"ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"

მხიარული "ტიკტოკერის" მძიმე ბავშვობა და რთული დღევანდელობა

28 წლის ოლგა ხურცია იტალიაში ცხოვრობს და შვილებისგან შორს ყოფნის ტკივილს სოციალურ ქსელში აქტიურობით იკლავს, "ტიკტოკერია". ერთი შეხედვით ხალისიანი და მოკისკისე ოლგას უკან პატარა და მორცხვი გოგო იმალება, რომელსაც ბედმა არცთუ ისე გაუღიმა. მარტოხელა დედა იძულებული გახდა, შვილები ძიძისთვის მიებარებინა და მათთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად უცხო მიწაზე წასულიყო. "არ მინდოდა, ჩემს შვილებს ისეთი ბავშვობა ჰქონოდათ, როგორიც მე და ჩემს დედმამიშვილებს გვქონდა და ამიტომ გავხდი იძულებული, ემიგრაციაში წამოვსულიყავი", - მითხრა საუბრისას. ბევრი შეთავაზების მიუხედავად, პირად ცხოვრებაზე საუბარი დღეს პირველად გადაწყვიტა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უკვე სამი წელია, ემიგრაციაში ვარ. ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ორი შვილი მყავს გასაზრდელი და მათთვის უკეთესი მომავლის მისაცემად საქართველოში ვერაფერს მოვახერხებდი, დღეში 10 ლარად მუშაობით მხოლოდ მათ გამოკვებას შევძლებდი. რისი შესაძლებლობაც მე არ მქონდა, მინდოდა, ჩემი შვილებისთვის მიმეცა. ვფიქრობდი, წავალ საზღვარგარეთ, ფულს იოლად ვიშოვი და მალე დავბრუნდები-მეთქი. ხომ იცით, როგორც ჩანს ეს საქართველოდან, აქ ჩამოსულს კი სხვა რეალობა გხვდება..."

"ძალიან რთულია, იყო ემიგრანტი დედის შვილი. იცი, რომ დედა ძალიან მძიმე შრომის სანაცვლოდ, გამომუშავებულ უკანასკნელ "კაპიკებსაც" კი ოჯახში გზავნის, მაგრამ უძლური ხარ, ვერ უმსუბუქებ შრომას. მე დედის გამოგზავნილ ფულზე არასოდეს ვყოფილვარ დამოკიდებული და დღემდე განვიცდი, დედა სახლში რომ გზავნის მთელ თანხას. ასევე რთულია იყო ემიგრანტი დედა და იცხოვრო შვილებისგან შორს იმ შიშით, რა იქნება, როცა დაბრუნდები, ისევ ეყვარები თუ არა შვილებს..."

"არ მქონდა ახალი ტანსაცმლის ყიდვის ფუფუნება. საკვების საყიდლად ჯართს ვაგროვებდით. ბევრჯერ მრცხვენოდა სკოლაში დახეული ფეხსაცმლით წასვლა და შიმშილიც გამომიცდია, მაგრამ ამაში დედას არ ვადანაშაულებ, ის ყველაფერს აკეთებდა, არანაირ შრომას არ თაკილობდა, რომ ჩვენთვის საჭმელი ეყიდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე