ბაროკოს საოცარი თეატრი სენაკში
12-04-2021
ბაროკოს საოცარი თეატრი სენაკში
"ამ საოცარ ამბავს ქართული გულარხეინობაც დავამატოთ, რამაც ჩვენს თეატრს ცოტა ელფერი დაუკარგა.­ 2008 წლიდან ჩვენს შენობას რესტორანი და დარბაზები მიაშენეს, თანაც სწორედ იმ წელს, როდესაც მატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ალბათ, იკითხავთ, ვის გაუგონია მატერიალური ძეგლის ხელის ხლებაო? მაგრამ მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული იყო, მიშენებების საძირკველიც გაჭრილი და ვერავინ ვეღარაფერი გააკეთა შესაჩერებლად..."

წამით წარმოიდგინეთ გაქანებული ხრუშჩოვკების ეპოქა და ასანთისკოლოფა­ მასობრივი მშენებლობები. ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ გამახსენდა, რომ ამ საბჭოთა არქიტექტურულ სირუხეში
უცებ შემოიჭრა სენაკელი არქიტექტორი ხუტა გოგოლაძე და განაცხადა, თუ სენაკის თეატრს მე მაშენებინებთ, მაშინ ის გამაკეთებინეთ, რაც მომწონსო და სენაკელ ჩინოვნიკებს მაგიდაზე დაუდო ევროპული ნაგებობის პროექტი, რომლის დანახვაზე ჩინოვნიკები გაოცებული მიაშტერდნენ ერთმანეთს, ეს ხომ ბაროკოა, სად სენაკის თეატრი და სად ესო?! ბევრი ფიქრის შემდეგ კი
მოულოდნელად განაცხადეს, ხუტა, თუ ასეთი თეატრის აშენებას შეძლებ, რამდენსაც გინდა, იმდენ ფულს მოგცემთო! ანუ კიდევ გავიმეორებ: ეს ის დროა, 1956-59 წლები, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ხალხი სტალინის ხსენების გამო იხვრიტება, ოდიოზური საბჭოთა მმართველი ნიკიტა ხრუშჩოვი კი უცხოეთში ვიზიტებისას ფეხსაცმლით სვამს "ოტკას".აი, ამ დროს სენაკში იტალიური ბაროკოს თეატრს აშენებენ, რომელმაც წლების შემდეგ ხალხი უნდა გააოცოს. ცოტა ხანში კი ამ თეატრს, სენაკურ "სიქსტეს კაპელას", ასევე სენაკელი მხატვარი დიმიტრი ბარქაია მოხატავს.

ათეული წლების შემდეგ ამ ნაგებობას ეროვნული კულტურის მატერიალურ ძეგლად აღიარებენ, დღეს კი ამ ამბებზე სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი ადამია გვესაუბრება:


- ნიჭიერი და გამბედავი იყო ხუტა გოგოლაძე, მაგრამ ასეთები იყვნენ სენაკის საბჭოთა ჩინოვნიკებიც, რომელთაც ხუტას ეს შენობა ააშენებინეს. შეგახსენებთ, ეს ის დროა, როდესაც ხრუშჩოვმა ხალხი შავი პურის ჭამაზე გადაიყვანა და საქართველოსაც დაფინანსება მოუხსნა - როდესაც საქართველოში იმოგზაურა, მეტად განრისხდა, თქვენ ძალიან მდიდრები ყოფილხართ, ფული სხვებს უფრო სჭირდებათ და მათ მივცემთო. ალბათ, ამ ხალხმა ხრიკი მოიფიქრა იმისთვის, რომ თეატრის მშენებლობაზე ისეთი დიდძალი თანხა გადმოეცათ, როგორიც მას სჭირდებოდა. შენობა 4 წელიწადს შენდებოდა და მშენებლობაში ბევრი სენაკელი მონაწილეობდა.

გაუზვიადებლად გეუბნებით, ჯერ სტუმარი არ ყოფილა ჩვენში, რომ ამ შენობაზე თვალი არ დარჩენოდა. ზოგს სულაც ევროპელი არქიტექტორების აშენებული ჰგონია, გვეკითხებიან, გერმანელებმა ააშენეს თუ იტალიელებმაო. უკვირთ, ნუთუ მართლა სენაკელმა არქიტექტორმა ააშენაო?! არქიტექტორის ნამუშევარზე ნაკლები არც ამ თეატრის მხატვრობაა. ესეც სენაკელმა კაცმა, დიმიტრი ბარქაიამ გააკეთა­ და მუზად ცოლი ჰყავდა - ულამაზესი ცირა ბარქაია. თეატრის ჭერზე მოხატული ოთხივე მუზა ყველა ცირაა, ქალი, რომელიც საოცრად ლამაზი იყო. ცირა და დიმიტრი სხვა ადგილას რომ მოხვედრილიყვნენ, მათ სილამაზესა და სიყვარულზე ფილმებს გადაიღებდნენ.

- საინტერესო ამბებია...
- დიახ, ოღონდაც მაგ ამბებს ქართული გულარხეინობაც დავამატოთ, რამაც ჩვენს თეატრს ცოტა ელფერი დაუკარგა.­ 2008 წლიდან ჩვენს შენობას რესტორანი და დარბაზები მიაშენეს, თანაც სწორედ იმ წელს, როდესაც მატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ალბათ, იკითხავთ, ვის გაუგონია მატერიალური ძეგლის ხელის ხლებაო? მაგრამ მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული იყო, მიშენებების საძირკველიც გაჭრილი და ვერავინ ვეღარაფერი გააკეთა შესაჩერებლად...


- იმედია, დადგება დრო, როდესაც ეს გამოსწორდება. თქვენ როგორ მუშაობთ ამ დიდებულ შენობაში, იმედია, წარმატებით.
- თავდაუზოგავად და უმცირესი შემოსავლით. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი გვპირდება, სენაკის დასს ხელფასს იმდენად გაგიდიდებთ, რომ პურის ფული მაინც გექნებათო, მაგრამ ტყუილად ველოდებით. ბოლოს და ბოლოს, ხელოვნებაზეც ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ? ასე რომ არ ყოფილიყო, სენაკის ასეთი ლამაზი თეატრიც არ გვექნებოდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები