"იმ დღეს ბიძაშვილთან ერთად სახლიდან გამოვიპარე, დღესაც არ ვიცი, ის ბიჭები ვინ არიან" - როგორ ცხოვრობს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - კვირის პალიტრა

"იმ დღეს ბიძაშვილთან ერთად სახლიდან გამოვიპარე, დღესაც არ ვიცი, ის ბიჭები ვინ არიან" - როგორ ცხოვრობს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი

32 წელი გავიდა 9 აპრილის შემზარავი ტრაგედიიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ჯარის ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. რუსთაველის გამზირი ჯავშანტრანსპორტიორებსა და ტანკებს ჰქონდა გადაკეტილი. სასანგრე ნიჩბებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით შეიარაღებულმა სადისტმა რუსმა ჯარისკაცებმა უმოწყალოდ დახოცეს იმ დღეს სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ქართველები.

ფოტოგრაფ იური მეჩითოვს იმ დღეებში არაერთი ფოტო აქვს გადაღებული. ეს კადრები კარგად ასახავს იმდროინდელ მოვლენებს, ჩანს ხალხის ემოციები და საერთოდ, საქართველოს ისტორიას გადმოსცემს.

მეჩითოვის ცნობილი კადრია ახალგაზრდა ქალი შავი დროშით - ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. ეს სურათი ტრაგედიის მეორე დღეს, ვაკის პარკთან გადაუღია ფოტოგრაფს.

ფოტოზე გამოსახული გოგონა, მარი (ნანა) მახარაძე მაშინ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი იყო. წლების განმავლობაში ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა თუ იცოდა მისი ამბავი, ბევრს თურმე დაღუპულიც კი ეგონა... წლებია, ნანა მახარაძე როგორც უამრავი ქართველი, ემიგრაციაშია, იტალიაში ცხოვრობს. 2017 წელს კი მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა - სიყვარული იპოვა და ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ამაღლებელი გრძნობაა, როცა 9 აპრილზე ვსაუბრობ. ყველაზე მეტად რაც მახსენდება, ერთ მუშტად გაერთიანებული ქართველებია. დღევანდელობასთან შედარებით სულ სხვა სულისკვეთება იყო მაშინ..."

"ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონა ვიყავი, 19 წლის, ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ყოველდღე მეგობრებთან ერთად ლექციების შემდეგ აქციაზე დავდიოდი, მერე უკვე ლექციებსაც ვაცდენდით და ისე დავდიოდით. ეს ფოტო ალბათ არის იმ დიდი მრისხანების და იმ დიდი პროტესტის გამოხატულება, რომელიც მაშინ ყველა ქართველს ჰქონდა. იმ დღეების ფოტოებს რომ დაუკვირდე, ყველას თითქოს ერთი სახე ჰქონდა. როცა აქციაზე გამოდიოდი, იაზრებდი, რომ შესაძლოა ვინმეს მოეკალი და ეს იყო სიმამაცე, მაგრამ ასეთი მამაცი იყო მაშინ მთელი ერი..."

"მანქანაში სათვალიანი გოგონა, ჩემი ბიძაშვილია. სახლიდან გამოვიპარეთ, სანაპიროზე უნდა ავსულიყავით. დღესაც არ ვიცი, ის ბიჭები ვინ არიან. ის დროშაც არ არის - შავი ქსოვილის ნაჭერია, ჩვენივე ხელით გაკეთებული - ტოტი ვიპოვეთ და მას გადავახვიეთ შავი ნაჭერი. ამ დროშით მივდიოდით და სწორედ ამ დროს შეგვხვდნენ მანქანით ეს ბიჭები. გვითხრეს, ძალიან საშიშია და ჩვენთან ერთად წამოდითო..."

"ეს ფოტო დაიბეჭდა გაზეთში. თბილისში ბიძასთან ვცხოვრობდი. ჩვენ გვერდით, მეზობლად ჟურნალისტ გოგონებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები და მითხრეს, შენი ფოტო დაიბეჭდაო - ასე აღმოვაჩინე ეს კადრი. მერე ვინც მიცნობდა, იმათთვის საამაყო იყო. საამაყო იყო ჩემი მშობლებისთვისაც, ჩემი სკოლისთვისაც. უნივერსიტეტში დეკანის კაბინეტში ეკიდა ეს ცნობილი ფოტო. დედაჩემმა პირველად რომ ნახა, ძალიან ინერვიულა. მომთხოვა, თბილისიდან სასწრაფოდ ჩაქვში ჩავსულიყავი..."

"ერთი გოგონა მყავს და ძალიან ამაყოფს. უხარია, რომ ფოტოზე დედას ხედავს. რომ ვეუბნები, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, ეს არ არის გმირობა, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც მართლა გმირები იბადებიან-მეთქი, მეუბნება, შენ ხალხს უყვარხარო, - და ეს ეამაყება: - ისტორიას შემორჩა ეს კადრი, შენ ხომ იქ იდექი ამ ადამიანების გვერდითო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა