"მეზობელმა მითხრა, რომ რაღაც საიდუმლო იცოდა, მაგრამ ვერ მეტყოდა, რადგან..." - კვირის პალიტრა

"მეზობელმა მითხრა, რომ რაღაც საიდუმლო იცოდა, მაგრამ ვერ მეტყოდა, რადგან..."

"დაგპირდით, რომ გიამბობდით დამარხული ტყუპის შესახებ. ვინაიდან ეს ისტორია შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მიქმნის უდიდეს ემოციურ ფონს, ამიტომ შევეცდები გადმოგცეთ ეპიზოდებად...

იმერეთის ერთ-ერთ რაიონში დაიბადა ტყუპი და-ძმა. დედას ჯერ უთხრეს, ძნელად გადარჩებიანო, მერე კი აუწყეს, დღენაკლულები დაიღუპნენო. ვითომ ბავშვები დამარხეს და დედა ცარიელი გაუშვეს სახლში. არადა, სამშობიაროს შეკვეთა ჰქონდა გავლენიანი ოჯახიდან, რომ ბავშვის აყვანა სურდათ. ვინაიდან დედა დაარწმუნეს შვილების დაღუპვაში, ტყუპისცალი ბიჭი გადასცეს დამკვეთ ოჯახს, ხოლო გოგონა დარჩა საავადმყოფოში, მედპერსონალის ყურადღების და მოვლის ქვეშ. სამი თვის შემდეგ იმშობიარა ქალმა, რომელსაც ჰყავდა უშვილო მული და ეს დატოვებული ჩვილი გოგონა წაიყვანა.

ეს გოგონა მე ვარ!" - წერს სოციალურ ქსელში ქალბატონი ანჟელა არჩვაძე, რომელმაც მართალია, სიმართლე გაიგო და ხელში ჩავარდნილი ძაფის გორგალს ბოლომდე მიჰყვა, მაგრამ ამითაც ვერ მშვიდდება, რადგან ფიქრობს, რომ მას მოჰპარეს ყველაზე ძვირფასი რამ - ბავშვობის წლები, რომელიც თავისი დედმამიშვილების გვერდით უნდა გაეტარებინა.

- 3 თვის ვყოფილვარ, როცა მიშვილეს და მას შემდეგ ქუთაისში ვცხოვრობ. საუკეთესო ოჯახი და ბრწყინვალე დედ-მამა (გამზრდელები) მყავდა. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ ბედნიერად და კარგად მეგრძნო თავი. ძალიან მოსიყვარულე, თბილი, კეთილი და პატიოსანი ადამიანები იყვნენ. გამზრდელები არაფერს იშურებდნენ ჩემი კეთილდღეობისთვის. მეც ლაღი და ბედნიერი გახლდით, თუმცა... ყოველთვის მაკლდა სიმშვიდე, მუდამ ვეძებდი და ველოდი ვიღაცას; მუდამ ვგრძნობდი, რომ მეძებდნენ. მინდოდა ვიღაცას ჩავხუტებოდი, ვიღაცა მეტირებოდა, ვიღაც მენატრებოდა. ვიყავი ბედნიერი, მაგრამ უბედური. ყველაფრის მქონე, მაგრამ არაფრის პატრონი; სავსე, მაგრამ ცარიელი. მეოცნებე და იმედგაცრუებული.

საერთოდ, რაც მახსოვრობა მაქვს, იქედანვე ვფიქრობდი, რომ სრულყოფილი არ ვიყავი და რაღაც მაკლდა. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვარ და სადღაც უსასრულობაში ჩემი ნაწილია.

ბავშვობაში რაიმეს რომ მიყიდიდნენ მშობლები, აუცილებლად ორი უნდა ყოფილიყო, ერთი არ მაკმაყოფილებდა და არც მომწონდა. თუმცა, გამზრდელებიც ითვალისწინებდნენ ყოველივეს და სურვილს მისრულებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ტყუპისცალი ვიყავი და ეს ჩემი ერთგვარი ინტუიცია თუ აკვიატება გახლდათ. მოკლედ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჩუქრები თუ რაიმე ნივთი, ყველაფერი ორი უნდა მქონოდა.

- როგორ გაიგეთ, რომ მშობლებს აყვანილი ჰყავდით? - 14 წლის ასაკში სკოლის მეგობარმა გოგონამ, თანაკლასელმა და მეზობელმა მითხრა, რომ რაღაც საიდუმლო იცოდა, მაგრამ ვერ მეტყოდა, რადგან არ შეიძლებოდა. ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი ეჭვი დადასტურებულიყო. თან, სანათესავოში ძალიან განსხვავებულად, ზედმეტად ყურადღებით მექცეოდნენ და ეს მიკვირდა, მით უმეტეს, რომ ირგვლივ ბევრი ჩემი თანატოლი იყო...

როცა გადავწყვიტე, რომ ჩემ შესახებ ყველაფერი უნდა მცოდნოდა და დრო იყო უკვე სიმართლის გაგების, მივადექი დაბადების ადგილს - სამშობიაროს, საბუთების მოსაძიებლად. იქ მითხრეს, საბუთები 7 წელი ინახებოდა და შემდეგ ცენტრალურ არქივში, თბილისში იგზავნებოდაო. ჩავედი თბილისში, რადგან მაშინ კომპიუტერი და ერთი თითის დაჭერით ყველაფრის ძიება ძალიან უცხო და მიუწვდომელი ფუფუნება იყო. ძლივს, ვაი-ვაგლახით და დიდი ბრძოლის შემდეგ მოვიპოვე დაბადების ისტორია, სადაც ეწერა დედის ვინაობა, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი უცვლელად - დღესაც ეს მაქვს. გავიგე, რომ დედას შეეძინა ორი ცოცხალი ნაყოფი, ქალ-ვაჟი. ისტორიაში არ იყო დაფიქსირებული რომელიმეს გარდაცვალება... რადგან ჩემი ვარაუდი დამტკიცდა, რომ ტყუპისცალი ვიყავი, გადავწყვიტე, პირველ რიგში, ძმა მეპოვა და ორივე ერთად მივსულიყავით ბიოლოგიურ დედასთან.

- როგორ იპოვეთ? - დიდი მონდომებისა და ძიების შემდეგ, ვიპოვე საეჭვო ოჯახი, რომელსაც აყვანილი შვილი ჰყავდა ზუსტად ჩემი მონაცემებით; ემთხვეოდა დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი. არც დავფიქრებულვარ შედეგებზე, წავედი და პირდაპირ მივადექი მის ოჯახს. მან არაფერი იცოდა და სიმართლის გაგება მისთვის სრული შოკი აღმოჩნდა. თქვა, რომ თუმცა ცხოვრებაში არაფერი აკლდა, გულის სიღრმეში სიცარიელეს გრძნობდა. შემდეგ, რადგან უკვე დედის მონაცემებიც მოვიპოვე, ისიც მოვინახულეთ. მისთვისაც წარმოუდგენელი და აღუწერელი მოვლენა იყო ჩვენი პოვნა. იმ დღეებში ჩვენი განცდილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. გავიცანით სხვა დედმამიშვილებიც.

- თქვენი გამზრდელები რას ფიქრობდნენ ამ ყველაფერზე? - ისინი ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ ამ ამბავს. ჩემი ძმაც თავის შვილად მიიღეს... ამ ისტორიას შეიძლება, ბედნიერება გასდევდეს ფონად, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გამოვედი ეიფორიიდან და გავაცნობიერე ჩემი რეალობა, ზუსტად მაშინ ვიგრძენი თავი უბედურად, რადგან მე არ ვიცოდი ჩემი ძმის ბავშვობა, ჩვენ არ გვერგო ერთად ცხოვრება, ერთმანეთთან თამაში, ჩხუბი, მოფერება, ჩახუტება, ერთად ტირილი; მე არ მქონდა ბედნიერება თანატოლებში მეთქვა: "ეს ჩემი ძმაა". ძმა, რომელიც ჩემი ხორცის და სისხლის ნახევარია. მე მხოლოდ ზრდასრული, დაკაცებული, ცოლშვილიანი გავიცანი. მე წამართვეს და მომპარეს ბავშვური ბედნიერება. შემრჩა მხოლოდ ინტუიცია, რამაც ყოველივე დაკარგული მომაძებნინა და მიუღწეველისთვის მიმაღწევინა.

- გგავთ ძმა გარეგნულად? - კი, მაგრამ მას ცისფერი თვალები აქვს, მე - თაფლისფერი. ძმა დედას უფრო ჰგავს, მე - მამას.

- ბიოლოგიურ დედ-მამაზე რას გვეტყვით? - დედა, რომელსაც უთხრეს, თქვენი შვილები გარდაიცვალაო და ცარიელი გაუშვეს შინ, წლების შემდეგ ვერანაირად ვერ აღვიქვი საკუთარ დედად, რადგან ეს გრძნობა, გულში მისი ადგილი გამზრდელმა დაიკავა, თავისი ლმობიერებითა და დამსახურებით.

მე კი თავს დღემდე ვგრძნობ ორ გახლეჩილ სამყაროს შორის მყოფად, სადაც ტყუილის მორევში ჩაძირულს, რეალობის აღქმა ტანჯვად მექცა....

- სამი თვე საავადმყოფოში რომ გაგაჩერეს, საკვირველია. მცირეწონიანი დაიბადეთ? - კი და როგორც გამზრდელი მეუბნებოდა, ინკუბატორში ვყოფილვარ კარგა ხანს. მე კილო და 200 გრ, ჩემი ძმა კი კილო და 700 გრ დაბადებულა. ის მაშინვე იშვილეს, მე კი დამტოვეს სამშობიაროში. ალბათ მიწუნებდნენ იმის გამო, რომ ძალიან პატარა ვიყავი და როცა მოვკეთდი, მეც გამომიჩნდა პატრონი.

- გამზრდელებს უთხრეს, რომ სადღაც ტყუპისცალიც გყავდათ?

- კი, იცოდნენ... ბოცოლაჩემი იმ სამშობიაროში მიიყვანეს მოსალოგინებლად, სადაც მე ვიყავი. მისთვის უთქვამთ, ქალმა ტყუპი გააჩინა, გოგონა ჩვენთან დატოვეს და თუ შეგიძლია, რომ აჭამოო. ამ ბიცოლას მიერ მოხდა ჩემი შვილად აყვანა. ჩემი გამზრდელი დედა მისი მული გახლდათ.

- თქვენი ძმის მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი გამოჩენა?

- ძმის მამამ ძალიან განიცადა ეს ამბავი. არ უნდოდა, მის შვილს სიმართლე სცოდნოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა და დროთა განმავლობაში შეეგუა ყველაფერს.

- ახლა სულ რამდენი და-ძმა ხართ და როგორი ურთიერთობა გაქვთ, ახერხებთ თუ არა ერთმანეთის ხშირად ნახვას?

- ჩვენამდე ორი გოგონა ჰყავდა დედას. მისთვის მესამე ორსულობის ნაყოფი ვიყავით და ჩვენს შემდეგ კიდევ ორი ბავშვი ეყოლა, გოგო და ბიჭი. სულ 6 დედმამიშვილი ვართ... ტყუპისცალთან ძალიან ახლო და ხშირი კონტაქტი მაქვს, დანარჩენებს შეძლებისდაგვარად ვნახულობ.

- რას ურჩევთ მას, ვინც იცის, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ეძებს, მაგრამ რაღაც მიზეზით ამას მალავს?

- პირველ რიგში, გამზრდელ დედებს ვეტყოდი, დროულად უთხრან შვილობილებს თავიანთი წარმომავლობის შესახებ ან თუნდაც მხოლოდ ის, რომ ისინი აყვანილები არიან. ამით უფრო დაიმსახურებენ ნდობას და დაფასებას. თუ იცი სიმართლე და არ ეუბნები ადამიანს, ეს საუკუნო ცოდვაა, რადგან ყველას აქვს უფლება იცოდეს, ვინ არის, ვისი ფესვისაა და რომელი გვარის სისხლი აქვს. რაც შეიძლება დროულად უნდა გაიგონ დედმამიშვილების არსებობის შესახებ. იცოდეთ, არ არსებობს სიცრუე, რომელიც ოდესმე არ გამჟღავნდება.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)