"ალბათ პირველი საჯარო პირი ვარ საქართველოში, რომელიც ამ თემაზე ხალხთან ხმამაღლა ლაპარაკობს" - კვირის პალიტრა

"ალბათ პირველი საჯარო პირი ვარ საქართველოში, რომელიც ამ თემაზე ხალხთან ხმამაღლა ლაპარაკობს"

"24 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა და ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო!"

ჭკვიანი, ლამაზი და წარმატებული ქალის ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანისა, მით უმეტეს, როცა ეს ქალი პოლიტიკოსია. რა პრობლემებს აწყდებიან ქალები ქართულ პოლიტიკაში? - ამის თაობაზე პოპულარულ პოლიტიკოსს, ანა დოლიძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ანა, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა? - ჩემი ბავშვობა ორ ნაწილად იყოფა: ძალიან ღრმა ბავშვობა, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და ჩვეულებრივი ინტელიგენტების ოჯახში ვიზრდებოდი: დედაც და მამაც ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ - დედა პროფესიით ინჟინერია, ხოლო მამაჩემი, ვალერი დოლიძე მათემატიკოსი იყო. თითქმის ყველა ჩემი ნათესავი და ახლობელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი ან ქიმიკოსია, მარტო მე გამოვერიე იურისტი. ჩემი ბავშვობის მეორე ეტაპი 1990-იან წლებს დაემთხვა. ის წლები ჩემთვისაც ისევე ძნელი გადასატანი იყო, როგორც სხვებისთვის, მაგრამ დღეს მაინც ტკბილად მახსენდება, - ეს ხომ ჩემი ბავშვობა გახლდათ!.. შეიძლება ითქვას, ზეაქტიური ვიყავი: სკოლის ზეიმებზე გამოვდიოდი, კლასშიც ყოველთვის პირველი ვიყავი და ამასთან, ეზოშიც ბევრ დროს ვატარებდი. ეს იყო ყველაზე ნათელი და ბედნიერი ხანა ჩემს ცხოვრებაში! საბურთალოზე ვცხოვრობდით და ძალიან კარგი ეზო გვქონდა. ახლანდელ ბავშვებს ეხვეწებიან - ტელეფონი გააგდე ხელიდან და სუფთა ჰაერზე გადიო; ჩვენს დროს კი პირიქით იყო - მშობლები გვეხვეწებოდნენ, სახლში ცოტა ხნით მაინც ამოდითო. ყველანაირ თამაშს ვთამაშობდი: შვიდ ქვას, რეზინობანას, წრეში ბურთს, ფეხბურთს და აქაც ლიდერი ვიყავი.

- წიგნები როდის შეიყვარეთ? - უზარმაზარი ბიბლიოთეკა გვქონდა. მამაჩემმა თავიდანვე მიმაჩვია: როდესაც რაღაც არ გესმის ან სიტყვის მნიშვნელობა არ იცი, ენციკლოპედიაში უნდა იპოვოო... წიგნის კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ეს გრძნობა განსაკუთრებით მაშინ გამიმძაფრდა, როცა მამამ ტექნიკურ უნივერსიტეტში თავისი სამსახური მიატოვა. მან სკოლიდანაც გამოგვიყვანა და ფაქტობრივად, სახლში გვზრდიდა, - ასე გამოხატა პროტესტი ზვიად გამსახურდიას დამხობის გამო. ერთი წელი შინ გავატარეთ და ის სერიოზულად ჩაერთო ჩვენს აღზრდაში, სულ თავზე გვედგა და რაღაცას გვასწავლიდა. ეს იყო საუკეთესო დღეები, როცა ბევრი რამ ვისწავლე და ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთე. მამა მოგვიანებით დამეღუპა, როცა უკვე 24 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო!

- ცოტა ხნის წინ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მოხდა: პატარა გოგონას დედა გახდით...

- დიახ, დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში მეორე შვილი, მეორე დიდი სიყვარული გამოჩნდა! კრავაი საოცრად მშვიდი, წყნარი ბავშვია, თუ არ მოშივდება, არ შეგაწუხებს. ამ სახელის დარქმევა უცებ გადავწყვიტეთ. მინდოდა, მისთვის ქართული ტრადიციული სახელი დამერქმია, რამდენიმე სახელი მქონდა შერჩეული და ბოლოს კრავაიზე შევჩერდით - ჯერ ერთი, ეს ძალიან ლამაზი და იშვიათი სახელია. თანაც, კრავაი ჯაყელი ძალიან მაგარი ქალი იყო და ვფიქრობ, საქართველოში მისი სახელი უფრო პოპულარული უნდა იყოს. რაც მთავარია, ამ სახელის დარქმევა კრავაის მამის ინიციატივა გახლდათ. ალბათ მკითხველი სწორად გამიგებს: არ მინდა, მისი სახელი ვახსენო, რადგან პოლიტიკოსი ქალების ოჯახებზე ჩვენთან დიდი წნეხია. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ყოველგვარი უსიამოვნებისგან დავიცვა, ამიტომ ბავშვის ფოტოების გავრცელებაც არ მინდა. სამწუხაროა, მაგრამ ეს სიფრთხილე იმ მტრული კლიმატის ბრალია, რომელიც ჩვენ ირგვლივ არის შექმნილი. რომ წამოიზრდება, მერე შეიძლება ბავშვის ფოტოები გამოვაქვეყნო, მაგრამ ჯერ - არა.

- უფროსი ვაჟი როგორ შეხვდა პატარა დაიკოს დაბადებას? - ჩემი უფროსი ბიჭი, ანდრო უკვე 13 წლისაა. ის ძალიან ბედნიერია, რომ პატარა და ჰყავს. ეტყობა, დედისერთობა მოსწყინდა და უფროსი ძმის როლი უცებ მოირგო. რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ ანდრო არაჩვეულებრივი დამხმარეა. სულ ვეუბნები, რომ უმცროსი დისთვის ის უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი და ეს ძალიან მოსწონს.

- ჩვენს ქვეყანაში ქალს, რომელიც ჭკვიანი და წარმატებულია, უამრავი მოშურნე და მტერი უჩნდება. როგორ ფიქრობთ, ქართველ ქალებს აქვთ თუ არა თანაბარი მდგომარეობა მამაკაცებთან შედარებით? - ნამდვილად არ გვაქვს თანაბარი მდგომარეობა და წარმატებულ ქალს, რომელიც კარიერის პარალელურად შვილებსაც ზრდის, უამრავი წინააღმდეგობა ხვდება. უბრალოდ, დეკრეტულის ცნობა რომ მოგცენ, იმდენ უწყებას უნდა მიმართო და იმდენი უნდა ირბინო, რომ შეიძლება ყველაფერი მოგბეზრდეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ დედა, რომელიც სამშობიაროდან გამოდის: ღამით არ სძინავს, ბავშვს ძუძუს აწოვებს, საშინლად გადაღლილია, ცდილობს გამოჯანმრთელდეს და ამ დროს რაღაც ცნობებზე არბენინებენ. დეკრეტული შვებულება ხომ უსერიოზულესი პრობლემაა, გინდ სახელმწიფო სექტორში მუშაობდე და გინდ - კერძოში. ამიტომ ქალს ერთადერთი არჩევანი აქვს: ის სახლში უნდა იჯდეს, თუ სურს, რომ შვილი ბუნებრივი კვებით გაზარდოს, სამსახური კი შეიძლება დაკარგოს. ეს მართლა ბარბაროსობაა! ამ საკითხშიც იმდენად შორს ვართ ევროპისგან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ამიტომ მინდა, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ქალების პრობლემებს მეტი ყურადღება მივაქციო.

- სოციალური ქსელით რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა, სადაც თქვენ ამ პრობლემებზე საუბრობთ. - ნახეთ ალბათ, ჩემს ვიდეოს ძუძუთი კვებაზე 157 ათასი "ნახვა" ჰქონდა. მსგავსი რამ არც ერთ პოლიტიკურ ინტერვიუს არა აქვს. მხოლოდ ქალებმა იციან, რა რთული პრობლემაა მშობიარობის შემდგომი დეპრესია და შფოთი, რომელიც ბუნებრივი მოვლენაა. სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რომ ეს მდგომარეობა შეგიმსუბუქოს. ავიღოთ თუნდაც ძუძუთი კვების მანქანა, რომელიც 200-300 ლარი ღირს. ამ მანქანას ყველა კომპანია უშვებს. ქართველი ქალების უმეტესობას ფული არა აქვს, რომ ის შეიძინოს. რა უნდა ამის მოგვარებას? 300 მილიონი ლარი მარტო სახელმწიფო ავტოპარკის შენახვა ჯდება. ჩემი აზრით, აქ ბიზნესის პოზიციაც მნიშვნელოვანია. თუ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ვინმეს ადარდებს, ქალებს შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას. მარტო ერთჯერადი 1.000-ლარიანი დახმარება ბევრს ვერაფერს ცვლის.

- ესე იგი, გოგონა ბუნებრივ კვებაზე გყავთ?

- დიახ, გადავწყვიტე, ჩემი შვილი ბუნებრივ კვებაზე მყავდეს და ალბათ პირველი საჯარო პირი ვარ საქართველოში, რომელიც ამ თემაზე ხალხთან ხმამაღლა ლაპარაკობს. ქალების პრობლემებზე საუბრისას ბევრი მხარდამჭერი გამიჩნდა. მათი აზრი ჩემსას ზუსტად ემთხვევა: დეკრეტული შვებულება და მსუბუქი რეჟიმი აუცილებელია, რომ ქალს ბავშვის გაზრდა არ გაუჭირდეს. მე იმხელა ხელშეწყობა მაქვს ოჯახის, მეგობრების თუ ახლობლებისგან, რომ არც კი ვიცი, ყველას მადლობა როგორ გადავუხადო. ვისაც ეს არა აქვს, რა ქნას?.. ჩემი მიზანია, ეს პრობლემები ქართული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდეს. ჯერჯერობით სახელმწიფო დედების ხელშეწყობას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ, ჩვენი უსაფრთხოება ძალიან ყოჩაღია ადამიანების კონტროლში და პირადი ცხოვრების ჩანაწერების მოძიებაში. ვინ იცის, მსგავსი ჩანაწერები რამდენ ადამიანს გამოუქვეყნეს?!

- როგორ ფიქრობთ, ეს რატომ ხდება? - მეც მიკვირს, რატომ არიან ამ საქმით დაკავებული მაშინ, როცა საქართველოს უამრავი საგარეო თუ საშინაო საფრთხე აქვს. ამ ჩანაწერების მოპოვება ადამიანების კონტროლს და მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. სავარაუდოდ, კონტროლი ისეთ ხალხზე ხორციელდება, ვისაც ხელისუფლება არ ენდობა. ამ საქმიანობას წინა ხელისუფლება მისდევდა და მათი გამოცდილება ამ ხელისუფლებამაც "წარმატებით" გადმოიტანა.

- ქალისთვის რამდენად რთულია გაუძლოს იმ წნეხსა და კონკურენციას, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია? - ეს მართლაც ურთულესი ამოცანაა: არავინ არაფერს დაგითმობს იმის გამო, რომ ქალი ხარ. ჩემს შემთხვევაში, გამოცდილება დიდ როლს თამაშობს. კარგი მაგალითი მყავდა აქ თინა ხიდაშელის სახით და მერე, უცხოეთში, ჩემი პროფესორის სახით, რომელიც 3 შვილის დედაა და კანადაში ცნობილი, წარმატებული ადამიანია. ახალგაზრდა ქალისთვის ძნელია პოლიტიკურ კონკურენციას გაუძლოს, ამიტომ ახლა ვცდილობ, ჩემი გამოცდილება იმათ გამოადგეს, ვინც კარიერას იწყებს.

- დაბოლოს, თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაზეც უნდა გკითხოთ: რა იქნება თქვენი ახალი პარტიის მიზანი? - ეს იქნება პარტია სახელწოდებით - "ხალხისთვის". ჩვენი მიზანია, პოლიტიკაში ახალი სახეები, ახალი ხალხი მოვიზიდოთ. ვცდილობ, სრულიად ახალი გუნდი შევკრა, რადგან დღევანდელი პოლიტიკური ელიტით ვერაფერს მივაღწევთ. ამ ხალხმა თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა. არ შეიძლება, პოლიტიკური ელიტა წლების განმავლობაში არ იცვლებოდეს. ჩვენს ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს, პოლიტიკაში ახალი თაობა უნდა შემოვიდეს. ბიზნესმაც ეს ახალი ძალები უნდა დააფინანსოს და არა ის, ვისთან ურთიერთობაც უკვე დალაგებული აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ერთ წერტილზე გაიყინება. გარდატეხა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აუცილებელია და ეს მართლაც მოხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"