თანამედროვე ქართული ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება - კვირის პალიტრა

თანამედროვე ქართული ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

"ახალი ქართული ლიტერატურის" სერიის პირველი წიგნის პრეზენტაცია ერეკლე მეორის ქუჩაზე, კაფე "კალაში" შედგა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან თანამედროვე ქართული ლიტერატურა, რომელიც ყველაზე ახლოს უნდა იყოს მკითხველთან, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ კიდევ ყველაზე "შორია"...

მოგეხსენებათ, არიან ოჯახები, სადაც ძველად კაპიკებად ნაყიდი წიგნების დიდი ბიბლიოთეკა აქვთ და ამის მიუხედავად, წიგნების ყიდვა ახლაც უნდათ, მაგრამ 10-15 ლარის გადახდა არ შეუძლიათ. საქართველოს რაიონები კი საერთოდ მოკლებული არიან საშუალებას, გაიცნონ ახალგაზრდა მწერლები, რეგიონებში წიგნები ნაკლებად ვრცელდება. მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

ყველა წინააღმდეგობის დასაძლევად შეიქმნა

სერია "ახალი ქართული ლიტერატურა", რომლის თითო წიგნი მხოლოდ სამი ლარი ეღირება, ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრასთან"  ერთად კი - 5 ლარი.

წიგნი გავრცელდება ყველგან, სადაც ჟურნალ-გაზეთი ჩადის - რაიონულ ცენტრებში, დიდ სოფლებში.

პრეზენტაციაზე ამ პროექტის იდეის ავტორმა, მწერალმა ბესო ხვედელიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ხარისხის წიგნი მხოლოდ სამ ლარად ნამდვილად ნაჩუქარია როგორც ავტორის, ისე მკითხველისათვის.

მედიასახლ "პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ კიდევ ერთხელ გაახსენა ყველას, რომ ამჟამად ასე პოპულარული წიგნების სერიების გამოცემა, რომელიც ლამის ყველა ჟურნალს ახლავს თან, პირველად "მედია პალიტრამ" დაიწყო, როცა ჟურნალ "გზას" ქართული პროზის საგანძურის სერია დაურთო. ის აზრი კი, რომ ადამიანებს წიგნი აღარ აინტერესებთ, სულაც არ აღმოჩნდა მართებული: ამ წიგნებს ყველა ყიდულობს.

ბესო ხვედელიძემ მოსწრებულად "წიგნთაცვენა" უწოდა "მედია პალიტრის" განხორციელებულ პროექტებს. "წიგნთაცვენაში" გამორჩეულ ადგილს დაიჭერს "ახალი ქართული ლიტერატურის" სერიის წიგნები - ყოველთვე თითო ავტორი ჟურნალთან ერთად.

სამწუხაროდ, პრეზენტაციას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო დათო ტურაშვილი, რომლის "გურჯი ხათუნი" და "თერთმეტი მოთხრობა" უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ გაზეთის ჯიხურებსა და წიგნის მაღაზიებში.

საგულისხმოა, რომ "ლიტერატურული პალიტრა" მარტო წიგნის სერიის გამო კი არა, ისედაც მიმზიდველია მკითხველისათვის. მისი რედაქტორის - ზაალ ჩხეიძის სიტყვით, მაისის ნომერში თავმოყრილია ბევრი ისეთი ცნობილი მწერალი, რომლებმაც შეცვალეს თავიანთი ქვეყნების ლიტერატურული გემოვნება თუ ფილოსოფიური თვალთახედვა: ფრანც კაფკა, ჰერმან ჰესე, მარიო ბენედეტი, ბილი კოლინსი, ხულიო კორტასარი და ანრი ტრუაია. ეს კი დიდი ზეიმია ლიტერატურის მოყვარულთათვის.

ზაალ ჩხეიძე: - ნებისმიერი ქვეყნის მწერლობა ასახავს პრობლემებს საზოგადოებრივ აზროვნებასა თუ სულიერ ასპექტში. ყველა სხვა პროექტი, რომელიც წიგნების სერიას გთავაზობდათ, არ იყო აწმყო, იყო წარსული... თუ გვინდა საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ, თუ გვინდა თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და იმ ფილოსოფიას, რომლითაც ვცდილობთ, ვიცხოვროთ, თანამედროვე ლიტერატურა უნდა წავიკითხოთ...