"საქართველოში დაპატიმრებული ებრაელი ბიზნესმენების გამო ვისჯები?!" - კვირის პალიტრა

"საქართველოში დაპატიმრებული ებრაელი ბიზნესმენების გამო ვისჯები?!"

"იხილოვის" კლინიკიდან მოწერილი მიზეზები აბსურდულია, რა ვერ დათვალეს ამდენ ხანს?"

"ქართველ ხალხს გვსჯიან ჩვენი ხელისუფლების გამო თუ რაშია საქმე?"

"თუ მოვკვდები, ჩემი მეუღლე იდავებს, ალბათ!"

ქართულ-ებრაული მეგობრობის ისტორია ოცდაექვს საუკუნეს ითვლის, მაგრამ ამ ბოლო დროს აშკარა შეიქნა, რომ ჩვენი "მოყვრობის" ურყევ ციტადელს საფუძველი შეერყა. თუმცა, არც ისრაელი და არც თბილისი არ აღიარებენ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის  ურთიერთობა გაცივდა... ამბავს, რომელიც მძიმე სენით დაავადებულმა ქართველმა მოგვითხრო, ამ "ცივ ომთან" აქვს თუ არა კავშირი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ქართველები  ებრაელებთან არსებულ ყოფით გაუგებრობასაც კი სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებენ!

მზია ქობალია: "ჩემი მეუღლე მძიმე სენით, მეალოფიბროზით (ზურგის ტვინის გამოშრობა) არის დაავადებული. განკურნების ერთადერთი შანსია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ინტერნეტში გამოვაქვეყნეთ, რომ ვეძებდით კლინიკას, რომელიც დონორს მოძებნიდა და ძვლის ტვინსაც გადაუნერგავდა ჩემს მეუღლეს. იყო წინადადებები ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ ყველაზე ხელმისაწვდომი ისრაელიდან მივიღეთ. ზურგის ტვინის გადანერგვა ძვირად ღირებული ოპერაციაა. თანხა, რომელიც საჭირო იყო, ჩემი მეუღლის თანამშრომლებმა გაიღეს, - ენგურჰესზე მუშაობს და ყველა თანამშრომელმა ერთი თვის ხელფასი დადო.

დონორი იერუსალიმში მდებარე კლინიკა "ჰადასას" უნდა მოეძებნა, ოპერაცია კი თელ-ავივის კლინიკა "იხილოვში" უნდა გაკეთებულიყო. ჯერ გვითხრეს, 10.000 ევრო დონორის მოსაძიებლად უნდა გადმორიცხოთ, ოპერაცია კი 100.000 დაჯდებაო. მაისში იერუსალიმის კლინიკა "ჰადასაში" 10.000 ევრო გადავრიცხეთ. მალე ელექტრონული ფოსტით შეგვატყობინეს, დონორი მოვძებნეთ გერმანიის დონორთა ბანკში, ჩამოდით ტრანსპლანტაციისთვისო. წინასწარი მოლაპარაკებით, თანხის 50% ოპერაციამდე უნდა გადაგვერიცხა, დანარჩენი კი სამთვიანი რეაბილიტაციის განმავლობაში".

ბესიკ ქობალია: "ისრაელში ივლისში ჩავფრინდით. პროფესორმა მიმიღო და წინასაოპერაციო მედიკამენტური მკურნალობის ჩატარება მირჩია. დამპირდა, რომ ძვლის ტვინს ნოემბერში გადმომინერგავდნენ. ოქტომბერში ისევ ჩავფრინდით ისრაელში. ამჯერად მითხრეს, დონორი ავად გახდა, ხელახლა უნდა მოვიძიოთ  და ოპერაციას ვერ გაგიკეთებთო. დონორის მოძიებამდე მედიკამენტით განაგრძეთ მკურნალობა, ჩვენ დაგიკავშირდებითო. იქვე გვითხრეს, რომ ახალი დონორის ფული ხელმეორედ არ გვექნებოდა გადასახდელი. მარტში ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, ძველი დონორი გამოჯანმრთელდა და ჩამოდით, ტრანსპლანტაცია გაგიკეთდებათო. წინასწარ თანხის 60% გადავრიცხეთ (73.000 ევრო), გადასახდელი კიდევ 30.000 ევრო გვქონდა, მაგრამ ისრაელში რომ ჩავფრინდით, მოულოდნელად მითხრეს, თუ გადმორიცხულ თანხას 80.000 ევროს არ დაამატებთ, ოპერაციას არ გაგიკეთებთო.

- წინასწარ არ იყავით თანხაზე შეთანხმებული?

- ვიყავით და ხელშეკრულებაც მქონდა გაფორმებული, მაგრამ გვითხრეს, მაშინ ფასდაკლებები იყო, ახლა ყველაფერი გაძვირდა და ფული უნდა დაამატოთო. რატომ გაიზარდა ასე ხარჯები-მეთქი? "იხილოვის" კლინიკის მენეჯერმა გვითხრა, "ჰადასა" დონორის ხელმეორედ მოძიების ხარჯების ხელახალ ანაზღაურებას ითხოვს, მიბრძანდით და იქ გაარკვიეთ სიტუაციაო. იძულებული გავხდით თელ-ავივიდან იერუსალიმში წავსულიყავით. იერუსალიმში ჩასულებს კი გვითხრეს, თქვენთან პრეტენზია არა გვაქვს, უკვე გადახდილი გაქვთ 10.000 ევრო, დონორიც მოძებნილი გვყავსო. იქაურ ფინანსურ მენეჯერს ვთხოვეთ, რასაც სიტყვიერად გვეუბნებით, წერილობით დაგვიწერეთ-მეთქი. უარი გვითხრა, რა წერილი უნდა მოგცეთ, როცა ჩვენ პრეტენზია არა გვაქვს და არც ზედმეტი თანხა მოგვითხოვიაო.

ასე დაიმედებული გაგვიშვეს თელ-ავივში. "იხილოვის" კლინიკაში ისევ იგივე გაგვიმეორეს, "ჰადასას" კლინიკა ხელახლა 10.000 ევროს გადახდას ითხოვს, სიტყვიერად რა გითხრეს, არ ვიცითო. მეორეჯერაც ჩავედით იერუსალიმში, მაგრამ იმავე პასუხით გამოგვისტუმრეს. ბოლოს  ჩვენმა თარჯიმანმა მითხრა, სიტუაციაში გავერკვევიო.  მეორე დღეს დამირეკა, ეს სატელეფონო საუბარი არ არის, მითხრეს, რასაც ვაკეთებთ, ასეა საჭიროო. მაშინ ვიფიქრე, რომ საქართველოში დაპატიმრებული ებრაელი ბიზნესმენების გამო ვისჯებოდი.

ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე და ვუთხარი, აღარ მინდა თქვენი ოპერაცია, თანხა დამიბრუნეთ-მეთქი. ამის შემდეგ საქართველოს კონსულს ისრაელში ნატა კორძაიას მივმართეთ. ძალიან მოინდომა ჩვენი დახმარება, იმ კლინიკაშიც მივიდა, მაგრამ  საიმედო ინფორმაცია ვერ მოგვცა, უთხრეს, 80 ათასი ევრო გადაიხადოს და გავუკეთებთ ოპერაციასო. ჩვენმა თელ-ავიველმა პროფესორმა გვითხრა, 24 საათი მომეცით, რომ ყველაფერში გავერკვიო და დაგეხმაროთო. მეორე დღეს გვითხრა, არაფერი შეიცვლებაო...

- მიზეზი არ უთქვამს?

- არა.

მოკლედ, საქართველოში დასაბრუნებლად ბილეთები ავიღეთ. სამი საათი რჩებოდა თვითმფრინავის გამოფრენამდე, რომ იერუსალიმის კლინიკიდან დაგვირეკეს, პროფესორი ითხოვს თქვენთან შეხვედრასო. სასწრაფოდ ჩავედით იერუსალიმში. ვთხოვეთ, პროფესორს დროზე მივეღეთ, მაგრამ შემოგვითვალეს, თუ უნდათ  დაგველოდონ, თუ არა და, სადაც უნდათ, იქ მიბრძანდნენო. რა უნდა გვექნა? თვითმფრინავსაც ძლივს მივუსწარით, გაფრენამდე 20 წუთით ადრე მივედით აეროპორტში.

73.000 ევრო გვაქვს გადარიცხული და ახლა იმ თანხასაც აღარ გვიბრუნებენ. ისრაელში გვითხრეს, თქვენ წადით, იმ თანხას, რასაც იერუსალიმის კლინიკა მოითხოვს, ჩამოგაჭრით, დანარჩენს კი დაუბრკოლებლად გადმოგიგზავნითო. მას შემდეგ ველოდებით, გვეუბნებიან, ამ კვირაში გადმოგიგზავნით და იმ კვირაშიო. იქიდან მოსული მეილის გახსნაც გვეშინია, ყოველ ჯერზე წერენ, იერუსალიმის კლინიკიდან ეტაპობრივად მოდის ხარჯების ქვითრები და არ ვიცით, რამდენი დაგრჩათ უკან გადმოსარიცხი ფულიო. თავიდან გვითხრეს, 50.000 ევრო სადავო არ არის, გადმოგირიცხავთ, ახლა 46 ათასზე ჩამოვიდნენ და თან გვწერენ, "ჰადასას" ხარჯები ჯერ არა აქვს დათვლილიო, ამას წინათ ისიც მომწერეს, იმეილებზე წერილებს რომ გწერთ, ამაშიც უნდა გადაიხადოთო(?!).

- დონორის მოძიების გარდა "ჰადასამ" სხვა მომსახურება გაგიწიათ?

- არავითარი, თანაც არაერთხელ გვითხრეს, რომ 10.000 ევრო გადახდილი გვაქვს და დამატებით თანხას არ ითხოვდნენ ჩვენგან. "იხილოვის" კლინიკიდან მოწერილი მიზეზები აბსურდულია, რა ვერ დათვალეს ამდენ ხანს? ამ სიტუაციას ნამდვილად ვუკავშირებ ებრაელი ბიზნესმენების საქმეს, რადგან ჩემს იქ ყოფნაში იმავე კლინიკაში ზუსტად იგივე ოპერაცია ორჯერ ჩაუტარეს ერთ ყაზახ ბიჭს და სულ 115 ათასი ევრო გამოართვეს, არც სხვა ეროვნების პაციენტებს უქმნიდნენ პრობლემას.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ და სასამართლოებში სირბილის  დრო  არა მაქვს. თუ მოვკვდები, ჩემი მეუღლე იდავებს, ალბათ! არ ვიცი, ქართველ ხალხს გვსჯიან ჩვენი ხელისუფლების გამო, თუ რაშია საქმე?

ჩვენ დავუკავშირდით ისრაელის საელჩოს  საქართველოში და გვითხრეს, ბესიკ ქობალიას შემთხვევას დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვსო (რა თქმა უნდა, დიპლომატიაში ნოტებითა და დოკუმენტებით საუბარია მიღებული, მაგრამ როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს "დიპლომატიურ" უარს ეუბნებიან ქნესეთში ვიზიტზე, ეკონომიკის მინისტრის ვიზიტს ასევე დიპლომატიურად შლიან, აფხაზეთში კი ისრაელის მოქალაქეები იარაღით ვაჭრობაზე ურიგდებიან სეპარატისტებს, ძნელია მხოლოდ დიპლომატიური მიდგომებით იხელმძღვანელო). ისრაელის ელჩმა საქართველოში თანაშემწის პირით გვიპასუხა, რომ "იხილოვის" ჰოსპიტალი კერძო დაწესებულებაა და საელჩო ამ საქმეში ვერ ჩაერევა. ეს ისრაელში საქართველოს საელჩოს პრეროგატივაა!

ჩვენ  დავუკავშირდით საქართველოს კონსულს ისრაელში ნატა კორძაიას: - მე თავად დავუკავშირდები ქობალიებს და ავუხსნი სიტუაციას.

- იქნებ ჩვენც გვითხრათ, რაშია საქმე?

- თქვენ ვერ გეტყვით, თავად დაველაპარაკები ქობალიებს და მერე ისინი გეტყვიან თქვენ...

P.S. ძნელია ამტკიცო, რომ ბესიკ ქობალიას ამბავი მაინცდამაინც ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრებას უკავშირდება. ვიდრე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი და მტკიცებულება, გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია. ყველაზე ცუდი კი ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში ის არის, რომ ნებისმიერი გაუგებრობის უკან აშკარად იგრძნობა უთქმელი უხერხულობა, რომელსაც აჩრდილად თან სდევს ებრაელ ბიზნესმენთა საქმე!