"ქართველ ბიჭებს "სხვანაირად" ვერასდროს შევხედავ - არა მგონია, ქართველს გავყვე" - კვირის პალიტრა

"ქართველ ბიჭებს "სხვანაირად" ვერასდროს შევხედავ - არა მგონია, ქართველს გავყვე"

ახლახან, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ქართველი გოგონას ფრანგულენოვანი კლიპი, სადაც მომღერალი სიტყვა "ვაიმეს" იყენებს და როგორც ამბობს, ფრანგებს ეს სიტყვა ძალიანაც მოეწონათ. ანილო, იგივე ანი ლომიძე 13 წელია, ემიგრანტია. ის ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. 6 წლის იყო, როცა სამშობლოდან წაიყვანეს და ამას იმდენად განიცდიდა, რომ მონატრებისგან ლექსებსაც კი წერდა. მშობლებს გამუდმებით საყვედურობდა და ამბობდა, რომ სურდა დაბრუნება უკან, მისთვის საყვარელ ადგილას, განსაკუთრებით კი ბებოსა და პაპის მონატრება უკარგავდა მოსვენებას...

- პატარა რომ ვიყავი, ბებო და პაპა მგონი, დედიკოსა და მამიკოზე მეტად მიყვარდა. საოცარი ზეიმი იყო ჩემთვის მათთან, სოფელში ჩასვლა, სადაც ძალიან დიდი სითბო, მოსიყვარულე ხალხი მხვდებოდა... მახსოვს, როცა დედამ მითხრა, საფრანგეთში უნდა წავიდეთო, ძალიან ბევრი ვიტირე და ვინერვიულე. თან მიხაროდა, რომ უცხო ქვეყანა უნდა მენახა, მოგზაურობის პერსპექტივა მხიბლავდა, მაგრამ საქართველოში დარჩენაც მსურდა. მე და ჩემმა დამ არ ვიცოდით, ამხელა გზა თუ უნდა გაგვევლო საფრანგეთამდე - ჩვენ ხომ მთელი 3 თვე გზაში ვიყავით. მეგონა, როგორც სოფელში, სამ საათში საფრანგეთშიც ჩავიდოდით (იცინის).

- 3 თვე რატომ დაგჭირდათ? - ჯერ ბელორუსიაში ჩავედით, შემდეგ პოლონეთში, შვედეთში. გზად ბევრი პრობლემა შეგვხვდა. მართალია, მშობლები ცდილობდნენ, მე და ჩემს დას არაფერი გვეგრძნო, მაგრამ მაინც ბევრ რამეს ვხვდებოდი... მერე პოლონეთში ჩემი მამიდის ოჯახმა (ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში) ჩამოგვაკითხა, რათა დაგვხმარებოდნენ. პოლონეთში თითქმის ჩაკეტილები ვიყავით, არ შეგვეძლო სასტუმროდან გამოსვლა და ზოგჯერ ვიპარებოდით ხოლმე... ბევრს ვლოცულობდით და ბოლოს, უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა. ცოტა ხანი საფრანგეთშიც გაგვიჭირდა თავის დამკვიდრება, 5 წელი ველოდებოდით საბუთებს.

მოგეხსენებათ, აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას და ოღონდ კი ისწავლოს, ბავშვს მაქსიმალურად უწყობენ ხელს... მე და ჩემი და სკოლაში დავდიოდით და ვხვდებოდით, რომ ჩვენს თანატოლებს სხვანაირი ცხოვრება ჰქონდათ; ისინიც გვამჩნევდნენ, რომ მათნაირ პირობებში ვერ ვიყავით და ამიტომ, თავიდან დაგვცინოდნენ კიდეც, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, დაგვიმეგობრდნენ.

- ფრანგი ბავშვები დაგცინოდნენ? უცნაურია... - კი, რადგან ფრანგულად კარგად არ ვლაპარაკობდით და ფინანსურადაც არ ვიყავით ძლიერები... მაგრამ დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რომ მყარად დამდგარიყვნენ ფეხზე და რამდენიმე წელიწადში ჩვენი მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა... 5 წლის მერე საბუთები და ბინა მოგვცეს, მშობლებმა მუშაობის უფლებაც მოიპოვეს. იცით, ახლა რომ მკითხონ, უფრო მეტი წინსვლისთვის, იგივე გზას გამოვივლიდი თუ არა, რაც ბავშვობაში გავიარე, უარს ვიტყოდი, ამას ვერ გავაკეთებ...

- ამ 13 წლის განმავლობაში, რაც საფრანგეთში ცხოვრობთ, საქართველოში ერთხელაც ვერ მოახერხეთ ჩამოსვლა? - როგორ არა, 8 წლის მერე ჩავედით და ეს ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის, მით უმეტეს, რომ აეროპორტში უამრავ ადამიანი დაგვხვდა, ამას არ ველოდით. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ოჯახის წევრები კი არა, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები მოვიდნენ.

- საქართველოში რა დაგხვდა შეცვლილი? - სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი. უბრალოდ, დავტოვე ყველაფერი დიდი და რომ დავბრუნდი, ყველაფერი პატარა მომეჩვენა... თუმცა, სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩემი სიყვარული არ შეცვლილა და წამოსვლის დრო რომ დადგა, ამეტირა. მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი, რომ წამოსვლა არ მინდოდა. უკვე აქ მყავდა მეგობრები, აქ მქონდა სკოლა და ჩემი გეგმებიც საფრანგეთთან არის დაკავშირებული.

არადა, მახსოვს, დაახლოებით ერთი წელი ვერ ვეჩვეოდი აქაურობას და სულ ვეუბნებოდი დედას, - ბებოსთან მინდა, პაპასთან, სოფელში მინდა. სულ ვწერდი მონატრებით სავსე ლექსებს, წერილებს.

"ჩემო საყვარელო ბებო და პაპა, არ იფიქროთ, რომ ასე ადვილად დამავიწყდებით. ძალიან, ძალიან მიყვარხართ. მენატრებით მეც და ნინიკოსაც. თქვენს შრომას არ დავივიწყებთ და რომ ჩამოვალთ ქვიშხეთში, ვიქეიფოთ. შენ უნდა იყო თამადა, ჩემო პაპა. ბებო უნდა ვაცეკვო ჩემთან ერთად. კარგად ვისწავლი და სასახელო შვილიშვილები გეყოლებათ. თქვენი ანი", - ეს წერილი ახალჩასულმა დაწერა საყვარელი ადამიანებისთვის...

- ახლაც წერ ჩანახატებს და ლექსებს?

- სამწუხაროდ, ახლა ქართულად ვეღარ, მაგრამ ფრანგულად - კი. სხვათა შორის, ჩემი სიმღერების ტექსტებიც მე მეკუთვნის.

- საქართველოს რომელმა სოფელმა დაგამახსოვრა ასე კარგად თავი, რომ ვერ ივიწყებ? - სოფელი გვაქვს ქვიშხეთში და ასევე, ხაშურის რაიონში. აი, ახლაც ყველაფერი თვალწინ მიდგას: როგორ იყო სახლი მოწყობილი, სად რა იდგა, იქაური ხალხი... იცით, ადრე ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რატომ გარისკეს და რატომ დაადგნენ ჩემი მშობლები ემიგრაციის რთულ გზას. საქართველოში დაბრუნებულმა ვნახე, რომ იქ ბევრს უჭირს თავის გატანაც კი. ძალიან შემეცოდა ზოგიერთი ქართველი. ჰოდა, თუ გამომივა ის ყველაფერი, რაც მიზნად დავისახე, აუცილებლად უნდა დავეხმარო ჩემს ქართველებს.

- მოდი, ახლა შენს მუსიკალურ კარიერაზეც ვისაუბროთ... ამ მხრივ რა განათლება გაქვს? - ვოკალზე დავდიოდი ბავშვობიდან. ასევე, თეატრალურ წრეზე და მაშინდელი გამოცდილება ძალიან მეხმარება. ახლა გამახსენდა, საქართველოში ზეიმებს, სცენაზე დგომას მიჩვეული ვიყავი, აქ კი მსგავსი ღონისძიებები არ იმართებოდა და შინ ამასაც ვაპროტესტებდი. ოღონდ, ისიც მწარედ მახსოვს, ერთხელ ბაღში თუ სკოლაში დარეჯანის როლი რომ მომცეს და ბევრი ვიტირე, რადგან მსუქანივით ჩამაცვეს (იცინის).

- სიმღერების ტექსტს, როგორც აღნიშნე, თავად წერ... - კი, ტექსტს ვწერ ყველგან, სადაც უნდა ვიყო: მეტროში, ავტობუსში, სახლში...

სანამ სპონსორი მეყოლებოდა, "იუთუბზე" ვეძებდი მელოდიებს და მერე ვაწყობდი სიმღერებს. გამუდმებით ვმუშაობ, არ ვჩერდები. აქამდე თუ მარტო ვაკეთებდი ყველაფერს, ახლა სპონსორები მყავს და ისინი მიდგანან მხარში, ფინანსურად მიმაგრებენ ზურგს. სიმართლე გითხრათ, სანამ აქამდე მოვიდოდი, ბევრი პროდიუსერი გამოვიცვალე. აქ სულ ცდილობენ მოგატყუონ, გამოგიყენონ და ყურადღებით უნდა იყო, რომ გული არ გატკინონ. აი, მაგალითად, ერთმა ცნობილმა პროდიუსერმა ჩემთან თანამშრომლობა კი ისურვა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უნდოდა, ჩემი ტექსტები მიეთვისებინა, ვითომ მხოლოდ იმიტომ, რომ მას იცნობდნენ და ეს ისევ მე წამადგებოდა, რაც გავაპროტესტე. აქ ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც ბოლომდე მიენდობი... ახლა მეგობრები გახდნენ ჩემი სპონსორები, პროდიუსერები და ერთობლივი შრომით, უკვე კლიპიც გადავიღეთ, რომელიც ბევრს მოსწონს, ბევრიც გვაკრიტიკებს, თუმცა კრიტიკის არ მეშინია, პირიქით, რაც უფრო მეტად გაკრიტიკებენ, რაც უფრო სკანდალური ხდები, ე.ი. მით უფრო საინტერესო ხარ და ეს პოპულარობას უწყობს ხელს - ასე ვფიქრობ...

კლიპი ჩემს სახლშია გადაღებული. ეს ჩემთვის პირველი ნამუშევარია და გპირდებით, მომდევნო ბევრად კარგი იქნება. ვიდეორგოლში დაკავებული არიან ჩემი და და მამიდაშვილი, რომლებმაც ჩემი მეგობრების როლი მოირგეს. ამბავი ასეთია, ორ მეგობარ გოგონას ერთი და იგივე ბიჭი უყვარს, ის კი ორივეს ატყუებს. ფინალში გოგონები სიმართლეს გაარკვევენ და მას ერთ-ერთის სახლში დაიბარებენ. როცა ორივეს ერთად დაინახავს, ბიჭი მიხვდება, რომ გაება...

სხვათა შორის, "ტვიტერზე" კარგთან ერთად, ცუდი კომენტარები არა მარტო უცხოელებმა, არამედ ქართველებმაც დამიტოვეს, მაგრამ არა უშავს, მე ახლა დავიწყე ეს ყველაფერი და მჯერა, წარმატებები წინ მელოდება.

- რა გენატრება ყველაზე მეტად?

- რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მენატრება ბებო და პაპა... საოცრად თბილი ადამიანები არიან. არასდროს მინახავს მათზე კეთილი ადამიანები და ჩემი ოცნებაა, მათ ჩემით იამაყონ!.. კიდევ, ქართული საჭმელები მენატრება. მერწმუნეთ, იქ ყველაფერს სულ სხვა გემო აქვს...

- დედა არ გიმზადებთ ქართულ კერძებს?

- კი, მაგრამ ისეთი გემო არ აქვს, როგორიც ქართული პროდუქტებისგან მომზადებულს. ყველაზე მეტად მიყვარს ფენოვანი და ქართული პომიდორი.

- ოჯახში ფრანგულად საუბრობთ? - უფრო, ქართულ-ფრანგულად. სამწუხაროდ, ბავშვებს ზოგჯერ გვავიწყდება ქართულად სიტყვები და ფრანგულს ვიშველიებთ. მშობლები სულ ქართულად საუბრობენ. 5 და-ძმა ვართ და ჩვენ შორის სამი აქ დაიბადა...

- ალბათ, მანდ ქართველი მეგობრებიც გყავს. ოჯახში არ გეუბნებიან, ქართველზე უნდა გათხოვდეო? - აუ, როგორ არ მინდოდა, ჩემთვის ეს კითხვა დაგესვა...

- რატომ, არ მოგწონს ქართველი ბიჭები?

- სამეგობროდ - კი, მაგრამ "სხვანაირად" ვერასდროს შევხედავ. არა მგონია, ქართველს გავყვე, თუნდაც ამის გამო მამა გამებუტოს. ძალიან მეგობრულად ვუყურებ მათ და ალბათ, ამიტომ ვფიქრობ ასე... არ ვიცი, საქართველოში როგორი ბიჭები ცხოვრობენ, მაგრამ ვინც აქაა, მათზე, როგორც შეყვარებულზე, ვერ ვიფიქრებ...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის) იხილეთ ანილოს კლიპი: