მიშას "სასტავი" - კვირის პალიტრა

მიშას "სასტავი"

"ნიჭიერთა" ქვეყანა!

როდესაც ვამბობ, მიშა არის ცუდი, პირველ რიგში ვგულისხმობ შემდეგს: ამ კაცმა დაადგინა სოციალურ კიბეზე ასვლის ერთი მარტივი წესი. ხარ ჩემი რეჟიმის ერთგული? ხარ ჩემი კლანის წევრი? მაშინ, აჰა, აკეთე რაც გინდა! მნიშვნელობა არა აქვს, გაგაჩნია თუ არა შესაბამისი პროფესიული თვისებები, იცი თუ არა საქმე, გაქვს თუ არა ნიჭი. ჩვენიანი ხარ? შენია ეს ქვეყანა! არადა, მიშა აცხადებდა, რომ მერიტოკრატიას "აწვებოდა" (მერიტოკრატია - ნიჭიერთა მმართველობა).

რამდენი ნიჭიერი წამოიჩიტა ამ რეჟიმის ხელში? იმ„"ხელოვანთა" სიას თუ გადავხედავთ, ვინც ბოლო 7 წლის მანძილზე ღირსების ორდენი მიიღო, ვიხილავთ, როგორ ესმის მიშას ნიჭიერება. ყოველივე ნათლად ჩანს ტელეეკრანიდანაც. რა თქმა უნდა, ნაციონალურ მაუწყებლებს ვგულისხმობ ("რ2" და "იმედი"), რადგან აქ ჩამოყალიბდა მენეჯმენტის ნათესაურ-კლანური სისტემა. არაფერს ვიტყვი მკვდარ საზოგადოებრივზე. ალბათ მისი პანაშვიდები მალე მორჩება, ამ პატიოსან გვამს მალე დაკრძალავენ სადმე პანთეონში და საფლავს წააწერენ: "აქ განისვენებს გულუბრყვილო ადამიანების ოცნება ქართული "ბი-ბი-სის" შექმნისა".

"რ2"-სა და "იმედზე" მოგახსენებდით. ამ უკანასკნელს ნანუკა ჟორჟოლიანი მართავს. არველაძე სუსტია - ტელესპეციფიკაში ვერ ერკვევა, თან დიდ დროს საზღვარგარეთულ ვოიაჟებში ატარებს. ზოგადად ცუდი ტიპი არ არის, მაგრამ ცოტა ზარმაცია. დათო გოგიჩაიშვილი ნიჭიერი კაცია, მაგრამ ყველაზე ფრთხილი არსებაა, რაც ცხოვრებაში შემხვედრია. ამ არხზე რამდენიმე გადაცემის ავტორი გიორგი არველაძის მეუღლეცაა. რამდენად აქვს მას ტელევიზიის კეთების კომპეტენცია, ეს უკვე სხვა და ძალიან ნათელი საკითხია.

შესაბამისად, სახეზეა რაღაც ნათესაურ-შინაურული წრე, რომელიც შემოქმედებით თუ საკადრო გადაწყვეტილებებს არა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათდამი ლოიალურობის ხარისხის მიხედვით იღებს. გადავინაცვლოთ "რ2"-ში. აქ შემორჩნენ რევოლუციამდელი პროფესიონალები (მაგალითად, პროდიუსერი ხაბურზანია), რომლებმაც იციან ტელევიზია, მაგრამ "თავს ზევით ძალა არ არის" გამო მორჩილად ასრულებენ ზემდგომი ინსტანციებისა და მათთან დაახლოებული ქალბატონების მითითებებს. ამის ნათელი მაგალითია "რ2"-ის შუადღის პროგრამა, რომელიც უნიჭობის ზეიმია.

ტელეწამყვანი არის ცალკე პროფესია - ჯერ ასისტენტად უნდა ამუშაო, მერე ბევრი წიგნი წააკითხო, მეტყველება დაუხვეწო, მეასეხარისხოვანი საქმეები აკეთებინო გამოცდილების შესაძენად და მერე დასვა პირდაპირ ეთერში. ამასთან, თუ მომავალ ტელეწამყვანს თანდაყოლილი ნიჭი არა აქვს, მისგან მაინც არაფერი გამოვა. "რ2"-ის შოუში კი ვიხილეთ ამ საქმისთვის სრულიად უცხო ხალხი, რომლებმაც ტელევიზიაში საჭორაოდ შემოისეირნეს და უცებ კამერების წინ ჩამოსხდნენ.

შეიძლება ლიკა ევგენიძე ("რ2"-ის შუადღის წამყვანი) სასიამოვნო გარეგნობისაა, მაგრამ მას ტელევიზორთან მხოლოდ ის შეხება უნდა ჰქონდეს, რომ ხანდახან უყუროს ამ ყუთს. უბრალოდ, მიშას ნათესავის მეუღლე გახლავთ და ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ დააბრალეს, შოუს წაყვანა შეგიძლიაო. იგივე შეიძლება ითქვას ამ შოუს თანაწამყვანებზე“- ბოკერიას მეუღლეზე, კიდევ ვიღაც მსახიობ პატარა ბიჭზე, რომელიც ახლა ნაციონალურ ბომონდში მოდაშია და ყველაზე მაგარი ჰგონიათ.

მე მაქვს ამ ყოველივეს ახსნა -  მიშას "მეფობის" მერვე წლისთავზე, მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდა მმართველი ელიტა, ადგილები გადანაწილდა, ყველა ერთმანეთს დაუნათესავდა, დაუდაქალდა და დაუძმაკაცდა. შეიქმნა ერთიანი კასტა, სადაც მინისტრების, მერის, პარლამენტის ზოგიერთი წევრის მეუღლეებსა თუ მეგობარ ქალებს "სტოსი" მიჰყავთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ სალონში ყოფნა და უაზრო საუბრები მოსაწყენია.

ამიტომ საჭიროა ახალი გასართობის გამოგონება. შესაბამისად, კლანის წევრები ბავშვური მიამიტობით ეპოტინებიან სცენას, ტელევიზიას, პრესას. იმას, რასაც სხვა შემთხვევაში საკუთარი ინტელექტისა და ნიჭის წყალობით თვალითაც ვერ ნახავდნენ. ისინი აკეთებენ გადაცემებს, გამოსცემენ ჟურნალებს, მღერიან რაღაც სამთავრობო კონცერტებზე, მაგრამ რადგან პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ, ამ ყოველივეს ჭორაობის, ლაზღანდარობის სახე აქვს.

მოკლედ, ტელეგადაცემები არის მათი ყოველდღიური დროს ტარების ნაწილი. მართალია, ამ "ნაწარმს" აქვს რეიტინგი, მაგრამ იმაზე მსჯელობას, რა მოსწონს მაყურებელს, მაშინ შევძლებთ, როცა სატელევიზიო ბაზარზე იქნება კონკურენცია. ჯერჯერობით კი "მიშას სასტავის" ტელეგართობით უნდა "გავერთოთ".

შალვა რამიშვილი