"სახელებს ვერ იმახსოვრებდა და ვინმეზე რომ გიყვებოდა, უეცრად გკითხავდა: რა ჰქვია იმ კაცს, პატარა და მახინჯი რომააო?­" - კვირის პალიტრა

"სახელებს ვერ იმახსოვრებდა და ვინმეზე რომ გიყვებოდა, უეცრად გკითხავდა: რა ჰქვია იმ კაცს, პატარა და მახინჯი რომააო?­"

"ბედნიერი ვარ, რომ საოცარ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, გამიმართლა თუნდაც იმიტომ, რომ გურამ დოჩანაშვილთან მოვასწარი შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა..."

ადამიანი, რომელსაც ჩვენს სახლებში დიდი სითბო შემოაქვს, - ასე იცნობენ საქართველოში პოპულარულ ტელეწამყვან ნიკა წულუკიძეს. ის თეატრმცოდნეა და მაყურებელს საინტერესო შემეცნებითი გადაცემებით ანებივრებს. თეატრის მტვერზე მეტად ამქვეყნად არაფერი მიყვარსო, - ამბობს ნიკა წულუკიძე და მისთვის ჩვეული იუმორით გვიყვება ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც ყველას სიკეთის მაგალითს აძლევდნენ:

- მე ძალიან გამიმართლა, რადგან ბავშვობიდან ლეგენდარული მსახიობების, მწერლების და საზოგადო მოღვაწეების გარემოცვაში ვტრიალებდი. ისინი დიდი სიკეთითა და კაცთმოყვარეობით იყვნენ დაჯილოდებული. თავად მათი ცხოვრება იყო სიკეთის მაგალითი.

ბავშვობა მარჯანიშვილის ქუჩაზე - პლეხანოვზე გავატარე, ისეთი საოცარი ადამიანების მეზობლად, როგორიც ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია იყვნენ. 90-იანებში ჩვენს ქუჩაზე შუქი რომ ჩაქრებოდა, გურანდა ყველას შეგვკრებდა, ავიდოდა სახლში, დიდ ქვაბში გემრიელ სადილს გააკეთებდა, ის და ოთარი მჭადებს, სულგუნს გამოაყოლებდნენ და ყველას დააპურებდნენ ხოლმე.

დიდ სიკეთესთან ერთად, გურანდა განსაკუთრებული იუმორის გრძნობით იყო დაჯილდოებული: მოულოდნელად ისეთ რაღაცას იტყოდა, სიცილისგან ჩაბჟირდებოდი. სახელებს ვერ იმახსოვრებდა და ვინმეზე რომ გიყვებოდა, უეცრად გკითხავდა: რა ჰქვია იმ კაცს, პატარა და მახინჯი რომაა? - ამას ისეთი ჟესტებით და კილოთი იკითხავდა, ვერავინ გაიმეორებს.

- არადა, ერთი შეხედვით მკაცრი ჩანდა.

- დიახ, სინამდვილეში კი დიდი გული ჰქონდა. ოთარსაც ძალზე კვიმატი ენა ჰქონდა, მაგრამ ის უფრო მორცხვი იყო და ახლობლებში, 2-3 კაცში ხუმრობდა ხოლმე, გურანდას კი შეეძლო ბევრ ხალხში ეხუმრა და ნამდვილი ფეიერვერკი მოეწყო. მისთვის ყველაფერი ოთარით იწყებოდა და მთავრდებოდა. ერთხელ ჩემზე ლაპარაკობს, მაქებს, მაქებს, ბოლოს მიხვდა, რომ გადააჭარბა და მონოლოგი ასე დაამთავრა: მთლად ოთარი ვერ არის, მაგრამ ნიჭიერია, არა უშავსო.

ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ შემეძლო, ვიდრე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი.

არ შემიძლია არ ვახსენო მეორე არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელთანაც განსაკუთრებით ვმეგობრობდი - ეთერ კაკულია. ეს იყო საოცარი ინტელექტის და იუმორის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა იყო, ეთერში კი - სულ სხვა.

ტელეეკრანზე თითქოს ინფანტილური ადამიანის იმიჯი ჰქონდა მორგებული, სინამდვილეში კი ძალიან ნაკითხი და განათლებული ქალი იყო. ერთხელ ვკითხე, რატომ ლაპარაკობ ასეთი უჩვეულო კილოთი-მეთქი, მე ამით სასცენო კარიერა გავიხანგრძლივეო, მიპასუხა. მან ასე შეფუთა თავისი იმიჯი, რაც, ჩემი აზრით, სწორი გათვლა იყო.

- რომელია ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი, რომელიც ქართული თეატრის ისტორიიდან გახსენდებათ?

- მე თეატრმცოდნე ვარ და ცოტა რთულია რომელიმე ერთი ამბის გამოყოფა, მაგრამ მაინც მოგიყვებით: როცა მსახიობი ბელა მირიანაშვილი შეუძლოდ გახდა და თეატრს ჩამოშორდა, მის როლებზე სხვა მსახიობების დამტკიცება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელშიც ბელა თამაშობდა, რეჟისორ მედეა კუჭუხიძეს ჰქონდა დადგმული. მასაც ურჩიეს მსახიობის შეცვლა, მაგრამ ქალბატონმა მედეამ მის ნაცვლად სცენაზე არავინ შეიყვანა: მინდა ბელამ იცოდეს, რომ მის გარეშე რაღაცამ არსებობა შეწყვიტაო... ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და სიკეთით სავსე ეპიზოდი ჩვენი თეატრის ისტორიაში.

- ყველაზე მეტი კურიოზი, ალბათ, კულისებში ხდებოდა და ხდება. - დიახ, რეპეტიციებზე და კულისებში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც თეატრს აცოცხლებს და მსახიობებსაც ახალისებს. მახსოვს, "მოხუცი ჯამბაზების" რეპეტიციები იმართებოდა, რომელშიც ზინა კვერენჩხილაძე და მედეა ჩახავა მონაწილეობდნენ. ამ ორ განუმეორებელ, ნიჭიერ მსახიობს პროფესიული პაექრობა ჰქონდა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

ერთხელ მედეა ჩახავას სახლში სათვალე დარჩა. არ გატყდა და თქვა, მე სათვალეს საერთოდ არ ვხმარობო. ეს რომ ზინამ გაიგონა, მეც არ ვხმარობო და ერთმანეთის ჯიბრზე რეპეტიციებიც და პრემიერაც ისე ჩაატარეს, სათვალე არც ერთს არ გაუკეთებია, ოღონდ ვინმეს არ ეთქვა, ზინაც დაბერდა და მედიკოცო და ასე, უსათვალოდ ითამაშეს.

კახი კავსაძე და გურამ საღარაძე ყველაზე მეტად აგიჟებდნენ ზინა კვერენჩხილაძეს: როცა ზინა რეპეტიციაზე იყო, იქ უწმაწური სიტყვების თქმა ყველას აკრძალული ჰქონდა. რაღაც უზრდელობა რომ გეთქვა, ზინა მაშინვე ადგებოდა და მიდიოდა, ან დაუზოგავად სცემდა იმას, ვინც ცუდ სიტყვებს ამბობდა. ვინ იცის, რამდენჯერ ჰყავდა გალახული გურამიც და კახიც. ერთხელ, ისევ "მოხუცი ჯამბაზების" რეპეტიციის დროს, გურამ საღარაძემ გადაკეტა სარეპეტიციოს კარი, გასაღები კახის ესროლა და ზინას გასაჯავრებლად, თუ სადმე ცუდი სიტყვა იცოდნენ და გაეგონათ, ყველაფრის ძახილი დაიწყეს. ზინა ჯერ გაოგნებული უსმენდა, მერე კი ორივეს დაედევნა და შუა სარეპეტიციოში გამწარებული დარბოდა - ხან ერთს მისდევდა, ხან მეორეს.

საოცარი სანახაობა იყო: სამი დიდი არტისტის ჩხუბი, რომლის დროსაც ზინამ დანარჩენი ორი მამაპაპურად დათეთქვა. ერთ ნახვად ღირდა, როგორ ეხვეწებოდა კახი კავსაძე ზინა კვერენჩხილაძეს, დამანებე ქალო, თავი, ნუ მომკალიო! "ძლივს გადარჩენილი" გურამი კი კარგა ხანს წუწუნებდა: იმდენი მირტყა ზინამ, ლამის ნეკნები ჩამიმტვრიაო.

- ალბათ, იუმორით უმკლავდებოდნენ ყველა განსაცდელს ეს სახელოვანი ადამიანები... - დიახ, იუმორს აქვს ეს თვისება: ადამიანს ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. ჩვენი სახელოვანი მწერალი და დრამატურგი ოთარ მამფორია მახსენდება: ქუთაისში რომ გადავიდა, მასთან ქალაქის მერი მივიდა და ჰკითხა, ბატონო ოთარ, ისე გვიყვარხართ და პატივს გცემთ, გვითხარით, ძეგლი სად დაგიდგათო? ძეგლი არ მინდა, შენ გენაცვალე, "ფეჩი" დამიდგი, "ფეჩი", ვიყინებიო...

ცხადია, როცა გიჭირს, მარტო იუმორი ვერ გიშველის, მაგრამ გეხმარება, რომ ცხოვრებას შეებრძოლო, მისი ცუდიც დააფასო და კარგიც. მე ტყუილად კი არ ვამბობ, რომ გამიმართლა: ბედნიერი ვარ, რომ ასეთ საოცარ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, გამიმართლა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ცოცხალ კლასიკოსთან, გურამ დოჩანაშვილთან მოვასწარი შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა...

- როგორ გადალახეთ ეს ერთი წელიწადი, რომელმაც ყველას სტრესი მოგვიტანა? - ამ განსაცდელმა კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანების თანადგომა. ცხოვრების ახალ სტილზე გადასვლა ნაკლებად შემეხო, რადგან ტელევიზიაშიც ვმუშაობ და ჩემი გადაცემები პირდაპირ ეთერში გადის. ამ გადაცემებითაც ვცდილობ ადამიანებს ტვირთი შევუმსუბუქო. სულ ვეძებ ამბებს ადამიანებზე, რომლებმაც მხნეობა არ დაკარგეს.

კიდევ რა დამეხმარა? - ჩემი პატარა მეურნეობა, რომელიც დიღომში მაქვს. კარანტინის დღეებს ოჯახთან ერთად ჩემს ეზოში ვატარებდი. სხვათა შორის, როცა კილოგრამი ნიორი 38 ლარი გახდა, მაშინვე დავთესე და ისეთი ბოსტანი მქონდა, ბევრს სოფელშიც შეშურდება. ყველაფერი ჩემს ეზოში მომყავდა და ოჯახს საკუთარი ხელით მოწეული ხილით და ბოსტნეულით ვამარაგებდი. მგონი, ეს ყველაზე მეტად დამეხმარა ურთულესი დღეების გადალახვაში.

ხათუნა ჩიგოგიძე