ელენე ახვლედიანის ჩაუკეტავი კარი - კვირის პალიტრა

ელენე ახვლედიანის ჩაუკეტავი კარი

ქუჩაში გასული უფასოდ ჩუქნიდა გამვლელს თავის ნახატს

სახლს არ კეტავდა... თუ კეტავდა, ყველამ იცოდა, რომ გასაღებს შესასვლელში, ტილოს ქვეშ ტოვებდა. მიუხედავად ამისა, ბოროტი განზრახვით არასოდეს შესულა ვინმე მის სახელოსნოში, არ გაუქურდავთ. სახლი ამ შემთხვევაში პირობითი ცნებაა, რადგან ელენე ახვლედიანის სახლი გაცილებით დიდი იყო და მთელ საქართველოს მოიცავდა. ამიტომაც არ გაჩერდა პარიზში, სადაც აღიარება უკვე ჰქონდა, საჭირო იყო მხოლოდ დრო, რომ ევროპას ხელისგულზე ეტარებინა. ეს დრო არ მისცა თავის თავს და საქართველოში დაბრუნდა. ბოლოს და ბოლოს, რამდენი დღე, თვე ან წელი შეიძლება კაცმა უსახლკაროდ გაძლოს? ელენე ახვლედიანისათვის მილიონის ქონებაც არარა იყო, უსახლკარობას უტოლდებოდა, თუკი სახლში არ იქნებოდა.

KvirisPalitra.Geსამუშაო დღე ელენე ახვლედიანის სახელოსნოში დილის 6 საათიდან იწყებოდა. 9 საათიდან მასთან უკვე სტუმრები მოდიოდნენ, ზოგს დახმარება სჭირდებოდა, ზოგს რჩევა, ზოგს გაყოლა და სიტყვის შეწევნა... მუშაობდა შესვენებებით, ეხმარებოდა და უმასპინძლდებოდა ყველას, როგორც ნამდვილი დედა-დიასახლისი.

თავისთვის შეიძლებოდა სადილი არც მოემზადებინა, მაგრამ რაკი იცოდა, აუცილებლად ეწვეოდა ვინმე, ვერ დაუშვებდა, არ დაეპურებინა! ამიტომაც მუდმივად მზად ჰქონდა რაღაც, რითიც გამასპინძლებას შეძლებდა.

ერთი ამბავი მინდა გაგახსენოთ: ცნობილი მხატვარი რუსუდან ჯავრიშვილი ერთხელ დილით ესტუმრა ელენე ახვლედიანს. ელენემ გამასპინძლება დაუპირა, მაგრამ რუსუდანი ჩქარობდა და დაჰპირდა: საღამოს გამოვივლი ვახშმად, ახლა კი უნდა წავიდეო. იმ დღეს რუსუდანი სადილად იყო მიწვეული სადღაც. იქიდან დაბრუნებულს ვახშამი სულაც აღარ უნდოდა, მაგრამ რაკი ელენე ახვლედიანის ხასიათი იცოდა, გადაწყვიტა, მაინც შეევლო. სწორადაც მოიქცა, რადგან ელენეს კარგად ახსოვდა რუსუდანის დანაპირები და ელოდა.

მისთვის სპეციალურად მოემზადებინა ბორშჩი ხორცითა და კომშით (მგონი, თავისივე მოფიქრებული საყვარელი რეცეპტით მომზადებული), შემწვარი ხორცი, ღვეზელი და კომპოტი. გაიშალა სუფრა. ჯერ პირველი მიართვეს რუსუდანს, მერე მეორე... უკვე ვეღარ სუნთქავდა, მაგრამ უარი ვის გაუვიდოდა ელენესთან, რომ მას გასვლოდა! თანაც ხომ ვერ გატყდებოდა, რომ ვახშმად შეპირებული სხვაგან იყო სადილად და იქ დანაყრდა. ჰოდა, ისე გამოუშვა მზრუნველმა დედა-დიასახლისმა, რომ გარეთ გამოსული ვეღარ სუნთქავდა, ხეს იყო მიყუდებული. ჰკითხა კიდეც ვიღაცამ, ცუდად ხომ არ ხართო.

ზრუნავდა იმაზეც, რომ ახალგაზრდა მხატვრებისათვის გზა მიეცა, მათი ნახატები საკუთარ სახელოსნოში გამოეფინა. ზრუნავდა მათზეც, ვისაც მხატვრობა უყვარდა.

18 აპრილს, მხატვართა დღეს, რომელიც მისი დაბადების დღეც იყო, ძალიან იაფად ყიდდა ნახატებს, 10-15 მანეთად. ამბობდა, თუკი უნდა, ადამიანს ნახატი უნდა ჰქონდესო. ისეც ხდებოდა, ქუჩაში გასული უფასოდ ჩუქნიდა გამვლელს თავის ნახატს.

დრო გადიოდა... ხანდახან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა... სწორედ ასეთ დროს უთქვამს, ძალიან მშვენიერია თბილისი, მე კი, მგონი, მივდივარო. გული ნამდვილად სწყდებოდა. არ უნდოდა განშორება ქალაქთან, რომელსაც არასოდეს არც ერთ ქალაქში არ გაცვლიდა.

"მშვენიერია პარიზი, მაგრამ თბილისი სასწაულია", - ამბობდა ის. ამ სასწაულში დაბრუნდა პარიზიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდა და დღესასწაული მოუწყო აქაურებს. პარიზიდან სთხოვდნენ, იქნებ ჩამოხვიდე და გამოფენა მაინც მოაწყოო. "თქვენ ჩამოდით საქართველოში, მე აქ სასწაულს გაზიარებთო", - პასუხობდა.

KvirisPalitra.Geსაქართველოს ფასი ნამდვილად იცოდა და არც არაფერში გაცვლიდა, ისე, როგორც პარიზში თავისი სურათი არ დათმო, არადა, ხელსაყრელი წინადადება იყო. პიკასოს მოეწონა ტილო "კახეთი, ზამთარი" და ყიდვა მოისურვა. ახვლედიანმა კახური პირდაპირობით უპასუხა: "ეს ნამუშევარი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს გავყიდიო". რაღაც უცნაური დაინახა იმ წუთებში უკვე აღიარებულმა და გენიოსად შერაცხილმა პიკასომ.

მის წინ იდგა სიფრიფანა უცხოელი, ქვეყნიდან, რომლის არსებობაც, მგონი, რუკაზეც არ იცოდა მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა, იდგა ლამაზი და განყენებული იმ ყველაფრისაგან, რასაც მლიქვნელობა, მაამებლობა, კარიერისაკენ სწრაფვა ან თავის გამოჩენის წადილი ერქვა. ის არ იყო უბრალო ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ კი მხატვრობის კორიფეს მისი ნახატი წაეღო და თავის კოლექციაში დაეკიდა. პიკასო მიხვდა, მის წინ დიდი ადამიანი იდგა.

ზამთრის ხატვა უყვარდა, თეთრ, სპეტაკ თოვლს ხატავდა, სწორედ ისეთს, როგორიც მიაჩნდა, რომ ადამიანის სული უნდა ყოფილიყო. უმძიმესი წლები ამ თოვლის სისპეტაკით გაიარა, არავინ ჩაუშვია და არავისთვის შეშინებია გამარჯობის თქმის, იმათ კი, ვინც იდეოლოგიით სხვებს ავიწროებდა, ვაჟკაცურად აგინებდა.

ელენე ახვლედიანის სიკვდილის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართლაც არ სჭირდებოდა გასაღები მის სახლს - მიუხედავად იმისა, რომ ახლო ნათესავები ჰყავდა, ყველაფერი ქართველ ხალხს გადასცა, მათ, ვისთვისაც ხატავდა.