ხალიჩების დაძველება - კვირის პალიტრა

ხალიჩების დაძველება

კურორტებით განთქმული ანთალიის თაკარა მზე არა მარტო მთელი მსოფლიოს ტურისტებს იზიდავს. აქ, დოშემეალთის რაიონში, ყანების აღების შემდეგ მინდვრები მრავალ ჰექტარზე იფარება საუკეთესო ხალიჩებით მზისგულზე დასაძველებლად. 25 ათასამდე ხელით ნაქსოვი ხალიჩა მართლაც განუმეორებელ სანახაობას ქმნის.

ერთი შეხედვით ეს უცნაური საქმიანობა ათეული წლების წინ დაიწყო. დოშემეალთის რეგიონი ძველთაგანვეა ცნობილი ხალიჩების ოსტატებით, მათი ორნამენტებისა და გეომეტრიული ნახატის ტრადიციებით. ამიტომ აქაურ სახელოსნოებში შესაკეთებლად მთელი თურქეთიდან გზავნიდნენ ძველ, გაცვეთილ თუ დაზიანებულ ხალიჩებს. მოგვიანებით კი თითქმის მთელი მსოფლიოდან დაიწყეს ხელით ნაქსოვი ძველი ხალიჩების, მათ შორის სპარსულის გამოგზავნა.

ანთალიის სახელოსნოებში ხალიჩებს რეცხავდნენ, აშრობდნენ და სპეციალური მანქანებით კრეჭდნენ. შემდეგ აღდგენილ ხალიჩებს მზეზე აწყობდნენ ახალი ჩანართების გასახუნებლად. განსაზღვრული დროის შემდეგ ბუნებრივი საღებავები მკრთალ, პასტელის ტონებს იღებს, რაც შესანიშნავად ფარავს განახლების ნიშნებს და ხალიჩას აღდგენის ნიშნები ნაკლებად ეტყობა.

ასეთ ხალიჩებზე დიდი მოთხოვნა თავდაპირველად აშშ-სა და ავსტრალიაში გაჩნდა, თანდათან მათ დაემატა ევროპა, სამხრეთი ამერიკა და იაპონიაც. ბუნებრივია, რეგიონის ხალიჩის ოსტატებს გაუჩნდათ იდეა, დაეწყოთ სრულიად ახალი ხალიჩების მზეზე დაძველება. მეთოდი მეტად წარმატებული გამოდგა. ბუნებრივი საღებავით შეღებილი და პასტელის ეფექტის მქონე ხელით ნაქსოვი ხალიჩის 1 კვმ-ის ფასი დღეს 500-დან 1000 დოლარამდეა და კიდევ იზრდება.

ამიტომაა, რომ სეზონის დადგომისთანავე დოშემეალთის მინდვრები ათასობით ახალთახალი სხვადასხვა ზომის ხალიჩით მოიხატება. სათანადოდ "დასაძველებლად" ხალიჩამ თაკარა მზეზე 4 თვე უნდა გაატაროს. მისი ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით არა მარტო ბუნებრივი საღებავების ტონები ფერმკრთალდება, არამედ ნაკეთობათა ძაფებიც სუფთავდება მიკრობებისა და ჭუჭყისგან.

მინდორში გაშლილი ხალიჩის მტერი ძლიერი წვიმაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წვიმა აქ მეტად იშვიათია, პატრონები ნოხებს 24 საათის განმავლობაში უვლიან.

ანთალიის ხალიჩის ველები მეტად პოპულარული გახდა. ფერად-ფერადი "მინდვრები" უკვე არაერთხელ გადაიღეს ფილმებსა თუ მუსიკალურ კლიპებში, აქ გასასეირნებლად ხშირად ეპატიჟებიან ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს, მაგრამ "ნოხების პლანტაციები" უფრო პოპულარულია მსოფლიოს ფოტოგრაფებს შორის.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ნაკლებად მზიან რეგიონებში მცხოვრები ხალიჩის მქსოველებიც ცდილობენ თავიანთი ნაკეთობების დაძველებას. ამისთვის, მაგალითად, მანისის პროვინციაში ხალიჩებს 15 დღით გადაფენენ ხოლმე საავტომობილო გზებზე... ამის შემდეგ ხალიჩებს, გარეცხვის გარდა, შეკეთებაც სჭირდება. თუმცა კვალიფიციური ოსტატების მიერ აღდგენილი სწორედ ასეთი ნოხები იძენს ერთგვარ "ისტორიულ" ელფერს და ძირითადად ევროპაში იყიდება.

რამაზ გურგენიძე