"მიშა მესხი კენედის საქართველოზე რომ უყვებოდა, კა-გე-ბეს წარმომადგენელი ფეხს აბიჯებდა, - თქვი, რომ რუსი ხარო. მაინც არ გადათქვა" - კვირის პალიტრა

"მიშა მესხი კენედის საქართველოზე რომ უყვებოდა, კა-გე-ბეს წარმომადგენელი ფეხს აბიჯებდა, - თქვი, რომ რუსი ხარო. მაინც არ გადათქვა"

"ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა სპორტულ ჟურნალ "ეკიპში" დაწერა: თბილისის "დინამო" 1965 წელს ევროპულ ტურნირზე  რომ გაეშვათ, იტალიისა და ესპანეთის ჰეგემონია დამთავრდებოდაო..."

1964 წელი იდგა. თბილისის "დინამომ" ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის "ტორპედოს" 4:1 სძლია და პირველად მოიპოვა საკავშირო ჩემპიონობა. ქართველებიდან 2 ბურთი ილია დათუნაშვილმა გაიტანა, ორიც - მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა. და მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ, 1981 წელს ევროპის თასების თასის აღებით "დინამომ" კიდევ ერთხელ მოუწყო დიდი სახალხო დღესასწაული საქართველოს, ქართველებმა სწორედ იმ პირველს უწოდეს "ოქროს მატჩი". ლეგენდად ქცეულ "ოქროსმატჩელებიდან" ერთ-ერთი გახლდათ თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი ვლადიმერ, მეტსახელად სიომა, ბარქაია - ქართველი ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, რომელიც თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების წევრი იყო. ლეგენდად ქცეული ბატონი ვლადიმერ ბარქაია წლების წინ გავიცანი, დღეს იგი უკვე 83 წლისაა. პანდემიის გამო მასთან პირისპირ შეხვედრა არ გამომივიდოდა, თუმცა მისი მონათხრობი საინტერესო ამბები შემიძლია, თქვენც გაგიზიაროთ.

ნაციონალისტი ბებიის არჩევანი

- გაგრაში დავიბადე და ფეხბურთის თამაში, ლამის, სიარულთან ერთად ვისწავლე. მეორე მსოფლიო ომის დროს ზღვაზე თითქმის აღარავინ იყო და დელფინებთან ერთად ვიზრდებოდი: თითქოს ზღაპარს ჰგავდა - ისე მოგვიახლოვდებოდნენ ხოლმე, კუდზე ვკიდებდით ხელს. ბაღის უკან სტადიონი გვქონდა და 5-6-წლისანი ცოტათი უფროს გოგონებთან ერთადაც კი ვთამაშობდით ფეხბურთს. ომის შემდეგ მოსკოვის "დინამო" ჩამოდიოდა ხოლმე გაგრაში, შეკრებაზე და მათი ვარჯიში ღია ცის ქვეშ გაკვეთილივით იყო ჩვენთვის. ლესელიძეში, თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზეც ხშირად ჩავდიოდით. თამაში გაგრის გუნდებით დავიწყე და აფხაზეთის ნაკრებშიც მოვხვდი. იქ კი უდიდესმა მწვრთნელმა, არაჩვეულებრივმა სელექციონერმა, უგანათლებულესმა კაცმა - ანდრო ჟორდანიამ შემამჩნია და თბილისში გადმოსვლა შემომთავაზა. პარალელურად, კიევის "დინამოდანაც" მივიღე შემოთავაზება, მაგრამ... ბებია მყავდა ზინა ქორქია, ნაციონალისტი ქალი, ისედაც ძალიან სწუხდა, რომ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და გამომიცხადა: არსადაც არ წახვალ, თბილისში ჩამოხვალო! 1957 წლიდან თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში თავდამსხმელად მიმიღეს და ასე გავხდი მე-9 ნომერი. თბილისის "დინამო" ზეიმი იყო ჩვენთვის, ინსტიტუტიც ეგ იყო და უნივერსიტეტიც.

'ოქროსმატჩელები' - სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია და მიხეილ მესხი

ლეგენდა - ბასა

- ბასა ღოღობერიძე მამასავით იყო ჩვენთვის. 18 წელიწადს ითამაშა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში: ბორის პაიჭაძის პლეადით დაიწყო, თავისი პლეადა მხრებით გაიტანა და მერე, 3-4 წელიწადს, ჩვენს პლეადაშიც ითამაშა. ბორის პაიჭაძე ხომ უდიდესი იყო, მაგრამ ბასამ უფრო მეტი გააკეთა ქართულ ფეხბურთში. "დინამოს" სტადიონზე არის ბორიას და ბასას ძეგლები, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ბასას ყველგან უნდა დაუდგა ძეგლი.

"ოქროს მატჩი" - რუსების "ბედის ირონია"

- "ოქროს მატჩი" პირველი ოფიციალური გამარჯვება იყო, თორემ 1953 წელს გახდა "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მოიგო მოსკოვის "ტორპედოსთან", მაგრამ იმხანად სტალინი გარდაცვლილი იყო, ბერია - დაჭერილი და რაღაც შარი მოსდეს, თამაში მესამე დღეს გადაათამაშებინეს და, ფაქტობრივად, წააგებინეს ანგარიშით 2:4. ჩვენმა ბიჭებმა თამაშიც კი შეწყვიტეს, ბოლოს კი "ტორპედოელებსაც" შერცხვათ და ისინიც გაჩერდნენ, მაგრამ გამარჯვება მათ დარჩათ. 1964 წლის გამარჯვებას კი "ბედის ირონიას" ვუწოდებდი: ფინალში კვლავ "ტორპედოს" შევხვდით და ამჯერადაც გავიმარჯვეთ - ღმერთი შეგვეწია. ტაშკენტში ანგარიშით 1:4 დამთავრებული "ოქროს მატჩით" ჩემპიონები გავხდით: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, ჟორა სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი და მე, მურთაზ ხურცილავამ ავადმყოფობის გამო გამოტოვა ფინალური შეხვედრა. სლავა გვამხნევებდა, გავიმარჯვებთო და ჩვენც დავიჯერეთ. მაგრად ითამაშა ის მატჩი. შიგადაშიგ ვიდექი და აღფრთოვანებული ვაკვირდებოდი. იმხანად ჩვენი მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო, მწვრთნელები კი - ალიოშა კოტრიკაძე და ბასა ღოღობერიძე. 10000-მდე გულშემატკივარი ჩამოვიდა და უზბეკებმა ყველას დაახვედრეს ბილეთები. თვითონაც ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ. იმ დღეებში უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ქუთაისსაც პრინციპული მატჩი ჰქონდა ტაშკენტში, რუსულ გუნდთან და მანაც მოიგო, ასე რომ, ქართველებს ორმაგი დღესასწაული გვქონდა. ეს ომის შემდეგ პირველი სახალხო მხიარულება იყო ჩვენი ხალხისთვის. მახსოვს, თბილისის აეროპორტში ჩვენი თვითმფრინავი ვერც მოტრიალდა და საფრენ ბილიკზე გაჩერდა, იმდენი ადამიანი შევარდა აეროპორტის ტერიტორიაზე. ერთი კვირის განმავლობაში ვერ მივაღწიე ჩემს სახლამდე. გაზეთში ჩემზე წერდნენ კიდეც - ბარქაია ხელიდან ხელში გადადიოდაო. კაჩალინს, მგონი, აეროპორტიდან სტადიონამდე ფეხი არ დაადგმევინეს მიწაზე. მერეც ჰქონდა "დინამოს" სხვა თაობას დიდი გამარჯვებები, მაგრამ ის მაინც პირველი იყო და ამიტომაც - გაცილებით შთამბეჭდავი.

ვლადიმერ ბარქაია (მხრებზე) და ქართველი ფეხბურთელები

ლევ იაშინი და ბარქაიას ოინები

- იაშინი არასდროს გამიმწარებია. ბავშვობიდან ვიცნობდი, გაგრაში ჩამოჰყავდათ, შეკრებებზე. კარს უკან ვიდექით და ერთად ვაკვირდებოდით გამოცდილი ფეხბურთელების თამაშს, ხანდახან გადავარდნილ ბურთსაც ვაწვდიდით ხოლმე. ხშირად დამიპურებია კიდეც. მოგვიანებით, რომ დავმეგობრდით, ძველი ამბები გავახსენე და სიხარულით გაგიჟდა, ის პატარა ბიჭი მე რომ აღმოვჩნდი. უკვე ფეხმოჭრილი, მეუღლესთან ერთად რომ ჩამოვიდა გაგრაში, - იმხანად სანატორიუმ "თბილისში" ვმუშაობდი, - ჟორა სიჭინავასთან ერთად დავხვდი და მისი დანახვისას ავტირდი - ასეთ იაშინს ვერ ვეგუებოდი. მახსოვს, ულამაზესი ადგილები მოვატარე და დაბადების დღეც გაგრაში აღვუნიშნე...

მახსოვს კიდევ, ლენინგრადელი (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი - ი.ხ.) იურა ვოინოვი, ულამაზესი კაცი, ინტელიგენტი, 1958 წელს მსოფლიოს ნაკრებშიც შეიყვანეს. 1959 წელს კიევში ვთამაშობდით და რატომღაც ამომიჩემა: ორჯერ მომცელა. მეორედ რომ წავიქეცი, იქვე დოინჯით დადგა და დამყურებდა. მსაჯს საგანგებოდ ვკითხე: ეს ხუთი ნომერი რა გვარია-მეთქი? მსაჯმა გაოცებით შემომხედა და, - ვოინოვიო, მითხრა. შარშან სად თამაშობდა-მეთქი? - არ გავჩერდი... მოკლედ, ვოინოვი მაგრად "ავაგდე", შეურაცხყოფილი, რომ მსოფლიოს ნაკრების წევრს არ ვიცნობდი, განრისხებისგან მოედანზე შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. მერე სოხუმელ თანაგუნდელს მივარდა და, - რა, ბარქაია არ მიცნობსო? - გაბოროტებულმა ჰკითხა. - ითამაშე, იურა, ვერ ხედავ, "გაგდებსო", - "დაამშვიდეს"... ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩში ვითამაშე: მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო - დანიასთან (2 გოლიც კი შევაგდე) და ამხანაგური - ბრაზილიასთან. პელესთან ერთად ვიყავი მინდორზე. ახლოს რომ დავუდექი, შევამჩნიე, ძალიან დაკუნთული სხეული ჰქონდა. დაიყვირა და ჯუნგლების ტარზანივით ხმა ამოუვიდა... ვლადიმერ ბარქაია საფეხბურთო მაისურით სხვა ქართველებიც თამაშობდნენ ნაკრებში, მსოფლიოს ნაკრებშიც კი შეიყვანეს. ერთხელ ბრაზილიაში იყვნენ და რობერტ კენედი დასწრებია თამაშს. ორივე მოსწონებია და, დარჩენის შემთხვევაში, 5 მილიონს უხდიდა, ლევ იაშინზე კი უთქვამთ, რამდენსაც მოითხოვს, მივცემთო. კენედის გასახდელშიც ჩაუკითხავს და მიშა მესხს გამოლაპარაკებია. მიშა მას საქართველოზე რომ უყვებოდა, კა-გე-ბეს წარმომადგენელი ფეხს აბიჯებდა, - თქვი, რომ რუსი ხარო. მაინც არ გადათქვა. საქართველოში დაბრუნებულს უთქვამს, - კენედის გეოგრაფია ვასწავლეო და ამიტომ შარიც ვეღარ მოსდეს... მახსოვს კიდევ, საარბრიუკენში ვეტერანი ფეხბურთელები წავიყვანე და ლეგენდარულ ფეხბურთელს, დი სტეფანოს შევხვდით. ქართულ ფეხბურთზე, სამწუხაროდ, არაფერი იცოდა, მხოლოდ მეტრეველის გვარი გაეგონა. არადა, ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა - გაბრიელ ანრიმ სპორტულ ჟურნალ "ეკიპში" დაწერა: თბილისის "დინამო" 1965 წელს ევროპულ ტურნირზე რომ გაეშვათ, იტალიისა და ესპანეთის ჰეგემონია დამთავრდებოდაო...

"დინამო", "დინამო", "დინამო"!

ვლადიმერ ბარქაია, ვაჟა აზარაშვილი და თემურ წიკლაური

- ვასილ მჟავანაძის ცეკას მდივნობისას ქვეყანაში პურის დეფიციტი გაჩნდა, რის გამოც რუსთავის ქიმიური ქარხნის მუშები გაიფიცნენ. მჟავანაძე მათთან ჩავიდა და რუსთაველებმა მას პურის ნაცვლად "დინამოს" მეორე დღეს მოსკოვის "დინამოსთან" გასამართ მატჩზე დაუწყეს, თურმე, ლაპარაკი. გაგიჟებულა მჟავანაძე და იმავე დღეს შეგვხვდა. ჯერ სიგარეტი გააბოლა - "ფილიპ-მორისს" ეწეოდა, 10 წუთს გვიყურა და მერე, ლამის, ცრემლებით გვთხოვა: გაჭირვებულ ხალხს პურზე მეტად თქვენი თამაში აინტერესებს და ხვალ ნუ მიღალატებთო. დავპირდით და მეორე დღეს მოსკოვის "დინამოს" 2:1 მოვუგეთ - ჩვენ ძლიერები ვიყავით და ასეთი პირობის შესრულებაც შეგვეძლო... ფეხბურთიდან ადრე წავედი, 29 წლის ვიყავი. შენი თაობა რომ მიდის, შენც უნდა წახვიდე. წარმოგიდგენიათ? - ბორია პაიჭაძეს დაუსტვინეს. მერე, ორ წელიწადს ვიმუშავე "დინამოს" ერთ-ერთ მწვრთნელად. ერთხანს ლესელიძის სპორტული ბაზის დირექტორიც ვიყავი, მალე სრულიად შევიცვალე პროფესია - "მაცივრებში" ვმუშაობდი. ბოლოს ჯერ საქართველოს მინისტრთა საბჭოში ვიმუშავე, მერე ფეხბურთის სამმართველოს უფროსად დამნიშნეს, ამის მერე კი საქართველოში არეულობები და ომები დაიწყო... ხშირად მესიზმრება, რომ ფეხბურთს ვთამაშობ, თუმცა გოლები ვეღარ გამაქვს - მხოლოდ საჯარიმომდე მივდივარ...

(სპეციალურად საიტისთვის)