"50 წელია, სიცხე არ მქონია, ამიტომ ვეუბნები ყველას, მოზრდილებსაც და ბავშვების პატრონებსაც, რომ ორგანიზმის გაკაჟება ყველაზე კარგი გამოსავალია" - კვირის პალიტრა

"50 წელია, სიცხე არ მქონია, ამიტომ ვეუბნები ყველას, მოზრდილებსაც და ბავშვების პატრონებსაც, რომ ორგანიზმის გაკაჟება ყველაზე კარგი გამოსავალია"

"კოვიდპანდემიის პირობებში საგრძნობლად შემცირდა ბავშვთა ავადობა და ამაში თავისი როლი იმ რეჟიმმა ითამაშა, რომელშიც გვიწევდა ცხოვრება"

ბოლო ორი დღეა კორონავირუსის დღიური მაჩვენებლი ათასს გადასცდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშო და საყურადღებოა. მისივე თქმით, იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი შემთხვევა ყოფილა.

კორონავირუსით არაერთი ბავშვიც დაინფიცირდა. სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში არის კორონავირუსით არასრულწლოვანთა გარდაცვალების შემთხვევებიც. საქართველოში მოზარდებში კორონავირუსი აგრესიულად არ მიმდინარეობს და ინფექცია მათ იოლად გადააქვთ. რთული სამართავია თუ არა კორონავირუსი ბავშვებთან? არის თუ არა მცირეწლოვანთა მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებული? როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები?

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყარამან ფაღავა გვესაუბრება.

- ბატონო ყარამან, ისევ იმატა "კოვიდ 19"-ის შემთხვევებმა. ხომ არ გაიზარდა დაინფიცირებული ბავშვების რაოდენობა თქვენს კლინიკაში? - მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელების დასაწყისში მშობლები მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან ბავშვებში არ გვხვდებოდა ან იშვიათად გვხვდებოდა, მაგრამ ახლა საგრძნობლად იმატებს დაავადებული ბავშვების რიცხვი, არა მარტო საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში. მართალია, ბევრს ამ ვირუსის არსებობაც არ სჯეროდა, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ ძალიან მძიმე პანდემიაა, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია, გრძელდება და ამ ვირუსით იღუპება ასაკოვანიც, საშუალო ხნისაც, ახალგაზრდაც და, სამწუხაროდ - ბავშვიც. მთელი მსოფლიო შეძრულია ამ ამბით. ღვთის წყალობით, საქართველოში არ არის საგანგაშო ვითარება. ექიმებიც, ეპიდემიოლოგებიც თავიანთ გასაკეთებელს მაქსიმალურად აკეთებენ. ამ ვირუსს ყველა უნდა ვებრძოლოთ.

- როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები ამ ვირუსისგან? - ყველაზე რთული სწორედ დაცვაა. უნდა აღვნიშნო, რომ კოვიდპანდემიის პირობებში საგრძნობლად შემცირდა ბავშვთა ავადობა და ამაში თავისი როლი იმ რეჟიმმა ითამაშა, რომელშიც გვიწევდა ცხოვრება. ბავშვები, ძირითადად, იზოლირებული იყვნენ, კონტაქტი ნაკლები იყო და ვირუსული ინფექციებით დაავადების რიცხვიც ამიტომ შემცირდა. ყოველ ახალ წელს ვამბობდი, კარგია ახალი წლის ზეიმი, მაგრამ მწვავე რესპირატორული დაავადებების პერიოდია და, ჯობია, არ მივიყვანოთ ბავშვები ზეიმზე, ვირუსები რომ არ შეეყაროთ- მეთქი. ახლა ხალხმრავალ ადგილას ბავშვები არ დაჰყავთ და რესპირატორული დაავადებაც ნაკლებია. მშობლებს ვურჩევ, როცა ბავშვები ქუჩაში გაჰყავთ, ჯობია, მათ პირბადე გაუკეთონ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ერთია, ინფექცია შეგხვდება თუ არ შეგხვდება, მაგრამ მეორეა, ის როგორი სიმძიმით განვითარდება. მე ასაკოვანი ადამიანია ვარ, მაგრამ 50 წელია, სიცხე არ მქონია, რადგან ყოველდღე ცივ შხაპს ვიღებ. ამიტომ ვეუბნები ყველას, მოზრდილებსაც და ბავშვების პატრონებსაც, რომ ორგანიზმის გაკაჟება ყველაზე კარგი გამოსავალია. თუ გაკაჟებულია ადამიანი, მას ეს ვირუსი ან არ შეხვდება, ან თუ შეხვდა, ყველაფერი ძალიან მსუბუქად ჩაივლის. ჯანსაღი ცხოვრების წესია მთავარი, სხვა რეცეპტი არ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, აუცილებელია ნიღბების გამოყენება. ეზოში ბავშვის გაყვანა კარგია, მაგრამ დაცვის მოწოდებული ელემენტებით (ნიღაბი, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანვა). ჯერჯერობით ბავშვებს "კოვიდის" წინააღმდეგ არ ცრიან, თუმცა გერმანიამ უკვე დაიწყო მოზარდების აცრა. თანდათან, ალბათ, აცრაც მოგვისწრებს და ბავშვებსაც ამ გზით დავიცავთ "კოვიდ 19"-ისგან.

- საზოგადოების დიდი ნაწილი აცრას სიფრთხილით ეკიდება, თქვენ რას ფიქრობთ? - რასაკვირველია, ყველაფერს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ მე აცრის მომხრე ვარ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ წლამდე ასაკის ყოველი 1000 დაბადებულიდან ერთი წლის ასაკს, დაახლოებით, მხოლოდ 800 აღწევდა, 200 კი კვდებოდა, ძირითადად, სხვადასხვა ინფექციის გამო. მას შემდეგ, რაც სათანადო აცრები შემოიღეს, განვითარებულ ქვეყნებში ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 200-დან 10-მდე და ზოგან უფრო მეტადაც დაიკლო. ეს ფაქტი უდავოდ მიუთითებს აცრების მნიშვნელობაზე. ცხადია, "კოვიდ" 19-ის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ვაქცინები ახალია, მათი გამოყენების პრინციპები, აცრა როგორ და რა პირობებში უნდა გაკეთდეს, რა უკუჩვენებები აქვს, - ეს ყველაფერი დახვეწას და შესწავლას საჭიროებს, მაგრამ მერწმუნეთ, აცრა "კოვიდის" წინააღმდეგ აუცილებია, რათა შევაჩეროთ პანდემია, არც ჩვენ გავხდეთ ავად და არც ჩვენი ბავშვები, ამაზე სხვა აზრი არ უნდა არსებობდეს.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი არის "კოვიდ-19"-ით ავად? - ახლა თქვენს თვალწინ გავსინჯე ბავშვი, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ღებინება. თავისთავად, მხოლოდ მაღალი ტემპერატურა ყოველთვის საგანგაშო არ არის, რადგან ეს ბანალურმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ როცა ასეთი ეპიდვითარებაა ქვეყანაში და არის თუნდაც ერთი-ორი ნიშანი, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს, პირველ რიგში, სასუნთქი გზების დაზიანებაზეა ლაპარაკი - სიცხე, ხველა, სურდო (შედარებით იშვიათად), სუნთქვის გახშირება, ყნოსვის გაუარესება, გემოს დაკარგვაც, ასეთ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს კოვიდი და ჩატარდეს სათანადო ტესტი. შეიძლება იყოს სხვა ნიშნებიც - ღებინება, მუცლის ტკივილი, გამონაყარი. ექიმთან მისვლა აუცილებელია, იგი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა მას ტესტირება. თუ დადებითი იქნა პასუხი, უნდა გადაწყდეს, სჭირდება თუ არა კლინიკაში მოთავსება. დღეს მომიყვანეს პატარა ბიჭუნა, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ხველება. ცხადია, გავაგზავნე "კოვიდზე" ტესტის ჩასატარებლად. ამავე დროს, დედამ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ბავშვი ქუჩის ძაღლმა დაკაწრა, მაგრამ ბავშვი ცოფის საწინააღმდეგო სადგურში არ მიუყვანია. მინდა, მივმართო მშობლებს - რაც გინდა მძიმედ იყოს პაციენტი, რაბიოლოგთან (ცოფის სპეციალისტთან) მისვლის გადავადება არ შეიძლება, ცოფი არ ინკურნება ისე, თუ სათანადო ღონიძიებები მაშინვე არ გატარდა.

- ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტი გყავდათ? - 40-მდე და ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. ჩემთან მოსულ პაციენტს თუ გამოკვლევით დაუდასტურდა "კოვიდი", სამკურნალოდ ინფექციურში ვგზავნი. მკურნალობა არ არის განსაკუთრებული. მოიცავს ზოგად მიდგომებს, დეზინტოქსიკაციას, საჭიროების შემთხვევაში, ჟანგბადის მიწოდებას, რეანიმაციას, თუ ფილტვების ანთებაზე ვფიქრობთ, ანტიბიოტიკებსაც ვაძლევთ. ინიშნება ანტივირუსული პრეპარატებიც, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიც. ცხადია, ეს ინფორმაცია ვიწრო პროფესიულია, ფართო საზოგადოებისათვის პრინციპების ცოდნა სავსებით საკმარისი უნდა იყოს. დავუმატებდი მხოლოდ, რომ მთელ მსოფლიოში წამლებისა და სამკურნალო მიდგომების უწყვეტი დახვეწა მიმდინარეობს. ასე რომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მკურნალობა სულ უფრო ეფექტიანი იქნება. საერთოდ, "კოვიდ-19" ინფექციის დროს, პირველ რიგში, სასუნთქი სისტემა ზიანდება და სისხლის შედედება იცვლება, ზოგჯერ თრომბებიც ჩნდება. სისხლის შედედების მთავარი მაჩვენებელია ე.წ. დი-დიმერის კონცენტრაციის მომატება, ამიტომაც ამ ინფექციის დროს ამ გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. რაც შეეხება სასუნთქი სისტემის დაავადებებს, კლასიკური მეთოდებია გულმკერდის რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, სატურაციის განსაზღვრა (რამდენად გაჯერებულია სისხლი ჟანგბადით). მაგრამ არსებობს ერთი, შედარებით უბრალო კვლევა, სახლშიც რომ შეიძლება მისი ჩატარება - რამდენ ხანს შეუძლია კაცს სუნთქვის შეკავება - მოზრდილმა ადამიანმა, სულ ცოტა, 30 წამი უნდა გაძლოს, 8 წელზე უმცროსმა - 20 წამი მაინც, თუ ვერ ახერხებს, ეს შეიძლება ფილტვის (ან გულის) დაზიანების შედეგი იყოს და სასწრაფოდ ექიმთან მისვლაა საჭირო.

- ბავშვებში ხშირია "D-დიმერის" მომატებული მაჩვენებელი? - მე არ მქონია ასეთი შემთხვევა, მაგრამ ახალ ინფორმაციებს ვკითხულობ და იყო მსგავსი შემთხვევები, ამიტომ როცა არსებობს ოდნავი ეჭვიც კი, "D-დიმერი" უნდა შემოწმდეს.

- პოსტკოვიდური გამწვავებით მოსულან თქვენთან პაციენტები? ბევრს ლაპარაკობენ მულტიორგანულ სინდრომზე. რა სინდრომია ეს და რა იწვევს მას? - დიახ, ეს არის მრავალი ორგანოს სისტემური დაზიანება და არის ყველაზე საშიში. რასაკვირველია, მწვავე პერიოდი უფრო სახიფათოა, მაგრამ მწვავე ფაზის შემდეგ რამდენიმე ორგანოს ერთდროული დაზიანებაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გაივლის ხოლმე რაღაც პერიოდი და ფილტვები მთლად არ მოწესრიგდება, სუნთქვის უკმარისობა მაინც არის. რენტგენოლოგიურადაც არის ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისტემაში არის პრობლემა, ზოგჯერ - ნერვულ სისტემასაც ჩაითრევს. ეს არის "კოვიდ" გადატანილებში. გვქონდა ფაქტები, მაგრამ თითო-ოროლა... ვირუსის გადატანის შემდეგ რამდენიმე კვირა და ზოგჯერ რამდენიმე თვეც არის სისუსტე, მათ შორის იმუნიტეტის დაქვეითება და იმუნიტეტ დაქვეითებულ ორგანიზმში ხვდება ახალი ინფექციებიც. ამიტომაც სიფრთხილე საჭიროა. "კოვიდის" პრობლემა ბავშვებში, ღვთის წყალობით ,საქართველოში ნაკლებად გამოხატულია, მაგრამ როგორც ვხვდებით, რიცხვი მოიმატებს, რადგან ევროპაში მოიმატა, ამიტომ პრევენციაა მთავარი. უნდა ვასწავლოთ, ასევე, ხელების სწორად დაბანა. უნდა დაიბანონ ხელი გამდინარე წყლით. წაისვან საკმარისი რაოდენობის საპონი, რომ დაფაროს სველი ხელები. უნდა დამუშავდეს ხელის ყველა ნაწილი - ხელის გულები, მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილებს ქვემოთ - მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. საჭიროა ჩამობანა გამდინარე წყლით, ხელების გაშრობა ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან, უკეთესია, ერთჯერადი პირსახოცით. ხელები დაბანა ხშირი უნდა იყოს, განსაკუთრებით - ჭამის წინ, ცხვირის მოხოცვის, დაცემინების, დახველების შემდეგ; ტუალეტის გამოყენების შემდეგ, ტრანსპორტში ყოფნის შემდეგ, გარედან შინ დაბრუნებისას. თუ საპონსა და წყალზე არ მიგიწვდებათ ხელი, გამოიყენეთ ხელების გამწმენდი სპირტიანი სითხე სპირტის მინიმუმ 60%-იანი შემცველობით. თუ ხელები ჭუჭყიანია, ყოველთვის დაიბანეთ საპნითა და წყლით. არ დაგვავიწყდეს ოთახის ხშირად განიავება.

- თუ ბავშვმა გადაიტანა კოვიდინფექცია, ამის შემდეგ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია? - თუ არაფერი აწუხებს, თითქოსდა არაფერი უნდა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ასეთი მძიმე ინფექციის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ მაინც კარგი იქნება ანალიზების შემოწმება, "D-დიმერის" შემოწმება... თუ ვგრძნობთ, რომ ბავშვი სუსტად არის, მან რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გაიაროს ექიმთან და დაუბრუნდეს თავის მდგომარეობას, სრული გაჯანსაღებაა საჭირო. უკვე გითხარით, რომ აცრის მომხრე ვარ, ოღონდ ჯერჯერობით კოვიდაცრა ბავშვებში არ კეთდება. ჯერ მთელ მსოფლიოში კვლევა მიმდინარეობს.

- მშობლები ხშირად წუხან იმის გამო, რომ ჩაკეტილობამ ბავშვების სხვადასხვა პრობლემა გამოიწვია, თქვენთან თუ მოდიან ამ ჩივილებით? - ეს ჩაკეტილობამ გამოიწვია და ამ საკითხზე სპეციალურ კვლევას ვატარებ. ძალიან დამძიმდა მდგომარეობა, ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდათ ბავშვებს. ურთიერთობის გარეშე ძნელია, წონის მომატება ხშირი პრობლემაა. სპორტს თავს ანებებენ, კომპიუტერსა და ინტერნეტში ყოფნა კი ცუდია. ზოგიერთს შეკრულობაც განუვითარდა. არის მეორადი დაავადებები, ნევროზის გამოხატულებები, მაგრამ ეს არ არის მძიმე და თანდათანობით გაივლის. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, სრული ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სხვა ამბავზე ყურადღების გადატანა, კვების სრულყოფა. არსებობს აზრი, რომ შოკოლადი დეპრესიას ამცირებს.

საერთოდ, კარგი საკვებია, მაგრამ ზომიერად უნდა მივცეთ, სადილის ან ამა თუ იმ იჯრის შემდეგ, თორემ საჭმელს არ შეჭამს. ალერგიის დროს საფრთხილოა, ხშირად მის გამწვავებას იწვევს. პატარა ბავშვებში ნაკლებად სასურველია. მე თუ მკითხავთ, შოკოლადი, ძირითადად, ალპინისტებმა უნდა გამოიყენონ. დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ, მაღალკალორიული საკვები სჭირდებათ და თანაც არ უნდა იწონიდნენ ბევრს. საერთოდ, კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, სხვადასხვა პროდუქტს უნდა შეიცავდეს და წყლის სმის ჩვევაც უნდა განვავითაროთ ბავშვებში. საერთოდაც და, განსაკუთრებით - კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ უმადობა იჩენს თავს, საჭიროებისას მადის მომყვანი პრეპარატებიც ინიშნება. ნუ დაგვავიწყდება გარემო ფაქტორებიც, სუფრა ლამაზად უნდა გავუშალოთ პატარებს (ცხადია დიდებსაც), მამასთან ერთადაც თუ ვაჭმევთ, კარგია, დღეში ერთხელ მაინც. ერთად პურის ჭამა ოჯახს კიდევ უფრო აერთიანებს. დავამთავრებდი იმით, რომ მართალია "კოვიდ-19"  ზოგჯერ საკმარისად მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ გამკლავება შეიძლება; საჭიროა პროფილაქტიკა, ვაქცინაციის ჩათვლით, გაკაჟება, მიყურადება მსუბუქად გამოხატული ნიშნების შემთხვევაშიც, საავადმყოფოში დროული მიყვანა, დაავადების შემდეგ მეთვალყურეობა და რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარება. და ბოლოს, რაც, შეიძლება უმთავრესიც იყოს - პოზიტიური განწყობა. გვჯეროდეს, რომ ყველაფერს გადავლახავთ და შედეგი კარგი იქნება. თუ არ ვცდები, ჩერჩილის გამოთქმაა - არასოდეს დავნებდეთ - Never give up!

(სპეციალურად საიტისთვის)