"იმ განწყობით გავთხოვდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა"
"იმ განწყობით გავთხოვდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა"
"უკვე 11 შვილიშვილი გვყავს, მეთორმეტეს ველოდებით. ყველაზე დიდი სიამაყე კი, იცით, როდის მეუფლება? როდესაც ჩემი შვილები მეუბნებიან, გვინდა შენზე მეტი შვილი გავაჩინოთო..."

ნინო ბზვანელი და დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე 12 შვილის მშობლები არიან, წელს უკვე მე-12 შვილიშვილს ელოდებიან. ქალბატონი ნინო ბზვანელი­ გახლავთ­ ორგანიზაცია "მრავალშვილიანი დედების" დამფუძნებელი, პოეტი, მწერალთა­ კავშირის წევრი. ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, რომ შენს კრებულს წინასიტყვაობა გაუკეთოს ისეთმა მწერალმა, როგორიც გურამ დოჩანაშვილი გახლდათ.­"ნინო ბზვანელის ლექსები ჭეშმარიტი პოეზიის უმთავრეს
დანიშნულებას - ამაღლებასა და უკეთესობას ემსახურებაო", - წერდა მწერალი.

- 12-13 წლიდან ჟურნალსა და გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები, ვმონაწილეობდი კონკურსებში, გარდა ამისა, გავწევრდი რუსთავის მწერალთა კავშირში. მამა ალექსანდრეს ძალიან მოსწონდა ჩემი ლექსები, რამდენჯერ ქადაგებაშიც გამოუყენებია სამშობლოზე, პატრიარქზე.

ჩვენთან, საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხშირად დადიოდა
გურამ დოჩანაშვილი. მამა ალექსანდრემ ჩემი ლექსები მისცა და სთხოვა, წაიკითხეთ და გვითხარით თქვენი აზრი, უნდა გამოიცეს თუ არაო. გარკვეული დროის შემდეგ დამიბრუნა რვეული, ადგილ-ადგილ თავისივე ხელით ჩასწორებული. იმდენად მოეწონა, თვითონვე მოუნახავს გამომცემელი და სრულიად უანგაროდ დააბეჭდვინა მცირე ტირაჟით წინასიტყვაობაც თვითონვე დაწერა და მაჩუქა.

- თქვენ დააფუძნეთ მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია, რა იყო შექმნის იდეა?
- მიზანი­ მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია იყო. ორგანიზაციაში დაახლოებით 35 ოჯახია, რომელთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი, ყველანი ამ ტაძარში დადიან. 26 წლის დავოჯახდი. ძალიან რთული ფეხმძიმობის პერიოდები მქონდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ აღარ გავაჩენდი და ეს ბოლო იქნებოდა. კარგად მახსოვს, სკოლიდან წაგვიყვანეს პატრიარქის აღსაყდრებაზე დასასწრებად. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პატრიარქი გამოვიდა და დაგვლოცა...

მამაჩემის ბებია ყოველ კვირას წირვაზე თიანეთიდან თბილისში ჩამოდიოდა ხოლმე, სიონში. დაგვაყენებდა პატარებს და "მამაო ჩვენოს" გვათქმევინებდა. მონაზვნობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა, მამა ზურაბ ანთაძემ მითხრა, შენ უნდა გათხოვდე და შვილები გააჩინოო. ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ, მოძღვარი რომ თავის სულიერ შვილს იცნობს, ალბათ, საკუთარი მამა არ იცნობს ისე. არ ვიცი, ქორწინება ქრისტიანულად როგორ ხდება-მეთქი, ვუპასუხე. როგორ და, როდესაც მოძღვარი გირჩევს მეორე ნახევარს, მან იცის, ვის როგორი ადამიანი შეეფერებაო.

- რა მოხდა შემდეგ, მოძღვრის არჩეულ ადამიანს დაუკავშირეთ ბედი?
- ერთი წელი გავიდა ამ საუბრის შემდეგ. ერთ აღდგომას სვეტიცხოველში­ ვიყავი მეგობრებთან ერთად. სემინარიის სტუდენტი ბიჭები გალობდნენ. ზიარების შემდეგ სამადლობელი ლოცვა მქონდა წასაკითხი, მაგრამ მეგობრები მაჩქარებდნენ.

უცებ ვისაც სეფისკვერები ეჭირა, თასი ხელიდან გაუვარდა და ნამცეცები ძირს დაიყარა. იმ ბიჭმა დაიჩოქა და ნამცეცების აკრეფა დაიწყო. ასე სათითაოდ რატომ კრეფთ-მეთქი? ეს თითოეული ნამცეცი ხომ ქრისტეაო. ისე მითხრა ეს სიტყვები, მეც იმწამსვე დავიჩოქე და მასთან ერთად დავიწყე ნამცეცების შეგროვება.

ამ შემთხვევის შემდეგ გავიდა დრო და მოძღვარმა მითხრა, ხვალ ჩემი ნათესავი უნდა გაგაცნო, სემინარიის სტუდენტია, მღვდლად უნდა აკურთხონ და ცოლი უნდა მოიყვანოს, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ თუ არ მოგეწონება, უარის თქმა ყოველთვის შეიძლებაო. მეორე დღეს ჩემი მოძღვარი იმ ბიჭთან ერთად დავინახე, ვინც რამდენიმე თვის წინ სეფისკვერის ნამცეცები ასე გულმოდგინედ აკრიფა... იმ დღეს სახლში გამაცილა, მაგრამ ძალიან სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და მამაოს ვუთხარი, ასეთ ადამიანთან საერთოს გამონახვა გამიჭირდება-მეთქი.

იმ დღეებში ალპინიადაზე მივდიოდით, მთელი რაჭა უნდა მოგვევლო და ისიც გამოგვყვა. ძალიან გამხდარი იყო, 25-კილოგრამიან ზურგჩანთას როგორ ატარებს-მეთქი, ვკითხე მოძღვარს. მართლაც, ჭაუხებში აღმართს რომ უნდა დავდგომოდით, ცუდად ვარ და სიარულს ვეღარ შევძლებ, უკან გავბრუნდებიო, გვითხრა. გადავინაწილეთ მისი ტვირთი. აღმოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. თან ძალიან მზრუნველი იყო, ლაშქრობაში­ ხომ კარგად მჟღავნდება ადამიანის ხასიათი.­ მოკლედ, შოვში რომ ჩავედით, ვუთ­ხარი, თანახმა ვარ-მეთქი. შოვში ჯგუფი მივატოვეთ და თბილისში დავბრუნდით.

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მღვდლის მეუღლეობა.
- ჩემმა­ მოძღვარმა მითხრა, იცოდე, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობააო - წარმოიდგინე, ამბიონზე რომ მოძღვარი გადმოდგება და იტყვის, გააჩინეთ ბევრი შვილი, არ გაიკეთოთ აბორტიო და ა.შ., მას ეს უნდა ეთქმევინებოდეს, ისეთი ღირსეული მეორე ნახევარი უნდა იყო მისთვის, ისეთი სუფთა და მართალი, ისეთი გამტანი, რომ ის თამამად დადგეს ამბიონზე და თამამად მოუწოდოს ხალხსო. იმ განწყობით გავთხოვდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა. მახსოვს, ჩემმა მამამთილმა მკითხა, ნინო, მაინც რამდენის გაჩენას აპირებო? რამდენსაც ღმერთი მომცემს-მეთქი. როგორ, 10-ჯერ რომ იყო ფეხმძიმედ, ათივეს გააჩენ ან ამდენ ბავშვს სად დაატევო, გაუკვირდა. მეორეზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, ნიკორწმინდაში განამწესეს მამა ალექსანდრე და მეც იქ გადავედი საცხოვრებლად. ჩემმა მამამთილმა დამირეკა და მითხრა, ფილმი­ "ჩუმი ძახილი" ვნახე, მივხვდი, რამხელა დანაშაულია აბორტი, სამსახურს თავს დავანებებ და შენს მონა-მორჩილად მიგულეო. მართლაც ასე მოხდა, მარტოს არასდროს არ დამიბანია არც ერთი შვილი, თორმეტივეს მოესწრო. ნაბოლარა, ლიზა რომ დაიბადა, მერე გარდაიცვალა. 27 წლისამ გავაჩინე პირველი შვილი, დავითი, 34 წლისაა, ნაბოლარა - 14-ის. მამა ალექსანდრე პირჯვარს გადამწერდა ხოლმე და მეტყოდა, ღმერთმა მშვიდობით გამშობიაროსო. ისე იყო მიჩვეული ჩემს ფეხმძიმობას, ერთხელ მასთან დასალოცად მისულ კაცს ჯვარი გადასახა და უთხრა, ღმერთმა მშვიდობით გამშობიაროსო.

5 ვაჟი და 7 გოგონა გავაჩინე, ერთი შვილი გვაკლია - 7 თვის ვიყავი, როდესაც ნიკოლოზი დღენაკლული დაიბადა და ვერ იცოცხლა, ანგელოზად წავიდა ცაში.

6 თვის განმავლობაში მხატვრული კითხვის პედაგოგად ვიმუშავე, ვუკრავდი, ვმღეროდი, ვხატავდი და ეს ყველაფერი ბავშვებთან ურთიერთობაში გამომადგა. ყველა დედას საუკეთესო ჰგონია თავისი შვილი­ და, ალბათ, არც მე ვარ გამონაკლისი - ისინი უზომოდ ნიჭიერები არიან, ყველა მღერის, ეკლესიაშიც გალობენ. სიმონი, სასულიერო სემინარიაში სწავლობს, ქანდაკებით არის დაინტერესებული, ნაბოლარა სპორტსმენია, სინქრონული ცურვის ნაკრებშია­. მასზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ექიმები მირჩევდნენ, რომ აბორტი გამეკეთებინა.

იმ პერიოდში სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა, მიღებული მქონდა უამრავი ანტიბიოტიკი, ნარკოზი­ და ამის გამო ეჭვობდნენ შესაძლოა ბავშვი მახინჯი დაიბადოსო. მამა ალექსანდრეს ვუთხარი ჩემი მდგომარეობა, თან იმ პერიოდში იერუსალიმში ვგეგმავდი წასვლას. მითხრა, იორდანეში წყალში რამდენჯერაც ჩაყვინთავ, იმდენჯერ სთხოვე უფალს ნაყოფის ჯანმრთელობაო.

ბევრი ვევედრე უფალს, ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო და მართლაც ჯანმრთელი დაიბადა.…ექიმებს მივუყვანე და ვაჩვენე, თქვენთვის რომ დამეჯერებინა, არ დაიბადებოდა-მეთქი. მედიცინა ზუსტად ვერ გათვლის ყველაფერს, ამიტომ ზოგჯერ საკუთარ გულს უნდა დავუჯეროთ, დაბადებაც და გარდაცვალებაც ხომ ღვთით არის.…

სულ ვფიქრობდი, რომ არა მონაზვნობა, რა იქნებოდა ყველაზე დიდი სიკეთე,­ რისი გაკეთებაც შემეძლო ქვეყნისთვის. მივხვდი, რომ ყველაზე დიდი სიკეთე ბევრი შვილის გაჩენაა. განსაცდელის გარეშე ვინ არის? ისინი კიდევ უფრო მეტ განსაცდელში არიან, ვისაც ბევრი ფული აქვს. სახლში პავლე მოციქულის სიტყვები გვაქვს გამოკრული: "არაფერი გვაქუს და ყველაფერი გვაქუს". მამა ალექსანდრე ძალიან ხშირად იმეორებს ქართულ ანდაზას, "მრავალშვილიან დედასა ღმერთი ულეწავს კალოსაო" და მართლაც ასეა. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ამპარტავნებაც კი მეუფლება ხოლმე, როდესაც გამოიპრანჭებიან ჩემი შვილები და ერთად მივდივართ სადმე, ან მაშინ, როდესაც ყველა ერთად ვიყრით თავს. უკვე 11 შვილიშვილი გვყავს, მეთორმეტეს ველოდებით. ყველაზე დიდი სიამაყე კი, იცით, როდის მეუფლება? როდესაც ჩემი შვილები მეუბნებიან, გვინდა შენზე მეტი შვილი გავაჩინოთო. ხუთს ოჯახი ახალი შექმნილი აქვს და ვნახოთ.

- ამ ბოლო დროს ნატურალური ქვებისგან დაიწყეთ სკვნილების დამზადება.
- ინდოეთიდან ჩამომაქვს ქვები - აქატი, ამეთვისტო, ლილაქვა, მარგალიტი, მარჯანი... სკვნილებს ვუკეთებ ისეთ ფოჩებს, როგორიც მანამდე არავის გაუკეთებია. სკვნილებს ძველებური სამკაულებისა და ნივთების ასლებით ვაბოლოებ. ყველა ჩემს ნამუშევარში ჯვარია ჩაყოლებული და იმხელა სიყვარულსა და სულის ნაწილს ვდებ მათში, რომ აუცილებლად დაიცავს ადამიანებს.

- თქვენი ლექსებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა ლექსი "ასინეთს", რომლის შექმნასაც საინტერესო ამბავი უძღვის წინ.
- ჟინვალის არქეოლოგიური გათხრების დროს საფლავის ქვაზე ნახეს წარწერა: "დედაჩემს 18 შვილი ჰყავდა, მე - 19, შენ?! - ასინეთ შავერდაშვილი". ამ სიტყვებმა ძალიან ამაღელვა და დაიწერა ეს ლექსიც: "ჩემო ასინეთ, გაგვჭირვებია სამშობლო ახლა,  მომრავლებულა ჩვენს ბუდეში გუგულის კვერცხი,  ლეგიონებად უსჯულონი შემოგვსევია,  აბორტზე დედამ უხვად, უხვად გაიმეტა იუდას ვერცხლი.  ო, საქართველოვ, ასინეთი გვინდა რამდენი,  ის შემართება დაიკარგა, არ ექნება, ალბათ, ასში ერთს.  ვარ საქართველოს გადაღლილი ჭირისუფალი, უქართველებო საქართველოს ვტირი, ასინეთ!"

ნინო ჯავახიშვილი

Leonardo
22 აპრილი 2021 10:38
საქართველოს სიმტკიცე მრავალშვილიანობაშია, ღმერთა გაგახაროთ ...
!!!!
22 აპრილი 2021 10:29
ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ვიცნობ და ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ, ღმერთმა ამრავლოთ და ადღეგრძელოთ.
kato
22 აპრილი 2021 09:57
ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო. იხარეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები