"დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს - ადამიანების მეოხებით კოვიდი წარმატებას აღწევს" - კვირის პალიტრა

"დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს - ადამიანების მეოხებით კოვიდი წარმატებას აღწევს"

ჩვენ დღეს ვართ დიდი გამოწვევის წინაშე, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა. წელიწადნახევარი გავიდა და ადამიანების მეოხებით აღწევს წარმატებას ეს კოვიდი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს დადებითობის მაჩვენებელმა 3,66% შეადგინა, 4% კი უკვე კრიტიკული მაჩვენებელია, რაც ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აიძულებს, რაც არც ერთ სფეროს არ მოსწონს. ლადო კახაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ვირუსის მართვა.

"მტერი გვყავს დედამიწას დაუძინებელი, ეს არის კოვიდინფექცია და წელიწადნახევარი გავიდა და ჩვენი მეოხებით, ადამიანების მეოხებით, აღწევს წარმატებას ეს კოვიდი, ჩვენივე ჩართულობით. ვირუსი მრავლდება უმოწყალოდ და არამარტო მრავლდება, ფორმას იცვლის, შტამებს იცვლის, ინგლისური შტამი გვაქვს, იქით არის ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული შტამი და კიდევ ვინ იცის, რამდენ სახეცვლილებას მოახდენს ეს ვირუსი და ჩვენვე გადაგვაქვს. ჯერადი მატება გვაქვს, ადამიანებო! ჯერადი. ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება. 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4% არის უკვე კრიტიკული ზღვარი, რომელიც გვაიძულებს ჩვენ, რომ რაღაცა იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არ მოგვწონს არავის, არც კანონმდებლებს, არც აღმასრულებლებს, არც ბიზნესს, არც განათლებას, არც სპორტს და არავის. ხომ ხედავთ დარბაზშიც შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, რაღაც-რაღაცები გამომჟღავნდა,"- განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა ფარულად ატარებს სარიტუალო და გასართობ ღონისძიებებს, რაც არა მარტო კანონის, არამედ ჩვენივე ცხოვრების საწინააღმდეგო ქმედებაა.

"არ შემიძლია ეს რომ არ ვთქვა, თუ გეწყინებათ, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არავის არ მინდა ეწყინოს - კატასტროფულად დაფარულ პირობებში ვითარდება სარიტუალო თუ გასართობი თავშეყრილობები. კანონის საწინააღმდეგოდ, თქვენივე ცხოვრების წესის საწინააღმდეგოდ და ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენივე მიღებული ან თქვენთვის მიღებული ორგანიზაციული მხარის შეზღუდვები გაისიგრძეგანოთ, რომ ამისი დაცვის გარეშე ვირუსი კატასტროფულად მის სასარგებლოდ გადახრის პინას.

ჩვენ დღეს ვართ დიდი გამოწვევის წინაშე, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა.

ორი არჩევანია, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი მომავალში, პოსტკოვიდური აზროვნება და კოვიდზე გამარჯვებაზე ზეიმი, ან დაყოლა იმ შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე, რომელიც 1-3% მაგრამ მერე გაბუქებული 35-40%-მდე ადის. ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას, რომ ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია და მივხედოთ ამას, თქვენი აქტიურობაა საჭირო და ბოლოს ვამთავრებ - პირბადე, ამ მაჩვენებელმა კატასტროფულად დაიკლო,"- განაცხადა ლადო კახაძემ.