„კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე - 100 აცრილი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი, ეს იცოდეთ" - კვირის პალიტრა

„კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე - 100 აცრილი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი, ეს იცოდეთ"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 18 კლასტერია, თუმცა, ყველა მათგანი მართვადია.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, კლასტერების არსებობა ქვეყანაში საყოველთაო გავრცელების ნიშანია.

"გიდასტურებთ, რომ კლასტერების რაოდენობა იზრდება. დღეს დილის მონაცემებით დამატებულია ლაგოდეხის კლასტერი. დაახლოებით, 18-მდეა ეს კლასტერი, რაც დღეს არის, მაგრამ ყველა მართვადია, დიდი კლასტერები არ არის. ასევე, თანდათან კლასტერებიდან გადავდივართ ქვეყანაში საყოველთაო გავრცელებაზეც, რისი ერთ-ერთი ნიშანიც კლასტერების ჩამოყალიბებაა", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვირუსის შტამებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, 50-70% შემთხვევებში ქვეყანაში "ბრიტანული შტამი" ცირკულირებს, რომელიც უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.

ამასთან, გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო საბჭო გამოყოფს კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ საპატრიარქოსთან, რომ "აღდგომის წინა დღეები რაც შეიძლება ორგანიზებულად ჩატარდეს".

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს ტესტირება ჩაუტარდეთ.

"აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაა, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. მაგრამ ამასთანავე სიფრთხილეა საჭირო. მოგეხსენებათ, რომ სამეგრელოში ეპიდსიტუაცია იძაბება. სამეგრელო, 100 ათას მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამიტომ ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ამაზე დღეს ხანგრძლივი მსჯელობა იყო და ვფიქრობ, ხვალ და ზეგ გადაწყვეტილებები იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, პრევენციის მიზნით, ხომ არ იგეგმება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვის ტესტირების ჩატარება? გამყრელიძემ უპასუა: "განიხილება ბევრი მიდგომა, მათ შორის მსგავსი, რაც თქვენ ბრძანეთ".

"ეს მსჯელობა დაწყებულია დიდი ხანია და ჩვენ ჩართულები ვართ. დღეს იყო მსჯელობა ამაზე და შესაბამისი განცხადება, შესაბამისი სამინისტროს მიერ ხვალ თუ არა ზეგ გაკეთდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე, - გამყრელიძის თქმით, აუცილებელია სიფრთხილე და რაც მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვი.

"დღეს ყველა რეგიონში უკვე, ჩვენ გვაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ამიტომ სიფრთხილე და ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომელსაც გეუბნებით და განსაკუთრებით დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება, ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება და ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი - ეს იცოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი, რაც მეტი იქნება 55-წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ადამიანი გადარჩება ხანდაზმული", - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: