"მალე გადა­წყდება, უნდა იყოს თუ არა კოვიდპასპორტი და..." - შესაძლოა თუ არა აცრილს დაემართოს "კოვიდი" და რა შემთხვევაში გამკაცრდება რეგულაციები
"მალე გადა­წყდება, უნდა იყოს თუ არა კოვიდპასპორტი და..." - შესაძლოა თუ არა აცრილს დაემართოს "კოვიდი" და რა შემთხვევაში გამკაცრდება რეგულაციები
"ამ ეტაპზე ვაქცინის 130 000 დოზა გვაქვს, აპრილში დაემატება 80 ათასი, მაისის დასაწყისში - 100 000. უნდა ვეცადოთ, რომ აპრილ-მაისში 150 000 კაცამდე აიც­რას, ივნის-ივლისში კი, როცა მარაგში იქნება­ დიდი რაოდენობით ვაქცინა, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს - დღეში­ 10-12 ათასი კაცი უნდა ავცრათ, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე - წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა იყოს"

დედამიწაზე "კოვიდ-19"-ის გამოჩენიდან წელიწადზე მეტი გავი
და, თუმცა ის კვლავ მწვავე პრობლემაა მსოფლიოსთვის. ქართულ­ კოვიდრეალობაზე, ვაქცინაციასა და ლოკდაუნის შემოღების ალბათობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გვესაუბრება.

- ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოიკვეთა ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, რაც გამოიხატება რამდენიმე მთავარი ინდიკატორის გაუარესებაში. ეს არის ე.წ. ინციდენტობა, ანუ 100 000 მოსახლეზე­ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად­ იზრდება, თუმცა არა ნახტომისებურად, იზრდება ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი,
რომელიც უკვე კარგა ხანია სჭარბობს ერთს; იზრდება ე.წ. აქტიური შემთხვევების რაოდენობაც, ანუ იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ბინასა და სასტუმროებში უკვე თითქმის 7 000 კაცს შეადგენს მაშინ, როცა მარტის შუა რიცხვებამდე ეს მაჩვენებელი 2500 გვქონდა. საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ იზრდება სიკვდილიანობა. თუ ამ ყოველივეს შევაჯამებთ, ჩვენ მესამე ტალღის მიჯნაზე ვდგავართ. უკვე გვაქვს კლასტერული გავრცელება. სამეგრელოში, გურიაში, ზემო იმერეთსა და შიდა ქართლში თექვსმეტამდე კლასტერია, მცირე ეპიდაფეთქებები. ეს არის პირველი ნიშანი, რომ შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს. შემთხვევების 50%-ზე მეტი, დიდი ალბათობით, ბრიტანული შტამით არის გამოწვეული.

- რა რეგულაციების ამოქმედება გადაწყდა?
- ჯერჯერობით არსებული რეგულაციები დარჩა - პირბადის ტარება, კომენდანტის საათი, რესტორნების შაბათ-კვირას­ დაკეტვა. აკრძალულია დიდი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები... ყველა დღევანდელი კლასტერი, ძირითადად, ქელეხებსა და სუფრებთან არის დაკავშირებული. 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმეები გამოცხადდა, ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა მობილობის შემცირების მიზნით. თუ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ უნდა დავემორჩილოთ არსებულ რეკომენდაციებს, არ დაგვჭირდება ლოკდაუნი. თუ შემთხვევები გაიზარდა ისეთ დონემდე, როგორიც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება აღდგომის დღეებს, შარშან კარგად ვითანამშრომლეთ საპატრიარქოსთან, მრევლთან და აღდგომამ მშვიდად ჩაიარა. წელს ბევრად მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე შარშან ამ დროს. ვფიქრობთ, წელსაც იქნება ურთიერთგაგება, რომ ეს ყველაზე დიდი დღესასწაული მშვიდად ჩავატაროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბრწყინვალე შვიდეულის დღეებს.

- ვაქცინაცია როგორი ტემპით მიმდინარეობს?
- 9 აპრილის მონაცემებით, 18 000 კაცამდეა აცრილი. კიდევ 19 000-მდე ჩაწერილია. დღეს ვაქცინირებულთა­ თითქმის 75% თბილისზე მოდის, შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი, ძირითადად, ბათუმი და ქუთაისი. რეგიონებში ძალიან დაბალია აქტიურობა. დღეში სასურველია, სულ მცირე, 3-4 ათასი აცრა და ამაში მოსახლეობას მეტი დამყოლობა მართებს. ამ ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის.

ამ ეტაპზე ვაქცინის 130 000 დოზა გვაქვს, აპრილში დაემატება 80 ათასი, მაისის დასაწყისში - 100 000. უნდა ვეცადოთ, რომ აპრილ-მაისში 150 000 კაცამდე აიც­რას, ივნის-ივლისში კი, როცა მარაგში იქნება­ დიდი რაოდენობით ვაქცინა, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს - დღეში­ 10-12 ათასი კაცი უნდა ავცრათ, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე - წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა იყოს.

- როგორ უნდა მოვემზადოთ აცრისთვის,­ ან შემდგომ როგორ მოვუაროთ თავს?
- თუ ადამიანს აქვს სხვადასხვა დაავადება, არსებობს კითხვარი, რომლითაც აცრის წინ ექიმი გამოჰკითხავს და თუ მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, აცრა გადაიდება. აცრის შემდეგ განსაკუთრებული დიეტაც არ არის საჭირო. თუმცა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი არც ვაქცინამდეა სასურველი და არც შემდგომ, ნახევარი ან 1 ჭიქა ღვინო შეიძლება.

- რამდენი ხნით დაგვიცავს ვაქცინა?
- დღევანდელი გამოცდილებით და მათემატიკური მოდელირებით, 6 თვიდან 1 წლამდე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ასტრაზენეკა" 55 წელს ქვემოთ მოქალაქეებისთვის არ არის რეკომენდებული.
- 7 აპრილს ჩატარდა ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის­ მსოფლიოს ორგანიზაციის სხდომები, მერე იყო ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრების­ სხდომა და დადგინდა, რომ "ასტრაზენეკამ"­ შესაძლოა მილიონში 3-4 გართულება­ გამოიწვიოს, რომელიც დაკავშირებულია­ თრომბოზებთან. აქედან გამომდინარე,­ ევროპის რიგმა ქვეყნებმა შეაჩერეს ან ასაკობრივი­ ზღვრები დააწესეს. 8 აპრილს ჩვენთან გაიმართა სხდომა და გადაწყდა, რომ "ასტრაზენეკას"ვაქცინით აიცრება 55 წელს ზემოთ მოსახლეობა.

- ვინც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაიკეთა, მეორედაც იმავეთი უნდა აიცრას?
- გვერდითი მოვლენები, ძირითადად, პირველ დოზაზე მოდის, მეორე დოზაზე ჯერ არც ერთი არ დაფიქსირებულა. ამიტომ ინგლისმა მისცა რეკომენდაცია, რომ "ასტრაზენეკათი" ვაქცინირებულებმა მეორე დოზაც გაიკეთონ... მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 8-12 კვირის შემდეგ, ეს ჩვენთან აცრილებს 15-20 მაისიდან უწევთ. მანამდე გამოაცხადებენ მეორე აცრის რეკო­მენდაციებს. წინასწარი ინფორმაციით, მეორედ აცრასაც "ასტრაზენეკათი" აპირებენ. თუ რამე შეიცვალა, მოსახლეობას ვაცნობებთ და სხვა ვაქცინით ჩანაცვლდება.

- ამჟამად ქვეყანაში რომელი ვაქცინებით მიმდინარეობს ვაცინაცია?
- ჩვენთან აცრები "ფაიზერით" და "ასტრაზენეკათი" ტარდება, ჩინური, რომელიც ერთჯ­ერადი დოზებით არის,­ ჯერ დასაწყობებულია. გვერდითი­ მოვლენები"ყველას აქვს, რაც ადმინისტრირდება მსოფლიოში, მაგრამ კვლევებით გაირკვა, რომ ჩინურ "სინოფარმს" შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

- ჩინური ვაქცინის მიმართ მოსახლეობას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.
- ჩინური ვაქცინით 100 მილიონზე მეტი კაცი აიცრა ჩინეთსა და 30-40 ქვეყანაში. მეორე­ ჩინური ვაქცინით, "სინოვაკით", რომელიც უნდა შემოვიდეს, თურქეთში 16 მილიონი კაცია აცრილი, ნახევარ მილონზე მეტი - აზერბაიჯანში, სამხრეთ ამერიკაშიც­ ბევრია, აღარაფერს ვამბობ ჩინეთზე, რომელმაც უკვე 150 მილიონი კაცი აცრა "სინოფარმითა" და "სინოვაკით". ჩინეთს ძლიერი ბიოტექნოლოგიური მრეწველობა და დიდი გამოცდილება აქვს ვაქცინების წარმოებაში.

- რამდენად გამართულია რეგიონებში იმუნიზაციის ოთახები ან რამდენად გადამზადებულია პერსონალი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი ვარაუდი მოვისმინე - მეგი ბაქრაძის შემთხვევა თბილისში რომ მომხდარიყო, შეიძლება გადარჩენილიყოო.
- სანამ ამ შემთხვევას სრულად არ შეისწავლიან, მანამდე საუბარი, ალბათ, არ არის კორექტული... ქვეყანაში 350-მდე წერტილია, სადაც­ აცრები ტარდება: ამბულატორიები, სოფლის ექიმები, საავადმყოფოები და ა.შ. ამ დიდი ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ ამბულატორიებიდან აცრები ჰოსპიტლებში გადავიტანეთ. ამ ეტაპზე 30-35 ჰოსპიტალში ტარდება ვაქცინაცია, თანდათან 150-მდე ჰოსპიტალი იქნება ჩართული.

კოვიდვაქცინებს, განსხვავებით კალენდარული ვაქცინებისგან, 5-8-ჯერ ხშირი გვერდითი მოქმედებები (ტემპერატურის მომატება, კუნთების, სახსრების ტკივილი, ნაჩხვლეტის ჰიპერემია და ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება) აქვს, რაც 1-2 დღეში გადის. მაგრამ ვაქცინის დამცველობითი უნარი იმდენად დიდია, თითქმის 100%-ით ამცირებს სიკვდილიანობას, ასევე მცირდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, თუმცა აცრილს შეიძლება დაემართოს "კოვიდი", მაგრამ ძალიან მსუბუქად გადაიტანს.

ჩვენ "კოვიდით" ყოველდღე გვიკვდება­ 7-10 პაციენტი­. წარმოიდგინეთ, 1 წელიწადში 3800 კაცი დაიღუპა, მსოფლიოში კი 2,9 მილიონი კაცი გარდაიცვალა. ახლა მსოფლიოში 600-700 მილიონია­ აცრილი და ასეთი ფატალური შემთხვევები შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, ვაქცინაქციისგან სარგებელი ბევრად დიდია. თუმცა რისკი, ისევე როგორც ნებისმიერი წამლის მიღების შემთხვევაში, არსებობს, შეიძლება ასპირინმაც გამოიწვიოს გართულება.

- მათ შორის ანაფილაქსიური შოკიც?
- მათ შორის ანაფილაქსიაც.

- კოვიდპასპორტებზეც გკითხავთ.
- ვთანამშრომლობთ ესპანეთის შესაბამის ინსტიტუციებთან და, ალბათ, მალე გადა­წყდება, უნდა იყოს თუ არა კოვიდპასპორტი და რა ტიპის. ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ეთანხმება ასეთი უნიფიცირებული პასპორტის შემოღებას, მაგრამ რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ კოვიდპასპორტში შესაბამისი დამცავი მექანიზმებით­ აისახოს აცრის სტატუსი, ვთქვათ, პისია­რკვლევის პასუხი და ა.შ.

ალბათ, კოვიდპასპორტს ბევრი ქვეყანა შემოიღებს. მთელი რიგი ქვეყნებისა და ავიაკომპანიების გადაწ­ყვეტილებით, თუ ადამიანი აცრილი არ არის, ქვეყანაში არ შეუშვებენ... აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა, რომ ორჯერადად აცრილებს თავისუფლად შეუძლიათ ამერიკის ნებისმიერ შტატში მოგზაურობა, ასევე იქნება ევროპაშიც. აქედან გამომდინარე, ალბათ, ამ ტიპის დოკუმენტი იქნება საჭირო.