"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში" - ვინ არის გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში" - ვინ არის გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია გურამ დოჩანაშვილის საფლავთან მდგომი გოგონა. ფოტოზე კი ასეთ წარწერას ვკითხულობთ: "გოგონა ბოლომდე იდგა გურამ დოჩანაშვილის საფლავთან, ძვირფას დროს ელოდებოდა - ხალხი როდის წავიდოდა, ხელში კი, სიყვარულის უცნაური მცენარე ეჭირა, რომელიც ათას ყვავილში ყველაზე თვალსაჩინო იყო."

ფოტოზე აღბეჭდილია გვანცა მხეიძე, რომელიც როგორც ირკვევა, ქუთაისიდან ჩამოვიდა გენიალური მწერლის დაკრძალვაზე დასასწრებად. ამის შესახებ გვანცა "ფეისბუქში" თავად წერს.

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ქუთაისიდან ჩამოვედი თბილისში, გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად. თან ჩამოვიტანე და სასაფლაოზე მივიტანე კაქტუსი ქოთნით.

"და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, რომ გიყურებთ, ახლაც მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ..."

და ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა - თეკლემ და Demetre Samkharadze-მ დაინახა, შეამჩნია ქოთნით კაქტუსი, მოვიდნენ და გამეცნენ, ფოტოები გადამიღეს, "შოოორეული" დიღმის მასივებისკენ გაგნებაში დამეხმარნენ...

მოკლედ, უსაყვარლესი ნაცნობები შევიძინე საერთო საყვარელი მწერლის და ერთი ქოთანი კაქტუსის, სიყვარულის უცნაური მცენარის მეშვეობით" - წერს გვანცა მხეიძე.

ინფორმაციისთვის, გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში". მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

მწერალი 6 აპრილს, საკუთარი ანდერძის შესაბამისად, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.