"ის ქალბატონი იმ დღეს პირველად ვნახე, მისთვის ყველაფერი მოულოდნელი იყო, ბედნიერებისგან ცრემლები წამოუვიდა"
"ის ქალბატონი იმ დღეს პირველად ვნახე, მისთვის ყველაფერი მოულოდნელი იყო, ბედნიერებისგან ცრემლები წამოუვიდა"
ქუთაისში, საფიჩხიაზე ისეთი მეზობლობა და მეგობრობა სცოდნიათ, სხვაგან რომ იშვიათად შეხვდებით. სოციალურ ქსელში ქუთაისელი გოგონა - მონიკა ნიშნიანიძე გავიცანი, ორი წლის წინ ორგანიზაცია "ბავშვთა პლანეტა" დაუარსებია და ყოველდღე უცხო ადამიანებთან მიდის, მათ დღესასწაულებს ალამაზებს და იუბილარებს საინტერესო, დასამახსოვრებელ დღეებს ჩუქნის.

მონიკას ერთ-ერთმა ვიდეომ საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა - საფიჩხიაზე მეზობლებმა 100 წლის მეზობელს სურპრიზი მოუწყვეს, ქალს ტორტითა და სიმღერებით იუბილე მიულოცეს. ამ ვიდეოსა და სიურპრიზის შესახებ მონიკას ვესაუბრე:

- სიურპრიზამდე
რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი მეზობელი დამიკავშირდა, მითხრა, რომ მათი მეზობელი 100 წლის ხდებოდა და დიდი ზეიმი ჰქონდათ. რადგან თარიღი აღსანიშნავი იყო, ამ დღის ჩვეულებრივ გატარება არ სურდათ და ყველაფერი დავგეგმეთ.

ამ ქალბატონს აქამდე არ შევხვედრივარ, იმ დღეს პირველად ვნახე. ერთი შეხედვით, უტკბილესი ქალბატონია, ვერ ვიტყოდი,
რომ იმ დღეს 100 წელი შეუსრულდა.

- მშვენიერი ვიდეოა, თვითონ ქალბატონი თუ ელოდა სიურპრიზს?
- მისთვის ყველაფერი მოულოდნელი იყო, გარეთ მეზობლის ბავშვები ყვავილებით დახვდნენ, ჩვენც დიდი ზარ-ზეიმით შევეგებეთ მის მოსვლას. ბედნიერებისგან ცრემლები წამოუვიდა, ყველაფერი ემოციური და ლამაზი გამოვიდა. იუბილართან ერთად ცოტა ვიცეკვე, მერე მითხრა, ფეხი მტკივა ბევრს ვერ ვიცეკვებო.

- თქვენს ორგანიზაციაზეც მითხარით ცოტა რამ...
- ეს საქმიანობა 2 წლის წინ წამოვიწყე, დავდიოდი დასავლეთ საქართველოში და ბავშვებს დღესასწაულებს ვულამაზებდი. 1 წლის წინ ერთ-ერთმა ემიგრანტმა შვილმა მთხოვა დედისთვის დაბადების დღე მიმელოცა, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. მივედი და ყველაფერმა საოცრად ჩაიარა. ამ დღის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები გვეხმაურებოდნენ, ჩვენც დღემდე სხვადასხვანაირად ვცდილობთ, მათ მონატრებულ ხალხს მოვეფეროთ, მათი სახელით დაბადების დღე მივულოცოთ და რამდენიმე წამით შორს წასული ხალხის სითბო ვაგრძნობინოთ.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო

ოპტიმისტი
09 აპრილი 2021 10:05
ასეთი სამეზობლოებით და ურთიერთობებით ვიყავით ყოველთვის ძლიერები. დღეს ნამდვილად გვაკლია და ვეცადოთ არ გადავეჩვიოთ ურთიერთობებს, სხვისი სიხარულის და ტკივილის გაზიარებას.
mia
08 აპრილი 2021 21:34
გილოცავთ ქალბატონო დაბადების დღეს ჯანმრთელობას გისურვებთ გაიხარეთ ძალიან ვისიამოვნე სულაც არ გეტყობათ 100წლის რომ ხართ.ჩემი სიმპათია მონიკას, ხოლო ამ ქალბატონის მეზობლებს მადლობა და ყოჩაღ!
08 აპრილი 2021 19:28
ametira vulocav iubiles da es gogo xom utkbesi agnochenaa dasavletshi ratkbili xmaaqvs da saertod rapozitivi modis misgan

რუბრიკის სხვა სიახლეები