"ჩემი ძმა ცოტნე ამ ხალხს ყოველთვის აფრთხილებდა და უკრძალავდა მსგავს ქმედებებს და ძალიან მკაცრადაც" - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა ცოტნე ამ ხალხს ყოველთვის აფრთხილებდა და უკრძალავდა მსგავს ქმედებებს და ძალიან მკაცრადაც"

"ვის აქვს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საფლავების პრივატიზების უფლება?!"

"მე და გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ვისაუბრეთ 31 მარტს მთაწმინდაზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ უსერიოზულესი პრობლემაა ის, რაც წლებია ხდება 31 მარტს და 9 აპრილს მთაწმინდის პანთეონში. ავადმყოფი, დუჟმორეული, არაჰიგიენური და ირაციონალურად აგრესიული ადამიანები მძვინვარებენ ზვიადის და მერაბის საფლავებთან, ხალხის შესაშინებლად კამერაც კი უდგათ, შეურაცხყოფას აყენებენ მიმსვლელებს. თვითონ წყვეტენ, ვის უნდა შეაფურთხონ ან აგინონ, არის ფიზიკური ხელყოფის შემთხვევებიც (მაგალითად, 2009 წელს სადგისით დაჩხვლიტეს და სცემეს გია მაისაშვილს, არაერთხელ ჯვრები გამოიყენეს ხელკეტებად); გლეჯენ და ფლეთენ გვირგვინებს, რომლებიც ადამიანებს სიყვარულით მიაქვთ, გაუგონარ ისტერიკულ და აგრესიულ ატმოსფეროს ქმნიან. ისინი სიტყვას არ ძრავენ ზვიადისა და მერაბის ღვაწლსა და შემოქმედებაზე (ან რა უნდა დაძრან, რა იციან ან საიდან ამის კულტურა...), არამედ სხვა ადამიანების, მათ მიერვე "მკვლელებად" და "მოგზავნილებად" შერაცხულების ლანძღვა-თათხვით ან იქიდან გაგდებით არიან დაკავებულნი. იგივე ვითარებაა ხოლმე, შედარებით დაკლებული ინტენსივობით, მერაბ კოსტავას ისტორიულ ეზოშიც. რამდენადაც ეს ყოველივე უკვე სავალალო რიტუალად და ამაზრზენ ტრადიციად იქცა, კოშმარეთის მკვიდრი არსებები უნდა აილაგმონ იქიდან! სამართალდამცავებმა საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვან. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თავიანთი სიცოცხლე და შემოქმედება ქართველ ხალხს მიუძღვნეს და ისინი არავის კერძო საკუთრება არ უნდა იყვნენ! მათი პრივატიზაციის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს!"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟების: კონსტანტინე და გიორგი გამსახურდიების ამ განაცხადმა "ფეისბუკსა" და ინსტაგრამზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. საუბარია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეების ნაწილზე, ე.წ. ზვიადისტებზე, რომლებიც სრულიად საზოგადოებას, ვითომდა 1991 წლის პუტჩისა და პრეზიდენტ გამსახურდიას განდევნის გამო უპირისპირდებიან. მათი პროტესტი ათეული წლებია გასცდა ლოგიკის ჩარჩოებს და უკიდურეს ფეტიშიზმში გადაიზარდა. ეს კი, როგორც ცნობილია, პიროვნებისთვის მისივე ღირსებების ნაცვლად, ზებუნებრივი ძალის მიწერას გულისხმობს და ამავე პიროვნების დამაზიანებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენს საზოგადოებას სხვა ქარიზმატულ ლიდერებთან დაკავშირებითაც ახასიათებს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროს ვაჟს, კონსტანტინე გამსახურდიას, ამ საკითხზე გერმანიაში დავუკავშირდით.

- ბატონო კონსტანტინე, საზოგადოებისთვის მართლაც მტკივნეულ თემას შეეხეთ. ე.წ. ზვიადისტების ჯგუფს სხვა დროსაც მიუპყრია საზოგადოების ყურადღება ვანდალური და აგრესიული ქმედებებით.

- ამის გამო მე და ჩემს ძმებს პროტესტი არაერთხელ გამოგვიხატავს. ალბათ, ბევრს გვესმის, რომ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები არა მარტო ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელებს, არამედ ზვიად გამსახურდიას ვაჟების ღირსებასაც აყენებენ ზიანს. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ საქართველოს შესწირეს თავი, მათი სახელიც და საფლავებიც მთელი საქართველოს საკუთრებაა და ვის აქვს მათი პრივატიზების უფლება?!

ჩემი ძმა ცოტნე ამ ხალხს ყოველთვის აფრთხილებდა და უკრძალავდა მსგავს ქმედებებს და ძალიან მკაცრადაც, რამაც ერთხანს ნაყოფიც გამოიღო, მაგრამ დღეს კვლავ იმავეს აკეთებენ. მათ უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავთ მთაწმინდის პანთეონის დირექტორიც. წამით წარმოვიდგინოთ, რა დღეშია ეს კაცი, როდესაც მსგავს ვანდალიზმს ხედავს და იმ ხალხის დაცვის უფლებას არ აძლევენ, ვისაც ეროვნული გმირების საფლავებთან მიახლოება და გულწრფელი პატივისცემის გამოხატვა სურთ!

ამ ვანდალების საქციელს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. მათ ქმედებებს შეტევითი ხასიათი აქვს. ერთხანს მათი აგრესია თითქოს ნელდება, მაგრამ მერე განახლებული ძალით იფეთქებს. ეს ყველაფერი კი ხდება 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ასევე 9 აპრილსა და 26 მაისს.

როდესაც ბოლო, 31 მარტს იგივე დატრიალდა, მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა სახელმწიფო კანცელარია და თბილისის მერია. მათ ვთხოვეთ, რომ ეს წმინდა ადგილი ვანდალიზმისგან სამართლებრივად დაიცვან. მით უფრო, რომ პრეზიდენტის საფლავი არა მარტო საფლავს წარმოადგენს, არამედ ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ და სახელმწიფოებრივ სიმბოლოსაც.

- თქვენ იცნობთ ამ ხალხს? ვინ არიან? ალბათ, უფრო ქალები აქტიურობენ. - მათ მხოლოდ სახეზე ვცნობ. ღმერთმა დამიფაროს, უფრო ახლოს ვიცნობდე და მათ აზროვნებასთან შეხება მქონდეს. სამწუხაროდ, ამ ჯგუფში ქალებთან ერთად არაერთი მამაკაცია, რომლებიც ზუსტად იმავე ხერხებით აყენებენ საზოგადოებას შეურაცხყოფას, როგორც ქალები. არ მსურს ვრცლად საუბარი მათ სხვა არაადეკვატურ მოსაზრებებზე, მაგრამ არავის აქვს უფლება საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს, საქართველოს პრეზიდენტის საფლავს ვინ მიუახლოვდეს და ვინ არა; არავის აქვს უფლება ჯვრებითა და გინებით გამოეკიდოს მთაწმინდაზე გულწრფელი პატივისცემისთვის ასულ ადამიანებს, მათი მიტანილი ყვავილები კი დაგლიჯოს და დაკუწოს. წარმომიდგენია, რას განიცდის შეურაცხყოფილი ხალხი ამ დროს. მით უფრო გულისტკივილით ვიხსენებ ამ ამბავს, რომ შეურაცხყოფილთა შორის ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობარი გია მაისაშვილიც იყო, რომელსაც სცემეს და სადგისით დაჩხვლიტეს...

ერთი მხრივ, ესენი, ვითომ პრეზიდენტ გამსახურდიას დამცველები, აყენებენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელს ჩრდილს, მეორე მხრივ კი ინტელექტუალური ნაძირალები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას შოვინისტსა და ნაციონალიზმის დამცველს უწოდებენ. მაგალითად, ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ მამაჩემს მხოლოდ ქართული ეროვნება აინტერესებდა და დანარჩენების გაყრა სურდა საქართველოდანო. იმის მიუხედავად, ვინ რას დააბრალებს მას, ზვიად გამსახურდიას უამრავი არაქართველი მეგობარი და თანამებრძოლი ჰყავდა და მათთან განსახორციელებელი იდეებიც დატოვა. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც მთელი კავკასიის ერთიანობა სურდა, უამრავი ეროვნების ადამიანმა დაიტირა გროზნოში და დღესაც პატივისცემით იგონებს. ასე რომ, ინტელექტუალური ნაძირალებიცა და მთაწმინდაზე ხალხის დამწიოკებლებიც შეურაცხმყოფელ ქმედებებს უნდა შეეშვან. იმედია, საქართველოს სახელმწიფო სამართლებრივად შეძლებს ეროვნული გმირების განსასვენებლების დაცვას და ვანდალური ფაქტების აღკვეთას.