"ყველაფრის მიუხედავად, ორივეს კარგად გვესმის ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა და შვილებს ერთად ვზრდით, არც მეუღლესთან შერიგებას გამოვრიცხავ" - კვირის პალიტრა

"ყველაფრის მიუხედავად, ორივეს კარგად გვესმის ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა და შვილებს ერთად ვზრდით, არც მეუღლესთან შერიგებას გამოვრიცხავ"

დედას განსაკუთრებით გაუჭირდა ჩემი გამოშვება. დღესაც ამბობს, არ დამავიწყდება, როგორ გახვედი აეროპორტის ტერმინალზე და როგორ მიეფარე თვალს; ვიცოდი, რომ "გკარგავდიო"..."

ქეთი ბარბაქაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში რომ აღმოჩნდა. საინტერესოა, როგორ "გადაურჩა" ცხრამეტი წლის ქართველი გერმანულ ცხოვრებას და როგორ დაეხმარა "მეორე სამშობლო" ბევრი რაღაცის აღმოჩენაში. - ცხრამეტი წლის ვიყავი, საქართველოდან გერმანიაში რომ წამოვედი. ბრემენის სადგურზე ის ოჯახი დამხვდა, ვისთანაც უნდა მემუშავა. ბრემენამდე როგორ ჩავედი, არ ვიცი. დღემდე საოცრებაა ჩემთვის. 90-იანების ბოლო იყო, სხვა დრო, სხვა სიტუაცია. თვითმფრინავი სავსე იყო ჩემსავით სამუშაოდ მიმავალი გოგო-ბიჭებით. ყველანი ერთმანეთზე დაბნეულები და რაღაცნაირად, დაკარგულები ვიყავით. კიოლნში ჩამოვედით და იქიდან სხვადასხვა მიმართულებით წავედით. ჩემი და ერთი ბიჭის მატარებელი ერთ ბაქანზე იდგა. ის სხვაგან მიდიოდა, მე - სხვაგან. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ერთმანეთისთვის სრულიად უცხოებს იმ გარემოში ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავდა. მას შემდეგ მასზე არაფერი გამიგია.

- როგორ შეეგუა ცხრამეტი წლის ქართველი გოგონა გერმანიას და გერმანულ ენას? - ცოტა შორიდან მოვყვები. ბავშვობაში სკოლაში უცხო ენის სწავლა რომ დავიწყეთ, ინგლისური ავირჩიე. როცა გავიზარდე, მაშინაც ინგლისურთან მქონდა შეხება და გერმანულს შეგნებულად არ "ვუმეგობრდებოდი", არ მომწონდა. მერე, როცა გერმანიაში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტე, ვინანე. მხოლოდ ერთი თვე ვემზადებოდი და რამდენიმე თვეში გერმანიაში აღმოვჩნდი. რაც ვისწავლე, ისიც დამავიწყდა. ბავშვი, რომელსაც ვუვლიდი, ერთი წლის იყო. ფაქტობრივად, ენა მასთან ერთად ავიდგი. კურსების გავლაც დამეხმარა. ახლა ჩემი შვილებიც ამ ენაზე იზრდებიან.

- ბავშვებმა ქართული არ იციან?

- იციან. ბოლოს და ბოლოს, ქართველები, ზარნაძეები არიან, მაგრამ ისე არ იციან, როგორც ვისურვებდი. ისე, ინტერესი არ აკლიათ არც ქართულის და არც საქართველოს მიმართ. მაგალითად, ნიკო, ჩემი მეორე შვილი ხშირად ხატავს ქართულ დროშას. ყველა მისი გმირი, ნინძა თუ ფოკომონი - ქართველია. სკოლაშიც იმ ქუდით დადის, რომელსაც ქართული დროშა ახატია. ამის გამო უხჩუბია კიდეც: უფროსკლასელებმა თურმე ქუდი დაუწუნეს. ვუთხარი, თუ ასეა, დატოვე სახლში და სხვა დაიხურე-მეთქი. მაინც იმ ქუდით დადიოდა. ახლა მთელმა სკოლამ იცის, რომ ნიკო ქართველია და საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა.

- ამდენი წელია, გერმანიაში ხარ. როგორ აიწყვე ცხოვრება? - დაუღალავი შრომით და რა თქმა უნდა, გერმანელების თანადგომით. თავიდანვე სასიამოვნოდ გამიმართლა. ძველ რუსთავში დავიბადე. ის ადგილი, სადაც გავიზარდე, II მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს. ისე დაემთხვა, რომ ოლდენბურგში ჩასული მოვხვდი იმათ ოჯახში, ვისი ბაბუაც საქართველოში ტყვედ იყო და ჩემი სახლის მშენებლობაშიც მონაწილეობდა. თურმე სულ იმას ამბობდა, საქართველო რომ არა, ალბათ უკან ვეღარც დავბრუნდებოდიო. ამ ოჯახში დიდხანს ვცხოვრობდი, ბავშვებს ვუვლიდი. კვირაში ორჯერ ენის კურსებზე დავდიოდი. ერთი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. უნივერსიტეტში ენის გამოცდა ჩავაბარე და დავრჩი. ფილოსოფია და ნიდერლანდისტიკა ავირჩიე. საცხოვრებლად ცალკე გადავედი. თან ვსწავლობდი, თან მიმტანად ვმუშაობდი. რამდენჯერმე ფოტომოდელადაც მიმიწვიეს. ამასობაში, ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი. ოლდენბურგი და მისი უნივერსიტეტი რომ არა, ვერასდროს გავიცნობდით ერთმანეთს: სად იმისი ტყიბული და სად ჩემი რუსთავი?!. ასე იყო თუ ისე, ზარნაძე გავხდი. ანა რომ შეგვეძინა, სპეციალური იურიდიული სწავლება გავიარე და ადვოკატის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. მერე ნიკო და საბა გაჩნდნენ. მუშაობა და სწავლა არ მიმიტოვებია. მთელი ორსულობა, ფაქტობრივად, ველოსიპედზე გავატარე. საბა რომ დაიბადა, მაშინ ავიღე შესვენება. მერე ისევ სამსახურის ძებნას შევუდექი და სწორედ ამ პერიოდში დამენგრა ოჯახი. ღმერთმა ახალი გამოცდის წინაშე დამაყენა. ყველაფრის მიუხედავად, ორივეს კარგად გვესმის ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა და შვილებს ერთად ვზრდით, არც შერიგებას გამოვრიცხავ.

- გაიხსენე, როცა წახვედი, შენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს? - ბაბუაჩემი, თარიმან ბარბაქაძე, რომლის წინაპრები ხარაგაულიდან ჩამოსახლებულან ლაგოდეხის რაიონში, რუსთავის მარტენის საამქროს უფროსი ოსტატი გახლდათ. ის იყო ერთ-ერთი პირველი მეტალურგი და რუსთავის ერთ-ერთი პირველი მკვიდრი. მასზე და მის თანაგუნდელებზეა გადაღებული ცნობილი ფილმი "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან". რუსთავში პირველი მეტალურგების ბრინჯაოს ბიუსტები იდგა, რომლებიც 90-იან წლებში მოიპარეს, ჩვენ ბაბუას თაბაშირის ასლიღა შემოგვრჩა. იმ ფილმის მთავარი გმირი ვეფხია ჩემთვის, ბაბუაჩემი იყო. ფიზიკურ მსგავსებასთან ერთად, ისიც მოჭიდავე გახლდათ ახალგაზრდობაში. პენსიაში გასვლის შემდეგ, მშობლიურ სოფელ თელას დაუბრუნდა და ბებიაჩემთან ერთად დარჩენილი ცხოვრება სოფლურ შრომასა და ჯაფაში გაატარა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი... ბებია რომ გარდაიცვალა, მე უკვე ორი თვის წამოსული ვიყავი გერმანიაში. არ დამავიწყდება ჩვენი დამშვიდობება. ორივემ ვიცოდით, რომ ვეღარასოდეს ვნახავდით ერთმანეთს. უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. ჩემი ხელები ჩაებღუჯა და ხმით ტიროდა. ახლაც ვგრძნობ მისი ხელების სითბოს და ძალას... ოჯახში მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, აუცილებლად უნდა წავსულიყავი. დედა, ლია ჯანგველაძე, რაც თავი მახსოვს, დაუღალავად შრომობდა. დიდი პასუხისმგებლობის გამუდმებით თავზე აღება მგონი, მისი ჰობი იყო და არის. რა თქმა უნდა, მამაც ეხმარებოდა და მხარში ედგა... აფხაზეთის ომის შემდეგ მოსკოვში გადავედით საცხოვრებელად. იქ ქართულ სკოლაში დავდიოდით. ორი თუ სამი წლის შემდეგ ისევ დავბრუნდით. მაშინ ვთქვი, რომ არასოდეს წავიდოდი საცხოვრებლად უცხოეთში. სამწუხაროდ, მაინც მომიწია. მაშინ, როცა საქართველოში ყველას უკიდურესად გაუჭირდა. შეიძლება ითქვას, იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა.

დედას განსაკუთრებით გაუჭირდა ჩემი გამოშვება. დღესაც ამბობს, არ დამავიწყდება, როგორ გახვედი აეროპორტის ტერმინალზე და როგორ მიეფარე თვალს; ვიცოდი, რომ "გკარგავდიო"... ცოტა მოგვიანებით, იმ ოჯახმა, სადაც მაშინ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, მადლიერების ნიშნად დედაჩემი ჩამომიყვანა. მერე ჩემი დისთვის ჰამბურგთან ახლოს ერთი კარგი ოჯახი ვიპოვე და ისიც აქ ჩამოვიდა სამუშაოდ. მერე დედა და მამა ავსტრიაში წავიდნენ და დღესაც იქ არიან, უფრო სწორად, ხან - საქართველოში, ხან - ავსტრიაში. ჩემი დაც ავსტრიაში გადავიდა და იქ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ასე ჩავუყარე საძირკველი მთელი ჩვენი ოჯახის ემიგრანტობას.

- დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში ბევრი რამ გადაგხდა გერმანიაში. - ერთ საღამოს, გიტარითა და ველოსიპედით ჩემს ერთ-ერთ სალონურ გამოსვლაზე მივდიოდი. შესასვლელთან სანდომიანი მოხუცი შევნიშნე, იმ აფიშას აკვირდებოდა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. გამოსვლა სანამ დაიწყებოდა, ჩემთან მოვიდა და ქართულად "საღამო მშვიდობისა" მისურვა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მაშინ გავიცანი ვინფრიდ ბოედერი, ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი, ოლდენბურგის კარლ ფონ ოსიცკის უნივერსიტეტის პროფესორი. მასთან შეხვედრამ ისე გამაბედნიერა, რომ იმ საღამოს რაღაც განსაკუთრებული მონდომებითა და აღფრთოვანებით ვმღეროდი. მას შემდეგ ვმეგობრობთ. საოცარ ამბებს ჰყვება საქართველოზე და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში დარჩენილ ქართველებზე, რომელთაც გააცნეს საქართველო და ვისგანაც ქართული ისწავლა.

- წარმოუდგენელია, როგორ გაგიმართლა, რომ ამხელა გერმანიაში ვინფრიდ ბოედერი გაიცანი...

- როცა მე და ანა თავისთან სტუმრად მიგვიწვია, მისი მეუღლეც გავიცანი. ქალბატონი დორისი საოცრად თბილი, არაჩვეულებრივი მასპინძელია. საქართველოში მოგზაურობის შესახებ გვიყვებოდნენ. თურმე, ჯერ კიდევ 70-იან წლებში სვანეთში უმოგზაურიათ. მათი სახლი სავსე იყო ქართული ნივთებით, საქართველოს არაჩვეულებრივი ფოტოებითა და უამრავი წიგნით... რა თქმა უნდა, ჩემთანაც იყვნენ სტუმრად. განსაკუთრებით მაშინ უხაროდა ჩემთან სტუმრობა, როცა დედაჩემი გერმანიაში ჩამოვიდა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა...

- მრავალ საქმიანობას ეწევი, სამი შვილიც გყავს. ამდენ რაღაცას როგორ ახერხებდი ან სცენაზე როგორ აღმოჩნდი? - ახლა ბავშვები უკვე წამოიზარდნენ: ანა 15 წლისაა, ნიკო - 10-ის, საბა - 8-ის. სამივე მუსიკალურ სკოლაში დადის. ანა და საბა ფორტეპიანოზე უკრავენ, ნიკო - დრამზე. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ვცდილობთ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი მიზნების მიღწევაში... მე კი, ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულს რაც მანუგეშებდა, გიტარა და სიმღერა იყო. მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ სცენაზე უნდა გამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი. მას მერე გამოსვლა ხშირად მაქვს. როგორც ქართველი, თავს დაკარგულად აღარ ვგრძნობ. გერმანელებსაც ვაცნობ ქართულ ჰანგებს. ჩემთან მოდიან და მესაუბრებიან. უნდათ, უფრო მეტი გაიგონ საქართველოზე.

- გამოდის, სიმღერას შენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია... - რაც თავი მახსოვს, ვმღერი. საქართველოში საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, რუსთავის მწერალთა სახლში, მურმან ჯინორიას საღამოზე ვიმღერე. პროფესიონალი არ ვარ. უბრალოდ, სიმღერა გერმანიაში ძალიან დამეხმარა და ნელ-ნელა ხალხში გამოსვლაც დავიწყე. ბევრი მეგობარი აქ სწორედ სიმღერამ შემძინა, მაგალითად - ირმა ფხალაძე, ექიმად მუშაობს ჰამბურგში, სრულიად შემთხვევით გავიცანი. გამოსვლა მქონდა ოლდენბურგის მახლობლად მდებარე დაბა ბად-ცვიშენანში. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართველი არავინ იყო დარბაზში. როდესაც რევაზ ლაღიძის სიმღერა "ბიჭოვ, ბიჭოვ" დავიწყე, მოულოდნელად ვიღაც ქართულად ამყვა. ეს იყო ჯადოსნური წამი არა მარტო ჩვენთვის, არამედ გერმანელი მაყურებლისთვისაც. ასე, ერთად შევასრულეთ მთელი სიმღერა, ჟრუანტელით ტანში და ცრემლით თვალში. მას შემდეგ ვმეგობრობთ.

- არ გიფიქრია, რომ შენი გამოცდილება სხვებისთვისაც გაგეზიარებინა?

- სანამ სამსახურს დავიწყებდი, იმ პერიოდში სისტემური ტრენერი ვიყავი - "ქალთა სახლებში" სემინარებს ვატარებდი. ამ საოცარმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე. მინდოდა, საქართველოშიც ჩამეტარებინა ასეთი სემინარები. ერთი პერიოდი დაგეგმვას შევუდექი. მეგობრებს ვთხოვე, ორგანიზებაში დამხმარებოდნენ. მერე, ცოტა შემეშინდა: ძნელია, ადამიანს რაღაცის რომ სჯერა და გინდა, აზრი შეაცვლევინო, მით უმეტეს, ამაზე გერმანიიდან ჩამოსული ემიგრანტი რომ ესაუბრები. არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, ეს ვინაა, საიდან ჩამოსულაო?.. ჩავწერე ვიდეო - "წერილი სიცოცხლეს". ემიგრანტის ჯვარი იოლი სატარებელი არაა. ერთი სურათი მიდგას თვალწინ: მატარებელი მიქრის, მე მივდევ; ვცდილობ, დავეწიო და შევახტე, მაგრამ ვხვდები, შანსიც არ მაქვს...

- საქართველოში რომ ჩამოდიხარ, თავს გაუცხოებულად გრძნობ? - კი და არა. რა თქმა უნდა, როცა გერმანიის სიმშვიდეს ეჩვევი, საქართველოს ქაოსური ცხოვრება უკვე სხვანაირად მოქმედებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შენია და ცდილობ, სიამოვნება მიიღო. მაგალითად, იმდენად ვარ მონატრებული ქართველებს, როცა მანდ ვარ, სულ ვცდილობ, სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრო.

- ფაქტობრივად, ცხოვრება გერმანიაში აწყობილი გაქვს. ვიცი, რომ საქართველოში დაბრუნდები, მაგრამ, როგორ ფიქრობ, გერმანიის გარეშე იცხოვრებ?

- გერმანია ყოველთვის ჩემი მეორე სამშობლო იქნება. აქ მეგობრები მყავს, სამსახური მაქვს. მაგრამ, როცა საქართველოში ცხოვრებაზე ვფიქრობ, სულ ჩემს სოფელზე მეფიქრება, ჩემს თელაზე. მინდა იქ მოვაწყო ჩემი პატარა სამოთხე და ახლობლებისა და მეგობრებისთვის კარი სულ ღია მქონდეს. ცხადია, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩემი ხალხის გულთბილობისა და სიკეთის იმედი მაქვს.

გვანცა ექიზაშვილი ჟურნალი "გზა"