"როცა დავბრუნდი, აეროპორტში სახეშეცვლილი ოჯახის წევრები დავინახე - გულმა მიგრძნო, რომ რაღაც არასასიამოვნო იყო მომხდარი"
"როცა დავბრუნდი, აეროპორტში სახეშეცვლილი ოჯახის წევრები დავინახე - გულმა მიგრძნო, რომ რაღაც არასასიამოვნო იყო მომხდარი"
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი

ცხოვრება იმ შთაბეჭდილებების უწყვეტი ჯაჭვია, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. ფაქტები, ამბები, ადამიანები, ურთიერთობები, წიგნები, ფილმები და სხვა, ჩვენში როგორც დადებით, ისე უარყოფით ემოციებს იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები მეხსიერებაში სამუდამოდ ილექება. მსახიობი თაკო ჭანუყვაძე მისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა.

- გაიხსენეთ ყველაზე ნათელი მოგონება თქვენი ბავშვობიდან, რომელიც დღემდე მოგყვებათ...
- ასეთი მოგონებები საკმაოდ ბევრია, თუმცა გამოვყოფ პირველ გასტროლს. მაშინ დაახლოებით 10 წლის ვიყავი და მადრიდში გვქონდა კონცერტი.
ჩვენს მაყურებლებს ემიგრანტები წარმოადგენდნენ და მათი ემოცია იმდენად მძაფრი იყო, არასდროს დამავიწყდება.

- რატომ აირჩიეთ მსახიობის პროფესია და რატომ არ გახდით მოცეკვავე?
- ეს ჩემთვის რთული საკითხი იყო. არჩევნის გაკეთებამ მომიწია, რადგან ეს ორი პროფესია ერთად, უბრალოდ წარმოუდგენელია. ქართულ ცეკვაზე 10 წლის განმავლობაში დავდიოდი, ბევრი
კარგი მოგონება მაკავშირებს იმ წლებთან, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და სამსახიობო განათლება მიმეღო. ცეკვა დღემდე მიყვარს, მაგრამ მსახიობობა და თეატრი ვარჩიე. თავს ვიმშვიდებდი, სპექტაკლებისა და ქორეოდრამების საშუალებით ცეკვის მონატრების შეგრძნებას შევივსებ-მეთქი.

- გაიხსენეთ ემოციურად თქვენთვის ყველაზე მძიმე ფაქტი იმავე პერიოდიდან...
- ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ბაბუის გარდაცვალება. მაშინ თბილისში არ ვიმყოფებოდი, თვენახევრით გახლდით გასტროლზე და როცა დავბრუნდი, აეროპორტში დავინახე სახეშეცვლილი მამა და სხვა ოჯახის წევრები; გულმა მიგრძნო, რომ რაღაც არასასიამოვნო იყო მომხდარი. ბაბუასთან განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა მქონდა. მუდმივად თან დამყვება ეს განცდა და ვწუხვარ, რომ გარდაცვალებამდე მის გვერდით არ ვიყავი.

- ცხოვრების განმავლობაში, უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთა ფრაზები გვამახსოვრდება. გაიხსენეთ ერთი უცნობი, რომლის სიტყვები დღემდე გახსოვთ...
- ერთხელ ქუჩაში ქალბატონმა გამიღიმა, მეც იმავეთი ვუპასუხე და მითხრა, - ვისურვებდი, ყოველთვის ასეთი გამომეტყველება გქონდეთ, როგორც ამ წუთებში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისგან დადებითი მოდიოდეს, ეს არასდროს დაივიწყოთო. ამ ქალბატონის სიტყვები და რჩევა ხშირად მახსენდება. არც დამავიწყდება, რადგან თავადაც მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ღიმილისა და კეთილი სურვილების გაზიარება, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ქუჩაში გამვლელების მხრიდან, ალბათ ასევე ხშირი იქნება კომპლიმენტი თქვენი გრძელი თმის გამო...
- (იღიმის) დიახ, ძალიან ხშირად, ეს სასიამოვნოა და სულ მადლობას ვიხდი. კომპლიმენტებს ვიღებ ქუჩაშიც, მწერენ კიდეც და გამუდმებით მეკითხებიან, თუ როგორ ვუვლი თმას, მაგრამ განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. დიდი სიხარულით გავაზიარებდი, ასე რომ იყოს, მაგრამ არავითარი საიდუმლო არ არსებობს. დიდი ხანია, გრძელ თმას ვატარებ. მოკლედაც მქონია, მაგრამ ჯერჯერობით შეჭრის სურვილი არ მაქვს. ეს ძალიან კომფორტულია, რადგან თუ სხვა გოგონებს დამატებით სჭირდებათ სხვადასხვა დეტალი, მე ყოველთვის ჩემი თმისგან ვიკეთებ ყველანაირ ვარცხნილობას როგორც სპექტაკლების დროს, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.


- დაასახელეთ სამი თქვენთვის გამორჩეული და განსაკუთრებით შთამბეჭდავი გარეგნობის როგორც უცხო, ისე ნაცნობი ადამიანი...
- ვენაში ვნახე ქალბატონი, რომლის სილამაზე თვალებიდან არ ამომდის. ის ჩემთვის იყო ელეგანტურობის ეტალონი. მაღაზიაში შევხვდით. ყველასგან გამორჩეული იყო თავისი სამოსით, ფერების შეხამებით, სიარულისა და საუბრის მანერით. ერთხელ შევხვდი ძალიან საინტერესო გარეგნობის ბავშვს, ჟღალი იყო, ხუჭუჭა თმით და რეალურ ცხოვრებაში გადმოსული ზღაპრის გმირი გეგონებოდა. კიდევ დამამახსოვრდა ერთი ქალბატონი, რომელიც პირველად თეატრალურში სწავლის დროს დავინახე. რუსთაველზე დადის დიდი ბაფთით და ჩანთით. ძალიან დასამახსოვრებელი სიარულის მანერა აქვს და ყოველთვის იქცევს ყურადღებას. რაც შეეხება ნაცნობებს, უზომოდ მხიბლავს მაკა ასათიანი და სადაც უნდა შემხვდეს, ყოველთვის ვეუბნები, რომ საოცრად, უღმერთოდ ლამაზია! ასევე განსაკუთრებულად მომწონს ნინო კასრაძე. შინაგანად ძალიან დახვეწილი ქალბატონია და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მისი სპექტაკლებიდან ყოველთვის დიდი ენერგიით დამუხტული გამოვდივარ.

- ინტუიცია თუ გაქვთ ადამიანების შეფასებისას და მათზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ამართლებს?
- არ მიყვარს, როცა ადამიანები ვინმეს არ იცნობენ და ისე აფასებენ. ვფიქრობ, ერთი ნახვით ვერ განსაზღვრავ ვინ როგორია და პირველი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ამას ვერ მიხვდები. ზოგადად, ძალიან მიმნდობი ვარ და ყველას მიმართ თავიდანვე დადებითად განწყობილი, თუმცა, საბოლოო ჯამში ადამიანები ხან მეშლებიან და ხანაც ამართლებენ ჩემს იმედებს.

- სტუდენტობის წლებიდან, ემოციურად ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი გაიხსენეთ...
- ყველაზე ემოციური იყო ჩვენი სპექტაკლი "ირინეს ბედნიერება", როცა პირველად მომიწია მაყურებელთან შეხვედრამ. ეტყობა მძიმე სიუჟეტმა და ხალხის ტაშმა ერთად იმდენად იმოქმედა, რომ სპექტაკლის დამთავრების შემდეგ დაახლოებით 2 საათი ვტიროდი.

- ვისაუბროთ იმ შთაბეჭდილებებზეც, რომელიც წიგნის კითხვას, ფილმებისა და სპექტაკლების ყურებას თან ახლავს...
- ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მიხარია თუ მწყინს, ყველაფერს ცრემლები ახლავს. ბოლო ხანს წაკითხული წიგნებიდან, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლემ". ეს წიგნი ჩემთვის იყო აღმოჩენა და ყველას ვურჩევ წაკითხვას. ისევე, როგორც თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა", რომლის კითხვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიუჟეტს კადრებად ვხედავდი. რაც შეეხება ფილმებს, დღე ისე არ გავა, რამე არ ვნახო, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. კონკრეტულად ერთ ფილმს ვერ გამოვყოფ, რადგან ბევრი მიყვარს. მრავალფეროვნება მომწონს და შესაბამისად, ყველა ჟანრის ფილმს ვუყურებ, თუმცა განსაკუთრებულად მიყვარს ისტორიული და რეალურ ამბებზე დაფუძნებული ფილმები. პანდემიის პერიოდში, სერიალებსაც ვუყურებდი და ამ მხრივ მგონი, ყველამ დიდი სიამოვნება მივიღეთ. ყველაზე გამორჩეულ სპექტაკლებს შორის კი, ჩემს სადიპლომოს დავასახელებ - "ვერცხლის ქორწილი", რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს (იღიმის).

- თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავ ქვეყნად ან ქალაქად რომელს დაასახელებთ?
- ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლისას საინტერესოა უცხო ქალაქების დათვალიერება, თუმცა, მაინც დავასახელებ ერთს და ეს არის ლონდონი. იქ ჩემს მეუღლესთან ერთად ვმოგზაურობდი. დაახლოებით ათი წლის წინ, ათი დღით ვიყავით. რატომღაც არ ველოდი, ეს ქალაქი თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე. ძალიან კარგად მახსენდება ის დღეები.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი...
- ყველა საჩუქარი მახარებს და მაბედნიერებს. განსაკუთრებით მიყვარს ფირუზისფერი აქსესუარები. არის ერთი 14 წლის ბიჭი ანდრია გეგეჭკორი, რომელიც აქსესუარებს ამზადებს და ამავდროულად, არაჩვეულებრივად ხატავს. ცოტა ხნის წინ, მან გამოთქვა სურვილი, რომ ჩემთვის საჩუქარი გამოეგზავნა. მივიღე ფირუზისფერი ყელსაბამი და საყურე. აშკარად ნაფიქრი ჰქონდა, იცოდა, რა მომეწონებდა და იგრძნობოდა, რომ საჩუქარი მთელი გულით იყო გაკეთებული. ეს ძალიან ემოციური გახლდათ, საოცრად გამიხარდა და ბედნიერი ვიყავი. თან მერე გავიგე, რომ ანდრია აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხით სხვა ბავშვებს ეხმარება. ამიტომ აუცილებლად მინდა აღვნიშნო ეს საჩუქარი.

- ეს ბავშვი სპექტაკლებიდან გცნობთ თუ რატომ შეგარჩიათ თქვენ?

- ერთ უბანში ვცხოვრობთ და ამ საჩუქრით გამოხატა სიმპათია ჩემ მიმართ. გული იმდენად ამიჩუყდა, ცრემლები წამომივიდა და საჩუქრის აღების შემდეგ, შინ რომ შევბრუნდი, ვამბობდი, - ნეტავ ამქვეყნად ბევრი ასეთი ადამიანი გვყავდეს-მეთქი.

- ადამიანები ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, ვის ნაწერებს გაეცნობოდით ყველაზე დიდი ინტერესით?
- რა საინტერესო კითხვაა (იღიმის)... ასეთი ძალიან ბევრია, ამიტომ ჯერ მხოლოდ მსახიობს დავასახელებ - დღესვე წავიკითხავდი მერილ სტიპის ყველა ნაწერს, რადგან ძალიან შრომისმოყვარე, ნიჭიერი ადამიანია და უაღრესად ვაფასებ. ასევე, სიამოვნებით გავეცნობოდი პრინცესა დაიანას ჩანაწერებსაც... საერთოდ, წავიკითხავდი ყველა იმ ადამიანის ნაწერს, ვინც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია, თუმცა ახლა პირველი სწორედ ეს ორი ადამიანი გამახსენდა.

- თავად თუ წერდით დღიურს ან წერთ?
- გარკვეული პერიოდი ვწერდი, თუმცა არა ყოველდღიურად. ბოლო წლებია აღარ, მაგრამ პრემიერის დღეს ყოველთვის ვწერ. იმ დღეს მე ვარ ადამიანი, რომელსაც არაფერი ესმის, გარშემო ვერაფერს ხედავს და ვერც ვლაპარაკობ. დილიდან მივდივარ თეატრში და იმ მომენტში რა ემოციაც მაქვს, ფურცელზე გადამაქვს. ერთად მაქვს თავმოყრილი ეს ჩანაწერები. ასე რომ, მხოლოდ პრემიერის დღეს გამოვხატავ ჩემს შინაგან ემოციას ფურცლებზე. დიდი ხნის შემდეგ, 1-ლ აპრილს ველოდებით თეატრების გახსნას. მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოვადგენთ სპექტაკლს "სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ". დიდი სიხარულით ველი ამ დღეს და წარმოდგენაც არ მინდა, რამე რომ შეიცვალოს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პრემიერას ვთამაშობთ და ამ დღისთვის სპეციალურად გამზადებული მაქვს კალამი და ფურცელი (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი "გზა"
ნინო
12 აპრილი 2021 11:00
ძალიან, ძალიან მომწონს ეს გოგონა, გამორჩეულია უდაოდ, კარგია, თუ იცის თავის ფასი
ყოველთვის ინტერესით ვადევნებ თვალს
წარმატებებს ვუსურვებ
...
11 აპრილი 2021 21:12
ფოტოებში არ გამოდის ისე კარგად. ფილმში რასაც ქვია მზეთუნახავი იყო. ეს და ჩიკა ქართველი ქალის ახლანდელი სახეა. ძაან ძაან მაგრები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები