"ხშირად მესმოდა: აქ ქართველებს ერიდეთო" - კვირის პალიტრა

"ხშირად მესმოდა: აქ ქართველებს ერიდეთო"

"ჩვენ საოცარი სიყვარულის ამბავი გვაქვს... ვიცოდით, რომ აქ მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა"

საქართველო, უმრავლესობის მსგავსად, გაჭირვებისა და ვალების გამო არ დაუტოვებიათ. უნდოდათ, ბედი სხვაგანაც ეცადათ, მაგრამ საქორწინო მოგზაურობაში მყოფები, მადრიდის ცხოვრებით ისე მოიხიბლნენ, წლების შემდეგ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, ოღონდ ახლა უკვე ორ შვილთან ერთად. მაკო მიქელაძე და კოტე მესხიძე მეოთხე წელია, ესპანეთში ცხოვრობენ შვილებთან ერთად და ცდილობენ, ქართული გენი აქ გააღვიძონ, ესპანეთში დაბადებულ ბავშვებში.

- რა გახდა მიზეზი თქვენი ქვეყნის დატოვებისა?

მაკო:

- ვერ ვიტყვი, რომ ამის მიზეზი ხელმოკლე ცხოვრება და ვალები იყო. საქართველოშიც ვცეკვავდით და ჩვენი შემოსავალი ყოველთვის გვქონდა. როდესაც მადრიდი პირველად ვნახეთ, როდესაც ვხედავდით, როგორი ცხოვრების დონე იყო ევროპაში, გადავწყვიტეთ, ბედი აქ გვეცადა.

- რატომ ესპანეთი და მადრიდი? - ჩვენ მადრიდში დავქორწინდით, ძალიან მოგვეწონა აქაურობა, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი. ზუსტად ვიცოდი, სადაც უნდა წავსულიყავი, ცეკვის გარეშე ვერ შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას. გვქონდა შემოთავაზება გერმანიიდან, რომ ჩავსულიყავით და იქ დაგვეარსებინა ცეკვის ანსამბლი. მერე გავიგეთ, რომ მადრიდში მცხოვრებ ქართველებსაც არ ჰქონდათ ანსამბლი და გადავწყვიტეთ, აქ გვეცადა ბედი.

- ქართული ცეკვის აკადემია "გეორგია" რამდენი წელია, რაც დაარსდა და დღეს განვითარების რა ეტაპზეა?

- ცეკვის აკადემია 3 წელია, არსებობს, თუმცა ძალიან ბევრი მოსწავლე გვყავს. დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის ესპანეთში დაბადებული ბავშვებისთვის ქართული ცეკვის შეყვარება. წინსვლაში ხელი პანდემიამ შეგვიშალა, თუმცა ჩვენ უკვე გვქონდა უამრავი კონცერტი. საკმაოდ მოკლე დროში წარვდექით მაყურებლის წინაშე, რაშიც ძალიან დაგვეხმარა საქართველოს საელჩო მადრიდში, ქართული სამლოცველო და სკოლა "აისი".

რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და შენი საქმის კეთება დაიწყო. ყველაზე დიდი სირთულე ენის ბარიერი იყო, ჩვენ ესპანურად ვერ ვსაუბრობდით, ბავშვები - ქართულად. მეგობრებისა და ახლობლებისგან შორს ყოფნაც გვიჭირდა, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთის მხარდაჭერითა და დიდი სიყვარულით დავძლიეთ.

- მეუღლის გარდა, ვინ გედგათ გვერდში იმ მძიმე დღეებში? - ხშირად მესმოდა: აქ ქართველებს ერიდეთო. რადგან ამის საშუალება მომეცა, ვიტყვი, რომ არა ეს ქართველები, რომ არა მათი თანადგომა, ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ყველაფერში გვეხმარებოდნენ, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. ასევე, ვერ დავტოვებ უყურადღებოდ საქართველოს საელჩოს, ბატონი ილია ყველაფერში მხარში გვიდგას და ძალიან გვეხმარება.

- შედარება რომ გააკეთოთ, ესპანეთში დაბადებულ და საქართველოში გაზრდილ ბავშვებს შორის, რა აქვთ მათ საერთო? - ალბათ, საერთოს მოძებნა გამიჭირდება, განსხვავება კი ძალიან ბევრია. ამ ბავშვებმა იციან, რომ მათ აქვთ უფლებები და ძალდატანებით ვერაფერს გააკეთებინებენ. თუ არ უნდათ, არ უნდათ და მორჩა! აქ არ არის ასე, რომ მაგალითად, დედის ხათრით გააკეთონ რამე. ესპანეთში ბავშვები ბევრად თავისუფალ გარემოში იზრდებიან და სრულად აისახება ეს მათ ხასიათზე.

- რას ნიშნავს ქალისთვის მეუღლის თანადგომა? - ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალს აუცილებლად სჭირდება მამაკაცის თანადგომა. რომ არა ჩემი მეუღლე, დღეს ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ. ყველა საქმეში, ყველა გადაწყვეტილების მიღებისას მხარს მიჭერს და მეხმარება განვითარებაში.

- სცენამ დაგაკავშირათ ერთმანეთს?

- დიახ, კოტეც მოცეკვავეა, ერთ ანსამბლში ვცეკვავდით. ჩვენ საოცარი სიყვარულის ამბავი გვაქვს, დღემდე ერთ სცენაზე ვდგავართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ. ერთად ყოფნა და ერთი საქმის კეთება კიდევ უფრო გვაახლოებს, ერთმანეთის გარეშე არსად დავდივართ.

- სრულიად უცხო გარემოში მხოლოდ ერთმანეთის იმედად აღმოჩნდით. ამან კიდევ უფრო გაამყარა თქვენი სიყვარული? - ვთვლი, რომ ცოლ-ქმრისთვის აუცილებელია საკუთარი თავის იმედად ყოფნა. ვიცოდით, რომ ესპანეთში მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა და ერთმანეთი გვეიმედებოდა.

- წითელ დიპლომზე დაამთავრეთ საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტი, მიიღეთ უმაღლესი ქორეოგრაფიული განათლებაც. არ აპირებთ ისევ საქართველოში დაბრუნდეთ და იქ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა? - ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებაზე არ ვფიქრობთ. ჩვენი შვილებისა და მათი მომავლისთვის უკეთესია, აქ თუ იქნებიან. გვინდა, აქ მიიღონ სათანადო განათლება და შემდეგ თუ გადაწყვეტენ დაბრუნებას, დავბრუნდებით. მანამდე კი გვინდა, ქართული ცეკვებით მოვიაროთ ეს ქვეყანა და მთელ ესპანეთს გავაცნოთ ჩვენი საგანძური.

ფიქრია რობაქიძე ("გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან)