"ადამიანები დაცლილი არიან ემოციებისგან და მხოლოდ დღევანდელი დღით, თავდაცვითი ინსტინქტით ცხოვრობენ" - კვირის პალიტრა

"ადამიანები დაცლილი არიან ემოციებისგან და მხოლოდ დღევანდელი დღით, თავდაცვითი ინსტინქტით ცხოვრობენ"

შენობაში შესასვლელ კარს შეაღებ თუ არა, თოჯინები გეგებებიან, მერე კიბე-კიბე თეთრ ღრუბლებზე იწყებ სიარულს და ამ ფარფატით მინიატიურულ სამყაროში ხვდები. მარცხნივ ჭრელი ქალაქია, მარჯვნივ დერეფნის ბოლოს კი ის სივრცე, სადაც პატარებს და არა მარტო მათ, მასპინძლები თეატრის მრავალფეროვან სამყაროში მოგზაურობას ჰპირდებიან...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნიკოლოზ საბაშვილი, თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

"ეს ამბავი სახედაკარგულ საზოგადოებაზეა და ჩემი მხრიდან ერთგვარი პროტესტია ჩვენს ყოფაზე. ეს არავისთვის არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, რადგან ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ ზიზღის, სიძულვილისა და ერთმანეთის უგულებელყოფის ხანაში. ეს გამოიხატება ერთმანეთის არმოსმენასა და გულგრილობაშიც. ადამიანები დაცლილი არიან ემოციებისგან და მხოლოდ დღევანდელი დღით, თავდაცვითი ინსტინქტით ცხოვრობენ. ადამიანური სახე დავკარგეთ და სპექტაკლი მხატვრულადაც ასეა გადაწყვეტილი - თოჯინებს არა აქვთ სახე, ნაკვთები..."

"კოვიდპანდემიის პერიოდში ადამიანებთან და გარემოსთან კომუნიკაციის გარეშე, შინ გამოკეტილ როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია თეატრების კარების შეღება. განსაკუთრებით პატარებისთვისაა მნიშვნელოვანი, ისინი ამ სამყაროს მცირე ასაკიდან ვაზიაროთ და თან არსებულ რეალობაში, რეგულაციების სრული დაცვით. თეატრი ადამიანის შინაგან სამყაროს ამდიდრებს და გონებრივ შესაძლებლობებს ავითარებს. თეატრის გარეშე საზოგადოება სულიერად ღარიბდება..."

"სეზონს ვხსნით ჩემი საავტორო სპექტაკლით "მე". ეს ჩემთვის საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც როგორც ნაწარმოები და რეჟისურა, ისე მხატვრობა და მუსიკაც მე მეკუთვნის..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე