"ალბათ პირველი საჯარო პირი ვარ საქართველოში, რომელიც ამ თემაზე ხალხთან ხმამაღლა ლაპარაკობს"
10-04-2021
"ალბათ პირველი საჯარო პირი ვარ საქართველოში, რომელიც ამ თემაზე ხალხთან ხმამაღლა ლაპარაკობს"
"24 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა და ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო!"
ჭკვიანი, ლამაზი და წარმატებული ქალის ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანისა, მით უმეტეს, როცა ეს ქალი პოლიტიკოსია. რა პრობლემებს აწყდებიან ქალები ქართულ პოლიტიკაში? - ამის თაობაზე პოპულარულ პოლიტიკოსს, ანა დოლიძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ანა, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?
- ჩემი ბავშვობა ორ ნაწილად იყოფა: ძალიან ღრმა ბავშვობა, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და ჩვეულებრივი ინტელიგენტების ოჯახში ვიზრდებოდი:
დედაც და მამაც ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ - დედა პროფესიით ინჟინერია, ხოლო მამაჩემი, ვალერი დოლიძე მათემატიკოსი იყო. თითქმის ყველა ჩემი ნათესავი და ახლობელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი ან ქიმიკოსია, მარტო მე გამოვერიე იურისტი. ჩემი ბავშვობის მეორე ეტაპი 1990-იან წლებს დაემთხვა. ის წლები ჩემთვისაც ისევე ძნელი გადასატანი იყო,
როგორც სხვებისთვის, მაგრამ დღეს მაინც ტკბილად მახსენდება, - ეს ხომ ჩემი ბავშვობა გახლდათ!.. შეიძლება ითქვას, ზეაქტიური ვიყავი: სკოლის ზეიმებზე გამოვდიოდი, კლასშიც ყოველთვის პირველი ვიყავი და ამასთან, ეზოშიც ბევრ დროს ვატარებდი. ეს იყო ყველაზე ნათელი და ბედნიერი ხანა ჩემს ცხოვრებაში! საბურთალოზე ვცხოვრობდით და ძალიან კარგი ეზო გვქონდა. ახლანდელ ბავშვებს ეხვეწებიან - ტელეფონი გააგდე ხელიდან და სუფთა ჰაერზე გადიო; ჩვენს დროს კი პირიქით იყო
- მშობლები გვეხვეწებოდნენ, სახლში ცოტა ხნით მაინც ამოდითო. ყველანაირ თამაშს ვთამაშობდი: შვიდ ქვას, რეზინობანას, წრეში ბურთს, ფეხბურთს და აქაც ლიდერი ვიყავი.

- წიგნები როდის შეიყვარეთ?
- უზარმაზარი ბიბლიოთეკა გვქონდა. მამაჩემმა თავიდანვე მიმაჩვია: როდესაც რაღაც არ გესმის ან სიტყვის მნიშვნელობა არ იცი, ენციკლოპედიაში უნდა იპოვოო... წიგნის კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ეს გრძნობა განსაკუთრებით მაშინ გამიმძაფრდა, როცა მამამ ტექნიკურ უნივერსიტეტში თავისი სამსახური მიატოვა. მან სკოლიდანაც გამოგვიყვანა და ფაქტობრივად, სახლში გვზრდიდა, - ასე გამოხატა პროტესტი ზვიად გამსახურდიას დამხობის გამო. ერთი წელი შინ გავატარეთ და ის სერიოზულად ჩაერთო ჩვენს აღზრდაში, სულ თავზე გვედგა და რაღაცას გვასწავლიდა. ეს იყო საუკეთესო დღეები, როცა ბევრი რამ ვისწავლე და ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთე. მამა მოგვიანებით დამეღუპა, როცა უკვე 24 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო!

- ცოტა ხნის წინ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მოხდა: პატარა გოგონას დედა გახდით...
- დიახ, დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში მეორე შვილი, მეორე დიდი სიყვარული გამოჩნდა! კრავაი საოცრად მშვიდი, წყნარი ბავშვია, თუ არ მოშივდება, არ შეგაწუხებს. ამ სახელის დარქმევა უცებ გადავწყვიტეთ. მინდოდა, მისთვის ქართული ტრადიციული სახელი დამერქმია, რამდენიმე სახელი მქონდა შერჩეული და ბოლოს კრავაიზე შევჩერდით - ჯერ ერთი, ეს ძალიან ლამაზი და იშვიათი სახელია. თანაც, კრავაი ჯაყელი ძალიან მაგარი ქალი იყო და ვფიქრობ, საქართველოში მისი სახელი უფრო პოპულარული უნდა იყოს. რაც მთავარია, ამ სახელის დარქმევა კრავაის მამის ინიციატივა გახლდათ. ალბათ მკითხველი სწორად გამიგებს: არ მინდა, მისი სახელი ვახსენო, რადგან პოლიტიკოსი ქალების ოჯახებზე ჩვენთან დიდი წნეხია. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ყოველგვარი უსიამოვნებისგან დავიცვა, ამიტომ ბავშვის ფოტოების გავრცელებაც არ მინდა. სამწუხაროა, მაგრამ ეს სიფრთხილე იმ მტრული კლიმატის ბრალია, რომელიც ჩვენ ირგვლივ არის შექმნილი. რომ წამოიზრდება, მერე შეიძლება ბავშვის ფოტოები გამოვაქვეყნო, მაგრამ ჯერ - არა.

- უფროსი ვაჟი როგორ შეხვდა პატარა დაიკოს დაბადებას?
- ჩემი უფროსი ბიჭი, ანდრო უკვე 13 წლისაა. ის ძალიან ბედნიერია, რომ პატარა და ჰყავს. ეტყობა, დედისერთობა მოსწყინდა და უფროსი ძმის როლი უცებ მოირგო. რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ ანდრო არაჩვეულებრივი დამხმარეა. სულ ვეუბნები, რომ უმცროსი დისთვის ის უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი და ეს ძალიან მოსწონს.

- ჩვენს ქვეყანაში ქალს, რომელიც ჭკვიანი და წარმატებულია, უამრავი მოშურნე და მტერი უჩნდება. როგორ ფიქრობთ, ქართველ ქალებს აქვთ თუ არა თანაბარი მდგომარეობა მამაკაცებთან შედარებით?
- ნამდვილად არ გვაქვს თანაბარი მდგომარეობა და წარმატებულ ქალს, რომელიც კარიერის პარალელურად შვილებსაც ზრდის, უამრავი წინააღმდეგობა ხვდება. უბრალოდ, დეკრეტულის ცნობა რომ მოგცენ, იმდენ უწყებას უნდა მიმართო და იმდენი უნდა ირბინო, რომ შეიძლება ყველაფერი მოგბეზრდეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ დედა, რომელიც სამშობიაროდან გამოდის: ღამით არ სძინავს, ბავშვს ძუძუს აწოვებს, საშინლად გადაღლილია, ცდილობს გამოჯანმრთელდეს და ამ დროს რაღაც ცნობებზე არბენინებენ. დეკრეტული შვებულება ხომ უსერიოზულესი პრობლემაა, გინდ სახელმწიფო სექტორში მუშაობდე და გინდ - კერძოში. ამიტომ ქალს ერთადერთი არჩევანი აქვს: ის სახლში უნდა იჯდეს, თუ სურს, რომ შვილი ბუნებრივი კვებით გაზარდოს, სამსახური კი შეიძლება დაკარგოს. ეს მართლა ბარბაროსობაა! ამ საკითხშიც იმდენად შორს ვართ ევროპისგან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ამიტომ მინდა, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ქალების პრობლემებს მეტი ყურადღება მივაქციო.

- სოციალური ქსელით რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა, სადაც თქვენ ამ პრობლემებზე საუბრობთ.
- ნახეთ ალბათ, ჩემს ვიდეოს ძუძუთი კვებაზე 157 ათასი "ნახვა" ჰქონდა. მსგავსი რამ არც ერთ პოლიტიკურ ინტერვიუს არა აქვს. მხოლოდ ქალებმა იციან, რა რთული პრობლემაა მშობიარობის შემდგომი დეპრესია და შფოთი, რომელიც ბუნებრივი მოვლენაა. სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რომ ეს მდგომარეობა შეგიმსუბუქოს. ავიღოთ თუნდაც ძუძუთი კვების მანქანა, რომელიც 200-300 ლარი ღირს. ამ მანქანას ყველა კომპანია უშვებს. ქართველი ქალების უმეტესობას ფული არა აქვს, რომ ის შეიძინოს. რა უნდა ამის მოგვარებას? 300 მილიონი ლარი მარტო სახელმწიფო ავტოპარკის შენახვა ჯდება. ჩემი აზრით, აქ ბიზნესის პოზიციაც მნიშვნელოვანია. თუ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ვინმეს ადარდებს, ქალებს შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას. მარტო ერთჯერადი 1.000-ლარიანი დახმარება ბევრს ვერაფერს ცვლის.

- ესე იგი, გოგონა ბუნებრივ კვებაზე გყავთ?
- დიახ, გადავწყვიტე, ჩემი შვილი ბუნებრივ კვებაზე მყავდეს და ალბათ პირველი საჯარო პირი ვარ საქართველოში, რომელიც ამ თემაზე ხალხთან ხმამაღლა ლაპარაკობს. ქალების პრობლემებზე საუბრისას ბევრი მხარდამჭერი გამიჩნდა. მათი აზრი ჩემსას ზუსტად ემთხვევა: დეკრეტული შვებულება და მსუბუქი რეჟიმი აუცილებელია, რომ ქალს ბავშვის გაზრდა არ გაუჭირდეს. მე იმხელა ხელშეწყობა მაქვს ოჯახის, მეგობრების თუ ახლობლებისგან, რომ არც კი ვიცი, ყველას მადლობა როგორ გადავუხადო. ვისაც ეს არა აქვს, რა ქნას?.. ჩემი მიზანია, ეს პრობლემები ქართული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდეს. ჯერჯერობით სახელმწიფო დედების ხელშეწყობას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ, ჩვენი უსაფრთხოება ძალიან ყოჩაღია ადამიანების კონტროლში და პირადი ცხოვრების ჩანაწერების მოძიებაში. ვინ იცის, მსგავსი ჩანაწერები რამდენ ადამიანს გამოუქვეყნეს?!

- როგორ ფიქრობთ, ეს რატომ ხდება?
- მეც მიკვირს, რატომ არიან ამ საქმით დაკავებული მაშინ, როცა საქართველოს უამრავი საგარეო თუ საშინაო საფრთხე აქვს. ამ ჩანაწერების მოპოვება ადამიანების კონტროლს და მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. სავარაუდოდ, კონტროლი ისეთ ხალხზე ხორციელდება, ვისაც ხელისუფლება არ ენდობა. ამ საქმიანობას წინა ხელისუფლება მისდევდა და მათი გამოცდილება ამ ხელისუფლებამაც "წარმატებით" გადმოიტანა.

- ქალისთვის რამდენად რთულია გაუძლოს იმ წნეხსა და კონკურენციას, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია?
- ეს მართლაც ურთულესი ამოცანაა: არავინ არაფერს დაგითმობს იმის გამო, რომ ქალი ხარ. ჩემს შემთხვევაში, გამოცდილება დიდ როლს თამაშობს. კარგი მაგალითი მყავდა აქ თინა ხიდაშელის სახით და მერე, უცხოეთში, ჩემი პროფესორის სახით, რომელიც 3 შვილის დედაა და კანადაში ცნობილი, წარმატებული ადამიანია. ახალგაზრდა ქალისთვის ძნელია პოლიტიკურ კონკურენციას გაუძლოს, ამიტომ ახლა ვცდილობ, ჩემი გამოცდილება იმათ გამოადგეს, ვინც კარიერას იწყებს.

- დაბოლოს, თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაზეც უნდა გკითხოთ: რა იქნება თქვენი ახალი პარტიის მიზანი?
- ეს იქნება პარტია სახელწოდებით - "ხალხისთვის". ჩვენი მიზანია, პოლიტიკაში ახალი სახეები, ახალი ხალხი მოვიზიდოთ. ვცდილობ, სრულიად ახალი გუნდი შევკრა, რადგან დღევანდელი პოლიტიკური ელიტით ვერაფერს მივაღწევთ. ამ ხალხმა თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა. არ შეიძლება, პოლიტიკური ელიტა წლების განმავლობაში არ იცვლებოდეს. ჩვენს ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს, პოლიტიკაში ახალი თაობა უნდა შემოვიდეს. ბიზნესმაც ეს ახალი ძალები უნდა დააფინანსოს და არა ის, ვისთან ურთიერთობაც უკვე დალაგებული აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ერთ წერტილზე გაიყინება. გარდატეხა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აუცილებელია და ეს მართლაც მოხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"

ალექს
11 აპრილი 2021 05:14
ჩვენი მართვის ინსტიტუტები ისეა დალაგებული ცეკას მიერ , რომ მან უნდა წარმოშვას ის პირები, თქვენ რომ ჩამოთვალეთ, გათვლა ამაზე აქვს რუსეთს და კერძოდ მის კომპარტიას, აქაურ მის განყოფილებას ახლა რომ აქ ნაცქოცმოქკავშირი ქვია ! ეს სისტემა ფასადური დემოკრატიის და გამალებული პროპაგანდის , სტატისტიკური და საარჩევნო სიყალბეებით ხალხის მასიდან ჭკვიანი და ზნეობრივი ადამიანების მოსვლას მმართველობაში გამორიცხავს ! ამდენად ახალი მესამე ძალა , რომელიც სულაც არ არის მესამე , მეორეა , რადგან პირველი ნაცქოცმოქკავშირია სატელიტებით, ის ერთიანია, მათ შორის პირველი და მეორე პირების ინდივიდულაურ სიობრივი შემადგენლობით , წარმოშობით , მართვის მეთოდებით - ეს საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფილი სიყალბე და ძალადობაა , ანუ არჩევნები ყალბდება , რადგან საარჩევნო სია ყალბია მოსახლეობის აღწერიანად , რეფერენდუმი და პლებისციტი კონსტიტუციაში სიტყვის მასალადაა გამოყენებული , აი ფურცლები რომ ცარიელი არ იყოს , ამ გათვლით ყველა ინსტიტუტი სამთავრობო, საკანონმდებლო, სამართალდამცავი , სასამართლო , მედია და საზოგადოებრივი ინსტიტუტები ნაცქოცმოქკავშირის წევრებითაა წარმოდგენილი , მათ მიერვეა შევსებული ეკონომიკური და ბიზნეს ველი, ვერსად ფეხს ვე ჩააკვეხებ და როგორც კი ალტერნატივას დაინახავენ , გაქრება მათ შორის მართლა არსებული დაპირისპირება , რომელიც ქონების ახალი გადანაწილებითაა მხოლოდ მოტივირებული და ერთად დასცხებენ იმ სახალხო , უფულო, უტელევიზიო, უმედიო და უიმედო ალტერნატივას , ამ ალტერნატივას იმიტომაც დაარქვეს ახლა მესამე ძალა, რომ სურთ ისიც მათი ერთერთი სატელიტი იყოს და თავად "დააკომპლექტონ" კადრებით , რითაც უნდათ გადაფარონ სწორედ ნაცქოცმოქკავშირის პირველობა და განუყოფელობა -ის ერთიანია სატელიტებიანად და ედუარდ ამბროსიჩის სიითაა შედგენილი ! ედუარდი კი სკკპ პოლიტბიუროა , ეთნიკურად ქართველი , ეგარი ! ედუარდის დავალებითაა შექმნილი ბურჯანაძე ნათელაშვილ ძიძიგურ ვაშაძეთა ჟორჟოლიან უსუფაშვილთა და მსგავსთა მათთა პარტიები , იმიტომაა 267 , რომ მართლა ღვთისნიერი ძალა არ იძებნებოდეს მაგხელა მასაში, მითუმეტეს როცა არ აქვს ტრიბუნა, ეკრანი, პიარი -ბიუჯეტის ხარჯზე , წარმოიდგინეთ პოლიტიკური ტელევიზია , ვითომ რეკლამით რომ ინახავს თავს, სინამდვილეში ის რეკლამა ძალადაა იქ მიტანილი , არ მიიტან და გაგატყავებენ , ეგ ერთი, ან ბაზარს დაკარგავ , მინიმუმ , ისეთ პრესას გაგიგორებენ, ასეთი რეკლამები ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით კეთდება სწორედ ! ჩვენ ხომ პარტიულ საუწყებო მედია გვყავს , პარტიის ნაწილია , აბა ვინაა გვარამია, უდუმაშვილი , ქალბატოენები ასათიანი, ჟორჟოლიანი , გრიგოლია -პარტმუშაკებია ექსპერტებიან ბომონდიანად , ცეკას დავალებებეს ასრულებენ , ანუ არიან ცრუნი , ანალიტიკით კი არ არიან დაკავებული და რეალობის გაშუქებით, პირიქით მის დამალვას და შელამაზებას ემსახურებიან, იმდენად მახინჯია ჩვენი სინამდვილე , ღამე ვერ დაიძინებ, თუ მაკიაჟი არ ჩაუტარდა ძილის წინ ! დემოკრატია და ნატო, აი ეს გვინდა !
სოსო
10 აპრილი 2021 18:17
ვულოცავ ანას,მეორე შვილის შეძენას და კიდევ ბევრის დამატებას ვუსურვებ.ძალიან ჭკვიანი და განათლებული გოგოა,მაგრამ პოლიტიკაში თინა ხიდაშელის მაგალითით ხელმძღვანელობას არ ვურჩევ.მთელ თავის ავტორიტეტს,წყალი გადასხა და მეუღლის ავტორიტეტიც თან ჩაიყოლია.
????
10 აპრილი 2021 16:20
ძალიან სლავური სახე აქვს, ვინ ჰყავდა რუსი?

რედაქტორის რჩევით
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?