"წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ. ზოგს წარსული არა აქვს და მას იგონებს, ჩვენ ხომ გვაქვს?"
"წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ. ზოგს წარსული არა აქვს და მას იგონებს, ჩვენ ხომ გვაქვს?"
"გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ბევრჯერ წავქცეულვართ, მაგრამ წამოვმდგარვართ. ახლაც გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. პოლიტიკოსებმა იმას უნდა შეუწყონ ხელი, რომ ერი ორად არ უნდა იყოს გაყოფილი. ცხოვრება მრავალფეროვანია, რუსთაველი ამბობს, "გვაქვს უთვალავი ფერითა"-ო. ასე რომ, არ შეიძლება ქვეყანაში მარტო ერთი, ორი ან სამი აზრი იყოს, აზრთა მრავალფეროვნება და მათი შეჯერებაა საჭირო, ასე უნდა გავიდეთ ფონს..."

"როცა საერთო ჭირია ქვეყანაში, მგონი, პანდემიამ ერთმანეთი უფრო უნდა შეგვაყვაროს. ახლა მეტი ფიქრის, მეტი სიყვარულის გამომჟღავნების დროა...
მინდა რომ
ჩემი ცხოვრების
დღეები ასე მიმყავდეს
- ყოველთვის ვინმე მომწონდეს,
ყოველთვის ვინმე მიყვარდეს.
შესაძლებლობა ამისი,
ასე, თუ ისე, რომ მქონდეს,
ნება მომეცით, მიყვარდეთ,
ნება მომეცით, მომწონდეთ!".

ეს მარტო ჩემი ფიქრი არ არის, ეს განწყობა ვიცი, თქვენც და სხვებსაც აქვთ. როცა ეს ლექსი გამოვაქვეყნე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და
ვნახე, ყველა როგორაა სულიერად მომზადებული იმისათვის, რომ ერთმანეთი უყვარდეთ", - იმედიანად გვეუბნება პოეტი და მთარგმნელი ნომადი ბართაია და გვარწმუნებს,­ რომ სიყვარული გადამდებია...

უკანასკნელი კანუდოსელი

გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე ჩვენი დიდი მეგობარი. ძალიან გულდასაწყვეტია,­ მაინც ჯერ არ იყო ისეთ ასაკში, რომ წასულიყო ასეთი დიდი კაცი... ერთს ვიტყოდი­ მხოლოდ მის შესახებ - გარდა იმისა, რომ ყველასთვის საყვარელი დიდი მწერალი იყო, მახსოვს, გურამ დოჩანაშვილი სტუდენტობიდან როგორი დიდი სიყვარულით სარგებლობდა ახალგაზრდებში და ეს სიყვარული ბოლომდე გაჰყვა თავისი ნიჭიერების, შემოქმედებისა და ადამიანურობის გამო. ყველამ ვიცით, როგორი დიდი მწერალი იყო და მინდა ყურადღება მივაქციო მის ადამიანურ თვისებას - საოცრად ბავშვური, უბრალო და გულუბრყვილო იყო.

არავითარი ამბიციურობა და პრეტენზიულობა არ იყო მასში, მუდმივად ჩრდილში იდგა, მაგრამ ისეთ კარგ ნაწარმოებებს წერდა, ძალაუნებურად ხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ისეთი გულუბრყვილო იყო, ბავშვიც კი მოატყუებდა... მისი შემოქმედება კი ვიცით, რა დიდებულია.

ხშირად ვხვდებოდით და ვსაუბრობდით... მალე ჩემი მესამე ავტობიოგრაფიული წიგნი­ გამოვა, სადაც ბავშვობიდან მოვყვები, ჩემს მოგონებებში, რა თქმა უნდა, გურამიც დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს.

"სულ სხვა დროში ვცხოვრობთ"

60-იანელების თაობას ფეხდაფეხ მოსდევს ჩემი ასაკის ხალხი - ჯარჯი ფხოველი, გივი ალხაზიშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, გიგლა სარიშვილი... სულ სხვა დროში ვცხოვრობდი და სულ სხვაში ვცხოვრობ ახლა. ერთი ლექსი რომ დავწერო და სადმე დავბეჭდო, იმწუთას ნებისმიერ კონტინენტზე წაიკითხავს ვიღაც. ჩვენ კი ლექსს რომ დავწერდით, ერთმანეთთან მივარბენინებდით. ერთი მეგობარი ავლაბარში ცხოვრობდა, მეორე - სანზონაში და ა.შ. მივდიოდით და ვუკითხავდით ერთმანეთს ახალ ლექსს.

მაშინ საბჭოთა ცენზურა იყო და შეფარვით თუ გვქონდა რაიმე მინიშნება, რაც შეიძლება სხვებისთვის არ ყოფილიყო მოსაწონი, ერთმანეთს ლექსებში ვუმხელდით. საბჭოთა პერიოდში გამადიდებელი შუშით კითხულობდნენ ყველა­ სიტყვას და რაღაცას თუ გავაპარებდით,­ მიღწევა იყო. ფიზიკურად უნდა მიგვეტანა ერთმანეთამდე ჩვენი სათქმელი.

მაგალითად, ჯემალ აჯიაშვილს ახალი სიტყვა რომ ეპოვა ძველ ქართულში, მორბოდა და მახარებდა, ნახე, რა ვიპოვეო. ჩვენი საუბარი პოეზიას და ახალ ლექსებს ეხებოდა, მათთან სხვა საუბარი არ მახსოვს, მხოლოდ ლიტერატურა... გიგლა სარიშვილს სიარული უჭირდა, ფეხის პროთეზი ჰქონდა და მასთან იქით მივდიოდით, მისი სახლი ჩვენთვის ლიტერატურული სალონივით იყო.

"წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ"

მწერალი საქართველოში ყოველთვის ერის წინამძღოლი იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ილია გვყავდა. ადრე მწერლებს უსმენდა ხალხი. ახლა ესეც შეიცვალა,­ მაინც მგონია, ეს მოვლენა დროებითი უნდა იყოს. მწერლობა ეროვნულობასთან არის დაკავშირებული და მიმაჩნია, მწერალი ერის წინამძღოლი უნდა იყოს, მწერალი და პოეტი უნდა ფასობდეს.

აღმოსავლეთში, რომელიღაც ქალაქში როცა მოგზაური შედიოდა და კარიბჭე გაიღებოდა, პირველად იმას იკითხავდა, რამდენი პოეტი გყავთ ამ მხარეშიო. ასე იწყებოდა საუბარი და ამით ფასდებოდა ის ხალხი.

ჩვენ გვყავს უდიდესი განძი,­ რუსთაველი, მაგრამ მგონია, მისი ფასი მაინც არ ვიცით. პოემები რომ ავიღოთ, ყველა გენიალური ნაწარმოები აღმოსავლურია ან დასავლური. ერთადერთია "ვეფხისტყაოსანი", რომელიც აღმოსავლურიც არის და დასავლურიც იმიტომ, რომ ჩვენ ამ ორ კულტურას ვაერთიანებთ. ამაშია ამ პოემის უნიკალურობა, ორივე მხარის ნაზავია. რუსთაველის იუბილეზე, რომელიც უღიმღამოდ გაიმართა, აქ მთელი მსოფლიო უნდა მოგვეყარა და გვეჩვენებინა, ვინ ვართ და რანი ვართ.

წარსულზე თუ არ ვიდგებით, წინ ვერ წავალთ. ზოგს წარსული არა აქვს და მას იგონებს, ჩვენ ხომ გვაქვს? ამ პატარა ერმა მსოფლიოს უნდა გააცნოს თავი, ყველამ ხომ არ იცის ჩვენ შესახებ? ჩვენს თავს ჩვენ უნდა მივხედოთ.

"ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვიპოვოთ"

როცა საერთო ჭირია ქვეყანაში, მგონი, პანდემიამ, ერთმანეთი უფრო უნდა შეგვაყვაროს. ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვიპოვოთ, უფრო დავაფასოთ ერთმანეთი.

ახლა მეტი ფიქრის, მეტი სიყვარულის გამომჟღავნების დროა. ჩემს თაობას, მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა, ნათესაურმა, მეგობრულმა გრძნობამ ერთმანეთი გაგვატანინა. მდინარე ვერე რომ ადიდდა და წალეკა თბილისი, როგორ დაირაზმა ქართველობა ერთმანეთის საშველად, როგორი ერთსულოვნება გამოხატა...

"ეს მტრული დამოკიდებულება ბოლოს მოგვიღებს"

ეს პანდემია რაღაცა დადებითი მუხტის მატარებელიცაა. ერთია, რომ ცუდია და საშიში ვირუსი, მეორე მხრივ, ვგრძნობ, რომ უფრო უკეთესი უნდა გავხდეთ, უფრო უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, თორემ ეს პოლარიზაცია და მტრული დამოკიდებულება ბოლოს მოგვიღებს. შინ ვართ ჩაკეტილი და მე სხვა დროს თუ ვერ მოვიცლიდი, ახლა მოვიცალე - ერთ დროს დღიურებს ვაკეთებდი, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ყველა მიტინგის მსვლელობას ვიწერდი 1988-დან 1993 წლამდე, სანამ ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად არ წავიდა ჩვენგან.

რომელ მიტინგზეც ვიყავი, ყველა ჩაწერილი მაქვს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. წიგნი ახლახან გამოვიდა. ეს ახლა გავაკეთე, პანდემიის ჟამს. სხვა დროს ამისთვის შეიძლება არ მომეცალა. იმ წლებისკენ გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ ახლა ამაში, ეტყობა, პანდემია დამეხმარა და შეიქმნა "ეროვნული მოძრაობის დღიურები".

"ჩვენ ხომ გუშინდელი ერი არა ვართ..."

ეს რა დღეში ხარ, სოფელო ჩემო,
ნუთუ იყავი შენ ამის ღირსი.
შვილების ნაცვლად გეზრდება ახლა,
მიტოვებული სახლების რიცხვი...
დაცლილი სოფელია ჩემი სატკივარი... ერთი კია, პანდემიამ დააფიქრა და ხალხმა­ ცოტა პირი იბრუნა სოფლისკენ, მაგრამ ეს უცბად ვერ მოხდება. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ადამიანებს,­ რომ სოფელში დამაგრდნენ... შარშან ჩემს სოფელში, ლეხაინდრაოში ჩავედი, ბიჭები მოვიკითხე და გავიგე, თურმე პოლონეთის ბრიგადა შექმნილა და ვისაც ფიზიკურად რამე შეეძლო, ყველანი იქ შრომობენ, სოფელში კი რჩება მათი დაუმუშავებელი ეზო-კარი და მიწები.

ახლა დეივიდ მარშალ ლენგი, ინგლისელი ქართველოლოგი, კავკასიოლოგი და პროფესორი გამახსენდა, წერდა: "საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად იწამებ ღმერთს, რადგან ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე­ მოეღწია, არ არსებობს"­. როგორც ჩანს, მართლა გვმფარველობს ღმერთი... მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არქეოლოგებმა რვა ათასი წლის ქანდაკება ნახეს, ქართველ კაცს ყანწი უჭირავს ხელში. მერე ლექსშიც ვთქვი, როგორც ჩანს, 8 ათასი წელია, ქართველი ქართველს ლოცავს-მეთქი. ჩვენ ხომ გუშინდელი ერი არა ვართ, უძველესი ცივილიზაციის კერებიდან მოვდივართ. ჩვენ მაინც დავძლევთ ყველაფერს, არის ჩვენში ამის ძალა.

"რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას?"

ხშირად მესმის, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართო. 30 წელი ისტორიისთვის დიდი დრო არ არის, უარესი გამოგვივლია. ჩვენს საქართველოს ისტორიას რომ ვხედავ მეზობლებთან, აღმოსავლეთის ერებთან ურთიერთობაში, იმასთან შედარებით, ეს არაფერია. ასე რომ, გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ბევრჯერ წავქცეულვართ, მაგრამ წამოვმდგარვართ. ახლაც გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. პოლიტიკოსებმა იმას უნდა შეუწყონ ხელი, რომ ერი ორად არ უნდა იყოს გაყოფილი. ცხოვრება მრავალფეროვანია, რუსთაველი ამბობს, "გვაქვს უთვალავი ფერითა"- ო. ასე რომ, არ შეიძლება ქვეყანაში მარტო ერთი, ორი ან სამი აზრი იყოს, აზრთა მრავალფეროვნება და მათი შეჯერებაა საჭირო, ასე უნდა გავიდეთ ფონს...

ჩემს ქვეყანას ვეტყოდი, რომ მალე ისეთი დრო დამდგარიყოს, შეგვეძლოს ჩვენი შესაძლებლობების თავისუფლად გამოხატვა და ჩვენს შვილებს ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურად ეცხოვროთ. თბილი ურთიერთობები მენატრება.

თბილისში ვცხოვრობ და ბევრი ნათესავი მყავს სოფელში. იქ რომ ვინმეს რამე ეტკინებოდა ან თუ რაღაც მოხდებოდა, მაშინვე ჩავდიოდი მათთან და ისინიც ასევე იქცეოდნენ. ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით. ახლა გაწყდა ეს კავშირები, ის სითბო სადღაც დაიკარგა... მინდა ის ადამიანური ურთიერთობები და ის სიყვარული დავიბრუნოთ.

აი, ძვირფასო, მოვედი რისთვის,
აი, ძვირფასო, რისი თქმა მსურდა,
გიყვარდეს უნდა, არსებობ რახან,
რახან არსებობ, გიყვარდეს უნდა.
სიყვარულისთვის ერთია ყველა
ვინა ხარ, რა ხარ, რა ხარ და ვინ ხარ,
მე ისიც მიყვარს, მინახავს ვინცა,
ვინც არ მინახავს, მე ისიც მიყვარს!
მკითხველის კომენტარი (4)
beso
23 აპრილი 2021 12:31


“ერთადერთია "ვეფხისტყაოსანი", რომელიც აღმოსავლურიც არის და დასავლურიც იმიტომ, რომ ჩვენ ამ ორ კულტურას ვაერთიანებთ.“ რუსთაველი ქართულია და მხოლოდ ქართული, კომპოზიციითა და აზრით. ის კავკასიური ეპოსის, დიდი და პატარა არაკის, ქართული მისტიკის შედევრია. მარტო ლომ-ვეფხვის დახოცვის ამბავი რომ მოეთხრო ის ეყოფოდა ადამიანთა მოდგმის აზროვნებას, რომ ის ღვთაებრივად ჩაეთვალა. ამის ბადალი სცენა და სამყაროს დანახვა მსოფლიო პოეზიას არ გააჩნია. იმავე აზრისაა ვაჟა ფშაველა, ხოლო მის ახსნას ვერ შებედა, ფილოსოფოსიაო საჭირო. კაცი ვეფხისტყაოსანი, რომელიც ველადაა გაჭრილი კლავს ძუ ვეფხს და ეუბნება ავთანდილს, რომ ცოცხალი რანაირად ვარო. რატომ მოკლა რუსთველმა ძუ ვეფხი, თანაც ვეფხისტყაოსნის ხელით, რომელიც მიჯნურია (დაუწუნა ლომს მიჯნურობა და სხვათაშორის გაგებაში შემოაკვდა მიჯნურს, ასევე მამრს). მაშინ რა აზრის აქვს ნესტანის დევნას, ხომ შეიძლება ისიც ჩვენი პრაქტიკის გათვალისწინებით მსგავს, ან სხვა სცენებში შემოაკვდეს? ვეფხსა და ვეფხისტყაოსანს შორის ე.გრეგორი არ დგას, რაც კაცსა და ქალს აკავშირებს ერთმანეთან, ადამიანის მოდგმის მიჯნურობის გაგება-თამაშთან. ხოლო ძუ ვეფხსა და ტარიელს შორის ეს სამყარო არ დგას. აიღო რუსთაველმა ზეცით მიწაზე მოსიარულე (ქრისტიანია) ვეფხისტყაოსანის მიჭნურობა და აიტანა მესამე რეგისტრში, ანი ინის სამყაროში, სადაც ანი ინის არასდროს ნებით არ მიუშვებს და ტარიელს არავითარი შანსი არ რჩება, თუ არ დამარცხდეს, როგორც მიჯნური. >>>>>>>>> >>>>>>>>>>>>>>>>>მსოფლმხედველობა და წესი, ე გრეგორი უძღვის წინ ადამიანის შეწყვილებას, თუ არა მის გარეშე ჩვენ მივიღებთ იმავე სცენას, რაც ძუ ვეფხთან მოხდა. ეს იძლევა უამრავის მხედველობისა და პრაქტიკების გასაღებს აზროვნებაში, წაწლობის ფენომენის დანახულობას, რომელიც გაცილებით ძლიერი დანახულობაა ადამიანისა, ვიდრე ყველა სხვა დანახულობა>>>>>>>>>>>>>>>>>>>რუსთველი ბერებმა გამოატარეს ისტორიას, თუ არა რამდენს ექნებოდა მცდელობა მის განადგურებაზე ღმერთმა უწყის.
გიორგი
23 აპრილი 2021 12:27
"მწერალი საქართველოში ყოველთვის ერის წინამძღოლი იყო." - ეგ როდის იყო? ერთი საბჭოთა კავშირი ვიცი სადაც მწერალთა კავშირს იყენებდნენ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, სულ ეგ არის.

მწერლების აშენებული ქვეყანა კაცობრიობის ისტორიამ არ იცის, ზღაპრებს ნუ ყვებით.
beso
23 აპრილი 2021 11:33
"საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად იწამებ ღმერთს, რადგან ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია, არ არსებობს"¬. ცალსახად არ ვიზიარებ. მიუღებელია, საქარტველო არ იცნობს თავის თავს და არც ქართულ ფენომენს. არ იცნობს არც რუსთაველსა და მითოლოგიას. მეწყინა ეს ბატონ ნომადისაგან, სხვას რომ ეთქვა გავუთარებდი. საქართველოს მისტიკის მრავალფეროვნების სამყაროა. მარტო წაწლობის ფენომენის გააზრება გააგიჟებს კაცს. საიდან ეს დანახვა ადამიანისა, საიდან ქრისტე ქრისტეს მოსვლამდე საქრთველოში. საიდან ქართული მელოდია შაივი ზღვის არეალიდან ტუვამდე. რომელმა მისტიკამ მოიგო დიდგორის ომი? რა აზრებში დადის დავით აღმაშენებელის სამყარო ან მხედრობა. რას სჩადის 56 ათასი ჯარისკაცია და ვინაა ეს ხალხი, რა მისტიკაშია? ალექსანდრე მაკედონელზე ღმერთებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ხოლო დიოგენე ეუბნება მზეს ნუ მეფარებიო. შენს სახელზე სხვამ მიიღო გადაწყვეტილებაო, ხოლო ჩემი სახელი მე თავად შევქმენიო და მზეს ნუ მეფარებიო. აღმოსავლეთის კოალიციას შეებრძოლა ალექსანდრე მაკედონელი, ხოლო დავით აღმაშენებელმა ეს კოალიცია დიდგორის ველზე შემოიტყუა რუდ მიხელსის უბურთოდ თამაშის მოძრაობაში. არათუ შემოიტყუა, არამედ აჩვენა ადამიანის, ქრისტეს უნარი, ისე, რომ ჩინეთისა და ინდოეთის შემჩერებელ ისლამს დაანახა, რომ კავკასია ქრისტეს ქართველობისათვის უნდა დაეთმო მას. საქართველოში, ქართულენოვან მოდგმაში გაგება და მსოფლმხედველობა მყარად იდგა ფეხზე და ის ხმელთაშუა-შავი ზღვის ხალხთა მოდგმისათვის გეოპოლიტიკის გაგებაში დეფიციტს არ/ვერ შექმნიდა. >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>საქართველო მისტიკების, ხედვების მრავალფენოვანი სამეფოა, რომელმაც იარსება სკვითურ-მიდიურ-სპარსულ იმპერიების სამყაროში და მას იქით ქონდა მოთხოვნა, ამ მისტიკასა და უნარებს იქით მოთხოვნა. მას ამის ექსპორტს აწერდნენ ხარკად და ის აქედან ქალს მიქონდა იმ ხალხში და მრავლობითში შემიძლია განახოთ ის, თუ ვისი მელოდიის ფონზე მხერის, ვის მისტიკასა და დანახულობაში მღეის სხვა ეთნოსები. რა სჭირდა დასაკარგი, როცა მათ თავად უნდოდათ ამის სიცოცხლე.
ალექს
23 აპრილი 2021 03:47
კაცო ყველაფერ უცხოურზე რომ ვგიჟდებით წამხედურობამდე,მგონი მიზეზი ისა აქვს, რომ 5 ათასი წლის წინ აქ ტრანსპორტი არ დადიოდა, ჰო , რა , იაზონი ძლივს მოცურდა და აბა კავკასიონზე ახლაც ვერ გადმოდიან -უცხო თვალით არ გვხვადა ნანახი და როცა ვნახეთ ვიუცხოვეთ ! საუცხოო ვინმეები ვართ ! რა ვქნათ ახლა გადავყვეთ ამ მიშას და ბიძინას , თუ მაგათ პატარპატარა მიშებს და ბიძინებს ? ბიჯო, აღარ გვყავს დავითი და თამარი, ილია, საბა და ვაჟა, არც კოსტავა და გამსახურდია, რატომ არა ვარ მეფე გიორგიო რომ თქვა , არც ისა, აღარ არიან მამარდაშვილი და ჭაბუა, არც ოტია, ბევრი, ვინც აღარ ჩამოვთვალე- სულ რჩეულ-რჩეული ქართველები , დავრჩით ჩვენ და, გადავცვივდეთ ამის გამო ხრამში ? თუ ვიაროთ წინ ? რას დადიხარ ამ უდაბნოში წლობით ?! აა , რას დაეთრევი 40 წელი ამ უდაბნოში უარაღოს მამელუქის არ იყოს , კონდრატესი , აგერ არაა მობალახებული დასავლეთის მარშრუტი ? აა, იქიდან ხარ ფესვით ? იქიდან ებრაელიცაა და დარჩა იქა, სამაგიეროდ უდაბნო აღარ აქვს, დარგო , დათესა , გაახარა და უდაბნო აქცია წაკლოტად, მართალია გაჭირვებული და კუთხეში მიჯირყვნილი ქართველის სტატუსს ნატრობდა , თუ ჭკუას, თუ მოიპოვა და იხმარა ეგ ჭკუა, ამდენი არ ვიცი და, არ ხარ ახლა ღირსი აიწყვიტოს ჯაჭვები იმ ამირანმა და ისეთი გწყვიტოს , რომ შუბლის ძარღვი გაგიწყვიტოს , მაგრამ სად გაქვს ? არ გაქვს! ვეჭვობ დიდი ხანია, რომ ქართველი ეროვნება კი არა, სტატუსია, ამფერი აფრაკი არაა არსად დუნიაზე ! ბიჯო, ღმერთმა თავისი მიწა წალკოტი მოგცა, აუდაბნოვებ ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები