"აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ - ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ" - კვირის პალიტრა

"აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ - ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ"

"აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ", - ასე მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

გაჩეჩილაძის შეფასებით, საქართველო დიდი ხანი ბევრ რამეს ითმენს და "ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება".

"აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება. აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, აი, საქართველო ილია ჭავჭავაძის, აი, საქართველო იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო - "სტუმარ-მასპინძლის", "აი-იასი", "ვეფხისტყაოსნის", აი, ეს არის საქართველო დიმიტრი უზნაძის, ნიკა მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების. აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი, ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. აი, დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა! ეს საქართველოა "მრავალჟამიერის", "ჩაკრულოსი", "შენ ხარ ვენახის" და ზუსტად, აი, ეს საქართველოა მარადიული", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თბილისში, "ევროპის მოედანზე" მოქალაქეთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გაგაჩეილაძე განმარტავს, "პატრიარქს 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან".

"ყელა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე. სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან",- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

"გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა"

როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო 9 აპრილს დაღუპულებისთვის.

"თავიდანვე ასე იყო, ეს ქალაქი ყველას იტევდა, იტევდა ქრისტიანსაც, მუსლიმსაც, კათოლიკესაც, ყველას. აქ უნდა აღმართულიყო ძეგლი, რომელსაც დაეწერებოდა "ღმერთი სიყვარულია", ეს არ შედგა. აქ დაიდგა ბერლინის კედელი. ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება. სამი რამე, რომელიც გადასარჩენია და დასაცველია, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. ჩვენ ვდგავართ ჩვენს მამულზე და მამულში, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. დავიცავთ იმ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომელსაც ყოველთვის იცავდა ჩვენი წინაპარი. ეს ის ხიდია, სადაც მტკვარი წითლად შეიღება, სადაც აბო თბილელის წამება მოხდა. სპეციალურად გავივლით, სანაპიროთი ჩავუვლით, კათოლიკოს-პატრიარქს მივაგებთ პატივს, ტაშით ვეტყვით მადლობას, შემდეგ გადავინაცვლებთ "დედაენის ბაღში", სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს.

გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგოთ. მაგრამ არაუშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე",- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

"ინტერპრესნიუსი"