"ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართვაზე და შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, ვინც ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციას შეძლებენ.

როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი სია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე განთავსდება.

"შემდეგ კვირაში განვიხილავთ "სინოფარმის" გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ეს არის ქრონიკური დაავადების მქონე პირებისთვის მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის განმავლობაში და შევადგენთ სიას არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გვაქვს. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც მაღალი რისკი აქვს და ეს ადამიანები დარეგისტრირებას შეძლებენ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად წინასწარ დარეგისტრირდებიან.

როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

"შექმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გევრდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება. ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტულება და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი",- განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"