"ანა, შვილო, გულმოკლული გიყურებ დედი, ცრემლებს ჩუმად ვყლაპავ და ვერაფრით გშველი"
"ანა, შვილო, გულმოკლული გიყურებ დედი, ცრემლებს ჩუმად ვყლაპავ და ვერაფრით გშველი"
"ანა, შვილო, მე და შენ გვიჭირს, დედა, დღეს ძალიან, უფრო შენ, რადგან შენ გტკივა, სახე შეგიშუპდა, მე კი გულმოკლული გიყურებ, ცრემლებს ჩუმად ვყლაპავ და ვერაფრით გშველი. ფულზეა ჩვენი ბედი, შვილო, დამოკიდებული. შენ ოპერაცია გადაგარჩენს, ამისთვის 20 000 დოლარია საჭირო, მე კი - შენი სასოწარკვეთილი დედა, დღეს მხოლოდ უფლის შეწევნის და კეთილი ხალხის იმედად ვარ დარჩენილი. ხალხის გვერდში დგომა თუ გადაგვარჩენს ამ მძიმე სიტუაციაში და უფლის სასწაული, რადგან ჩვენთვის ეს ძალიან
დიდი თანხაა. ფიზიკურად, ამ თანხის მოგროვებას ვერ შევძლებთ. ამიტომ მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს. მოგმართავთ ყველას, გთხოვთ, გადამირჩინეთ ჩემი ანას სიცოცხლე. გთხოვთ, კეთილო ადამიანებო, ჩემი გასაჭირი მიიტანეთ გულთან. დროული ოპერაცია ჩემს ანას გადაარჩენს", - ეს 17 წლის ანა ესართიას დედის, ნანა ლოჩოშვილის სტატუსია სოციალურ ქსელში. შვილის
ავადმყოფობით განადგურებული დედა ახლა საზოგადოების გვერდში დგომის იმედად არის დარჩენილი. მან კარგად იცის, რომ ყველა დღე გადამწყვეტია მისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში მცხოვრებ 17 წლის ანა ესართიას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ჯერ საქართველოში, შემდეგ - თურქეთის კლინიკაში დაუსვეს. ანას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. თურქეთში ექიმები ოჯახს შვილის გადარჩენას ჰპირდებიან, მაგრამ ამ ოპერაციისთვის 20 000 დოლარია საჭირო, სოციალური სტატუსის მქონე ოჯახს კი არ აქვს ამის საშუალება.

ნანა ლოჩოშვილი-ესართია, ანას დედა:
- თავიდან ბავშვს ზრდის პრობლემა შევამჩნიე, არც მენსტრუაციური ციკლი ჰქონდა და პირველად გინეკოლოგს მივმართე, გამოკვლევები ჩაუტარდა, მკურნალობა დაუნიშნა. კვლევებით ძალიან ცუდი ანალიზები ჰქონდა და მიზეზის დადგენა ჭირდა. იმ პერიოდში ბავშვს თავის ტკივილები დაეწყო, მეუბნებოდა თავში მარცხენა მხარეს რაღაც ფეთქავს მუდმივადო. ექიმს ვკითხე, ეს ანალიზები ასეთი ცუდი რომ არის და ბავშვი თავის ტკივილზე ლაპარაკობს, იქიდან ხომ არ იქნება რამე გამოწვეული და თავის ტომოგრაფია ხომ არ გადავუღო-მეთქი. თუ შეძლებ, გადაუღეო. პანდემიაც იყო იმ პერიოდში და ჩავიკეტეთ სოფელში. ანას ძალიან უყვარს სწავლა, პედაგოგთან რომ წავიდა, იქიდან მალე სახლში დაბრუნდა, ცუდად გავხდიო და მასწავლებელმა გამოუშვა. მაგრად მტკივა თავიო, არ უთქვამს, მაგრამ გადავუღე ტომოგრაფია და თავზარდამცემი დიაგნოზი მოვიდა - თავის სიმსივნე აქვსო. რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. ექიმმა მირჩია, თუ შეძლებთ და თურქეთში წაიყვანთ, კარგი იქნება, იქაც გადაამოწმეთო. თურქეთში წინასწარ გავაგზავნე ეს დასკვნა და კლინიკიდან მალევე მოვიდა პასუხი, რომ ბავშვი სასწრაფოდ საოპერაციო იყო. სხვების დახმარებით საჭირო თანხა მოვაგროვეთ. სკოლა, მეზობლები, ახლობლები მოგვეხმარნენ და წავედით თურქეთში. იქ კვლევები ჩატარდა, სამწუხაროდ, იგივე დიაგნოზი დაგვისვეს, ახლა ვხვდები ამ კვლევებში ერთი თვე ტყუილად დავკარგეთ. ჩემმა დამ რომ გაიგო, 20 000 დოლარი იყო საჭირო, ხომ იცოდა ამ თანხას ჩვენ ვერ გავწვდებოდით და მითხრა, მოდი, კვლევები ჩავატაროთ ძირფესვიანად თურქეთში, იქნებ ოპერაციას გადავურჩეთ, საიდან მოვაგროვებთ ამხელა თანხებსო. არაფერი გამოვიდა, ანალიზები ძალიან ცუდი ჰქონდა ბავშვს, იქაც გადაუღეს ტომოფრაფია. გარკვევით მითხრეს, დრო არ ითმენს, ოპერაცია გჭირდებათ, სანამ ტვინს მიაწვება ეს სიმსივნე და გართულდება მდგომარეობაო. ფული არ გვქონდა და ისევ საქართველოში დავბრუნდით.

26 მარტს მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოსგან ვითხოვ ფინანსურ დახმარებას, იქნებ დამიფინანსონ მკურნალობის ნაწილი მაინც, მაგრამ მეუბნებიან, ერთ თვეში გეტყვით პასუხსო. არც ის ვიცი, საერთოდ დამიფინანსდება თუ არა ოპერაცია. დრო კი არ ითმენს, მუდმივად ვრეკავ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, მაგრამ საშველი არ არის. ძალიან განადგურებული ვარ, როგორ მოვაგროვო ეს თანხა. ადენომა ტვინს აწვება, შეიძლება გაითიშოს ბავშვი და კომაში ჩამივარდეს. შეშუპებულია ბავშვი, თუ მალე ვერ წავედით თურქეთში, ჩემი შვილის ბედი ბეწვზე ჰკიდია. იმედი მაქვს, სახელმწიფოც არ გამწირავს და გარკვეული თანხით მაინც დამეხმარება. ბავშვს უკვე აქვს მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილები, გულისრევის შეგრძნება, შეიძლება მხედველობაც დაეკარგოს და ხელ-ფეხი გაუჩერდესო, ყურთასმენა დაგუბებული აქვს, კარგად არ ესმის. თურქეთში თუ მალე არ წავიყვანთ, არ ვიცი, რა მოხდება. ცუდის გაფიქრებაც კი არ მინდა. დროულად თუ გაუკეთდება ოპერაცია, ბავშვი გადარჩება და სრულად გამოჯანმრთელდებაო, - მეუბნება თურქი ექიმი. ქართველი ექიმები კი პასუხისმგებლობას არ იღებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მეუბნებიან, მოგვიწერე ხელი და გავაკეთებთ ოპერაციას, მაგრამ პასუხისმგებელი არ ვართო. დედა ვარ და მეშინია, აქ რომ წავიდე რისკზე, თურქეთი კი მაძლევს იმედს. როგორც დედა, გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ, არავის ვუსურვებ ჩვენს მდგომარეობაში ყოფნას. ძნელია, როცა ფულზე ხარ დამოკიდებული. მაგვიანდება და ფულის გამო ვერ მივდივარ. საშინელი განცდაა ეს. ჩვენი ოჯახი არ არის ძლიერი ფინანსურად, მეუღლეც პენსიონერი მყავს, სამი შვილის დედა ვარ. შრომისუნარიანი მარტო მე ვარ. დიდ პრობლემებში ვართ.

- ანგარიშის ნომერი გახსნილი გაქვთ, რამე თანხა მოგროვდა თქვენს ანგარიშზე?
- საქართველოში ბანკის ანგარიშზე 37 ლარია ჩარიცხული, ლიბერთის ანგარიშზე - 90 ლარი, ხოლო თი-ბი-სი ბანკის ანგარიშზე - 1280 ლარი ჩაირიცხა. 700 დოლარი ჩემი მეუღლის მეგობრებმა მომიგროვეს, სულ მაქვს 2800 ლარამდე, სხვა სახსრები არ გამაჩნია. კეთილო ადამიანებო, გემუდარებით, ნუ გამწირავთ, შვილი გადამირჩინეთ და მთელი ცხოვრება თქვენს ლოცვაში ვიქნები. ვიცი, დღეს ბევრს უჭირს, ბევრი ითხოვს დახმარებას, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხალხის გვერდში დგომით ბევრი სიცოცხლე გადარჩენილა. გთხოვთ ყველას, გადამირჩინეთ ჩემი ანა, მაჩუქეთ ჩემი შვილის სიცოცხლე. მადლობა ყველას, ვინც ჩემი 17 წლის ანას პრობლემები გულთან მიიტანა. ჩემი მეუღლის თანაკლასელებს, სკოლას, მეზობლებს, ვისაც ვეცოდები, ყველამ გაიხაროს.

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი: GE41TB7505045061100115

საქართველოს ბანკი: GE81BG0000000498857160

ლიბერთი ბანკი: GE89LB0711137151680000 ლარში, დოლარში და ევროში.

მიმღები მამა, ზურაბ ესართია.

(სპეციალურად საიტისთვის)