"წიგნის თაროს" უკვე დუშელი გამარჯვებულიც ჰყავს! - კვირის პალიტრა

"წიგნის თაროს" უკვე დუშელი გამარჯვებულიც ჰყავს!

"წიგნის თაროს" მეოთხე ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდა

ფოტოკონკურს "წიგნის თაროს" მეოთხე ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის ვებგვერდზე მნახველთა ყველაზე დიდი მოწონება ორმა ფოტომ დაიმსახურა - თამუნა ებიტაშვილის "სულ ათებზე ვისწავლი, ჩემს დედიკოს ვფიცავარ" და ანა ბაქრაძის "მე ბეჯითი გოგო ვიქნები".

მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა", რომელიც კონკურსის სპონსორია, გამარჯვებულებს საჩუქრად გადასცა წიგნები  სერიიდან - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". თამუნა ებიტაშვილმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" აირჩია, ხოლო ანა ბაქრაძემ - მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" .

თამუნა ებიტაშვილი დუშეთში ცხოვრობს და წიგნი, დაგროვებით ბარათთან ერთად, "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელის დუშეთის ფილიალში მიიღო.

ანა ბაქრაძე კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიაში დაჯილდოვდა.

"კონკურსის შესახებ ახლობელმა გვითხრა. ფოტო დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიღეთ. ძალიან გვიხარია, რომ 40000-მდე ადამიანმა ნახა მარიამის ფოტო. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მაღაზია "ბიბლუსს" და კონკურსის ორგანიზატორებს, - თქვა ანა ბაქრაძემ, - ძალიან გვინდა, ამ სერიის  ყველა წიგნი გვქონდეს, ამიტომ ფინალშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას".

KvirisPalitra.Ge"ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მარიამ წამალაშვილის თქმით, კონკურსი დღითი დღე პოპულარული ხდება. კონკურს.გე-ზე ამ დროისთვის 550-მდე მომხმარებლის 840-მდე ფოტოა ატვირთული. კონკურსში მონაწილეობის მიღება, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ყველა მსურველს შეუძლია.

კონკურსი "წიგნის თარო" გრძელდება - მეხუთე ეტაპი 26 აპრილს დაიწყო და 10 მაისს დასრულდება. კონკურსში მონაწილე ყველა კონკურსანტი "ბიბლუსისგან" მიიღებს დაგროვებით ბარათს. რაც შეეხება ფინალს, მის გამარჯვებულს მაისის ბოლოს "წიგნის ფესტივალზე" გავიცნობთ.

სწორედ "წიგნის ფესტივალზე" გამოვლენილი, პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული მიიღებს "50 წიგნის" სერიის ყველა გამოცემას. "წიგნის თაროს" მეორე ადგილზე გასული -  "ქართული პროზის საგანძურის" ყველა წიგნს, მესამე ადგილის მფლობელი კი - "ბიბლუსის" 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს.

საფინალო კონკურსში სურათების ატვირთვა 10 მაისამდე გაგრძელდება. გისურვებთ წარმატებებს.