"დიდი მოთმინება გვჭირდება, რათა შეცდომა არ დავუშვათ..."
"დიდი მოთმინება გვჭირდება, რათა შეცდომა არ დავუშვათ..."
"ჩვენს უწმინდეს პატრიარქს უნდა მოვუსმინოთ, მას ნამდვილად აქვს უნარი, ვითარება დაამშვიდოს და სწორი გზით იაროს"

მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი საეკლესიო და საზოგადოებრივი ცხოვრების ბოლოდროინდელ მოვლენებზე გვესაუბრება:


- არაერთი წმინდა მამა, მაგალითად, წმინდა ეფრემ არიზონელი, მამა პაისი ათონელი და სხვა სასულიერო მოღვაწეები (ბოლო დროის წმინდა მამებს ვგულისხმობ), მიიჩნევდნენ, რომ აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთ, ჩვენ თვალწინ აღესრულება ის წმინდა წინასწარმეტყველებათა გარდამოცემა, რომლებიც იოანე ღვთ
ისმეტყველმა თავის გამოცხადებაში ნახა. მსოფლიო ამის მომსწრეა.

ის აზრი, რომ ჟამი ახლოს არს, პირველი საუკუნეებიდანვე ამბობდნენ წმინდა მოციქულები; ამბობდნენ, რომ ქრისტიანის ცხოვრებისეული ნორმა ამ სწრაფწარმავალი წუთისოფლისთვის კი არ უნდა იყოს მზადება, არამედ მარადისობისთვის, ანუ ცათა სასუფევლისთვის. ეს მხოლოდ ქრისტიანის, ნებისმიერი ადამიანის დანიშნულება და მიზანია... ამას ემსახურებოდა უწმინდესის ნათქვამი, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, კარგ
მთქმელს კარგი გამგონე უნდაო...

რთულ დროში ვცხოვრობთ, ღვთისგან განდგომილების დროა. მსოფლიოში რთული გლობალური პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერი, ალბათ, მაინც ჩვენი ცოდვების შედეგია, უპირველესად უსიყვარულობის, გულწრფელი დამოკიდებულებების დეფიციტს ვგულისხმობ. წმინდა წერილში უფალი გვამცნობს, განმრავლებითა უსჯულებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაი...

როდესაც სიყვარული განხმება, გაქრება და ადამიანთა შორის ნაკლოვანება იქნება, მაშინ მოიწევა ამ სოფლის აღსასრული. თუმცა ეს ადამიანებზე, ჩვენზეა დამოკიდებული და ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. თუ მეტად დავუახლოვდებით უფალს, ვიპოვით გზას, ოღონდ ჯერ თავის შეცნობიდან უნდა დავიწყოთ.

ახლა დიდმარხვაა და განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ეფრემ ასურის ეს ლოცვა: "ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". ჩვენი თავის გამოსწორებიდან უნდა დავიწყოთ. უპირველესად ჩემს თავზე ვამბობ, რადგან წმინდა მამები ამბობენ, ვისაც სხვისი გადარჩენა უნდა, თავი გადაირჩინოს, ანუ საკუთარი თავი გამოასწოროსო. ამიტომ გასაკვირი არც არის, როდესაც ჩვენი მწყემს­მთავარი, ჩვენი უნეტარესობა ამაზე მიგვითითებს. სხვა თუ არაფერი, ჩვენი ამ ქვეყნიდან გარდაუვალი გასვლა, ანუ გარდაცვალება, უფლის წინაშე წარდგომას გულისხმობს და შეიძლება ვიფიქროთ, ეს ჩვენი პირადი სამსჯავროს დღეც არის. ვიდრე საყოველთაო სამსჯავრო იქნება, პატრიარქმა მიწის დამუშავებისკენაც მოუწოდა ერს, რაც ჯერ კიდევ სამოთხეში აკურთხა და აუწყა უფალმა ადამს და ევას. მიწასთან ურთიერთობა ადამიანს აკეთილშობილებს. ხომ ვხედავთ, რაც ხდება ჩვენ გარშემო, ამ ტოტალური გაჭირვებისა და უმუშევრობის გამო ჩვენი მოსახლეობა საკუთარ მიწა-წყალს ტოვებს და უცხო ქვეყანაში გაედინება. ჩვენს მიწას კი ათასი ტომისა და ჯურის ადამიანები ეპატრონებიან. არადა, სამშობლო, როგორც უფალი, მართლაც ერთია ქვეყანაზედა და მას ისევე სჭირდება მოფრთხილება, როგორც ადამიანის სულს, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა ამ სამყაროში. ოღონდ არც ის დავივიწყოთ, რომ პავლე მოციქული ამბობს, ჩვენი მოქალაქეობა ცათა შინა არსო, ანუ სამშობლოს უნდა მოვუფრთხილდეთ და ვუპატრონოთ, მაგრამ არც ზეციური სამშობლო უნდა დაგვავიწყდეს. უწმინდესიც ამ ორი სამყაროს აერთიანებს თავის ქადაგებებში.

- სიყვარულის დეფიციტი ყველგან არის - ერშიც და ბერშიც...
- დიახ, რადგან რაც ერია, ბერიც ის არის. ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამ საზოგადოებიდან ვართ გამოსული, თუმცა მაღალი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ქრისტიანულ-ზნეობრივი მაგალითის მიმცემი უნდა ვიყოთ ერისკაცისთვის. თუმცა ეს მარტო ჩვენს ეკლესიაში არ ხდება, ყველგან დიდი ბრძოლებია, მთელი მსოფლიოს სატკივარია, ზოგადსაკაციობრიო პრობლემა.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკის ნატყორცნი პირველი ისარი ყოველთვის ეკლესიასა და მის წევრებს ხვდება. ცოდვებისგან დაზღვეული არავინ ვართ, მაგრამ როდესაც მორწმუნე ადამიანი ეცემა, ის ამას გრძნობს და მტკივნეულად აღიქვამს, რაც მისი გამოსწორების საწინდარია, ნიშანია, რომ აუცილებლად შეინანებს და გზას გააგრძელებს. იოანე ნათლისმცემლის და მაცხოვრის პირველი სიტყვებიც ამ ცოდვილ დედამიწაზე ეს იყო - შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ანუ სინანულია გამოსავალი...

დიახ, ეკლესიაშიც არის პრობლემები, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ სასულიერო პირებისა და ეკლესიის მიმართ ჩასაფრებული მდგომარეობაც არ ამართლებს­ ყველაფერს. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ეკლესიის გუმბათი ჩამონგრევის პირას არის, უნდა გაიქცეს და ბურჯი შეუდგას, რათა არ ჩამოიქცეს და თავადაც ნანგრევებში არ მოყვეს. ზოგი კი პირიქით, ცდილობს უკვე შეყუდებული ბურჯი გამოაცალოს და ბოლომდე გააცამტვეროს ეკლესია...

ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ უკეთუ შეგცოდოს ძმამან შენმან, როდესაც თქვენ ორნი იქნებით მარტო, მაშინ ამხილეო, თუ მოგისმინა, შეგიძენია შენი ძმა, თუ არ მოგისმინა, ორ-სამ კაცთან ერთად უთხარიო, თუ არადა, კრებულთან ერთად ამხილეო, მაგრამ გულწრფელი სიყვარულის გარეშე არც მხილება არსებობს.

ღვარძლით, შურით, ბოღმით, პირადი ანგარიშსწორებით მხილება სიკეთეს ვერავის მოუტანს. პირიქით, თუ წყენის ბზარი არსებობს, მას ნაპრალად გადააქცევს. ადამიანი მოწამეც რომ გახდეს, თუ გულში სიყვარული არ ექნება, ასე გაღებული მსხვერპლიც კი ფუჭია.
ყოვლად გაუგონარი ბრალდებები უწმინდეს პატრიარქზე, რომელმაც ამდენი ათეული წელია ბეწვის ხიდზე გაატარა ერი და ეკლესია, მოჯანყეობა და ამბოხება ეკლესიური სულისთვის ყოველთვის საზიანოა.

- საზოგადოების ნაწილი ზოგჯერ ადვილად იცვლის აზრს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი პროცესები ადამიანებს ეკლესიას დააშორებს?
- მორწმუნე ადამიანს ღმერთს არავინ და ვერავინ დააშორებს. ყველანი რაღაცით სნეული ვართ, ყველანი ხრწნად სხეულში ვიმყოფებით და როგორც ადამიანი აბსოლუტური ჯანმრელობით არ არსებობს, ასევე არც სულია სრულყოფილი. ეკლესია სულის საავადმყოფოა, უფალი კი მისი თავი და მკურნალი, ოღონდ ეს იერარქიის, ანუ სამღვდელო პირების მეშვეობითა და წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობით აღესრულება. თუ ერთს შეეშალა, არ ნიშნავს, რომ ყველა არასწორად დგას...

მედიცინის ძალა მსოფლიო მეცნიერებამ აღიარა როგორც სფერო, რომელიც ადამიანების ხორციელ განკურნებას ემსახურება, მაგრამ თუ ერთი ექიმი არ მოგეწონა, ეს არ ნიშნავს, რომ მედიცინა უარყო, რადგან თუ ჩემი ჯანმრთელობის მდგო­მარეობა მძიმეა, მაგრამ იმ ერთი ექიმის გამო მკურნალობაზე ხელი ჩავიქნიე, განწირული ვარ... თუ ამ მაგალითს სასულიერო ცხოვრებაშიც გადმოვიტანთ, შეუძლებელია ქრისტეს ეკლესიაში ღირსეული სასულიერო პირი არ მოიძებნოს, ის, ვისაც ადამიანის ცხოვრებაში ღირსეული გარდატეხის მოხდენა შეუძლია... შესაძლოა ადამიანი, სასულიერო პირი ცდებოდეს, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი უცდომელი ჭეშმარიტება, სვეტი და სიმტკიცე ამ დედამიწაზე. როგორც ნოეს კიდობნის გარეთ­ დარჩენილებიდან ვერავინ გადარჩა, ისე ვერ გადარჩება ადამიანი სულიერების გარეშე, ეკლესიის წიაღის გარეშე. უფალი ამბობს, რომელი ერთი მცირეთაგანი დააბრკოლოს ჩემკენ მომავალი, ურჩევნია, წისქვილის ქვა მოიკიდოს და უფსკრულში გადაეშვასო - ანუ პასუხისმგებლობა ყველას დაეკისრება თავის საქმეებისამებრ.

- ბოლო დროს პოლიტიკასა და ეკლესიას­ შორის კავშირზე საუბარი აქტუალური გახდა. თქვენი აზრით, ამანაც ხომ არ იქონია გავლენა ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე?
- ეს ერთგვარი ბუნებრივი პროცესია. საუკუნეების წინ, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ჩამოყალიბდა, იმპერატორები მართლმადიდებლები იყვნენ, საკლესიო საქმეებში­ პოლიტიკოსები სხვადასხვა მიზნითა და მიზეზით ერეოდნენ, ზოგი როგორც ეკლესიის შვილი, ან კეთილმოსურნე, ან გვერდში მდგომი, რომელიც მწყემსმთავრისა ან იერარქიის კეთილგანწყობას მოიპოვებდა; ზოგჯერ ძალაუფლებისა და მთავრობისმოყვარეობის ადამიანური ფაქტორები ჭარბობდა და საერო პირების ჩარევა გადამეტებული იყო. ამ მხრივ, ჩვენ, სასულიერო პირებიც, ვუშვებდით შეცდომებს და ახლაც ასეა.

სახელმწიფო და ეკლესია მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ, ოღონდ ურთიერთდამოუკიდებლად და საზოგადოების საკეთილდღეოდ და არა კონკრეტული პირების პირადი ინტერესებისთვის. მაგალითად, იმისთვის, რომ ჩემი პოზიცია მოვახვიო ვინმეს თავზე ან თავად დამიმორჩილოს, რაღაცის ფასად, რაც, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ხდება. სიმართლეს ვერსად გავექცევით.

- რა გზას ვადგავართ ახლა, საით მიდის ქართველი საზოგადოება?
- ერი უნდა გაერთიანდეს, რაც ძალიან გვაკლია. ასეთი მცირერიცხოვანი ერია და ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზეც არ შეგვიძლია შეთანხმება. ეს ძალიან მაწუხებს, თუმცა კონკრეტულ საქმეებს ვერ დავასახელებ, არ მინდა აზრთა სხვადასხვაობა გამოვიწვიო, ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება...

200-ზე მეტი პარტია გვყავს, ამას ემატება ერთმანეთს გადაკიდებული საზოგადოება, რომელსაც ძალიან ადვილად შეუძლია ერთმანეთის გამეტება... თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთ. თუ ასე გაგრძელდა, ისევ ჩვენს სახელმწიფოს დააზიანებს­. ამდენი შური, გაუტანლობა, ქიშპობა როგორმე უნდა აღმოიფხვრას, ოღონდ ეს ეკლესიიდან უნდა დაიწყოს, მან უნდა გაგვაერთიანოს.

ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხება და მფარველობა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ "ივერია გაბრწყინდებას" წინასწარმეტყველების იმედზე არ უნდა ვიყოთ. ეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, სწორად უნდა ვიცხოვროთ. საუბარი ადვილია. ახლა მეც გელაპარაკებით ქრისტიანულ ცხოვრებაზე, მაგრამ ასე ცხოვრება ძალიან ძნელია, ოღონდ არა შეუძლებელი. ვიცი, რომ ძნელია გაერთიანებაც, საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადება და წინ, შორს გახედვა ქვეყნის, ხალხის სასიკეთოდ, მაგრამ ერსა და ბერს უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა გადავრჩეთ, რათა ჩვენი სახელმწიფოს მომავალი გადავარჩინოთ და ეს ვერ მოხდება დაპირისპირებით, მიუტევებლობით და მოუთმენლობით, პირიქით, ძალიან დიდი მოთმინება გვჭირდება, სტრატეგიული მოთმინება, რათა სულსწრაფობით შეცდომა არ დავუშვათ.

ხალხის, სამშობლოსა და უფლის უანგარო სიყვარული გვმართებს. ღვთისმოშიში ადამიანიც კი არ არის შეცდომებისგან დაზღვეული, არათუ ის, ვისაც უფლის არ სწამს და თავის ძალას არის მინდობილი, რაც ხშირად პოლიტიკოსებს ემართებათ. არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის ხსნა, თუ ჩვენში არ იქნება, ჩვენ უნდა გვეყოს სიბრძნე, ყოველდღე გავუძლოთ ცდუნებას და ბოროტსა და კეთილს შორის კეთილი ავირჩიოთ.

იმდენ ვინმეს ანდო თავისი მომავალი ქართველმა საზოგადოებამ და ყველამ თუ არა, უმრავლესობამ იმედი გაუცრუა, მაგრამ არავის მოსვლია აზრად პატიება ეთხოვა, არადა, პატიების თხოვნა პატივისცემაა. უფალს ვერავინ დაემალება, კაცის წინაშე ცოდვა სხვა არის და ერის წინაშე დანაშაული ეს უდიდესი ცოდვაა. ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, რომელთაც ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიუძღვით და პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლებაც არა აქვთ, მაგრამ მაინც არიან...

ასე მგონია, ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე ობიექტური არჩევნები არასდროს ჩატარებულა, ხალხის ნება არც ერთ არჩევნებზე არ ასახულა, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როდესაც ხალხს მართლაც ყელში ამოუვიდა ყველაფერი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შემდეგ არაერთხელ გაუცრუვდათ იმედი.

მომავალზე მკითხეთ - თუ ნათელ გზას ვგულისხმობთ, მე მას უფალში ვხედავ, ის არის გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც, უფალი კი ეკლესიაში მკვიდრობს. მორჩილებითა და თავმდაბლობით მივყვეთ იმ სწავლებას, რომელიც არის მართლმადიდებლურ გარდამოცემაში. მე არ ვამბობ, ჩემი და ვინმეს აზრი გავიზიაროთ-მეთქი, ჩვენს უწმინდეს პატრიარქს უნდა მოვუსმინოთ, მას ნამდვილად აქვს უნარი, ვითარება დაამშვიდოს და სწორი გზით იაროს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები