"თბილისი თბილისს აღარ ჰგავს, ამდენი კარავი რა არის, რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი?" - კვირის პალიტრა

"თბილისი თბილისს აღარ ჰგავს, ამდენი კარავი რა არის, რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი?"

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ, შევთავაზე ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის მოსულიყვნენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მან როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას შესთავაზა, ეკლესია შერიგებისთვის გამოიყენონ.

მეუფე იაკობის აზრით, სამარცხვინოა, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში უცხოელი მედიატორი ჩაერთო და მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ მოხდა.

"რუსთაველზე გავიარე, თბილისი თბილისს აღარ ჰგავს. ამდენი კარავი რა არის, რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი. რას ვაკეთებთ?... მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ, შევთავაზე ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის მოსულიყვნენ და პოლიტიკაზე ესაუბრათ, იმიტომ, რომ სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი ეშველება. ხალხი თუ არ დაგიდგათ გვერდში, მილიონი კარავი გაშალე და იძახე -"არჩევნები, არჩევნები". მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოდ, უცხოელებთან სხდებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ. ისინი ხომ ხედავენ, იქ "არ მოსულა" ასეთი რამ. ჯერ რაში გჭირდებათ უცხოელები, შიგნით ვერ უნდა დაილაპარაკოთ? სირცხვილი არ არის? ხომ შეიძლება მობრძანდეთ ეკლესიაში და ჩვენ გაჩვენებთ. ჩვენ რა არ შეგვიძლია? მათ, რომლებიც გვაგინებენ და პატრიარქთან ასე იქცევიან, ქუჩაში საერთოდ არ გავატარებთ. სახლებში ხომ ცხოვრობენ, იქედან მეზობლები გააგდებენ და აღარ აცხოვრებენ. იქნებ სული გადაირჩინონ და ასეთი მოღალატეები არ იყვნენ. ხომ ვიცით ვინ დგას, რომელი პოლიტიკოსები არიან. ეს ხომ ქრისტიანული საქციელი არ არის? ამიტომ, პოლიტიკოსებს ვთხოვ, მოვიდნენ და შევარიგებთ. რომ შერიგდებიან, მერე ვინც შეთანხმებას დაარღვევს, იმას მთელმა ერმა მოვთხოვოთ პასუხი. გაჭირვებაა და ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. გავიდეთ და შევხედოთ, რა უფრო აინტერესებთ დღეს, სამსახური, პანდემიის პრობლემა თუ სხვა. ბევრს სარჩო-საბადებელი არ აქვს, რა არჩევნები? ჯერ კანონები შექმენი და მერე იძახე, კიდევ არ მინდა შესვლა, არ მინდა შესვლაო. არ გინდა და სულაც გაგაგდებენ, დაიღუპება ქვეყანა. თუ გინდა უცხოელებთან პარტნიორი იყო, რაღაც წესები არის, რომელიც ელემენტარულად შენც უნდა გააკეთო. იმას არ ვამბობ, რომ მათ ჭკუაზე იარო, არ მინდა მე არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია სხვების ჭკუაზე დადიოდეს. საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის რაც არის კარგი, ჯერ ის გააკეთეთ",-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ მიაღწევს, გარკვეულწილად ეს ეკლესიის პასუხისმგებლობაც იქნება.

"პოლიტიკოსებს კიდევ ვთხოვთ, ეკლესიაში შერიგება მოხდეს იმიტომ, რომ მერე პასუხისმგებლობა ჩვენზეც იქნება. ხომ არ ვეუბნებით, ესა და ის დანიშნეთ, მაგრამ ცუდად რომ იქცევიან, ჩავერევი აბა რას ვიზამ. ჩემი ქვეყანაა, მათი კი არ არის, მამიკოებმა და დედიკოებმა კი არ დაუტოვეს. მე სისხლიც მაქვს ბევრჯერ ჩემი ქვეყნისთვის დაღვრილი, მათ რა გაუკეთებიათ?!"-აღნიშნა მეუფე იაკობმა.