"9 აპრილის ღამეს ოთხ მეგობართან ერთად ვიყავი იქ. დღეს არცერთია ცოცხალი. ზედიზედ ოთხი ღამე ოთხმა ქალმა იქ გავატარეთ და ერთად ვმღეროდით..." - კვირის პალიტრა

"9 აპრილის ღამეს ოთხ მეგობართან ერთად ვიყავი იქ. დღეს არცერთია ცოცხალი. ზედიზედ ოთხი ღამე ოთხმა ქალმა იქ გავატარეთ და ერთად ვმღეროდით..."

"ისეთ ცხოვრებაზე ნამდვილად არ ვოცნებობდი, დღეს რომ მაქვს"

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ჩვენ გვყავს ცოცხალი გმირი გვერდით და ის მთელ ერს მხოლოდ ერთ დღეს - 9 აპრილს გვახსენდება. შესაძლოა, 1989 წლის 9 აპრილის ღირებულების დავიწყება?! რასაკვირველია, არა! თუ ასეა, მაშ, ვერც ლელა ვეფხვაძეს დავივიწყებთ. გადაეჯაჭვა ეს ღირსშესანიშნავი, საოცრად ტრაგიკული და ამაღლებული დღე ლელას ცხოვრებას და ისინი პარალელურ განზომილებაში ერთად იარსებებენ მანამდე, ვიდრე ქართველებისთვის ძვირფასი იქნება სამშობლო, თავისუფლება, სიყვარული, თავდადება და მომავლის რწმენა.

- ქალბატონო ლელა, როგორ გახსენდებათ ბავშვობა, რით იყო ის საინტერესო და განსხვავებული?

- ძალიან ჯიუტი და თავისნათქვამა ბავშვი ვიყავი. მიყვარდა, როცა ჩემი გამქონდა. თუმცა, როცა დამისაბუთებდნენ, თუ რატომ არ იყო მისაღები, ვემორჩილებოდი და ვითვალისწინებდი მათ რჩევებს. კომპლექსიანი ვიყავი. მინდოდა თუ არა, მხედველობის პრობლემა ჩემზე ცუდად მოქმედებდა და არასრულფასოვნების განცდა მეუფლებოდა. გამორჩეულობის რა გითხრათ, მიყვარდა კითხვა, როგორც იმ პერიოდის თითქმის ყველა ბავშვს. სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი. კლასში ცოტა ვიყავით და გაკვეთილების სწავლა ყოველდღე მიწევდა. ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. უფრო მასწავლებლის ახსნილ მასალას ვიმახსოვრებდი, ვიდრე ვკითხულობდი. მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, სპორტი. დავდიოდი აკრობატიკაზე და კარგადაც დავეუფლე მის ტექნიკას...

- სიმღერა როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში? - სიმღერა მუდამ იყო ჩემთან. როგორც ვთქვი, მორიდებული ბავშვი ვიყავი და სოლო მომღერლობას ვერ ვბედავდი. გავიდა პერიოდი და ქუჩაში მარტოს მომიწია გასვლამ, სიმღერამ. თავდაპირველად ჩემს გოგონასთან ერთად ვმღეროდი, მაგრამ როცა მივხვდი, გაიზარდა და ქუჩაში არ უნდა მდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ გვერდიდან არ ვიცილებდი, გადავწყვიტე მარტოს მემღერა. გავართვი თავი ჩემს კომპლექსებს...

- ვინ გინდოდათ გამოსულიყავით? - ექიმი! ეს პროფესია დღემდე საოცნებოა ჩემთვის. არც სამედიცინო განათლება მაქვს და არც მხედველობა, მაგრამ უნებლიეთ ვხვდები, როგორ უნდა მოვიქცე გადაუდებელ შემთხვევაში. ჩემი მეუღლე ხშირად იწვა საავადმყოფოში და ექიმებს ყოველთვის ვეკითხებოდი, რაც მაინტერესებდა და ასე ვსწავლობდი.

- როგორ მომავალზე ოცნებობდით და როგორ გაიარა თქვენმა ცხოვრებამ? - ისეთ ცხოვრებაზე ნამდვილად არ ვოცნებობდი, დღეს რომ მაქვს. ყველა ქალს უნდა, რეალიზებული იყოს. კომუნისტების დროს უსინათლოთა კავშირის კაპელაში ვმღეროდი. აი, მაშინ ვგრძნობდი თავს რეალიზებულად. ვმუშაობდი, ოჯახზე ვზრუნავდი, დროს მეგობრებთანაც ვატარებდი, გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში ბავშვთა წრეც მქონდა და ყველაფერს ვასწრებდი. ახლა კი რა გამოდის? მე ქალი კი არა, ოჯახში შემომტანი მქვია. სახლში ძალიან დაღლილი მივდივარ, შვილიშვილების მოფერების თავიც არ მაქვს. ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ. მინდოდა, უფრო მოსიყვარულე ბებია ვყოფილიყავი... გამესეირნებინა, საქანელაზე დამესვა, თუმცა ამის დრო არ მაქვს.

- თქვენ საკუთარი ჭერი გაქვთ. რა შეცვალა ამან თქვენს ცხოვრებაში? - სახლმა ყველაფერი შეცვალა. ის ჩემი თავშესაფარი გახდა. ხანდახან, როცა განმარტოება მინდა, ვიცი, ჩემს სახლში ამის შესაძლებლობა მექნება. ვერავინ მეტყვის, აქედან წადიო. ჩემთვის ქირის გადახდა კი არ იყო იმდენად პრობლემა, რამდენადაც ბინების ხშირი ცვლა და გადაადგილება...

- ბიზნესმენმა ლევან მაღლაკელიძემ თქვენ ყოველთვიური პენსია დაგინიშნათ. რაში იყენებთ ამ თანხას ძირითადად?

- მადლობა უნდა გადავუხადო ლევანს. ის მე ჩემთვის ბინის შესაძენად გამართული კამპანიის დროს გავიცანი. მაშინ, როცა მეპატრონემ ბინის გაყიდვის შესახებ მამცნო, ეს სამწუხარო ინფორმაცია ჩემი "ფეისბუკის" გვერდზე გამოვაქვეყნე. გაუწონასწორებელი ადამიანი არ ვარ, მაგრამ მაშინ ლამის ისტერიკაში ჩავვარდი. გავიძახოდი, - დავიღალე, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს-მეთქი?.. თავდაპირველად პედაგოგი მაკა სახურია, ლევან მაღლაკელიძე და გელა იზორია დამიკავშირდნენ. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემთვის ბინის შეძენაში. ლევანმა ყოველთვიური პენსიაც დამინიშნა, 333 ლარი. ეს ფული პანდემიის პერიოდში ჩემთვის დიდი ხსნა და საშველი იყო. დღემდე ლომბარდში მაქვს ტელევიზორი და სხვა ნივთები, რადგან არსებობისთვის ვიბრძოდით...

- 9 აპრილი მოდის, ძალიან დიდი მნიშვნელობის თარიღი თქვენი ცხოვრებიდან. რა განცდა გეუფლებათ ამ დროს? - ჩემთვის 9 აპრილი ტრაგედიაზე მეტად ამაღლებული განწყობის მომტანია. იმ ღამეს მე და ჩემი ოთხი მეგობარი ვიყავით იქ. დღეს არც ერთი არ არის ცოცხალი და ამას ძალიან განვიცდი. ზედიზედ ოთხი ღამე ოთხმა ქალმა იქ გავატარეთ და ერთად ვმღეროდით...

- თქვენ დღემდე მეტროში მღერით... რა სირთულეებს აწყდებით?

- იცით, მეტრო სავსეა აზერბაიჯანელი ბავშვებით, რომლებიც ხშირად მავიწროებენ და მეუბნებიან, ეს ჩვენი მატარებელია ან ჩვენი ვაგონია და აქ ნუ იმუშავებო. მე კი ვპასუხობ, ეს საქართველოა, ჩემი ქვეყანაა, მატარებელიც ჩემია და სადაც მინდა, იქ ვიმღერებ-მეთქი. ეს ბავშვები უზრდელობენ და ცუდი საქციელითაც გამოირჩევიან, თუმცა მეტროში მყოფი პოლიცია მათ წინაშე უძლურია და აქედან გამომდინარე, გვიწევს მათი უხეშობის ატანა...

- რას ისურვებთ მომავალში? - იმედია, ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას მოვესწრები!

P.S. შესაძლოა, ვინმე გამომედავოს, განა მარტო 9 აპრილს გვახსოვს ლელა ვეფხვაძე, თავს გვახსენებს მეტროში მუდამო, ეგებ ამ სიტყვებში მეტი ტრაგედია ჩანდეს, ვიდრე რუსთაველის პროსპექტზე რუსული ჩექმის ნაკვალევი! ლელას შესახებ ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილია, მაგრამ ახალი თაობისთვის მისი გაცნობის გარდა, ამ მასალის გამოქვეყნებას კიდევ აქვს ერთი დანიშნულება: მედია გმირებს არ ივიწყებს და არ დაავიწყებს საზოგადოებას! 9 აპრილს, როცა ლელას შეხვდებით დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე, არ დაიზაროთ და ერთი თბილი სიტყვის თქმა მაინც გაბედეთ, არა მარტო პურით ცხონდება ადამიანიო, ნათქვამია!

როლანდ ხოჯანაშვილი ჟურნალი "გზა"