"ამაზ­რზე­ნი ტყუ­ი­ლია, რო­მელ­საც 5000 ლარ­ზეც კი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ამ­ბობ­დეს" - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას? - კვირის პალიტრა

"ამაზ­რზე­ნი ტყუ­ი­ლია, რო­მელ­საც 5000 ლარ­ზეც კი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ამ­ბობ­დეს" - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას?

ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით "ნეტგაზეთთან" კომენტარს აკეთებს. მსახიობი აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი სიცრუეს ამბობს და ძალადობას მათ ოჯახში ადგილი არ ჰქონია.

ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ბესო ზანგური ფინანსურ ინტერესს უკავშირებს, რადგან გადაცემის ფორმატი სწორედ ასეთია - "ფარული კონვერტის" წესების თანახმად, სადაც მაყაშვილმა ზანგურთან თანაცხოვრების დეტალებზე ისაუბრა, რესპონდენტი კონვერტს ხსნის, რომელიც პირადი შინაარსის კითხვას შეიცავს. თუ ის კითხვაზე პასუხის გაცემას გადაწყვეტს, ამისთვის გარკვეულ თანხას მიიღებს. თუმცა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემის დასაყიწში განაცხადა, რომ ამ საკითხზე არა თანხის, არამედ იმის გამო სურს საუბარი, რომ თავის დროზე ამ ამბავს ბევრი მითქმა-მოთქმა და ნეგატიური რეაქცია მოჰყვა მის მიმართ.

"ამ ყველაფერში იჭყლიტება ბავშვი, რომელიც ჩემი შვილია. რომ გადავხედოთ ჩემი ცხოვრების რიტმსა და წესს, თითით საჩვენებელი მამა ვარ და მეუღლე. რამენაირად გამოვავლენდი სხვაგანაც ამ მოძალადე სახეს [რომ ვიყო]", - განუცხადა "ნეტგაზეთს" ბესო ზანგურმა და ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ საუბრობდა მისი ყოფილი მეუღლე ამ საკითხზე მანამდე. მისივე თქმით, თუ მის შვილებზე ამგვარი "ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა", არ გამორიცხავს, სასამართლოს მიმართოს სარჩელით.

ამასთან, ბესო ზანგურის თქმით, ძალადობა მისთვის მიუღებელია: "ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს", - მსახიობის ამ კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ის, ასევე, სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

ხოლო კითხვაზე, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს: "არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…"

გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია.

"რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ისედაც ამდენი დოზით არის ქალზე ძალადობა. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ-ერთი გავხდებოდი, ვისაც ასეთი ცხოვრება მოუწევდა. თუმცა არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა.

მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა, ან შუქნიშანზე გაჩერებისას მოწყენილი ვყოფილიყავი, ან თუნდაც მიზეზი ყოფილიყო, ქუჩაში უბრალოდ დანახული ბიჭი.

მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან, მარტივია სუსტი დაჩაგრო. მე მაშინ სუსტი ვიყავი. რატომ ვპატიობდი? ძალიან მეშინოდა, იყო მუქარები. ვერც ოჯახის წევრებს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-თქო, მაგრამ მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, რომ ვთქვი, მიშველეთო.

ბოლო წვეთი იყო, როდესაც გასტროლებზე იყო, ღამის 4 საათზე ჩამოვიდა, ბებიასთან ვიყავი ბავშვთან ერთად, ვთხოვე, რომ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ უარი თქვა. წავედით სახლში და რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილის 8 საათამდე. ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, იყო, რომ ჩემი შვილის სახელი მეთქვა, რომელიც გვერდზე ოთახში ღნაოდა. მე ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წამეყვანა იქიდან".