როგორ გახდა ქართველი დიზაინერის პროდუქცია უკონკურენტო 1950-იანი წლების პარიზში - კვირის პალიტრა

როგორ გახდა ქართველი დიზაინერის პროდუქცია უკონკურენტო 1950-იანი წლების პარიზში

თამარ გამსახურდია დიზაინერობამდე ცნობილი ბალერინა იყო, სწორედ მის საბალეტო გამოცდილებას მიიჩნევენ წარმატებად მოდის სფეროში

"მიყვარხართ და თქვენ წინაშე ქედს ვიხრი", - მისწერა მარლენ დიტრიხმა ქართველ დიზაინერს თამარ გამსახურდიას. 1920-იან წლებში მოდის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრად წოდებულ პარიზში რამდენიმე გავლენიანი დიზაინერის გვერდით ღირსეული ადგილი ჰქონდა დაკავებული თამარ გამსახურდიას. ქალის საცვლების ბრენდი "ლორ ბელენი" მარლენ დიტრიხისა და ჟაკლინ კენედის ფავორიტი სწორედ ქართველი დიზაინერის გამო გახდა. როგორ მოხვდა ქართველი ქალი მოდის ქალაქში და რა ცნობებს ინახავს მისი არქივი? ამ კითხვებზე პასუხს რუსული პრესის არქივებსა და ისტორიკოს რუსუდან დაუშვილის პუბლიკაციაში მივაგენი.

თამარ გამსახურდია დიზაინერობამდე ცნობილი ბალერინა და საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი იყო, სწორედ მის საბალეტო გამოცდილებას მიიჩნევენ წარმატებად მოდის სფეროში. თამარ გამსახურდიას შესახებ ცნობები მწირია, რადგან დღემდე იძებნება მისი პირადი არქივი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მან მოსკოვში ჩაიტანა. 2006 წელს ერთ-ერთი რუსული გამოცემა ქართველ ხელოვანზე ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს, სადაც ჟაკლინ კენედისა და მარლენ დიტრიხის წერილები და ქართველი დიზაინერის ფოტოებია დაბეჭდილი.

თამარ გამსახურდია 1896 წელს საცირკო ხელოვნების ოსტატის რომან გამსახურდიას ოჯახში დაიბადა. თბილისის საბალეტო სკოლაში სწავლის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, რუსეთის რევოლუციის შემდეგ კი ყირიმში გადავიდა და მამის დახმარებით იალტაში საბალეტო სტუდია გახსნა, სადაც შეიქმნა იმ დროისათვის პოპულარული საბალეტო დუეტი გამსახურდია-დემიდოვი. მალე თამარი და ალექსანდრ დემიდოვი დაქორწინდნენ. დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი იყო "ბაკქანალია". ყირიმში ბოლშევიკთა შესვლის შემდეგ გამსახურდია საცხოვრებლად რამდენიმე წლით თბილისში გადმოვიდა. მონაწილეობდა 1920-1923 წლებში თბილისში არსებულ საბალეტო სტუდიის დადგმებში "კარნავალი" და "ჟიზელი".

მეორე მეუღლე, რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი სერგეი დავითის ძე კობიევი (კობიაშვილი) გასტროლების პერიოდში გაიცნო. გასტროლებზე რუსების დასს გაჰყვა, რომელიც პარიზის კაბარე "ფოლი-ბერჟერში" გამოდიოდა...

თამარი 1920-1960-იან წლებში ქალის თეთრეულის სამოდელო სახლში "ლორ ბელენში" მუშაობდა. მოდის სახლს რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელი ლარისა ბეილინა ხელმძღვანელობდა. ლარისა იმდენად იყო გატაცებული ოკულტიზმის მიმდევარი გიორგი გურჯიევის მისტიკით, რომ სამოდელო ბიზნესისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამიტომაც თამარს შესთავაზა მოდის სახლის ხელმძღვანელობა, თამარი კი დიდი წარმატებით ჩაუდგა სათავეში "ლორ ბელენს". 35 წლისამ საბოლოოდ მიატოვა სცენა, უარი თქვა საბალეტო სტუდიის გახსნაზე და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო.

"ლორ ბელენის" მოდის სახლი პარიზის ცენტრში, რუი-ბუშეს ქუჩაზე მდებარეობდა. როგორ მოახერხა თამარ გამსახურდიამ, იგივე თამარა დე კობიმ, თავისი მოდელების იმ დროისთვის ყველაზე სახელგანთქმული ქალებისთვის მიყიდვა? - ამ კითხვამ გაიჟღერა რუსულ პრესაში. იმ პერიოდში პარიზში ძალიან ბევრი მოდის სახლი იყო, რომელიც ქალის საცვლებს ქმნიდა. მაშინ ძალიან ბევრმა ატელიემ ვერ გაუძლო "ლორ ბელენის" კონკურენციას, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავდა, წარმატების მთავარი იარაღი კი ქალის სილუეტის გამომხატველი შტრიხები გახდა, რაშიც დიდია თამარ დე კობის დამსახურება, მას კი საბალეტო კოსტიუმის აგებულების ცოდნა დაეხმარა.

სწორედ ამ გამოცდილების წყალობით ყოფილმა მოცეკვავემ კორსეტების სრულყოფაზე დაიწყო მუშაობა, ბიუსტჰალტერები და კორსეტები უფრო დახვეწილი და მოქნილი გახადა. რეზინის, კაუჩუკისა და ელასტიკური ქსოვილებით შექმნილ კორსეტში ქალის ფიგურა სრულყოფილი ჩანდა. ასე გახდა ქართველი დიზაინერის კორსეტები უკონკურენტო 1950-იანი წლების პარიზში. თამარს ეკუთვნის სპორტისა და ცხენოსნობისას გამოსაყენებელი სპეციალური ბიუსტჰალტერების შექმნის იდეაც.

თამარის კლიენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. "ლორ ბელენის" მომხმარებლები იყვნენ ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი, ჟაკლინ კენედი, რომელმაც ყოფილ ბალერინას წერილით გადაუხადა მადლობა, მარლენ დიტრიხი, რომელიც თამარის არა მარტო კლიენტი, არამედ უახლოესი მეგობარიც იყო. თამარმა მარლენისათვის კაუჩუკის ფირფიტებით ორიგინალური კორსეტი მოიგონა, რაც კინოვარსკვლავის სხეულს ღვთაებრივ ელფერს სძენდა. 1963 წელს მარლენ დიტრიხს საბჭოთა კავშირში ვიზიტისას სწორედ თამარის კორსეტი ეცვა. მოდის ცნობილმა ისტორიკოსმა ალექსანდრ ვასილიევმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: "მარლენ დიტრიხმა თავისი მძივებით გაწყობილი კაბა "ლორ ბელენის" მოდის სახლში ქართველ ბალერინას, თამარ გამსახურდია-დე კობის დაუკვეთა, მანტო კი - ჰოლივუდში ჟან ლუის".

1940-იან წლებში ლარისა ბეილინა ფაშისტებისგან თავდასაღწევად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში სამოდელო სახლს მთლიანად გამსახურდია განაგებდა. მან გააფართოვა წარმოება და დეკოლტირებული საღამოს კაბების გამოშვება დაიწყო. რომანსების ცნობილმა შემსრულებელმა ლუდმილა ლოპატომ 2004 წლამდე შემოინახა თამარ გამსახურდიას მიერ მისთვის შექმნილი მოდელები, მომღერალი ქართველი დიზაინერის ერთგული კლიენტი იყო.

სამოდელო ბიზნესში თამარს გვერდში ედგა "ლორ ბელენის" მხატვარ-ილუსტრატორი, თამარის გერი ირინა სოლმან დე კობი. ლარისა ბეილინას გარდაცვალების შემდეგ "ლორ ბელენი" ნიუ-იორკში გადაიტანეს, თამარ გამსახურდია კი ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთს ეწვია, სადაც დატოვა თავისი პირადი არქივი, რომლის ადგილსამყოფელიც დღემდე უცნობია.