"ისრაელში ვაქცინაციის საქმე "მოსადს" ჰქონდა დავალებული - კვირის პალიტრა

"ისრაელში ვაქცინაციის საქმე "მოსადს" ჰქონდა დავალებული

"ისრაელში კორონას რამდენიმე კლინიკა უკვე დაიკეტა, რაც ნიშნავს, რომ წარმატება მიღწეულია. მალე ნიღაბს მოვიხსნით, ოღონდ გარეთ, არა დახურულ სივრცეში. მოსახლეობის თვითშეგნებაც მაღალია და ამიტომ მიდის კარგად საქმე. აცრილებს აქვთ ე.წ. მწვანე პასპორტები ორ ენაზე..."

ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე 20 წელია ისრაელში ცხოვრობს და მუშაობს. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამჟამად თელ-ავივის ახლოს, კერძო კლინიკა "სუტაში" მუშაობს. 2017 წელს ისრაელში დაარსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია "მამულის" ხელმძღვანელი და ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელია. 3 აპრილს ორგანიზაციამ შეკრება გამართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი განიხილეს. "შეკრების მიზანი იმ გზის დასახვა იყო, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის დამყარებას, ჩვენ ჩვენი სამშობლოს გვერდით ვართ", - ამბობს ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე:

- მადარდებს, რომ მთელ მოსახლეობას არა აქვს საშუალება აირჩიოს ვაქცინა. აცრა თანამიმდევრულად და გეგმურად უნდა უკეთდებოდეს ყველას და არა ნაწილ-ნაწილ. გამართლება არა აქვს, რომ ამბობენ, ბევრს არ სურს ვაქცინაციაო, სახელმწიფომ მაინც ყველა უნდა უზრუნველყოს ვაქცინით. ჩვენი ექიმების შრომას განუზომლად ვაფასებ, ქედს ვიხრი მათ წინაშე, უბრალოდ, ვფიქრობ, ლოჯისტიკასა და დაგეგმარებაშია შეცდომები. მოსახლეობა მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, ცუდია, რომ ამაზე საუბარი გვიან დაიწყო.

- ისრაელმა დეკემბერში დაიწყო ვაქცინაცია და დღეს უმრავლესობა აცრილია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლის ამ ეტაპს? - ისრაელში ვაქცინაციის საქმე დავალებული ჰქონდა "მოსადს", ასეთ დონეზე იყო აყვანილი ეს საკითხი. "მოსადი" ამას იმიტომ უზრუნველყოფდა, რომ დასწრებაზეც იყო საქმე, ფულზეც, გამჭრიახობაზეც... ისრაელმა ცოტა მეტი გადაიხადა "ფაიზერში", თანაც მოსახლეობა არც ისე დიდია - 8 მილიონამდეა. ქვეყანას აქვს გამართული ჯანდაცვის სისტემა და ლოჯისტიკის სფერო. ასე რომ, პოლიგონივით ვიყავით. მოსახლეობის უმრავლესობა აიცრა, მეც ერთ-ერთი პირველი ვიყავი. ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოს დაიწყო და ისრაელში კორონას რამდენიმე კლინიკა უკვე დაიკეტა, რაც ნიშნავს, რომ წარმატება მიღწეულია.

უკვე ლაპარაკია, რომ მალე ნიღაბს მოვიხსნით, ოღონდ გარეთ, არა დახურულ სივრცეში. მოსახლეობის თვითშეგნებაც მაღალია და ამიტომ მიდის საქმე კარგად. აცრილებს აქვთ ე.წ. მწვანე პასპორტები ორ ენაზე, სადაც წერია, რომ პირს ვაქცინა გაკეთებული აქვს, მითითებულია ვაქცინების ნუმერაციაც.

თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ეს ახალი ვირუსია და ჯერ არ ვიცით, რა მუტაციას განიცდის, როდემდე გასტანს ანტისხეულები ორგანიზმში და ა.შ. სწორი დაგეგმვით მივდივართ გამარჯვებამდე, თორემ იდეალური მდგომარეობა არც ისრაელში იყო - მოსახლეობა არ იცავდა დისტანციას, მით უფრო, მორწმუნეები, იყო არაბული კლასტერები...

საქართველომ პირველ ეტაპზე ბრწყინვალედ იმუშავა. ამაყად დავაბიჯებდი და ყველას ვეუბნებოდი, ნახეთ, საქართველოში რა ხდება-მეთქი. სამწუხაროდ, ახლა რა იქნება, არ ვიცი, ძალიან შეშინებული ვარ.

- ახლახან საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" 100 ათასი დოზა შემოვიდა. რა ინფორმაცია გაქვთ მასზე?

- ჩინურ ვაქცინაზე არაფერი ვიცი, შესაბამისად, ვერც კარგს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ სამხრეთ ამერიკაში კეთდება, უნგრეთშიც დაუშვეს... მე "ფაიზერს" მივანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ მთელი მოსახლეობა თანასწორად უნდა აიცრას. მარეგულირებელმა კომისიებმა რა პრინციპით შეარჩიეს, ვის გაეკეთებინა 10 ათასი "ასტრაზენეკა" და ვის - 15 ათასი "ფაიზერი". ჩინური იქნება თუ რუსული, ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ერთი ხარისხის ვაქცინაზე.

რა თქმა უნდა, "ფაიზერი" კარგია, მაგრამ მსოფლიოში მისი დეფიციტია, თანაც ყველას არ ჰყავს ისეთი ჭკვიანი ხელისუფლება და "მოსადი", როგორც ისრაელს. მე ისიც მიკვირს, ქვეყნის პირველი პირები რატომ არ აცრეს საქართველოში. უპირველესად ისინი და მედიცინის მუშაკები უნდა იყვნენ დაცული.

მშვენიერი კადრები გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში მედიცინა ბიზნესი გახდა. ვიმეორებ, ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ერთნაირი ხარისხის ვაქცინა. არ შეიძლება მაგალითად, პრემიერმა გაიკეთოს "ფაიზერი" და სხვამ - ჩინური. ეს უსამართლობაა. უნდობლობა რომ არის, რა გასაკვირია? კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. ვაქცინა მედიცინის უდიდესი მიღწევაა, წამალზე ჯერ არაფერი ისმის. ნებისმიერი წამლის, მაგალითად, "ნიმესილის" ან "კეტონალის" ინსტრუქცია რომ წაიკითხოთ, წამალს საერთოდ არ მიიღებთ. ვაქცინა, მით უფრო "ფაიზერი", ისეთი ტექნოლოგიით არის დამზადებული, მინიმალური გართულებები აქვს.

- ვაქცინაციის შემდგომ გართულებების შემთხვევები იყო? - რა თქმა უნდა, იყო, როცა ორჯერადად აცრილები მალევე დაავადდნენ, ძირითადად, სამედიცინო პერსონალი, ან ერთი აცრის მერე მეორემდე ვერ მივიდნენ და კორონა ისევ შეეყარათ... "ფაიზერის" ეფექტიანობა 94-95%-ია, "ასტრაზენეკასი" - 70%-მდე. შეიძლება ვაქცინამ ვირუსისგან მთლად არ დაგიცვას, მაგრამ დაავადება იოლად მიმდინარეობს. ისრაელში ანაფილაქსიური გართულების შემთხვევებიც იყო, მაგრამ ერთეული - მილიონზე 1-2 კაცი.

- ვაქცინაციისთვის როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი, კვლევა-ანალიზს ან ალერგოლოგიური სინჯების გაკეთებას თუ ითხოვენ? - ისრაელში აცრები, ძირითადად, პოლიკლინიკებში ტარდებოდა, ვინაიდან ყველაზე მეტი ინფორმაცია მათ აქვთ. სისტემაში ყველას ისტორიაა თავმოყრილი ანალიზებითურთ - კომპიუტერში შედიან და ხედავენ შენი ავადმყოფობის ისტორიას, ამიტომ დიდი სამზადისი არ ყოფილა. წელიწადში ერთხელ 50 წელს გადაცილებულთათვის სავალდებულოა პროფილაქტიკური კვლევები, კონტროლი და ანალიზები.

- ისრაელში აცრა ნებაყოფლობითია? როგორც ამბობენ, ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინირებულებს მეტი პრივილეგიები ექნებათ... - აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა აცრილებს თავისებური დივიდენდები აქვთ - რესტორანში, აუზზე და სხვაგან შეუშვებენ, უცხო ქვეყნებში გადაადგილების საშუალება ექნებათ. მართალია, არ გაიძულებენ, მაგრამ ისეთ პირობებს გიქმნიან, სხვა გზა არ გექნება. დღეს სხვა ალტერნატივა არა გვაქვს, სხვაგვარად ვერ გავიმარჯვებთ.

საქართველოში თუ საჭირო გახდა ვაქცინაციის ფონდის შექმნა, დაფინანსებაში ემიგრანტებიც მივიღებთ მონაწილეობას.

ახლა პრეზიდენტის სახელზე წერილს ვამზადებ, გავიღოთ ფული, გადავიხადოთ ორმაგი, სამმაგი, რა ბევრი ჩვენ ვართ? 3,5 მილიონ კაცზე სულ 200 მილიონ დოლარზე იქნება ლაპარაკი, რომელიც ერს გადაგვარჩენს და ამაზე ეკონომიას ხომ არ გავაკეთებთ? მანამდე კი აუცილებელია ნიღბის ტარება...

ეს მიტინგები და ხალხმრავლობაც კარგს არაფერს მოიტანს. გასაგებია, რომ პოლიტიკური კრიზისია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ვირუსი არავის არჩევს. ცოტა მეტი დაფიქრება, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნებაა საჭირო. ამის დეფიციტი ნამდვილად არის ქვეყანაში. ამას, ცხადია, გულისტკივილით ვამბობ...