გამართულ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობდა. ზურა ყველას ეხმარებოდა, სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმოედგინა.

ბოლოთქმა

ნუცა:

- სამწუხაროდ, მამის პროფესიას არ გავყევით, თუმცა მუსიკალური გემოვნება ჩამოგვიყალიბა. ბავშვობიდან ცდილობდა, ჩვენთვის რაღაცები გაეზიარებინა. იმპროვიზაციები უყვარდა. საღამოობით, გიტარის თანხლებით ერთად ვმღეროდით. როცა იმ სახლში ვცხოვრობდით, სადაც ზურა დაიბადა, იქ პიანინოზე ყოველდღე გვიკრავდა და იყო დიდი მხიარულება. ზურასთვის სიმღერა ყველაფერი იყო. შეეძლო მთელი დღე ოთახში განმარტოებულიყო და ემუშავა. მამა ძალიან კარგ მუსიკას წერდა და არაერთი საკუთარი სიმღერა შექმნა, თვითონ აკეთებდა არანჟირებასაც. ეს პროცესი უყვარდა, შესაბამისი აპარატურა ჰქონდა. მამას დარჩა საკმაოდ ბევრი ჩანაწერი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ და დისკი გამოვცეთ.

ქეთი:
ისრაელის მოქალაქე ვარ და ამიტომ კანონმორჩილი უნდა ვიყო, გარკვეული საბუთებია მოსაგვარებელი. ჩემი მეუღლეც ამ ქვეყნის მოქალაქე იყო, თან, იქ გარდაიცვალა. ისრაელს პატივს ვცემ, ძალიან დაგვიდგა გვერდში, განსაკუთრებით - ზურას ავადმყოფობის დროს. წავალ და მერე ისევ საქართველოში დავბრუნდები. ძალიან მიჭირს ზურას სიმღერების მოსმენა, მაგრამ ყოველდღე, საათში ერთხელ მაინც ვუსმენ...

ჟურნალი "გზა"

მაკომაკა
07 აპრილი 2021 10:53
ზურა იყო არის და იქნება ჩვენს გულებში.ნაღდი კაცი ნაღდი თბილისელი.სიკეთის და სინათლის ადამიანი
ლევანი
06 აპრილი 2021 23:07
ნამდვილად ყველას დაწყვიტა გული ზურას გარდაცვალებამ. უბრალოდ მინდა ვთქვა რომ არა მარტო " მელიქიშვილის გამზირია " ჰიტი.მისი ყველა სიმღერა ჰიტია. ეჰჰჰ,რატო უნდა მიდიოდეს იმ ქვეყნად ასეთი ხალხი ნაადრევად. ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.
dato
06 აპრილი 2021 12:36
ზურა იყო არის და იქნება იშვიათი გულის სიყვარულის და დიდი კაცობის ეტალონი. უბრალოდ ოქრო კაცი. ვერ ვეგუები მიჭირს! გვიყვარხარ და მარად გვეყვარები ძმაო დოიჯ! შენი"ლოლინგსტოუნი"

რუბრიკის სხვა სიახლეები