"მულ­მა ამიხ­სნა, ომა­რი აღარ არი­სო. ერთი კი ვი­კივ­ლე, მაგ­რამ როცა ბავ­შვე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ ოთახ­ში, იმ დღი­დან ქვა და რკი­ნა გავ­ხდი..." - კვირის პალიტრა

"მულ­მა ამიხ­სნა, ომა­რი აღარ არი­სო. ერთი კი ვი­კივ­ლე, მაგ­რამ როცა ბავ­შვე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ ოთახ­ში, იმ დღი­დან ქვა და რკი­ნა გავ­ხდი..."

ჩვენთან, საქართველოში მღერიან ხოლმე - "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა",- და, რა გულსაკლავია ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში არიან, ვინც ყოვლის შემძლემ ორი სამშობლოთი დაასაჩუქრა... რას ვეუბნებით მილიონობით ლაზებსა და ინგილოებს, ფერეიდნელ ქართველებს, სირია-იორდანიასა და თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირთა შთამომავლებსა და დღეს მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ ჩეჩნებს. ისიც ხომ უფლისგან იყო, რომ იბერიის პირველი მეფის, ფარნავაზის მეუღლე, საქართველოს პირველი დედოფალი დურძუკეთის ასული, ჩრდილოკავკასიელი, ქისტის ქალი იყო. აქედან დაიწყო ჩვენი ნათესაური კავშირებიც... საქართველო ჩემთვის ყველაფერია, პირველ რიგში - უდიდესი განძი და სიყვარული. მე ხომ ამ კულტურაზე გავიზარდე. ბევრჯერ მითქვამს, რომ უფალმა ჩვენ, ქისტები იმითაც გამოგვარჩია, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ორიგინალში წავიკითხოთ რუსთაველი, ვაჟა, ყაზბეგი, ილია, აკაკი… არ ვიცი, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ჩემთვის საქართველო... ალბათ იმას, რისთვისაც შეგიძლია სიცოცხლე დათმო და სიცოცხლეზე ძვირფასი ადამიანისთვის არის რამე?" - გვეუბნება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პანკისის ხეობელი ქალბატონი მექა ხანგოშვილი და ეს სიტყვები ისეთივე მართალი, ნაღდია და გულწრფელი, როგორადაც მას საქართველოში იცნობენ. მასთან საუბარსაც ბავშვობით ვიწყებთ, რომელიც საქართველოს ულამაზეს ხეობას უკავშირდება.

ბავშვობა

პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დავიბადე, პედაგოგების ოჯახში. მეორე ქალიშვილი ვიყავი, უფროსი და მყავს, სულ ოთხნი ვართ. ბავშვობა ყველაზე ლამაზი ხანა იყო. დედა პედაგოგი იყო, მათემატიკოსი. სადღაც 8 წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა უზარმაზარი სახლის მშენებლობა რომ დაიწყეს. კარგად მახსოვს დედაჩემის საოცარი შრომა და ჯაფა. დედა სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, ოთხ შვილს ზრდიდა და ფიზიკურადაც ბევრს მუშაობდა. გარდა ამისა, მამა ძალიან მოქეიფე კაცი იყო და ჩვენს ოჯახში სტუმარი არ ილეოდა. ჩემი ბავშვობა იყო მუდმივად გაშლილი სუფრები და თეთრად გათენებული ღამეები... ბებია ბოლო წლებში ლოგინად იყო ჩავარდნილი და დედა მას, როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდა. მოხუცების მიმართ საოცარი დამოკიდებულება შვილებს სწორედ დედამ ჩაგვინერგა თავისი მაგალითით, მისი ერთი დაწუწუნებაც კი არ მახსოვს. კერძში საუკეთესო ნაწილიც ბებიასი იყო... ასე გავიზარდეთ და ახლა მეც ჩემს შვილებს უფროსი თაობისადმი მოწიწებით ვზრდი. სწავლაში პირველები რომ არ ვყოფილიყავით, ვინ გვაპატიებდა? მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ვშრომობდით, ღამეები გამითენებია და არ მახსენდება, და-ძმები სკოლაში უსწავლელები წავსულიყავით. ყველანი წარჩინებულები ვიყავით. განსაკუთრებულად ძლიერი მათემატიკაში ვიყავი (ალბათ დედისგან გამომყვა) და რას წარმოვიდგენდი, სადოქტოროს ქართულ ფილოლოგიაში თუ დავიცავდი?

"თანაკურსელებმა რომ გაიგეს ჩემზე, ქისტიაო, ეგონათ, ჩანთით ხანჯალს ვატარებდი"

ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბოლო წლებში ფიზიკა შემიყვარდა, ძალიან ლამაზი და მოსიყვარულე მასწავლებელი მყავდა, ხეედი მარგოშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად ვუყვარდი და ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. ჩვენი ხეობიდან იმ პერიოდში არავინ აბარებდა ფიზიკურზე და მე ვიყავი ერთადერთი. სიის სანახავად, "მაღლივ კორპუსში" მისულს ძალიან გამიკვირდა, "უკონკურსო" რომ ვეწერე . ჩათვლის წიგნაკის ასაღებად როცა მივედი, მკითხეს, პანკისელი ქისტი თქვენ ხართო? ჩვენს დეკანს რომ გაუგია, ქისტი აბარებსო, უთქვამს, აუცილებლად უნდა მოხვდესო და თანამშრომლები გაუფრთხილებია, ცოცხალი ქისტი არ მყავს ნანახი და როცა მოვა, აუცილებლად ჩემთან შემოიყვანეთო. გააგრძელეთ კითხვა