"წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ. ზოგს წარსული არა აქვს და მას იგონებს, ჩვენ ხომ გვაქვს?" - კვირის პალიტრა

"წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ. ზოგს წარსული არა აქვს და მას იგონებს, ჩვენ ხომ გვაქვს?"

"გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ბევრჯერ წავქცეულვართ, მაგრამ წამოვმდგარვართ. ახლაც გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. პოლიტიკოსებმა იმას უნდა შეუწყონ ხელი, რომ ერი ორად არ უნდა იყოს გაყოფილი. ცხოვრება მრავალფეროვანია, რუსთაველი ამბობს, "გვაქვს უთვალავი ფერითა"-ო. ასე რომ, არ შეიძლება ქვეყანაში მარტო ერთი, ორი ან სამი აზრი იყოს, აზრთა მრავალფეროვნება და მათი შეჯერებაა საჭირო, ასე უნდა გავიდეთ ფონს..."

"როცა საერთო ჭირია ქვეყანაში, მგონი, პანდემიამ ერთმანეთი უფრო უნდა შეგვაყვაროს. ახლა მეტი ფიქრის, მეტი სიყვარულის გამომჟღავნების დროა... მინდა რომ ჩემი ცხოვრების დღეები ასე მიმყავდეს

- ყოველთვის ვინმე მომწონდეს,

ყოველთვის ვინმე მიყვარდეს.

შესაძლებლობა ამისი,

ასე, თუ ისე, რომ მქონდეს,

ნება მომეცით, მიყვარდეთ,

ნება მომეცით, მომწონდეთ!".

ეს მარტო ჩემი ფიქრი არ არის, ეს განწყობა ვიცი, თქვენც და სხვებსაც აქვთ. როცა ეს ლექსი გამოვაქვეყნე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვნახე, ყველა როგორაა სულიერად მომზადებული იმისათვის, რომ ერთმანეთი უყვარდეთ", - იმედიანად გვეუბნება პოეტი და მთარგმნელი ნომადი ბართაია და გვარწმუნებს, რომ სიყვარული გადამდებია...

უკანასკნელი კანუდოსელი

გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე ჩვენი დიდი მეგობარი. ძალიან გულდასაწყვეტია, მაინც ჯერ არ იყო ისეთ ასაკში, რომ წასულიყო ასეთი დიდი კაცი... ერთს ვიტყოდი მხოლოდ მის შესახებ - გარდა იმისა, რომ ყველასთვის საყვარელი დიდი მწერალი იყო, მახსოვს, გურამ დოჩანაშვილი სტუდენტობიდან როგორი დიდი სიყვარულით სარგებლობდა ახალგაზრდებში და ეს სიყვარული ბოლომდე გაჰყვა თავისი ნიჭიერების, შემოქმედებისა და ადამიანურობის გამო. ყველამ ვიცით, როგორი დიდი მწერალი იყო და მინდა ყურადღება მივაქციო მის ადამიანურ თვისებას - საოცრად ბავშვური, უბრალო და გულუბრყვილო იყო.

არავითარი ამბიციურობა და პრეტენზიულობა არ იყო მასში, მუდმივად ჩრდილში იდგა, მაგრამ ისეთ კარგ ნაწარმოებებს წერდა, ძალაუნებურად ხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ისეთი გულუბრყვილო იყო, ბავშვიც კი მოატყუებდა... მისი შემოქმედება კი ვიცით, რა დიდებულია.

ხშირად ვხვდებოდით და ვსაუბრობდით... მალე ჩემი მესამე ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა, სადაც ბავშვობიდან მოვყვები, ჩემს მოგონებებში, რა თქმა უნდა, გურამიც დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს.

"სულ სხვა დროში ვცხოვრობთ"

60-იანელების თაობას ფეხდაფეხ მოსდევს ჩემი ასაკის ხალხი - ჯარჯი ფხოველი, გივი ალხაზიშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, გიგლა სარიშვილი... სულ სხვა დროში ვცხოვრობდი და სულ სხვაში ვცხოვრობ ახლა. ერთი ლექსი რომ დავწერო და სადმე დავბეჭდო, იმწუთას ნებისმიერ კონტინენტზე წაიკითხავს ვიღაც. ჩვენ კი ლექსს რომ დავწერდით, ერთმანეთთან მივარბენინებდით. ერთი მეგობარი ავლაბარში ცხოვრობდა, მეორე - სანზონაში და ა.შ. მივდიოდით და ვუკითხავდით ერთმანეთს ახალ ლექსს.

მაშინ საბჭოთა ცენზურა იყო და შეფარვით თუ გვქონდა რაიმე მინიშნება, რაც შეიძლება სხვებისთვის არ ყოფილიყო მოსაწონი, ერთმანეთს ლექსებში ვუმხელდით. საბჭოთა პერიოდში გამადიდებელი შუშით კითხულობდნენ ყველა სიტყვას და რაღაცას თუ გავაპარებდით, მიღწევა იყო. ფიზიკურად უნდა მიგვეტანა ერთმანეთამდე ჩვენი სათქმელი.

მაგალითად, ჯემალ აჯიაშვილს ახალი სიტყვა რომ ეპოვა ძველ ქართულში, მორბოდა და მახარებდა, ნახე, რა ვიპოვეო. ჩვენი საუბარი პოეზიას და ახალ ლექსებს ეხებოდა, მათთან სხვა საუბარი არ მახსოვს, მხოლოდ ლიტერატურა... გიგლა სარიშვილს სიარული უჭირდა, ფეხის პროთეზი ჰქონდა და მასთან იქით მივდიოდით, მისი სახლი ჩვენთვის ლიტერატურული სალონივით იყო.

"წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ"

მწერალი საქართველოში ყოველთვის ერის წინამძღოლი იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ილია გვყავდა. ადრე მწერლებს უსმენდა ხალხი. ახლა ესეც შეიცვალა, მაინც მგონია, ეს მოვლენა დროებითი უნდა იყოს. მწერლობა ეროვნულობასთან არის დაკავშირებული და მიმაჩნია, მწერალი ერის წინამძღოლი უნდა იყოს, მწერალი და პოეტი უნდა ფასობდეს.

აღმოსავლეთში, რომელიღაც ქალაქში როცა მოგზაური შედიოდა და კარიბჭე გაიღებოდა, პირველად იმას იკითხავდა, რამდენი პოეტი გყავთ ამ მხარეშიო. ასე იწყებოდა საუბარი და ამით ფასდებოდა ის ხალხი.

ჩვენ გვყავს უდიდესი განძი, რუსთაველი, მაგრამ მგონია, მისი ფასი მაინც არ ვიცით. პოემები რომ ავიღოთ, ყველა გენიალური ნაწარმოები აღმოსავლურია ან დასავლური. ერთადერთია "ვეფხისტყაოსანი", რომელიც აღმოსავლურიც არის და დასავლურიც იმიტომ, რომ ჩვენ ამ ორ კულტურას ვაერთიანებთ. ამაშია ამ პოემის უნიკალურობა, ორივე მხარის ნაზავია. რუსთაველის იუბილეზე, რომელიც უღიმღამოდ გაიმართა, აქ მთელი მსოფლიო უნდა მოგვეყარა და გვეჩვენებინა, ვინ ვართ და რანი ვართ.

წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ. ზოგს წარსული არა აქვს და მას იგონებს, ჩვენ ხომ გვაქვს? ამ პატარა ერმა მსოფლიოს უნდა გააცნოს თავი, ყველამ ხომ არ იცის ჩვენ შესახებ? ჩვენს თავს ჩვენ უნდა მივხედოთ.

"ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვიპოვოთ"

როცა საერთო ჭირია ქვეყანაში, მგონი, პანდემიამ, ერთმანეთი უფრო უნდა შეგვაყვაროს. ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვიპოვოთ, უფრო დავაფასოთ ერთმანეთი.

ახლა მეტი ფიქრის, მეტი სიყვარულის გამომჟღავნების დროა. ჩემს თაობას, მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა, ნათესაურმა, მეგობრულმა გრძნობამ ერთმანეთი გაგვატანინა. მდინარე ვერე რომ ადიდდა და წალეკა თბილისი, როგორ დაირაზმა ქართველობა ერთმანეთის საშველად, როგორი ერთსულოვნება გამოხატა...

"ეს მტრული დამოკიდებულება ბოლოს მოგვიღებს"

ეს პანდემია რაღაცა დადებითი მუხტის მატარებელიცაა. ერთია, რომ ცუდია და საშიში ვირუსი, მეორე მხრივ, ვგრძნობ, რომ უფრო უკეთესი უნდა გავხდეთ, უფრო უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, თორემ ეს პოლარიზაცია და მტრული დამოკიდებულება ბოლოს მოგვიღებს. შინ ვართ ჩაკეტილი და მე სხვა დროს თუ ვერ მოვიცლიდი, ახლა მოვიცალე - ერთ დროს დღიურებს ვაკეთებდი, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ყველა მიტინგის მსვლელობას ვიწერდი 1988-დან 1993 წლამდე, სანამ ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად არ წავიდა ჩვენგან.

რომელ მიტინგზეც ვიყავი, ყველა ჩაწერილი მაქვს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. წიგნი ახლახან გამოვიდა. ეს ახლა გავაკეთე, პანდემიის ჟამს. სხვა დროს ამისთვის შეიძლება არ მომეცალა. იმ წლებისკენ გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ ახლა ამაში, ეტყობა, პანდემია დამეხმარა და შეიქმნა "ეროვნული მოძრაობის დღიურები".

"ჩვენ ხომ გუშინდელი ერი არა ვართ..."

ეს რა დღეში ხარ, სოფელო ჩემო,

ნუთუ იყავი შენ ამის ღირსი.

შვილების ნაცვლად გეზრდება ახლა,

მიტოვებული სახლების რიცხვი... დაცლილი სოფელია ჩემი სატკივარი... ერთი კია, პანდემიამ დააფიქრა და ხალხმა ცოტა პირი იბრუნა სოფლისკენ, მაგრამ ეს უცბად ვერ მოხდება. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ადამიანებს, რომ სოფელში დამაგრდნენ... შარშან ჩემს სოფელში, ლეხაინდრაოში ჩავედი, ბიჭები მოვიკითხე და გავიგე, თურმე პოლონეთის ბრიგადა შექმნილა და ვისაც ფიზიკურად რამე შეეძლო, ყველანი იქ შრომობენ, სოფელში კი რჩება მათი დაუმუშავებელი ეზო-კარი და მიწები.

ახლა დეივიდ მარშალ ლენგი, ინგლისელი ქართველოლოგი, კავკასიოლოგი და პროფესორი გამახსენდა, წერდა: "საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად იწამებ ღმერთს, რადგან ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია, არ არსებობს". როგორც ჩანს, მართლა გვმფარველობს ღმერთი... მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არქეოლოგებმა რვა ათასი წლის ქანდაკება ნახეს, ქართველ კაცს ყანწი უჭირავს ხელში. მერე ლექსშიც ვთქვი, როგორც ჩანს, 8 ათასი წელია, ქართველი ქართველს ლოცავს-მეთქი. ჩვენ ხომ გუშინდელი ერი არა ვართ, უძველესი ცივილიზაციის კერებიდან მოვდივართ. ჩვენ მაინც დავძლევთ ყველაფერს, არის ჩვენში ამის ძალა.

"რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას?"

ხშირად მესმის, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართო. 30 წელი ისტორიისთვის დიდი დრო არ არის, უარესი გამოგვივლია. ჩვენს საქართველოს ისტორიას რომ ვხედავ მეზობლებთან, აღმოსავლეთის ერებთან ურთიერთობაში, იმასთან შედარებით, ეს არაფერია. ასე რომ, გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ბევრჯერ წავქცეულვართ, მაგრამ წამოვმდგარვართ. ახლაც გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. პოლიტიკოსებმა იმას უნდა შეუწყონ ხელი, რომ ერი ორად არ უნდა იყოს გაყოფილი. ცხოვრება მრავალფეროვანია, რუსთაველი ამბობს, "გვაქვს უთვალავი ფერითა"- ო. ასე რომ, არ შეიძლება ქვეყანაში მარტო ერთი, ორი ან სამი აზრი იყოს, აზრთა მრავალფეროვნება და მათი შეჯერებაა საჭირო, ასე უნდა გავიდეთ ფონს...

ჩემს ქვეყანას ვეტყოდი, რომ მალე ისეთი დრო დამდგარიყოს, შეგვეძლოს ჩვენი შესაძლებლობების თავისუფლად გამოხატვა და ჩვენს შვილებს ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურად ეცხოვროთ. თბილი ურთიერთობები მენატრება.

თბილისში ვცხოვრობ და ბევრი ნათესავი მყავს სოფელში. იქ რომ ვინმეს რამე ეტკინებოდა ან თუ რაღაც მოხდებოდა, მაშინვე ჩავდიოდი მათთან და ისინიც ასევე იქცეოდნენ. ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით. ახლა გაწყდა ეს კავშირები, ის სითბო სადღაც დაიკარგა... მინდა ის ადამიანური ურთიერთობები და ის სიყვარული დავიბრუნოთ.

აი, ძვირფასო, მოვედი რისთვის,

აი, ძვირფასო, რისი თქმა მსურდა,

გიყვარდეს უნდა, არსებობ რახან,

რახან არსებობ, გიყვარდეს უნდა.

სიყვარულისთვის ერთია ყველა

ვინა ხარ, რა ხარ, რა ხარ და ვინ ხარ,

მე ისიც მიყვარს, მინახავს ვინცა,

ვინც არ მინახავს, მე ისიც მიყვარს!