"კარგა ხანს სოფელში ყველა "პაპი, პაპის" მეძახდა. დატანჯული ვიყავი, სკოლაში დასვენებაზე ყველა ბიჭი მე დამდევდა"
"კარგა ხანს სოფელში ყველა "პაპი, პაპის" მეძახდა. დატანჯული ვიყავი, სკოლაში დასვენებაზე ყველა ბიჭი მე დამდევდა"
"იცით, მეუბნებიან, რომ სახით ისევ ვგავარ პატარა თინიას, დიდად არ შეცვლილხარო. ბევრ უცნობს უთქვამს, საიდანღაც მეცნობითო. ეს საუკეთესო მომენტია..."

ტელემაყურებელი კარგად იცნობს ლაღ და საყვარელ გოგოს - პატარა გივიას შეყვარებულ თინიას უკვდავი ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა". ჩვენი სტუმარი სწორედ ამ გოგონას როლის შემსრულებელი მზექალა აჭაიძეა. ფილმის გამოსვლიდან 41 წლის შემდეგ მისი ცხოვრება სულ სხვა დინებით მიედინება.

- ფილში 8 წლის ვარ, დღეს ჩემი შვილები იმაზე ბევრად უფროსები არიან, ვიდრე მე
ვარ იმ ფილმში. 18 და 21 წლისანი არიან, ორივე სტუდენტია. ჩემი ცხოვრება კი დღეს ჩემი ოჯახი და ჩემი სამსახურია.

- სად მუშაობთ?
- 25 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანულ ენას ვასწავლი. იმავდროულად, ვარ რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი.

- პანდემიამ რა გავლენა მოახდინა სწავლის
პროცესზე? როგორც გავიგე, ბევრ სტუდენტს გაუჭირდა საფასურის გადახდა.
- ეს პანდემია თავიდან ყველასთვის შოკი იყო, თუმცა უნივერსიტეტი ძალიან სწრაფად გადაეწყო ონლაინსწავლების რეჟიმზე. ბევრი სასწავლო პროცესი უკვე ასეთი ფორმატით მიმდინარეობს, მხოლოდ ზოგიერთი მიმართულებაა დასწრებითი, რაც შეეხება სტუდენტების საფასურის გადახდას, უნივერსიტეტმა ბევრი რამ გააკეთა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მაგალითად, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში საფასურის გადახდისთვის დიდი შეღავათები დაწესდა, შიდა რესურსებიდან გამოიყო თანხა სტუდენტების დასახმარებლად და მიზნობრივი პროექტებისთვის. სტუდენტებს შეეძლოთ ეტაპობრივად გადაეხადათ მცირე თანხები.

- გერმანული ენა რატომ აირჩიეთ, ბევრს ეგონა, სამსახიობო კარიერას გააგრძელებდით.
- ჩემი უფროსი ბიძაშვილები იყვნენ გერმანისტები, მათი დამსახურებაა, რომ ეს ენა შემიყვარდა. ისე, ძალიან მინდოდა ექიმობა, მსახიობობაზე არც ვფიქრობდი, ამის სურვილი ბავშვობაშივე ჩამიკლეს, - როდესაც კიდევ ერთხელ შემომთავაზეს ფილმში გადაღება, ჩემმა ოჯახმა უარი თქვა. მოკლედ, ექიმობა კი მოვინდომე, მაგრამ ერთ დღეს დეიდაჩემს ცხვირიდან სისხლის დენა რომ დაეწყო, ცუდად გავხდი, სისხლის შემეშინდა და მივხვდი, ჩემგან კარგი ექიმი არ დადგებოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე გერმანული ენის პროფესიულად შესწავლა. ბედნიერი ვარ ჩემი არჩევნით - ცხოვრების ნაწილი გერმანიაში გავატარე, იქ დავამთავრე უნივერსიტეტი, ასპირანტურა...

- ალბათ, თინია თქვენი ცხოვრების ყველა­ ეტაპს დაჰყვება...
- კარგა ხანს სოფელში ყველა "პაპი, პაპის" მეძახდა. დატანჯული ვიყავი, სკოლაში დასვენებაზე ყველა ბიჭი მე დამდევდა, თუმცა ვერ მეწეოდნენ...­ სიმონ ბერიკაშვილს, გივიას როლის შემსრულებელს, მაშინვე დავუმეგობრდი და ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება.

ჩემთვის მაშინ ფილმში გადაღება ნამდვილი­ თავგადასავალი იყო, გარს მეხვია საოცარი ადამიანები, რომლებიც მე და ჩემს პარტნიორს გვანებივრებდნენ. ეს გადაღება ჩვენთვის თამაში იყო, გართობა. თავიდან ორივეს როლი ერთ-ერთი მთავარი იყო, თუმცა მერე სცენარში ცვლილებები შევიდა. ბევრი ეპიზოდი გადავიღეთ, თუმცა გახმოვანებაზე რომ მივედით, სულ რამდენიმე აღმოჩნდა ფილმში­, რამაც მე და სიმონს გული დაგვწყვიტა. ბატონი გიორგი შენგელაია გვამშვიდებდა,­ თქვენ ისეთი მაგრები ხართ, ძალიან ბევრ ფილმში გადაგიღებთ, გული არ დაგწყდეთო. ლოგიკურიც იყო სცენარის კორექტირება, ისეთი ვარსკვლავების ნაკრებია ფილმში. ჩემთვის ძალიან ძვირფასია მათთან დაკავშირებული მოგონებები, ყოველ ჯერზე, როდესაც ფილმს ვუყურებ, ძალიან ვხალისობ. იმ პერიოდში ვიდეოგადაღება იშვიათობა იყო, ამიტომ ცხადია, ამ ფილმმა შემოინახა ჩემი ბავშვობა.

- როგორ მოხვდით ფილმში?
- გიორგი შენგელაია ჩემს სოფელში, ახალსოფელში ჩამოვიდა, უნდოდა­ დაეთვალიერებინა ადგილები, მაგრამ გადაიფიქრა, ეს დაბის სტილის სოფელიაო და გადაღება სხვაგან დაგეგმა.­ ჩვენს ოჯახში სტუმრად მოვიდა და მეც მაშინ მნახა. ძალიან უკომპლექსო ეშმაკი გოგონა ვიყავი­ და ეტყობა,­ შთაბეჭდილება მოვახდინე. ფილმისთვის ასეთი გოგო მჭირდებაო, უთხრა ჩემს მშობლებს. იმ დროს უკვე მიმდინარეობდა ბავშვების შერჩევა თინიას როლზე. 300-მდე ბავშვი გასინჯეს, ბოლოს სამი გოგონა დავრჩით - მე, ერთი ფოთელი და ერთიც ქუთაისელი გოგონა. კახურში­ რომ მათ ვაჯობებდი, ცხადია, თანაც სულ არ გამიჭირდა კამერის წინ დგომა. ასე გავიმარჯვე და დამამტკიცეს როლზე.

მაშინ 8-9 წლის ვიყავი, იმდენად­ პატარა, რომ ვერც ვხვდებოდი, რა დიდ მსახიობებთან მიწევდა ურთიერთობა, ჩემთვის ყველანი ბიძიები და დეიდები იყვნენ. ისინი თელავში, ოჯახურ სასტუმროში ცხოვრობდნენ, თუმცა ძალიან ხშირად მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთანაც სტუმრად.

მე და ჩემი პარტნიორი სწრაფად ვუღებდით დავალებას ალღოს, ამიტომ სულ გვაქებდნენ. მაყვალასთან რომ შევდივარ სამკერვალოში, ხომ გახსოვთ ის სცენა? მთხოვეს, იქნებ რამდენიმე ვაშლი წამოიღო­ გადასაღებ მოედანზეო. შინიდან გამატანეს. ისეთი კარგი ლოყაწითელი ვაშლები იყო, ყველას მოეწონა და თითო-თითო შეჭამეს, ბოლოს ძლივს მოვიძიეთ ერთი ცალი, რომ კადრისთვის გამოგვეყენებინა. არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო დარეჯან ხაჩიძე.

როგორც იცით, ფილმზე მუშა­ობდნენ­ გიორგი შენგელაია და მიშა ჭიაურელი,­ რომელიც მაშინ ძალიან სიმპათიური ახალ­გა­ზრდა იყო. თუ გახსოვთ, პაპასთან რომ მივდივარ და ვეუბნები, პაპი, პაპი, მაგაი უპატრონო ხო არა ვგონივარ-მეთქი, მაგ სცენაში ბუჩქებში ჩამალული სიმონ ბერიკაშვილისთვის ქვა უნდა მესროლა. მე კიდევ ქვის სროლა არ ვიცოდი. მიშამ, მე გასწავლიო, მე ჩავჯდები ბუჩქებში და პირდაპირ შუბლში დამიმიზნეო. შესანიშნავი მოსწავლე გამოვდექი, ძალიან მოვინდომე, დავუმიზნე და... ბატონ მიშას შუბლზე ქვის მორტყმის კვალი დიდხანს ეტყობოდა.

გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის დუეტი სასწაული იყო. ძალიან მიყვარდა ლაურა რეხვიაშვილი, ბაბულა. სულ სხვა განწყობა შემოჰქონდა გადასაღებ მოედანზე.

- თქვენი სოფლელები თუ თამაშობდნენ ფილმში?
- არა. რამდენადაც მახსოვს, "ზილის" მძღოლი ყვარლელი იყო, ქეთო, კვერცხებს რომ იპარავს, შილდელი შრომის მასწავლებელი...
თავიდან ფილმს მაინცდამაინც დიდი მოწონება არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, პუბლიკამ არ მიიღო კარგად, უფრო სწორად, კახელებმა. პერსონაჟების მეტსახელები არ ესიამოვნათ. თუ გახსოვთ, ხირხალა რომ ქეთოსგან ბაბულასთან მიდის და ქეთოსთვის მიტანილი გოგრაც თან მიაქვს, ამაზე გაგიჟდნენ, კახელი და ასეთი ძუნწიო?! თუმცა ახლა მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს იწვევს. რაც დრო გადის, ეს ფილმიც ღვინოსავით უკეთესი ხდება.

ეს ფილმი მართლაც ჩემი ბავშვობაა. იცით, მეუბნებიან, რომ სახით ისევ ვგავარ პატარა თინიას, დიდად არ შეცვლილხარო. ბევრ უცნობს უთქვამს, საიდანღაც მეცნობითო. ეს საუკეთესო მომენტია...

ნანა
19 აპრილი 2021 08:52
კინო-თეატრ რუსთაველში ისეთი რიგები იდგა, რომ ბევრი ქურდ- ბაცაცა ხელს ითბობდა და მეც, ამ რიგში მდგომი, დავზარალდი-ცელოფნის მოდური პარკი გამიხიეს და საფულე ამომაცალეს. კაი ხანი არ მეცინებოდა ამ ფილმზე.
სიყვარული ყველას უნდა
18 აპრილი 2021 19:55
ძალიან კარგი სტატიაა,მადლობა.ნამდვილად ვისიამოვნე,თან ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ბავშვების ეპიზოდური როლი ხომ საერთოდ
ლელა
18 აპრილი 2021 12:53
ვგიჟდები ამ არაჩვეულებრივ ფილმზე! წარმატებებს ვუსურვებ ამ კარგ ადამიანს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები